კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური ყოფილი კანონიერი ქურდის ქალიშვილმა მამის გამო

 

სისხლიანი კარნავალი

1979 წლის 31 დეკემბერს, ქალაქ სოჭის სასტუმრო „პრიმორსკაიას“, ეგრეთ წოდებული, „ვალიუტნი“ ბარი ხალხით იყო სავსე. დარბაზში ასიოდე ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთა უმრავლესობა მაშინდელი საბჭოთა კავშირის კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი გახდათ. ისინი დამდეგ ახალ წელს ზეიმობდნენ და სპეციალურად ამ საღამოსთვის მოწვეულ მოცეკვავე გოგონებთან ატარებდნენ დროს. გოგონები კი საქვეყნოდ ცნობილი და სახელგანთქმული – მოისეევის ანსამბლის წევრები იყვნენ.

საახალწლო კარნავალი აპოთეოზს მიუახლოვდა, როდესაც საათმა მეთორმეტეჯერ ჩამოჰკრა და ახალი, 1980 წელი დადგა. ბარში რვა ნიღბიანი შევარდა. ხელში მაყუჩიანი პისტოლეტები ეჭირათ, ერთ-ერთი მათგანი კი, ავტომატით იყო შეიარაღებული. მათ ცეცხლსასროლი იარაღი მოზეიმეებს მიუშვირეს და გოგონებს განზე გადგომა უბრძანეს. შემდეგ ცეცხლი გახსნეს და ცხრა ადამიანი ჩაცხრილეს, რომელთა შორის იყვნენ კანონიერი ქურდები – „ბიბა“ და „ჯოტო“. დანარჩენი შვიდი მოკლულიც უახლოეს პერიოდში ქურდები უნდა გამხდარიყვნენ. როდესაც მკვლელები გაიქცნენ, მოცეკვავეებმა წივილ-კივილი ატეხეს. ხმაურზე ბარში „პრიმორსკაიას“ თანამშრომლები შეცვივდნენ. სულ მალე მილიციაც მოვიდა.

ერთობლივი გამოძიება

„პრიმორსკაიაში“ დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი შავი სამყარო ფეხზე დააყენა და მკვლელების ძებნა დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ, რადგან  დანაშაულის მოტივი არავინ იცოდა. აშკარა იყო, რომ მკვლელები წინასწარი განზრახვით მოქმედებდნენ და ზუსტად ისინი დახოცეს, ვისი მოკვლაც უნდოდათ, მაგრამ მოტივი მაინც უცნობი იყო. მართალია, ბიბას და ჯოტოს ბევრი მტერი ჰყავდა, მაგრამ ეს იმის საბაბი არ იყო, რომ ასე სასტიკად გასწორებოდნენ. კრიმინალური სამყარო ჩიხში შევიდა. არანაკლებ შეშფოთებულები იყვნენ საბჭოთა ძალოვნებიც, რადგან „პრიმორსკაიას“ ტრაგედია მათ პრესტიჟზეც მოქმედებდა. ხალხში მილიციის ავტორიტეტი რომ არ დაცემულიყო, ეს საქმე აუცილებლად უნდა გაეხსნათ.

პირველი მოკვლევის შემდეგ, საქმე საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურატურამ წაიღო. სოჭში გამომძიებელთა ჯგუფი ჩავიდა. ჯგუფს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი, თეიმურაზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა. მან ხელახლა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ქურდების გარდა, ყველანი დაკითხა. შემდეგ ქურდებს შეუთვალა, რომ სასტუმრო „მოსკოვში“ გაჩერდებოდა და მათ იქ მისვლა სთხოვა. სამი დღის შემდეგ, სამხარაძის სასტუმროს ნომრის კარზე დააკაკუნეს და ნებართვის მიღებისთანავე ოთახში „კიკა“ და „ბოსი“ შევიდნენ. ისინი კანონიერი ქურდები იყვნენ და გამომძიებელს „სხოდკის“ გადაწყვეტილებით ეწვივნენ. კიკა უმცროსი იყო და ხმას არ იღებდა, გამომძიებელს  ბოსი ელაპარაკებოდა.

