როგორ ახერხებს წარმატებული ქართველი ტენორი გია ონიანი უცხოელ აღვირახსნილ რეჟისორებთან მუშაობას და რატომ ვერ დაჰყავს მას შვილები ევროპაში თავის სპექტაკლებზე
ყველაზე წარმატებული ქართველი ტენორი, გია ონიანი, წლების განშორების შემდეგ, სამშობლოს ეწვია. ბუნებრივია, საოპერო მომღერალთან საუბრის შემთხვევა ხელიდან არ გავუშვით, რასაც თავადაც სიხარულით დათანხმდა. ჟურნალი „თბილისელები“ გია ონიანისთვის განსაკუთრებით ძვირფასი აღმოჩნდა.
გია ონიანი: „თბილისელების“ პირველი ნომრის სტუმარი გახლდით... მე და „თბილისელებმა“ კარიერა ერთად დავიწყეთ და საქართველოში რომ ვცხოვრობდი, ამ ჟურნალის მუდმივი მკითხველი ვიყავი. უცხოეთში კი „თბილისელები“ კი არა, ოღონდაც ქართული იყოს და ისეთ ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობთ, ზედაც რომ არავინ უყურებს. საქართველოში რომ ჩამოვდივარ მთელი კვირის ჟურნალ-გაზეთებს შევიძენ, მიმაქვს, წავიკითხავთ და ორი თვის შემდეგ ისევ თავიდან ვკითხულობთ...
– თქვენ და „თბილისელებმა“ კარიერა ერთად დაიწყეთ... თქვენი კარიერის დასაწყისზე გვიამბეთ...
– დიახ. ჩემი დებიუტი იმ წლებში შედგა... ჩემ მიმართ ჟურნალისტების ინტერესი ჯანსუღ კახიძის გამონათქვამმა გამოიწვია... ჯერ კიდევ კონსერვატორიის ბოლო კურსის სტუდენტი ვიყავი და ოპერაში კონცერტი – „ახალი ხმები“ ჩატარდა, სადაც აბესალომის არია შევასრულე „აბესალომ და ეთერიდან“. ჯანსუღ კახიძე, მოგეხსენებათ, რა დონის მუსიკოსი იყო. ახლა, როცა მსოფლიოს ასეულობით დირიჟორთან და მუსიკოსთან მომიხდა მუშაობა, მივხვდი, თუ რა გენიოსი მუსიკოსი ყოფილა ბატონი ჯანსუღი. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი... ზემოთ აღნიშნულ კონცერტზე ჩემმა გამოსვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჯანსუღ კახიძე ადვილად არავის შეაქებდა და ვხედავ, ტელევიზიით ვიღაცას აქებს. ეს ვიღაც კი მე აღმოვჩნდი. ამბობდა, 25 წელი ასეთ ტენორს ველოდით და როგორც იქნა, გამოჩნდაო... უცებ ჩემკენ შემობრუნდა მთელი ჟურნალისტური სამყარო – ვინ არის ასეთი მომღერალი, ჯანსუღ კახიძე რომ აქებსო. კონცერტიც განმეორდა და მეორე კონცერტზე დარბაზი სავსე იყო მაყურებლით, რომლებსაც ჩემი მოსმენა აინტერესებდათ. ამას მოჰყვა დებიუტი ოპერის სცენაზე სპექტაკლ „აბესალომ და ეთერში“. თეატრმა გამიწია რეკლამა – „დაიბადა ახალი აბესალომი...“ ტელევიზია, რადიო, უთოც კი ჩემზე ლაპარაკობდა. სხვათა შორის, ძალიან შემეშინდა. დებიუტს თავისი განცდები აქვს და კიდევ ასეთი ამბავი მინდოდა? – ასე ჩავყავი „ლომის ხახაში“ თავი. სამაგიეროდ, სპექტაკლზე ისეთი დაინტერესება იყო, მხოლოდ ცნობილი გასტროლიორების ჩამოსვლისას ხდებოდა მსგავსი რამ, როცა კიბეებზედაც კი ხალხი იჯდა.
– ამას მოჰყვა საერთაშორისო კლასის კონკურსებში გამარჯვება...
