კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინმა უშიშროების მინისტრის პატაკს უცენზურო რეზოლუცია დაადო

 

სტალინისთვის წარმოუდგენლად რთული იყო გერმანული დაზვერვის დეზინფორმაციის განეიტრალება. სწორედ ეს აფიქრებინებდა ბელადს, რომ ჰიტლერი მისი წინამორბედის, კაიზერ ვილჰელმის შეცდომას არ გაიმეორებდა და ორ ფრონტზე საომარ მოქმედებებს არ წამოიწყებდა, ისე, როგორც ეს 1914 წელს მოხდა. ამ თვალსაზრისით, ფიურერს სამხედრო დავები ჯერ ინგლისთან უნდა მოეგვარებინა, რაც საბჭოთა კავშირს ნაცისტურ მონსტრთან შერკინებამდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს მისცემდა. საგარეო დაზვერვის სამსახურის არქივის გაშიფრული დოკუმენტები ნათლად მეტყველებს, თუ როგორ ოპერატიულ ხრიკებს მიმართავდა ფაშისტური გერმანია, 1940 წლის შემდგომი პერიოდიდან, რათა კრემლისთვის დეზინფორმაციები დაეჯერებინა, საბჭოთა ლიდერი სიცრუეში დაერწმუნებინა და შეცდომაში შეეყვანა. სოსო ჯუღაშვილს არაფერი აინტერესებდა, გარდა დროისა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დროისა, რომელიც გამჭრიახობით და, ცხადია, არაპოპულარული ნაბიჯებით, მაგრამ, მაინც მოიგო.

