რა მავნე ჩვევები აქვს ჰოლივუდის ახალ სექს-სიმბოლოს, ამბერ ჰერდს და ვისთვის პოზირებდა ის მხოლოდ ქვედა საცვლებში
„მე გახსნილი ვარ ყველაფერ ახლისთვის. არ მესმის, რისთვის არის საჭირო საზოგადოების სტერეოტიპებად და კატეგორიებად დაყოფა? ეს ხომ სისულელეა! ამის გამო მუდმივი არჩევნის წინაშე ვართ – ვისზე იქორწინო, ვისთან გაატარო დრო, ვისთან დაიძინო... ვიმედოვნებ, რომ ოდესღაც ადამიანები უფრო თავისუფლები და გახსნილები გახდებიან და მიხვდებიან, რომ იარლიყების მიკერება ტოტალური სისულელეა. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ: ნუთუ სიყვარულში სქესსა და ეროვნებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება?” – ეს სიტყვები ჰოლივუდის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს, ამბერ ჰერდს ეკუთვნის, რომელმაც სულ ახლახან ღიად განაცხადა, რომ ლესბოსელია.
ჰოლივუდის ახალი თაობის ვარსკვლავი, ამბერ ლაურა ჰერდი, 1986 წელს ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში დაიბადა წარმატებული კომერციული კონტრაქტორის, დევიდ ჰერდისა და პეიჯ ჰერდის ოჯახში. სხვათა შორის, ამბერის დედა ინტერნეტის განვითარების სპეციალისტია და ამბერის გარდა, კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს. 173 სანტიმეტრი სიმაღლის ამბერი წმინდა მიხეილის კათოლიკურ აკადემიაში სწავლობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი საუკეთესო დაქალი 16 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ამბერმა უარი თქვა კათოლიციზმზე და საკუთარი თავი ათეისტად გამოაცხადა. იმ პერიოდში ამბერი გატაცებული იყო სანკტ-პეტერბურგში დაბადებული ამერიკელი მწერლისა და ფილოსოფოსის, ანტიუტოპიის ჟანრის თვალსაჩინო წარმომადგენლის, აინ რენდის შემოქმედებით. ცნობისთვის, აინ რენდის შემოქმედების კიდევ ერთი ცნობილი თაყვანისმცემელი, ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი და საქართველოში აქტუალური ანდრეი ილარიონოვია.
აკადემიის მიტოვების შემდეგ ამბერი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც სამოდელო ბიზნესში მოსინჯა ძალები. ახალგაზრდა და სიმპათიური ათეისტი დიდ ქალაქში სასურველ ადამიანად იქცა და წარმატებულ ფოტომოდელად ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, კათოლიკური რელიგიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამო, ამბერს უთანხმოება მოუვიდა ოჯახის წევრებთან. „მე არ მჯერა ღმერთის არსებობის და არ მჭირდება რწმენა. როცა საჭიროა თვითონ გავარკვევ, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ჩემს ამ პოზიციას მშობლები ვერ იგებენ და, ალბათ, ვერც გამიგებენ”, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბერ ჰერდმა.
ნიუ-იორკში ფოტომოდელობით გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ, ამბერმა ძალების მოსინჯვა ეკრანზე სცადა და თავდაპირველად სერიალების ქასთინგებზე დაიწყო სიარული. ჯერ კიდევ ოსტინში ცხოვრების დროს, ამბერი ადგილობრივი სამსახიობო სკოლის კურსებზე დადიოდა და, ასე თუ ისე, მცირე გამოცდილება გააჩნდა ამ სფეროში. პირველი როლები ამბერმა „საპნის ოპერებში“ შეასრულა, რომელთაგან პოპულარობით „მარტოხელა გულები” და „ჯეკი და ბობი” გამოირჩეოდა. სხვათა შორის, გრეტა მეთიუზის როლისთვის „პალმ სპრინგსში” ამბერს წონაში 11 კილოგრამის დაკლება მოუწია. 2004 წელს ამბერის დებიუტი დიდ ეკრანზე შედგა ფილმში „წარმატების სხივი”, რასაც კიდევ არაერთი როლი მოჰყვა, როგორც დაბალბიუჯეტიან, ასევე მაღალბიუჯეტიან ფილემბში. მათ შორის აღსანიშნავია კომედია „ანანასის ექსპრესი”, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზომბილენდში” და დუეტი ნიკოლას ქეიჯთან მისტიკურ თრილერში „არანორმალური რბოლა”. საინტერესოა, რომ თავისი როლების უმეტესობით ამბერი მუდამ უკმაყოფილოა. იგი ზედმეტად კრიტიკულად უყურებს საკუთარ თავს და ფილმის პრემიერის დროს ერთი სული აქვს კინოთეატრიდან წამოვიდეს.
