კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის აზრს ითვალისწინებს თინა მახარაძე, როდის ჯიუტდება ის და რა ლოკაციებში არ ჯდება მისი ცხოვრება

თინა მახარაძე საზოგადოებამ სერიალ „გოგონა გარეუბნიდან” გაიცნო. ცხოვრებაში ის თითქმის არაფრით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს და მისი ცხოვრებაც აბსოლუტურად განსხვავებულია. უმეტესად დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ, შეიძლება, რაღაც პერიოდი დაიკარგოს და მეგობართან გადაბარგდეს საცხოვრებლად, შემდეგ კი ისევ სახლში დაბრუნდეს. მოკლედ, თავისი არაორდინარული ცხოვრების შესახებ, თინა თავად გვესაუბრება.

 

 – შენი ოჯახის შესახებ გვიამბე, ვისთან ერთად ცხოვრობ და, საერთოდ, როგორია თინა მახარაძის თბილისური ცხოვრება?

 – მე ჩემს ცხოვრებას ვერ ვუწოდებ თბილისურ ცხოვრებას. ის არ არის არც თბილისური და არც სხვა რაიმე ტიპის, კონკრეტულ „ლოკაციას“ არ შეესაბამება. ძირითადად, დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ ერთ ადგილას არასდროს ვჩერდები. მაგალითად, შეიძლება, ცოტა ხანს ვიცხოვრო მეგობართან ერთად, მოკლედ, სულ სხვადასხვაგან ვარ. ასე რომ, კონკრეტულად ნამდვილად ვერ გეტყვით, ვისთან ერთად ვცხოვრობ. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, მყავს დედა, და, ძმა და დისშვილები. ჩვენ ყველა ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ, ძალიან ხშირად ვიკრიბებით ხოლმე.

 – ესე იგი, დამოუკიდებლად ცხოვრებას დიდი ხანია, მიჩვეული ხარ?

 – დიახ, მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი, ასე მზრდიდა დედაჩემი. დაახლოებით 14 წლიდან კი სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, ანუ, მე ვიყავი ჩემი თავის უფროსი და მარტო საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული.

 – ფინანსურადაც თვითონ ირჩენდი თავს?

 – 16 წლიდან უკვე სერიოზულად ვმუშაობ, რასაც ჰქვია შტატში ყოფნა, თორემ, მანამდე მქონდა დამოუკიდებელი პროექტები, რომლებიც საკმაოდ წარმატებით ხორციელდებოდა. ანუ, შემიძლია ვთქვა, თითქმის 14 წლიდან ვმუშაობ. ყოველთვის აქტიური ბავშვი ვიყავი, სულ ვმუშაობდი საკუთარ თავზე. ვაკეთებდი ყოველთვის იმას, რაც მომწონდა, თუმცა, არის რაღაცეები, რაშიც არასოდეს ვყოფილვარ აქტიური. მაგალითად, ესაა სახლის დალაგება (იცინის). ყოველთვის შემეძლო, ვმჯდარიყავი ძალიან ბევრ მტვერში და წიგნები მეკითხა. ანუ, აქტიური ვიყავი იმ ყველაფერში, რაც მომწონდა. შეიძლება, არ გავაკეთო ის, რაც საჭიროა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონს.

 – შენი ოჯახის წევრები ამას როგორ ეგუებოდნენ?

 – დედაჩემი ძალიან ბედნიერი იქნებოდა, მეც ჩემს დასთან ერთად რომ დავმდგარიყავი, გამერეცხა ჭურჭელი და დამელაგებინა სახლი. ამ სურვილს უმეტეს შემთხვევაში არ ვუსრულებდი ხოლმე (იცინის) – ამ საკითხში ვპასიურობდი. სამაგიეროდ, აქტიური ვიყავი პუბლიკასთან, გვერდით ყოველთვის მყავდა აუდიტორია, ჩემი მსმენელი. თუმცა ხალხთან კონტაქტის თვალსაზრისით, დიდად აქტიური არ ვყოფილვარ. მაინცდამაინც დიდი მოყვარული არ ვარ ხანგრძლივი ურთიერთობების, წვეულებებისა და სხვადასხვა თავშეყრის ადგილების. ყოველთვის ვარჩევდი ცალკე ყოფნას. ჩემ გარშემო ვქმნიდი კომფორტულ გარემოს ჩემთვის, და არა ისეთს, როგორიც ხალხს მოეწონებოდა.

