თქვენი დასაყრდენი...
უფრო ხშირად ახლობლებისა და მეგობრების რჩევები აღიზიანებს ადამიანებს. შენიშვნები – მით უმეტეს. ეს ჩვენი ბუნებაა: როცა ვინმე (სულერთია, ვინ იქნება) არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, მოსაზრებებს, ვბრაზობთ და ვნერვიულობთ; გვიჩნდება აგრესია, იმის ნაცვლად, რომ, უბრალოდ, მოვისმინოთ და მერე დავიჯეროთ ან არ დავიჯეროთ. რჩევის მიცემა ხომ ყველას უყვარს და ზოგი თავს ვალდებულადაც მიიჩნევს, ჭკუა დაგარიგოს. თუ ადამიანი, რომელიც რჩევას გაძლევთ, ძვირფასი ან ახლობელია თქვენთვის, კი არ ეჩხუბოთ, აქციეთ ის თქვენს დასაყრდენად. ახლობლების სიყვარული დიდი სტიმულია და დიდი იმედიც. თქვენ შეგიძლიათ, საერთოდ არ გაითვალისწინოთ მისი რეკომენდაციები, მაგრამ ღიმილით მოუსმინოთ და ომი არ გამოუცხადოთ. ასეა თუ ისე, ის ხომ მაინც თქვენზე ზრუნავს, ამიტომ, აჩვენეთ, რომ აფასებთ ამას.
ნათქვამია, ყველაზე უხეირო ზავიც კი ჯობია წარმატებულ ომსო. თქვენ ეს დევიზი ურთიერთობაშიც უნდა გაითვალისწინოთ. სურვილი, შეინარჩუნო „კეთილი“ ურთიერთობები, თქვენს ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება. თქვენც მოიქეცით ასე და იზრუნეთ მასზე, ვინც ამას მუდმივად აკეთებს, ოღონდ, არა ჯიბრით ან გამაღიზიანებლად. იყავით ახლობლების მიმართ უფრო „რბილი“ და შემწყნარებელი. ისინი მაინც თქვენიანები არიან – არასოდეს დაგავიწყდეთ ეს.