რომელი ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებას ალამაზებს ნუკრი ლეკვეიშვილის ბუმბულით შესრულებული ფერწერული ნამუშევრები
როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა ნუკრი ლეკვეიშვილი პირველია, ვინც ფრინველის ბუმბულისგან ფერწერული ნამუშევრები შექმნა. დღეს იგი საკმაოდ შთამბეჭდავი კოლექციის მფლობელია. გარდა ამისა, მის ნამუშევრებს მრავალი ქვეყნის მოქალაქის კერძო კოლექციებშიც იხილავთ. მეოცე საუკუნის დასასრულს, პირველი ქართული ენციკლოპედია გამოვიდა დისკზე, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას მოიცავდა საქართველოს შესახებ. ამ დისკში ბატონი ნუკრის 20 ნამუშევარი შევიდა. თუ როგორ შეიქმნა პირველი ნამუშევარი, რა პროფესიისაა მისი ავტორი და დღეს რამდენი ნიმუშია მის კოლექციაში, ამაზე ნუკრი ლეკვეიშვილი, ინტერვიუში გიამბობთ.
ნუკრი ლეკვეიშვილი: ვერაზე ვიზრდებოდი. დედაჩემი საბავშვო ბაღის აღმზრდელი გახლდათ. ის გვაკეთებინებდა ხოლმე აღსაზრდელებს სოკოების, ფოთლებისა და გირჩებისგან სხვადასხვა ზღაპრის სიუჟეტებს. ეს იყო ჩემი პირველი კონტაქტები ბუნებასთან.
– როგორ შეიქმნა პირველი ნამუშევარი ბუმბულით?
– სტიმული პირველი ნამუშევრის შექმნისა მომცა ქალბატონ ლილიანა ჩხიკვიშვილის ნამუშევრების დათვალიერებამ. ქალბატონი ლილიანა გამხმარი ყვავილებით ქმნიდა სხვადასხვა კომპოზიციას. მეც ძალიან მიყვარს ბუნება, ნადირობა, თევზაობა, ტყე... ამიტომ, მეც მოვსინჯე. თავდაპირველად, გამოვიყენე ხავსი, ფოთლები. შემდეგ, ფრინველზე ნადირობის სცენისთვის ბუმბული მოვიშველიე. ისე მომეწონა ბუმბულზე მუშაობა, რომ მას შემდეგ სხვა მასალა, აღარც გამომიყენებია.
– ეს როდის იყო?
– დაახლოებით 80-იანი წლების დასაწყისში. მას შემდეგ ამ საქმის ერთგული ვარ და მაქვს საყვარელი ნამუშევრები, რომლებმაც ჩემს პირად კოლექციაში დაიდეს ბინა.
– ამ საქმიანობას რა ეწოდება – ბუმბულით ფერწერა?
– პირველი გამოფენა 1985 წელს მქონდა, ტელევიზიითაც გაშუქდა. მას შემდეგაც არაერთი გამოფენის, ფესტივალისა და ოლიმპიადების მონაწილე გახლავართ. მახსოვს, ერთხელ, ქართული ხალხური რეწვის პირველ გამოფენა-კონკურსში გავიმარჯვე და არ იცოდნენ, ჯილდოში როგორ მოეხსენიებინათ ჩემი ნამუშევრების კატეგორია.
შეიძლება, ბუმბულით ფერწერაც ვუწოდოთ...
– სულ რამდენი ნამუშევრის ავტორი ბრძანდებით?
– 6 ათასამდე ნამუშევარი მაქვს შექმნილი ბუმბულით. ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა პირად კოლექციებშია დაცული, მსოფლიოს ყველა კონტიტნენტზე, თუ არ ჩავთვლით ანტარქტიდას. გავიცანი ორი ავსტრალიელი პიროვნება, მათ ჩემი ნამუშევარი შეიძინეს. მას შემდეგ, როცა კი თბილისში ხვდებიან, ყოველთვის კონვერტით მოაქვთ ხოლმე ჩემთან ეგზოტიკურ ფრინველთა ბუმბული. ყველაზე ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ქართველი ან უცხოელი ტურისტები ჩამოდიან თურქთიდან, მექსიკიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან ანუ ხან საიდან და ხან საიდან და მეუბნებიან: იცი, ამა და ამ რესტორანში, კაფეში, ოფისში, ოჯახში... შენი ნამუშევარი ჰკიდიაო. მახარებს, რომ ჩემი ხელწერა მათთვის ცნობილია და ბევრი მათგანი მას ისე ცნობს, პირადად არც კი მიცნობს.
– ალბათ, პროფესიით მხატვარი ხართ, ან ბოტანიკოსი, გამოვიცანი?
– არა, სრულიად განსხვავებული პროფესია მაქვს. ფიზიკოსი ვარ, მრავალი წლის განმავლობაში ამ პროფესიით ვმუშაობდი თბილისში, მოსკოვში... შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი ჰობი პროფესიად მექცა.
– როგორ იქმნება ნამუშევრები თქვენი კოლექციისთვის. ჯერ მონახაზი კეთდება, თუ თავდაპირველად, მუზა მოდის?
– ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთ ბუმბულს მოუცია მთელი სიუჟეტის მონახაზი, ზოგჯერ კი, ერთ კონკრეტულ ბუმბულს თავდაყირა დაუყენებია ჩემი ჩანაფიქრი და სულ სხვა რაღაც შემიქმნია. რაც შეეხება ჩანახაზს, ადრე ფანქრით ვაკეთებდი ხოლმე, ახლა კი ზეპირად ვმუშაობ.
– ბუმბულით ვინ გამარაგებთ, გარდა ზემოთ აღნიშნული ავსტრალიელებისა?
– ფერადებს, ვისაც სახლში თუთიყუში ჰყავს ისინი მიგროვებენ. ნადირობის სეზონზე მონადირეები მიგროვებენ, შემდეგ გამომივლიან და დამიტოვენებ ხოლმე. სოფელშიც თუ ვინმე ქათამს, ან ინდაურს დაკლავს, არ მივიწყებენ.
– რა დროს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შექმნას?
– ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ჩანაფიქრზე, ფერზე, ზომაზე...
მეოცე საუკუნის მიწურულს პირველი ქართული ენციკლოპედია გამოვიდა დისკზე, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას მოიცავდა საქართველოზე. ამ დისკში ჩემი 20 ნამუშევარი შევიდა.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– რაც წარსულიდან მაქვს შემორჩენილი კოლექციაში, იმ ნამუშევრებს არასდროს შეველევი, ყველას თავისი ისტორია აქვს, თავისებურად განუმეორებელი. ეს კოლექცია ჩემი ცხოვრებაა. ეს არის ის, რაც ცხოვრების საუკეთესო წლებს მახსენებს.