 – როგორია შენთვის კომფორტული გარემო?

 – ჩემთვის კომფორტული გარემოა იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა, რომლებიც ჩემი თანამოაზრეები არიან. მნიშვნელობა არ აქვს, ბევრი ადამიანი იქნება თუ ცოტა, მთავარია, მე მათ ვუგებდე. თანამოაზრის პოვნა კი ადვილი არ არის. თუ ვიღაც არ მომეწონება, საერთოდ არ გავდივარ მასთან კონტაქტზე.

 – შენს პროფესიულ არჩევანში თუ ჩაერია ოჯახი?

 – ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის ზედმეტად იყვნენ დარწმუნებულნი ჩემს შესაძლებლობებში. ჩემი შესაძლებლობები კი მათთვის არ მოიცავდა რაიმე კონკრეტულ სფეროს. იცოდნენ, რომ იმავე წარმატებით შემეძლო გამოვსულიყავი ჟურნალიტი, ძალიან უნდოდათ, ჩამებარებინა ფილოსოფიურზე – მოკლედ, ძალზე ბევრ რაღაცას მირჩევდნენ. ჩემი მსახიობობა კი ყველაზე ნაკლებად სურდათ, რადგან ეს პროფესია საქართველოში არცთუ ისე კომფორტულია. თუმცა, ჯერ კიდევ ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი, მსახიობი, გავმხდარიყავი. ასე რომ, ჯიუტად ვიცავდი ჩემს პოზიციას.

 – გადაწყვეტილებებს ყოველთვის დამოუკიდებლად იღებ?

 – უმეტეს შემთხვევაში, დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს, თუმცა, ზოგჯერ სხვა ადამიანების აზრსაც ვითვალისწინებ. ეს ხდება მაშინ, თუ რაღაც ძალიან არ მინდა. თუ „ისე რა“ მინდა, მაშინ ვიღაცის რჩევამ, შეიძლება, გადამწყვეტი შტრიხი შეიტანოს ჩემს ნააზრევში. თუმცა, თუ მე რაღაც ძალიან მინდა, რჩევებს მხოლოდ ფორმალურად ვისმენ და როგორი ჭკვიანური დარიგებაც არ უნდა მომცენ, არ გავითვალისწინებ. ოღონდ, ეს გააზრებულად არ ხდება, ბოლო გადაწყვეტილებას მაინც დამოუკიდებლად ვიღებ. ძალიან იმპულსური ვარ – რაც თავში დამარტყამს, იმას ვაკეთებ და ხშირად ამას კარგი შედეგი არ მოუტანია.

 – შემდეგ არ ნანობ ხოლმე?

 – არა, სინანული დიდად არ მახასიათებს. როცა უკვე გაკეთებულია საქმე, სინანულს რაღა აზრი აქვს? ვამბობ, რომ მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო და ვაგრძელებ ცხოვრებას. მსგავს საკითხებზე ძალიან მიყვარს მაგალითების მოყვანა ლიტერატურიდან, ფილმებიდან. მაგალითად, ედგარ კერესს აქვს ერთი მოთხრობა – „კიდევ ერთი შანსი”. იქ ძალიან საინტერესო რამ ხდება: ადამიანი ყიდულობს ერთ შანსს და შეუძლია, ის მაშინ გამოიყენოს, როცა უნდა, ანუ, ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მომენტიდან დაიწყოს სხვანაირად. მე მსგავს რაღაცეებს განვიხილავ ხოლმე თეორიულ და მხატვრულ დონეზე, ცხოვრებაში კი ყველაფერი მაინც ისე მოხდება, როგორც უნდა მოხდეს. ზოგადად, ყველა თემაზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს, მირჩევნია, მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს გავუზიარო ჩემი აზრები.