– რისთვის დაგვიბარეთ? – ჰკითხა ბოსმა.

– მე მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი არ მიყვარს და პირდაპირ გეტყვით. ჩვენ ჩვენი პრესტიჟი უნდა აღვიდგინოთ, თქვენ კი – თქვენი, ამიტომ თანამშრომლობას გთავაზობთ და მოდი, ერთობლივად გამოვიძიოთ ეს საქმე. ერთმანეთს ნურაფერს დავუმალავთ და მერწმუნეთ, სასურველ შედეგს მალე მივაღწევთ.

– ჩვენთვის სასურველი შედეგი მკვლელების დახოცვაა, სხვა არაფერი გვაწყობს, – თქვა ბოსმა.

– იმის პირობას ვერ მოგცემთ, რომ მკვლელებს ხელიდან ხელში გადმოგცემთ, მაგრამ  თუ მათ დაჭერაში მოგვეხმარებით, ციხეში ჩავსვამთ და ციხე კი თქვენია, – მიახვედრა სამხარაძემ ქურდებს.

ამგვარად, ქურდები და პროკურატურა არაოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმოქმედებდნენ და გამოძიება დაიწყო.

ქურდებზე მონადირენი

სამხარაძე გამოცდილი გამომძიებელი იყო და მიხვდა, რომ „პრიმორსკაიას“ ტრაგედია შურისძიების აქტი იქნებოდა. თუმცა, მან არ იცოდა, თუ რა შურისძიებაზე იყო საუბარი და ქურდებს სწორედ ამიტომ სთხოვა დახმარება. გამომძიებლის ვერსიით, მოქმედებდა რომელიმე „გაფუჭებული“ ქურდი, ასეთები კი მრავლად იყვნენ ბიბას და ჯოტოს ანგარიშზე. თუმცა, სამხარაძე ვერ ხვდებოდა, რა შუაში იყო დანარჩენი შვიდი მოკლული. ისინი ქურდები არ იყვნენ და აქედან გამომდინარე, სხვა ქურდების „გაფუჭებაში“ მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თეიმურაზ სამხარაძე კარგა ხანს ვერ პოულობდა ხელჩასაჭიდს, მაგრამ ბოლოს ერთმა აზრმა გაუელვა და სასტუმროში ბოსი დაიბარა.

– შენ და მოკლულ ქურდებს ერთად ბევრი ქურდი გყავთ გაფუჭებული? – ჰკითხა გამომძიებელმა ბოსს.

– ეს რაში გჭირდებათ?

– ამაშია ჩვენი საქმის ერთადერთი საიდუმლო და იმიტომ.

– ზუსტად რვა სხოდკაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც ბიბა და ჯოტოც მონაწილეობდნენ.

– ყველა სხოდკის თარიღი გახსოვს?

– დაახლოებით.

– მაშინ, გაიხსენე, რომელიმე სხოდკა 31 დეკემბერს ან 1 იანვარს ხომ არ ჩატარდა?

ბოსი ჩაფიქრდა. შემდეგ თავზე შემოირტყა ხელი და თქვა:

– ღმერთო ჩემო, ახლა ყველაფერს მივხვდი. 1965 წლის 1 იანვარს „პრიმორსკაიაში“ „დუდა“ და „ლესი“ გააფუჭეს. იმ სხოდკას ბიბა და ჯოტო ესწრებოდნენ. მე მხოლოდ იმიტომ ვერ მივედი, რომ მილიციამ დამაპატიმრა. სულ ათნი უნდა ვყოფილიყავით. ცხრა ქურდმა „გააფუჭა“ დუდა და ლესი, ხოლო ბიბასთან და ჯოტოსთან ერთად რომ მომავლები დახოცეს, სწორედ იმათი ქურდი მამები შედიოდნენ იმ ცხრა კაცში.

სამხარაძემ გაიცინა და თქვა:

– დარწმუნებული ვარ, რომ დუდას და ლესის შვილებმა მოაწყვეს „პრიმორსკაიაში“ სასაკლაო...