– დიახ, კონსერვატორიას რომ ვამთავრებდი, უცხოეთში წავედი. თავდაპირველად, მიუნხენის ასპირანტურაში ჩავაბარე, მაგრამ მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო. ერთმანეთისგან ძალიან შორს ვიყავით მე და გერმანული სკოლა. შემდეგ „ლა სკალას“ თეატრში წავედი მოსმენაზე, იქ შემომთავაზეს სტაჟიორად დავრჩენილიყავი და სიხარულით დავთანხმდი... „ლა სკალას“ თეატრში არა მხოლოდ სპექტაკლებზე, რეპეტიციებზედაც კი დავდიოდი. უდიდეს მომღერლებს ვუსმენდი და მათგან ბევრი ვისწავლე. მსოფლიოს საუკეთესო მომღერლებთან და პიანისტებთან ვმუშაობდი... ამას მოჰყვა დებიუტი „ლა სკალაში“, კონკურსები... პირველივე საერთაშორისო კონკურსზე – პირველი ადგილი ავიღე და იქაც ჟურნალისტების დიდი ინტერესი გაჩნდა. ჩემი სახელი და გვარი სხვადასხვა ჟურნალში გამოჩნდა. ამ დროს „ლა სკალას“ სცენაზე ორ სპექტაკლში მთავარი პარტია ვიმღერე. გამოვდიოდი კონცერტებზე...
– იმ კონცერტზე გვიამბეთ, „ლა სკალას“ 2 000 მაყურებელი რომ ფეხზე იდგა და ითხოვდა, ისევ გემღერათ...
– „ლა სკალაში“ კონცერტი იყო – „ლა სკალას“ თეატრის სპონსორებისთვის. კონცერტს მილიონერები ესწრებოდნენ, რომელთა ზურგზეც დგას „ლა სკალას“ თეატრი და მისი დონე. პუჩინის „ტურანდოტიდან“ პრინც კალაფის არია შევასრულე, მაყურებელი ფეხზე წამოდგა და ისევ გამეორება ითხოვეს. რასაკვირველია, მაყურებელი არ გავაწბილე და, ისევ ვიმღერე, მაგრამ დირიჟორი ამბობდა: ამ სცენაზე მსგავსი რამ არ მახსოვს, რომ მომხდარიყოო... ეს არია ერთხელაც ურთულესი შესასრულებელია და ისევ ბისზე იმღერო, თანაც „ლა სკალას“ სცენაზე, წარმოუდგენლად რთულია. აღსანიშნავია, რომ ეს კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს იყო.
– „ლა სკალას“ შემდეგ თბილისის ოპერაში მოღვაწეობდით. როგორ იხსენებთ ამ წლებს?
– ვარდების რევოლუციის შემდეგ უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ხალხის საქართველოში დაბრუნების პერიოდი დაიწყო. მეც (გიჟი პატრიოტი ვარ) შანსი ხელიდან არ გავუშვი და დავბრუნდი. მსურდა, ჩემი წვლილი შემეტანა, რომ გამოვსულიყავით იმ ჭაობიდან, რაც 90-იან წლებში იყო... აქ რამდენიმე წელი ვიყავი, შემდეგ თბილისის ოპერაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო...
– ოპერის რემონტამდე კარგა ხნით ადრე წახვედით...
– ვიცოდით, ოპერა რემონტისთვის რომ დაიხურებოდა და ეს გადამწყვეტი მიზეზი იყო. საკონცერტო გამოსვლები უკან დამხევდა ან საერთოდ გამაჩერებდა. ამასთანავე, უცხოეთში ბევრად უკეთესი პირობები შემომთავაზეს. ყველა ასაკს თავის გასაკეთებელი აქვს და თუ ამ დროს გამოტოვებ, ორი წლის შემდეგ შეიძლება, გვიანიც იყოს. აქედან არ გავქცეულვარ იმიტომ, რომ ქვეყანა აღარ მიყვარდა ან ვინმემ მაწყენინა. ახლაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ოპერის ყველა თანამშრომელთან და შარშან თბილისის ოპერის საქველმოქმედო საღამოშიც მივიღე მონაწილეობა.
– უცხოეთში ოჯახით წახვედით. ალბათ, შვილების კარგი მომავალიც განსაზღვრეთ...
– რა თქმა უნდა, ჩემი შვილები ევროპულ განათლებას მიიღებენ ქართულ ბაზაზე და ეს ძალიან კარგია.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი?