 – შენი პირადი ცხოვრების შესახებ თუ უყვები ხოლმე ოჯახის წევრებს?

 – არასდროს არაფერს ვმალავ, მაგრამ, მხოლოდ მაშინ ვყვები, როცა ხასიათზე ვარ. თუ არ მოვყვები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას ვმალავ, უბრალოდ, ხასიათზე არ ვარ და მორჩა.

 – ყველაზე მეტად ვის აზრს ითვალისწინებ და, თუ არის ადამიანი, ვისი შენიშვნებიც არ გაღიზიანებს?

 – მაღიზიანებს, მაგრამ სულ ვითვალისწინებ გიორგი სამხარაძის შენიშვნებს (იცინის). ზოგჯერ ძალიან პირდაპირ მეტყვის ხოლმე რაღაც შენიშვნას, იმ მომენტში ვბრაზდები, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, სულ ვითვალისწინებ. სხვისი აზრი, შეიძლება, არც გამეთვალისწინებინა.

 – რა სახის შენიშვნებს იღებ ხოლმე უმეტესად?

 – მაგალითად, დედაჩემსა და ჩემს ძმას არ მოსწონთ, როგორ ვიცვამ, გიორგის კი უმეტესად მოსწონს ხოლმე. ბებიაჩემსა და ბაბუაჩემსაც არ მოსწონთ ის ამბავი, რომ ვიცვამ ისე, როგორც მე მინდა. ხშირად არ მოსწონთ ისიც, რომ ვარ ფიცხი და იმპულსური. რაც შეეხება გიორგის, ის მეუბნება, რომ ყოველთვის ვარ ზედმეტად მართალი და, ჯობია, არ ვიყო ასეთი. არ შემიძლია სტრატეგიული დაგეგმვა – ვიცი, რომ ამ სიტუაციაში ასე ჯობია, მაგრამ არ გამომდის, მაინც პირდაპირ ვამბობ და ვაკეთებ იმას, რასაც იმ წამს გავიფიქრებ. ეს კი ძალიან ხშირად იწვევს კონფლიქტს.

 – რაიმე სახის აკრძალვას თუ აიტან ვინმესგან?

 – არავისგან და არასოდეს. შეიძლება, ვიმსახურებ კიდეც ვიღაცისგან შენიშვნებსა და აკრძალვებს. გარშემო მყოფები ხშირად მეუბნებიან, რომ ეს არ არის კარგი ტონის მაჩვენებელი, მაგრამ, მეცინება ამ ფრაზაზე. ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდა; ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მინდა და, არა მგონია, ამით ვინმეს რამეს ვუშავებდე.

 – პირად საკითხებზე ყოველთვის თამამად საუბრობ თუ ამის შესახებ არავის არაფერს უყვები?

 – მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ძალიან ცოტა ახლო მეგობარი. ასე რომ, გააჩნია, ვისთან და რა გარემოში ვლაპარაკობ. ყველაფერი მაინც ხასიათზეა დამოკიდებული. ხანდახან ყველაფერს ძალიან პირდაპირ ვამბობ, ზოგჯერ კი – ვმალავ.

 – ცოტა ხნის წინ ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ შეყვარებული ხარ და ამ თემაზე სახალხოდ ისაუბრე.

 – ჩათვალეთ, რომ არაფერი მითქვამს (იცინის). უბრალოდ, ხმამაღლა ვთქვი იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც მიყვარს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ თემაზე ძალიან ბევრს ჭორაობდნენ. თითქმის ყველგან სხვადასხვა მოსაზრება მესმოდა. მე და გიორგის გვისაფრთებოდნენ ქუჩაში, გვიღებდნენ სურათებს და შემდეგ იმას ბეჭდავდნენ. ეს ამბავი ცოტა გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის და გადავწყვიტე, ხმამაღლა მეთქვა, რომ ხალხს სიმართლე გაეგო. ამ თემაზე საუბარს  აღარ ვაპირებ. ჯერჯერობით საკმარისია, რაც ვილაპარაკე ტელევიზიით.

 

скачать dle 11.3