„ღამურები“

თეიმურაზ სამხარაძემ ძველი საქმეები ამოწია, თითქმის ყველა ასაკოვანი ქურდი მოინახულა, რომლებიც დუდას და ლესის იცნობდნენ და დაადგინა, რომ მათი „გაფუჭება“ „ობშჩიაკის“ ფულის დაკარგვამ განაპირობა.

ერთ-ერთმა ყოფილმა ქურდმა, რომელიც მილიციის აგენტურულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა, გამომძიებელს უთხრა:

– დუდა და ლესი ძმაკაცები იყვნენ, უერთმანეთოდ ლუკმასაც კი არ ჩაიდებდნენ პირში. მაშინ მათ 200 ათასი მანეთი ჩააბარეს ობშჩიაკიდან და ეს ფული სამ დღეში გაქრა. მართალია, მათ პატიოსანი სახელი ჰქონდათ და თითქმის ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ პადლეცობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ობშჩიაკის ფულის დაკარგვა დიდი ცოდვა იყო და ბიბამ ბალამუტი ააგდო. შემდეგ ჯოტოც აიყოლია. ციმბირელ ქურდებს ქსივა გამოაგზავნინეს და ორივე გააფუჭეს. თუმცა, ამის აუცილებლობა არ იყო, რადგან ობშჩიაკის ფულის დაბრუნება „კოკომ“ აიღო საკუთარ თავზე და სანამ ის ტაშკენტში იყო წასული თანხის საშოვნელად, ქურდები მანამ გააფუჭეს. კოკო მეორე დღესვე დაბრუნდა და ფულიც მოიტანა, მაგრამ გვიან იყო. როგორც გავიგე, კოკოს ამის გამო ბიბასთან და ჯოტოსთან შეტაკება მოუვიდა და მუშტებითაც კი იჩხუბეს. შემდეგ კოკო სადღაც გაემგზავრა და ერთი კვირის შემდეგ ის მოსკოვში მკვდარი იპოვეს. ერთი სიტყვით, ეს ისტორია ბურუსითაა მოცული და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ბიბამ მოაწყო. ის ძალიან ამბიციური ვინმე იყო, ჯოტოსაც თავის დაკრულზე აცეკვებდა და სხვებსაც. მე ეჭვი მაქვს, რომ ობშჩიაკის ფული ბიბამ მოიპარა და ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. ანუ, ფულიც იშოვა და კონკურენტებიც მოიშორა. სწორედ ამ ამბის შემდეგ გადავწყვიტე, მილიციას შევკვროდი.

– რატომ გგონიათ, რომ ფული ბიბამ მოიპარა?

– იმიტომ, რომ მას იალტაში ცოლის სახელზე უზარმაზარი ქონება აქვს გაფორმებული და ეს ყველაფერი სწორედ იმ პერიოდში შეიძინა. მე ეს სრულიად შემთხვევით შევიტყვე ამ ერთი თვის წინ და ამ ინფორმაციის გადაცემას ანონიმურად ვაპირებდი ქურდებისთვის. თუმცა, არ დამცალდა, რადგან „პრიმორსკაიაში“ ტრაგედია დატრიალდა.

მილიციის აგენტის სიტყვები მეორე დღესვე გადაამოწმა სამხარაძემ და მის სიმართლეში დარწმუნდა: ბიბას მეუღლეს უზარმაზარი სახლი გაქირავებული ჰქონდა და დამსვენებლებისგან დიდ შემოსავალს იღებდა. თვითონ კი მეორე ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა.

სამხარაძემ დუდას და ლესის ამბები გაარკვია და დაადგინა, რომ ლესი უცოლშვილო იყო, ხოლო დუდას კი 27 წლის ქალიშვილი ჰყავდა – ალიონა სერგეევა. თავად დუდა და ლესი კარგა ხნის გარდაცვლილები იყვნენ.