– მეუღლე – ხათუნა წიკლაური, პროფესიით ისტორიკოსია. ორი შვილი გვყავს – რატი და დეა. სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცი, რატი რომელ კლასშია, რადგან იქ 21 წლამდე სწავლობენ. დეა კი სკოლაში წელს შედის.
– ქართული იციან?
– იციან, რადგან სახლში სხვა ენაზე საუბარი აკრძალული გვაქვს. რატიმ ქართული ძალიან კარგად იცის, დეა გერმანულ ბაღში დადის და ქართული საუბარი ოდნავ უჭირს. თუმცა, ქართულის დავიწყების უფლებას არ ვაძლევთ. სახლში ქართული მულტფილმების ჩანაწერები გვაქვს და ქართული სატელევიზიო არხებიც... ქართველი მაინც ყველგან ქართველია. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, საქართველოში რომ დაბადებულან და გაზრდილან და შემდეგ სხვა ქვეყანაში წასულან, იმათ კლავს ნოსტალგია და ქართველს რაღა მოუვა?! სულ საქართველოზე ვფიქრობთ, ვოცნებობთ და ჩვენი ბოლო მაინც აქ არის. სულ სტუმრად ვერსად ვიცხოვრებ, ჩემი ქვეყანა აქ არის და ჩემს მომავალს აქ ვხედავ.
– თუ არ ვცდები, ასევე ბონის თეატრში მოღვაწეობს ქართველი ბანი – რამაზ ჩიკვილაძე.
– დიახ, ერთ თეატრში ვმუშაობთ. ხშირად გვიწევს სხვადასხვა სპექტაკლში ერთად სიმღერა და მეზობლებიც ვართ. გერმანიაში ბევრი ქართველია და სხვებთანაც ვმეგობრობთ... ასე ვიქარვებთ ნოსტალგიას.
– ქართულ კერძებს ამზადებთ?
– ქართული კერძების მომზადებას ვახერხებთ, მაგრამ ჭამით ვერ დავიკმაყოფილებთ ნოსტალგიას. უფრო სულიერად გვენატრება სამშობლო. საბედნიეროდ, ვირტუალური სამყარო იმ დონეზეა, ინტერნეტით მუდმივი კავშირი გვაქვს და ვგრძნობთ ქვეყნის პულსაციას. დიუსელდორფში ქართული ეკლესიაა, რომელიც უდიდეს საქმეს აკეთებს. ამ ეკლესიაში ქართული წირვა ტარდება, ბავშვები მიგვყავს და ქართველებს ერთმანეთთან უთრიერთობა გვაქვს... ახლახან შევიკრიბეთ, თამადა რეზო ჩხიკვიშვილი იყო და მან თქვა, ყველა ქართველმა უცხოეთში ხუთი წელი მაინც უნდა იცხოვროს, რომ მიხვდეს, რა ბედნიერებაა ქართველობა და ასეთი ქვეყანა რომ გვაქვსო. აბსოლუტურად ვეთანხმები.
– ნამდვილი ქართული ხასიათი გაქვთ და ზუსტად ამიტომ, დღეს ევროპაში მოღვაწეობა არ გიჭირთ? დიდი ხანია, რეჟისორები თამამ სცენებს მიმართავენ.
