ქართლის მეფენი
ქაიხოსრო – ლევანის ძე, შვილიშვილი ვახტანგ მეხუთისა, ძმისწული მეფეთა – არჩილ მეორისა და გიორგი მეთერთმეტისა, ქართლის მეფე 1709-1711 წლებში. ეს ორწლიანი „ქართლის მეფობა“ ქაიხოსრომ ისე გაატარა, ქართულ მიწაზე ფეხიც არ დაუდგამს, ირანის შაჰმა, სულთან ჰუსეინმა, ქაიხოსრო ავღანთაგან მოკლული ბიძამისის, გიორგი მეთერთმეტის მემკვიდრედ დასვა. ამ მემკვიდრეობაში იგულისხმებოდა მეფობა ქართლისა, მთავარსარდლობა ირანის ჯარებისა და ბეგლარბეგობა თავრიზისა და ბარდისა. ქაიხოსროს საქართველოში წამოსასვლელად არ ეცალა და ქართლს მისი სახელით, როგორც „ჯანიშინი“ (მოადგილე), მისი ძმა ვახტანგი განაგებდა (ამათ ძმებს, ლევანის ორ ძეს, ასევე, დიდი თანამდებობანი ეპყრათ სპარსეთში: ლუარსაბს – ისპაჰანის ტარუღობა, იესეს – ქირმანის ბეგლარბეგობა).