თქვენი არჩევანი
ფსიქოლოგები გვირჩევენ, ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. მართალია, ზოგჯერ არ გვჯერა ამის და გვგონია, რომ წარმატება ადამიანებთან თავისით მიდის, მაგრამ, ჰკითხეთ წარმატებულ ადამიანებს, რის ფასად დაუჯდათ, მიეღწიათ იმ მდგომარეობამდე, რომლითაც თქვენ ახლა იხიბლებით. თანაც, ადამიანები ერთნაირები არ არიან, ყველას თავისი მიზანი და ამ მიზნამდე მიღწევის საკუთარი მეთოდი აქვს. ყველასთვის საერთო პრინციპი კი ერთია: მაქსიმალურად შეეცადო და გააკეთო ყველაფერი საკუთარი თავის რეაბილიტაციისთვის. ბედნიერება არ არის მარადიული, ის ყოველთვის ხანმოკლეა. მაგრამ, თქვენი არჩევანია, იღვაწებთ თუ არა მომავალი ბედნიერებისთვის. თუ შთაბეჭდილებები გიყვართ, ნუ დაელოდებით, სხვამ იზრუნოს ამაზე. საინტერესო ცხოვრება აქვს იმას, ვისაც უნდა, რომ საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს.
იცით, რომ ადამიანები შრომობენ და წვალობენ იმისთვის, რომ საკუთარ თავზე პოზიტიური აზრი შეუქმნან საზოგადოებას. ზოგჯერ ამისთვის საკუთარ პრინციპებზე უარის თქმაც კი უხდებათ. მათ არა აქვთ იმის ილუზია, რომ წარმატება, სიყვარული და აღიარება თავისით დაუკაკუნებთ კარზე. ისინი თავიდანვე აკეთებენ საკუთარ არჩევანს და ამ არჩევნის ერთგულები არიან – ქმნიან საკუთარ „მეს“ და მომავალს.
არასოდეს თქვათ, რომ ცხოვრებამ გვერდი აგიარათ. რატომ? მოახერხეთ და გზა გადაუღობეთ. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. არჩევანი თქვენს ხელშია.