– ეს ვითომ ძიებაა... სამწუხაროდ, დღეს დამსახურების მიხედვით არ უჭირავს ბევრს თანამდებობა. ზოგჯერ ისეთი როლის შესრულება გვიწევს, რაც სულაც არ მოგვწონს, მაგრამ მსახიობის არსიც ამაშია... 400 წელია, ოპერა არსებობს და ერთი და იგივე სპექტაკლები ათასნაირი ვარიანტით იდგმება. დროთა განმავლობაში ოპერის ფუნქცია, დატვირთვა და მოდა იცვლება. მაგალითად, როდესაც ვერდის უკვდავი ოპერა „აიდა“ შეიქმნა, ხალხი თეატრში დადიოდა იმის სანახავად, ეგვიპტეზე წარმოდგენა რომ ჰქონოდა. მაშინ (1851-1852 წლებში) ტელევიზია და ფოტოგრაფია არ არსებობდა... დღეს ტუტანჰამონის მამიდას რა ერქვა და რომელ სარკოფაგში თავი ვინ მოიფხანა, ისიც ვიცით და ეგვიპტის აღმოსაჩენად თეატრში აღარავინ მივა. ასე რომ, ოპერამ სხვა დატვირთვა მიიღო. როცა ერთსა და იმავე სპექტაკლს ათასობით რეჟისორი დგამს, ერთმანეთს პლაგიატობაში რომ არ დასდონ ბრალი, ცდილობენ, სიახლე შეიტანონ. სიახლე ზოგჯერ კარგია, მაგრამ უმეტესობა უარესისკენ მიდის. ზოგიერთი რეჟისორი სკანდალებს განგებ ქმნის, ცნობილი რომ გახდეს. მომიხდა ასეთ რეჟისორთან მუშაობა, რომლის სპექტაკლსაც ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა და თავად უბედნიერესი იყო – ახლა უკვე ყველამ გამიცნო, ასეთი საშინელება რომ დავდგიო. ამ დროს სპექტაკლი ბევრად უფრო მარაზმი იქნებოდა, მე რომ არ მებრძოლა. ზედმეტ სიშიშვლეს და აღვირახსნილობას ითხოვდა, რის გაკეთებასაც ვერაფრით შევძლებდი. ვისაც პორნოგრაფიის ნახვა სურს, ამისთვის უამრავი ადგილებია და არა – ოპერა. ოპერაში ადამიანს ვერდის, პუჩინისა და მრავალი გენიოსის მიერ შექმნილი მუსიკით დატკბობა სურს და ამ დროს კოშმარს სთავაზობ. ასეთ რეჟისორებთანაც გვიწევს მუშაობა, მაგრამ ვცდილობთ, „ოქროს შუალედი“ დავიჭიროთ. ერთი კარგი მეთოდი ვისწავლე – რეპეტიციაზე რეჟისორებს ყველაფერზე ვეთანხმები და პრემიერაზე იმას ვაკეთებ, რაც თავად მსურს.
– გაგვიზიარეთ თქვენი წარმატებები ბონის თეატრში.
– უკვე ბევრ საპრემიერო სპექტაკლში ვიმღერე. უპირველესად, ძალიან დიდ პატივს მცემენ ბონის თეატრში, მათ შორის დირექციაც და ეს სასიამოვნოა. ხალხის სიყვარულსაც ვგრძნობ. ამ სეზონში „ტურანდოტის“ 17 სპექტაკლში ვიმღერე და კარგა ხნით ადრე ბილეთები აღარსად იშოვებოდა. ასევე, ახლახან მქონდა პრემიერა დვორჟაკის „რუსალკაში“ და ბილეთები ერთი თვით ადრე გაიყიდა... წინა წლებში წელიწადში რამდენიმე პრემიერა მიწევდა, ახლა ახალი კონტრაქტი გავაფორმე და მხოლოდ ერთი პრემიერა მექნება წელიწადში. ასე, საგასტროლოდ უფრო მეტი დრო დამრჩება. უკვე დაგეგმილია, სადაც უნდა ვიმღერო – ევროპა, აზია, სამხრეთ ამერიკა...
– გასტროლებზე ყოფნისას ქართველ კოლეგებთან შეხვედრა არ გიწევთ?
– ერთმანეთს უფრო მეტად ტელეფონით ვუკავშირდებით, რადგან ყველას გადატვირთული გრაფიკი გვაქვს... ბუდაპეშტში მქონდა სპექტაკლი, სადაც წინა დღეს ლადო ათანელი გამოვიდა კონცერტით. ლადოს კონცერტს ისე დავესწარი, მან არ იცოდა. როცა კონცერტის შემდეგ გამოვეცხადე, უსაზღვროდ გაუხარდა... არა მგონია, დღეს პროცენტულად რომელიმე ქვეყანას იმდენი მომღერალი ჰყავდეს, რამდენიც საქართველოს. საბედნიეროდ, ტალანტები კიდევ მოდიან. ვისაც ხმა აქვს და გრძნობს საოპერო მომღერლის პოტენციალის, ვურჩევ, დიდი შრომა არ დაიზაროს და აუცილებლად დაუფასდება. მეც ბევრჯერ ვყოფილვარ იმ ზღვარზე თავის გადასარჩენად რომ უნდა მებრძოლა, მაგრამ რესტორანში სამღერად არ წავსულვარ. კარიერისთვის რესტორანში სიმღერა დამღუპველია. ამ ჭაობში ერთხელ თუ შეხვედი, გამოსვლა გაგიჭირდება. არავის განვსჯი, უბრალოდ, გულწრფელად ვურჩევ, რადგან მართლა ბევრი ტალანტი ეკარგება საქართველოს...