საბჭოთა პროპაგანდამ, ომში გამარჯვების შემდეგ, ჰიტლერისა და მთელი გერმანელი ერის შეურაცხადად წარმოდგენა დაისახა მიზნად. ამ საქმიანობაში საბჭოეთს ცივილიზებული, მოწინავე ქვეყნებიც აჰყვნენ. ევროპისა და ამერიკის საინფორმაციო საშუალებები შორს იყვნენ იმ ღირებულებებისგან, რასაც დამარცხებული მტრის მიმართ შესაფერისი პატივის მიგება ჰქვია. მსოფლიო დონის ხელოვნებისა და კულტურის ვარსკვლავებიც კი ჩაებნენ ამ ფერხულში, თუნდაც ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის მიერ განსახიერებული ადოლფ ჰიტლერი რად ღირს. ერთი სიტყვით, გერმანელებს ყველა დასცინოდა. ცხადია, ამ უდავოდ მაღალი კულტურის მქონე ერს ცოდვამ უწია, ცოდვამ, რომელიც ქვეყნის სათავეში ფაშისტური ხელისუფლების მოსვლამ გამოიწვია. ეს თემა პოლიტოლოგების კვლევის საგანია, თუმცა, ფაქტია, ამ საკითხით ცალკეული მკვლევრების გარდა, არავინ ინტერესდება. თუ ისტორიულ ფაქტებსა და საფუძვლიან არგუმენტებს დავეყრდნობით, ვნახავთ, რომ 1941 წლამდე კომუნისტურ რუსეთსა და ჰიტლერულ გერმანიას შორის პარტნიორული ურთიერთობები იყო. ორმა ქვეყანამ კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები გააღრმავა: გერმანული დღეები მოსკოვში, ერთობლივი ალპინიადა კავკასიაში, საბჭოთა ოფიცრების სპეციალური, გრანდიოზული მიღება ბერლინში და სხვა; დაბოლოს, აღსანიშნავია მეგობრობის „ბეჭედი“ – მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რითაც საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ ევროპის ტერიტორიები გაიყვეს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რაშიც უდავოა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების წვლილი. ეს ცალკე თემაა და უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამჯერად მესამე რაიხის საიდუმლო ლაბორატორიაში, ეგრეთწოდებულ „რიბენტროპის ბიუროში“ აღმოჩენილ საარქივო მასალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, საიდანაც ჩანს, რომ „ელვისებური ომის“ – „ბლიცკრიგის“ იდეა თავად ფიურერს ეკუთვნოდა. ჰიტლერს მიაჩნდა, რომ მოულოდნელი თავდასხმის გარეშე, გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა. ეს კი ურთულესი შესასრულებელი იყო, რადგან გერმანიის სახელმწიფო სტრუქტურებში სტალინს უამრავი აგენტი ჰყავდა. 1941 წლის გაზაფხულზე ვერმახტის უმაღლესმა მთავარსარდლობამ ორი დირექტივა გამოსცა ერთი და იმავე სახელწოდებით: „საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობის დეზინფორმირების ღონისძიებების შესახებ“. ამ დოკუმენტებში, რომელთაც გრიფი  „საიდუმლო“ ედო, დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა შეეყვანათ სათანადო პირებს სტალინი შეცდომაში. თავდაპირველად, დეზინფორმაციული აქციის მონაწილეებს უნდა გაევრცელებინათ ვერსია იმის შესახებ, რომ რაიხის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი არ აქვს, სად და რომელი მიმართულებით დაიწყოს სამხედრო მოქმედებები – საბერძნეთში, ინგლისში თუ ჩრდილოეთ აფრიკაში. მეორე პერიოდში (აპრილის შუა რიცხვები), როცა ათეულობით გერმანული დივიზიის სამხრეთით გადაადგილება შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, სიტუაცია ისე უნდა წარმოჩენილიყო, თითქოს, ეს ინგლისზე თავდასხმისთვის თვალისამხვევი მანევრი იყო. საინტერესოა, რომ ორივე დირექტივის ავტორი თავად ადოლფ ჰიტლერი იყო. საგარეო ურთიერთობებში კი გერმანიას თავი ისე უნდა დაეჭირა, თითქოს საბჭოთა კავშირთან დიპლომატიურ ვაჭრობას აპირებდა და წაეყენებინა მოთხოვნა,  ხანგრძლივი დროით მიეღო დასავლეთ უკრაინა არენდით და წილი აზერბაიჯანული ნავთობიდან; ჰიტლერმა იცოდა, რომ სტალინი ამას არ დაიჯერებდა, მაგრამ ასეთი მოთხოვნები დიპლომატიური ვაჭრობის საგნად მაინც აქცია. ასეთი მცდარი ინფორმაციების გავრცელების საქმეში გერმანიის საუკეთესო „ტვინები“ ჩაერთვნენ: მეცნიერები, პოლიტიკოსები, დაზვერვის თანამშრომლები. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებასთან ურთიერთობის ჟურნალისტების ბიურო („რიბენტროპის ბიურო“) დეზინფორმაციის ბიუროდ და მაკოორდინებელ ცენტრად იქცა. ამ „კანტორაში“ საკვანძო ადგილი საგარეო საქმეთა მინისტრის, რიბენტროპის დაახლოებულ პირს, ამავე სამინისტროს ჩინოვნიკს, რუდოლფ რიკუსს ეჭირა, რომელიც იმპერიის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოდან მიავლინეს. დიპლომატიურ უწყებაში მას უცნაური წოდება ჰქონდა – „მოხსენების უფლების მქონე ლეგაციური მრჩეველი“, ანუ, მას ნებისმიერ დროს შეეძლო, ყოველგვარი პროცედურების გარეშე, შეხვედროდა ფიურერს თავის „ალმა მატერში“ (უშიშროების სამსახური). იმ დროისთვის მან შტანდარტფიურერობასაც კი მიაღწია. ვინ იყო ეს ადამიანი? უეჭველია, ის გახლდათ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი: ერთი მხრივ, დეზინფორმაციის გავრცელების ფენომენალური ოსტატი, მეორე მხრივ – უნიჭიერესი მზვერავი. მან მოახერხა გესტაპოში მომუშავე კოლეგების დახმარებით ის, რომ საბჭოთა წარმომადგენლობაში მომუშავე ყველა თანამშრომელზე ამომწურავი დოსიე ჰქონოდა. მიზანი მარტივი იყო – მას საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკურ დაზვერვებზე მომუშავე ლეგალური თუ არალეგალური მზვერავების დადგენა უნდოდა, რომ მათი მეშვეობით კრემლში დეზინფორმაცია შეეგზავნა. მას შრომა დაუფასდა და მერე როგორ! – დამსახურებისთვის ობერ-ფიურერის ჩინი მიიღო. 