გადაღებებისგან თავისუფალ დროს ამბერი სამზარეულოში ტრიალებს და სხვადასხვა კერძის მომზადებით არის დაკავებული. მას განსაკუთრებით უყვარს სხვადასხვა სანელებლით, სუნელებით და ცხარე არომატიზატორებით კერძების მომზადება და, როდესაც გადაღებების დროს აზიაში ან აფრიკულ ქვეყნებში იმყოფება, ცდილობს, იქაური სანელებლების გაცნობას და სახლისთვის შეძენას. გარდა კულინარობისა, ამბერი ნამდვილი წიგნის ჭია და რელიგიაზე, ისტორიასა და სოციოლოგიაზე დაწერილი ლიტერატურის აქტიური მკითხველია. ასევე, ამბერს მამაკაცური გატაცებებიც აქვს: გულგრილი არ არის იარაღისა და ჩქაროსნული ავტომობილების მიმართ. სახლში „მაგნუმის” ტიპის რევოლვერს ინახავს და 1968 წლის „ფორდ მუსტანგს” დააქროლებს ლოს-ანჯელესის ქუჩებში. ამბერი პოპულარულ გადაცემა „ტოპ ჯეარშიც” კი მიიწვიეს, სადაც ავტომობილების შესახებ საუბრობდა და ამ სფეროში საკმაოდ დიდი ცოდნაც გამოავლინა.
ბოლო წლებია, ამბერ ჰერდი, რომლის მავნე ჩვევებია ტუჩის კვნეტა და თითზე თმის დახვევა, ჟურნალების „მაქსიმის” და FHM-ის ვერსიით, სტაბილურად ხვდება ყველაზე სექსუალური სელებრითების ასეულში. გარდა ამისა, იგი რამდენჯერმე მოხვდა „ვოგის” ობიექტივშიც, სადაც, ერთ-ერთ ფოტოსესიაში თავის იორკშირელი ტერიერის ჯიშის ძაღლთან, პისტოლთან ერთად პოზირებდა.
თავის სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად ამბერმა პირველად 2010 წლის დეკემბერში ისაუბრა, როდესაც „ცისფერებისა და ლესბოსელების” უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ საღამოზე თავისი ლესბოსელობა საჯარო გახადა. ცნობილია, რომ უკანასკნელი ოთხი წელია, ის ფოტოხელოვან ტასია ვან რისთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ძირითადად შავ-თეთრ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობს. სხვათა შორის, სულ რამდენიმე ხნის წინ, ამბერმა ტასიას მიერ მოწყობილ გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დროსაც მხოლოდ ქვედა საცვლებში პოზირებდა. „ჩემი პირადი ცხოვრება – ჩემი პირადი საქმეა და სულაც არ მაქვს სურვილი, საჯარო გავხადო ჩემი ინტიმური ცხოვრება”, – განუცხადა ამბერმა ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს, როდესაც მას ტასიასთან ცხოვრებაზე დაუსვეს კითხვა.
ახლო მომავალში ამბერს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ელოდება. სულ ახლახან მან მუშაობა დაასრულა ამერიკული საშინელებათა ჟანრის კინოს მეტრის, ჯონ კარპენტერის თრილერში „პალატა”, წინ კი ელოდება როლები რეჟისორ საიმონ უესტის „მექანიკისა” და „საჰაერო ციხის” ახალ ფილმებში, რომელიც 1985 წელს გადაღებული ფენტეზის ჟანრის ბლოკბასტერის, „წითური სონიას” რიმეიქი იქნება. ამბერი სილვესტერ სტალონეს ყოფილი მეუღლისა და არნოლდ შვარცენეგერის პარტნიორის, ბრიჯიტ ნილსონის შესრულებულ როლს მოირგებს.
„ძალიან რთულია ჰოლივუდში ცხოვრება. მუდმივი წნეხის ქვეშ ხარ. აქ დადგენილია ქალის სილამაზის სულელური სტანდარტი, რომლის თანახმად, თუ არ ხარ სექსუალური თოჯინა, ზედაც არ გიყურებენ. მე კი, უბრალოდ, მიყვარს კინო და ვაპირებ, ცხოვრების ბოლომდე ვიყო გადასაღებ მოედანზე დაკავებული. სულაც არ მაღელვებს პოპულარობა და მსგავსი სისულელეები. ჩემთვის მთავარია, დაკავებული ვიყო იმ საქმით, რომელიც მიყვარს და ახლო მომავალში ძალების მოსინჯვას პროდიუსერობაშიც ვცდი. კინოგადაღება ყველაზე დიდი კაიფია.”