რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 4”, რომლის საქარე მინის საწმენდები წმენდის პროცესში მძღოლის მხარეს ძაგძაგებს, ოღონდ, უკან დაბრუნების დროს და, რაც მთავარია, ცუდად წმენდს. ეს საკმაოდ ნერვების მომშლელია. მირჩიეს, რომ საწმენდი რეზინების გამოცვლით პრობლემაც მოგვარდებოდა, ამიტომ შევიძინე ახალი რეზინები, მაგრამ, არ უშველა. ამავე მიზნით შევცვალე თვითონ საწმენდი ჯაგრისებიც, არაერთხელ და სხვადასხვა ფირმის, მაგრამ, უშედეგოდ. იქნებ მირჩიოთ, რა ვუშველო? ხელოსნებმა მითხრეს, რომ გამოსაცვლელია ან დასაზეთია მთლიანად საწმენდი სისტემა, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეს საკმაოდ ხშირი პრობლემაა, შესაბამისად, თქვენი კითხვაც არ არის გასაკვირი. რომ იცოდეთ, რამდენად მარტივია ამ გაუმართაობის აღმოფხვრა, გაგეცინებათ. სავარაუდოდ, ჯოხზე, რომელზეც საწმენდი ჯაგრისი მაგრდება, შეცვლილია ჯაგრისის დახრის კუთხე. ანუ, ჯაგრისი არასწორი კუთხით ეხება მინას. თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ ბრტყელტუჩა, და ძირითადი ღეროს გადაგრეხით ორ წამში მოაგვაროთ ეს პრობლემა. საწმენდი ჯაგრისი უნდა ეხებოდეს მინას სწორი კუთხით.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ გოლფ 3”. ძლიერი წვიმის დროს მძღოლის სავარძლის ქვეშ შემოდის წყალი, მაგრამ, არა ჭერიდან. არაპროფესიონალებმა მითხრეს, წყალი ეგრეთ წოდებული „დვორნიკებიდან” შემოდისო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და როგორ „ვებრძოლო” ძლიერ წვიმას?
პასუხი: ამის სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ, არა „დვორნიკები” – ეს ერთმნიშვნელოვანია. პირველი: იქ, სადაც „დვორნიკების” ძრავაა განთავსებული, ანუ მანქანის ეგრეთ წოდებულ „ვანაში”, შესაძლოა, გაჭედილია ხვრელი, რომელიც იქ მოხვედრილ წყალს გარეთ ატარებს. ამიტომ, ის ივსება და, ვინაიდან იქ უამრავი ხვრელია, რომელშიც სადენები გადის, წყალი ხვდება სალონში; მეორე: თუკი თქვენს ავტომობილს აქვს ლუქი, შესაძლოა, პრობლემის მიზეზი ესეც იყოს, ვინაიდან, ლუქის ბუდეში მოხვედრილი წყალი სპეციალური მილებით ხვდება ავტომობილის „ვანაში” და შემდეგ გაედინება გარეთ. თუკი ეს მილიც გაჭედილია, შესაძლოა, პრობლემა ამანაც შექმნას, ანუ, წყალმა იპოვა სხვა გზა, ჩამოჰყვა იმ ადგილს, სადაც მილია განთავსებული და სალონში მოხვდა; მესამე: ნებისმიერ ავტომობილს სალონის ძირზე აქვს სპეციალური საცობები, რომლებსაც სხვადასხვა საჭიროების დროს ხსნიან. შესაძლოა, ეს რომელიმე საცობი იყოს დაზიანებული და წყლის გავლის დროს სალონი სველდებოდეს. მეოთხე და საკმაოდ ხშირი შემთხვევა: შეიძლება, მიზეზი გახდეს გათბობის რადიატორი, მით უმეტეს, თუ თქვენი ავტომობილი გაგრილების სისტემიდან პერიოდულად წყალს (ანტიფრზს) იკლებს, შესაძლოა, სწორედ ეს წყალი ჟონავდეს სალონში.