– თბილისში ახლახან ჩამოხვედით. მშობლიურ სოფელ ხოფურს მოინახულებთ?
– ჯერჯერობით ვერ მოვახერხე, მაგრამ აუცილებლად ჩავალ. ყოველ წელიწადს ჩავდივარ, რადგან მშობლები ლენტეხის რაიონის სოფელ ხოფურში ცხოვრობენ.
– მშობლებიც არიან მუსიკის ნიჭით დაჯილდოებულნი?
– მუსიკის ნიჭი დედის მხრიდან მომდევს. მამის სიმღერა არასდროს გამიგონია, თორემ შეიძლება, მასაც ჰქონდეს ხმა და სიმღერის ნიჭი, მაგრამ გვიმალავს. დედას პირველი კლასიდანვე დავყავდი ფორტეპიანოზე და სულ მაძალებდა, კარგად მესწავლა. ფორტეპიანოს სწავლა მიყვარდა, მაგრამ ზამთარში მიჭირდა. ჩემგან პიანისტი მაინც არ შედგა, თუმცა, კონსერვატორიაში რომ ვაბარებდი, ბავშვობაში ნასწავლი ძალიან გამომადგა... მოგვიანებით, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გადამიყვანეს სასწავლებლად. იქ სიმღერის გუნდი ჩამოყალიბდა და 500 ბავშვში 17 ძლივს იპოვეს, სმენა რომ ჰქონდა. მახსოვს, ამ გუნდში პირველად „შავლეგო“ ვისწავლეთ. მეთერთმეტე კლასში უკვე ლენტეხში დავბრუნდი. იქაც იყო სიმღერის ანსამბლი და ამ ანსამბლის ბავშვები საგასტროლოდ ბულგარეთში წავედით... ის დრო ძალიან ტკბილად მახსოვს – მომეწონა უცხოეთში სიმღერით რომ მომიხდა წასვლა... რას წარმოვიდგენდი, გასტროლები თუ მთელი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა.
– თქვენი შვილები გაჰყვებიან მუსიკას?
– დეა წელს პირველად მყავდა სპექტაკლზე. ისეთი სპექტაკლი იყო, სადაც ბავშვის წაყვანა შეიძლებოდა. გაგიჟდა, ისე მოეწონა და გამომიცხადა, მეც მინდა, მამიკოსთან ვიმღეროო... რატის ხმაც აქვს და სმენაც, მაგრამ ჯერჯერობით სურვილი არ აქვს. არქიტექტორობა და ასტროფიზიკოსობა სურს.
– როცა საქართველოში ჩამოდიხართ, თქვენს პედაგოგს – ნოდარ ანდღულაძეს ნახულობთ?
– ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეგ არის. ახლა საგასტროლოდ ვემზადები და ვაპირებ, ორი ოპერა ნოდარ ანდღულაძესთან მოვამზადო. უცხოეთშიც რომ ვარ, ტელეფონით ვეკითხები ხოლმე რჩევებს – დღეს მსოფლიო ტექნიკური მიღწევები იმ დონეზეა, რომ უჩინარი მიკროფონები გამოიგონეს. საშუალო ხმის მომღერლები სამსახურს გვართმევენ. ძლიერხმიანი მომღერალი რთული საპოვნელია და უხმოებში ამოვარდნილი ხარ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ მონაცემებს. უპირველესად, შენს სურათს ითხოვენ და შემდეგ ჩანაწარებს. ოპერა დრამას დაუახლოვეს და უფრო თეატრალური გახადეს... მე ამის მომხრე ვარ, რადგან მეტი სანახაობრიობა შეიძინა ამ ჟანრმა. ვილნიუსში „ბოჰემას“ დგამდა ინგლისელი რეჟისორი, რომელიც წლების განმავლობაში ჰოლივუდში გახლდათ ნამუშევარი. უპირველესად, მან სურათის გაგზავნა მთხოვა, აინტერესებდა, როგორ გამოვიყურებოდი. შემდეგ შედგა ჩვენი თანამშრომლობა და უკვე ოთხი წელია, ეს ყოველ ახალ დადგმაში რეგულარულად გვიწევს.