კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: აქვს თუ არა უკუჩვენება ხელოვნურ წამწამებს?
პასუხი: ხელოვნური წამწამების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის მათთვის, ვისაც ხშირად ეცრემლება თვალები, აქვს ალერგია, ბლეფარიტი ან ქუთუთოების სხვა დაავადებები.
კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე სპეციალური ვარჯიშები მიმიკური ნაოჭების პროფილაქტიკისთვის?
პასუხი: არსებობს ვარჯიშები, რომლებიც არა მარტო მიმიკური ნაოჭების გაჩენას შეუშლის ხელს, არამედ კორექტირებას გაუკეთებს სახის ოვალს, გაამკვრივებს ლოყების, ნიკაპისა და კისრის კუნთებს.
ვარჯიში პირველი: ყოველ დილით დადექით სარკესთან და ნელა და მკვეთრად წარმოთქვით ბგერები: ა, უ, ი, ო. თითოეული ბგერა გაიმეორეთ 10-ჯერ.
ვარჯიში მეორე: ჩაიგუბეთ პირში ჰაერი, დაბერეთ ლოყები. ტუჩები მაგრად მოკუმეთ და შეეცადეთ, დაგუბებული ჰაერი მონაცვლეობით გადაიტანოთ პირის ღრუს ყველა მონაკვეთში ისე, რომ მაქსიმალურად დაჭიმოთ სახის კანი. ვარჯიში გააკეთეთ 7-8-ჯერ.
ვარჯიში მესამე: შეეცადეთ, მაქსიმალურად გადააფაროთ ჯერ ზედა ტუჩი – ქვედას, შემდეგ კი – პირიქით. ეს ვარჯიში გააკეთეთ 10-12-ჯერ.
კითხვა: ხშირად მინახავს, რომ სხვადასხვა დანიშნულების კრემებში ერთ-ერთ კომპონენტად შესულია შავი მოცხარის ექსტრაქტი. მაინტერესებს, რა სასარგებლო თვისებები აქვს კანისთვის ამ მცენარეს?
პასუხი: შავი მოცხარი მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით, A, B, C, P ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ეთერზეთებით. კოსმეტოლოგიაში ეს მცენარე გამოიყენება, როგორც კანის მათეთრებელი; ასევე, ის არბილებს, ამკვრივებს, აახალგაზრდავებს კანს და ელასტიკურს ხდის მას. გარდა ამისა, აუმჯობესებს კანის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას.
კითხვა: ახლა მოდაში შემოვიდა თმის საღებავები ამიაკის გარეშე. მაინტერესებს, არის თუ არა ასეთი საღებავი უვნებელი და უკეთ ღებავს თუ არა ის თმას?
პასუხი: ასეთი საღებავი გაცილებით უვნებელია, ვიდრე ამიაკიანი. მის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი მკვებავი კომპონენტები. ამიტომ, არ არღვევს თმის სტრუქტურას, თანაც, ნაკლებად ალერგიულია. თუმცა, მთლად უვნებლად არ ითვლება წყალბადის ზეჟანგისა და ზოგ შემთხვევაში, ალტერნატიული დამჟანგავების შემცველობის გამო. რაც შეეხება სხვა პლუსებს, უამიაკო საღებავი არ ქმნის მკვეთრ ზღვარს წამოზრდილ ძირებსა და შეღებილ თმას შორის; გარდა ამისა, ფერი გაცილებით დიდხანს ნარჩუნდება.