ამაიაკ  ქობულოვი

1939 წლის სექტემბერში საგარეო დაზვერვის რეზიდენტად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ქობულოვი დაინიშნა. ის 1906 წელს, დაიბადა  თბილისში და კომერციული სკოლის 5 კლასიც დაამთავრა. ამაიაკი ჯერ მოლარედ მუშაობდა, შემდეგ – ბუღალტრად. 1927 წელს, პროტექციის წყალობით, ამიერკავკასიის უშიშროების სამსახურში მოეწყო. ათი წელი უბრალო ჩინოვნიკის ადგილს ტკეპნიდა, შემდეგ კი ფორტუნამ მართლაც გაუღიმა: ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბერიას მოეწონა და დააწინაურა. ასე დაიწყო მისი კარიერა. ბერლინი ამაიაკისთვის „უღრანი ტყე“ იყო, რადგან არც გერმანული იცოდა და არც სერიოზული ოპერატიული გამოცდილება ჰქონდა. სამაგიეროდ, ამბიციური იყო. საბჭოთა საელჩოში მოწყობილ ერთ-ერთ მიღებაზე უგონოდ დათვრა და ჩხუბი ატეხა. თბილისელი ხულიგანი გერმანულ კონტრდაზვერვას არ გამოჰპარვია. ამაიაკმა მეორე სისულელეც ჩაიდინა – სხვა რა შეიძლება დაერქვას საქციელს, როცა რეზიდენტი დღისით, მზისით, „რანდევუზე“ იძახებს ბერლინის ანტიფაშისტური ორგანიზაციის ლიდერს – „კორსიკელს“ (გერმანიის ეკონომიკური სამინისტროს მთავარ მრჩეველს, არვიდ ხარნაკს), კონსპირაციულ შეხვედრაზე კი თარჯიმნისა და მცველების მთელი დელეგაციით მიდის. ამ და სხვა დილეტანტური ქმედებების გამო, უშიშროების შეფმა, ვსევოლოდ მერკულოვმა, მას აგენტებთან შეხვედრა აუკრძალა. ამაიაკმა ჭკუა ვერ ისწავლა და საკუთარი აგენტების მოძიებაზე დაიწყო მუშაობა. 27 წლის ლატვიელი ჟურნალისტი ორესტ ბერლინსკი რიგის გაზეთის „ბრივე ზემეს“ საკუთარი კორესპონდენტი იყო. 1940 წლის აგვისტოში ქობულოვმა მოსკოვს აცნობა, რომ ფასეული პიროვნება დაითანხმა თანამშრომლობაზე, რომელიც ბალტიისპირეთში საბჭოთა ხელისუფლების მომხრეა. დიდი ხნის შემდეგ გაირკვა, რომ ფასეული აგენტი – „პეტერი“ ყოფილა, მისი ნამდვილი ბოსი კი – შტანდარტფიურერი რიკუსი. რთული მისახვედრი არ არის, თუ როგორი ინფორმაციები მიდიოდა სტალინთან. „კ მერკულოვუ მოჟეტე პოსლაც ვაშ ისტოჩნიკ იზ შტაბა გერმანიი კ ებანოი მატერი“ – ასეთი, მართლაცდა, ისტორიული, თუმცა, უცენზურო რეზოლუცია დაადო ბელადმა მერკულოვის პატაკს. აშკარაა, რომ მას მერკულოვის სადაზვერვო საქმიანობა არ მოეწონა. სტალინს, სახელმწიფო უშიშროების აგენტურული ქსელის გარდა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გაბნეული, პირადი ინფორმატორებიც ჰყავდა და ის ამ წყაროებიდან უტყუარ ინფორმაციებს იღებდა. ორი ასეთი პიროვნების დასახელება დღეს უკვე შეიძლება: ესესელი ოფიცრები – ოტო გიუნშე და ჰაინც ლინგე ჰიტლერის პერსონალური თანაშემწეები იყვნენ. ორივეს ობერშტურმანფიურერის წოდება ჰქონდა. პირველმა 1943-1945 წლებში ფიურერის პირად ადიუტანტობას მიაღწია, მეორე კი 1935 წლიდან იყო მისი კამერდინერი. ლინგემ 1978 წლამდე იცოცხლა, გიუნშე სულ ახლახან, სამი წლის წინ გარდაიცვალა. ისინი დაშიფრული შრიფტით „ენკავედეს“ აწვდიდნენ ინფორმაციებს, რომლებიც კრემლში იგზავნებოდა და სტალინის მაგიდაზე ხვდებოდა. სტალინმა ჰიტლერის ყოველდღიური საქმიანობის შესახებაც და მის ცხოვრებაზეც თითქმის ყველაფერი ამომწურავად იცოდა, მაგალითად, როგორ დეპრესიაში ჩავარდა ფიურერი მისი პარტიის ლიდერისა და ფავორიტის, რუდოლფ ჰესის ღალატის შემდეგ და როგორი სკანდალი ჰქონდა მას ჰერმან გერინგთან ევა ბრაუნის გამო.

 

скачать dle 11.3