თეიმურაზ სამხარაძე ალიონა სერგეევას ბიოგრაფიით დაინტერესდა და დაადგინა, რომ ყოფილი კანონიერი ქურდის ქალიშვილი სამხედრო იყო, ლეიტენანტის ჩინი ჰქონდა და სპეცდანიშნულების რაზმ „ღამურაში“ მსახურობდა. ამ აღმოჩენამ გამოცდილი გამომძიებელი ჩააფიქრა. მას ეჭვი გაუჩნდა, რომ ქურდებზე მონადირეები სპეცრაზმელი „ღამურები“ იყვნენ. ხოლო სამხედრო უწყების თანამშრომლების არამცთუ დაპატიმრების, დაკითხვის უფლებასაც არავინ მისცემდა სპეციალური ბრძანების გარეშე, ამიტომ, სამხარაძე ვაბანკზე წავიდა. მან ალიონას მისამართი გაიგო და სახლში ეწვია.

გულახდილი საუბარი

კოსტია სერგეევის, იგივე დუდას ქალიშვილი – ალიონა სერგეევა მოსკოვში, ერთოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა. მას, გამომძიებლის სტუმრობა სულაც არ გაკვირვებია.

– პროკურატურის გამომძიებელი თეიმურაზ სამხარაძე, – უთხრა მან ტანწერწეტა გოგონას.

– მობრძანდით, დაბრძანდით, – შეიპატიჟა ალიონამ სამხარაძე.

– თქვენი სიმტკიცე მაკვირვებს. წარბიც კი არ შეგტოკებიათ ჩემ დანახვაზე.

– პროფესია მაქვს ასეთი და იმიტომ. რადგან მობრძანდით, ესე იგი, საბაბიც გაქვთ.

– მე თქვენ ცხრა ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეზე გეახელით და პირდაპირ გეტყვით, სწორედ თქვენ მიმაჩნიხართ ამ სასაკლაოს ორგანიზატორად და ერთ-ერთ შემსრულებელად.

ალიონას გაეცინა. შემდეგ სამხარაძის წინ დაჯდა, სიგარეტი გააბოლა და თქვა:

– მამაჩემი უპატიოსნესი ადამიანი იყო, თუკი შეიძლება ამის თქმა ქურდზე. მე მამა მზრდიდა. ის საშინელი ტანჯვა-წამებით, კიბოთი გარდაიცვალა.  მამას კიბო ნერვიულობისგან გაუჩნდა. ერთი თვის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, თუმცა ამის მიზეზი მე არ ვიცოდი. მამას არასოდეს უთქვამს, რომ ტყუილუბრალოდ დაადანაშაულეს ფულის მოპარვაში. ყველაფერი ეს მე მოგვიანებით შევიტყვე ლესისგან და ისიც მისი სიკვდილის წინ. მაშინ მე დავიფიცე, რომ მამას მკვლელებს დავსჯიდი. მე სიმართლე გავარკვიე და ფიცი შევასრულე. დიახ, მე დავხოცე ის ნაძირლები და მათი ნაშიერები „პრიმორსკაიაში“. თქვენ კარგად იცით, რომ ამისთვის პასუხს ვერ მომთხოვთ. ჩემს დასაპატიმრებლად თქვენ სამხილები არ გაქვთ და რომ გქონდეთ კიდეც, ამის უფლებას ჩემი უფროსობა არ  მოგცემთ.

სამხარაძე გაოცებული იყო დუდას ქალიშვილის საქციელით და როდესაც ბოლომდე მოუსმინა, ადგა და უხმოდ დატოვა მისი ბინა.

„პრიმორსკაიას“ საქმე მალევე დახურეს, ხოლო საბჭოთა არმიის ლეიტენანტი, „ღამურების“ სპეცრაზმის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური  – ალიონა სერგეევა, სამხარაძესთან საუბრიდან სამი კვირის შემდეგ, ავღანეთში გადაისროლეს. იქ ალიონა სერგეევა წელიწად-ნახევრის განმავლობაში იბრძოდა თავის მეგობრებთან ერთად და ორი ორდენი დაიმსახურა. ერთი კი მან სიკვდილის შემდეგ მიიღო. ის 1981 წლის 21 ივნისს ქალაქ ღაზნისთან დაიღუპა.

P. S. თეიმურაზ სამხარაძე 1989 წელს ამერიკაში გაემგზავრა, იქ დარჩა და ერთი წლის შემდეგ მემუარები გამოსცა, სადაც ალიონას ამბავიც აღწერა. ცნობილი ქართველი გამომძიებელი ნიუ-იორკში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.

 

скачать dle 11.3