ცივი სუპების დიეტა
ამ დიეტის მინიმალური ხანგრძლივობა 3 დღეა, მაქსიმალური კი თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ. მისი მთელი თვის განმავლობაში დაცვაც კი არანაირად ზიანს არ მოგიტანთ (ოღონდ, 3-3 დღის შუალედით. ამ დღეებში ხილს უნდა მიეძალოთ), რადგან თქვენს ორგანიზმს კალორიები კი მოაკლდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველანაირ ვიტამინს მიიღებთ და მხნედ და ენერგიულად იქნებით.
ამ დიეტის დროს უნდა დაიცვათ ერთი პრინციპი: მთელი დღის განმავლობაში მიირთვით ის ინგრედიენტები, რაც იმ კონკრეტულ სუპს სჭირდება, რომელსაც იმ დღეს მიირთმევთ.
პირველი დღე – ცივი სუპი „აკროშკა“
წვრილად დაჭერით 2 ღერი მწვანე ხახვი, ცოტა კამა და ქინძი და მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 1 ცალი მომცრო ზომის კიტრი (გათლილი), 1 ცალი გახეხილი უმი სტაფილო (პატარა ზომის) და მოასხით 1 ჭიქა ცხიმმოხდილი მაწონი (სუპი მიირთვით 15-დან 16 საათამდე). შეგიძლიათ, შეატანოთ პური „მხნეობის“ 2 ნაჭერი ან „ხლებცის“ 2 ფირფიტა.
ამ დიეტის წესიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში, როცა მოგშივდებათ, მიირთვით: 1 ცალი კიტრი, 1 ჭიქა მაწონი, ყველი და 1 ცალი უმი სტაფილო (რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე).
ნებადართულია 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.
აუცილებელია 2-2,5 ლიტრი სითხე (სასურველია მინერალური წყალი ან ახალგამოწურული ხილის წვენი უშაქროდ).
მეორე დღე – „ტყუილი“ ბორშჩი
თითო ცალი პატარ-პატარა ზომის სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, 1 კბილი ნიორი, კომბოსტოს 2 ფოთოლი, 2 ცალი კანგაცლილი პომიდორი (საშუალო ზომის), ყველანაირი მწვანილი დაჭერით წვრილად. მწვანილის გარდა, ყველაფერი მოათავსეთ პატარა ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. გადმოდგამთ თუ არა ცეცხლიდან, ჩააყარეთ დაჭრილი მწვანილი და ოდნავ მარილი (ცხიმი საჭირო არ არის). შეგიძლიათ, ცივიც მიირთვათ.
დანარჩენი პირობები – იგივე.
მესამე დღე – „აკროშკა“ ჭარხლით
1 ცალი პატარა ჭარხალი (მოხარშული) დაჭერით წვრილად. გახეხეთ 1 ცალი უმი სტაფილო; ჩაამატეთ 1 ცალი მაგრად მოხარშული, წვრილად დაჭრილი კვერცხი, 1 ცალი პატარა კიტრი, 1 სადილის კოვზი მწვანე ბარდა, 1 ცალი წვრილი, მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ოდნავ მოწალული ბულგარული წიწაკა, 1-2 ღერი მწვანე ხახვი და კამა (ასევე წვრილად დაჭრილი), ნახევარი ჩაის ჭიქა ბურახი და ნახევარი ჩაის ჭიქა უცხიმო, არამჟავე მაწონი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მოაყარეთ ძალიან ცოტა მარილი. თუ ძალიან სქელი მასა გამოვიდა, შეგიძლიათ, მაწონი ან ბურახი დაუმატოთ.
დანარჩენი პირობები – იგივე.
წარმატებას გისურვებთ!