რატომ გადაადგილდება და ხმაურობს ირაკლი ჩარკვიანის ოჯახში საგნები
„... გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ, დაე, სხვა გემები მორეკოს წყალმა, გემუდარებით, იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ!“... ირაკლი ჩარკვიანმა ერთ დღეს დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ბედის ირონიაა, არა? თბილისს იმხანად ყველაზე ნაღდი თბილისელი ბიჭები გამოაკლდა. ირაკლის მეგობრების ბედიც ხომ ტრაგიკული აღმოჩნდა. ლევან კერესელიძე, ლევან აბაშიძე, აფხაზეთის ომს შეეწირნენ. გეგა კობახიძე დახვრიტეს, ირაკლი კოსტავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათ იცოდნენ ადამიანური ურთიერთობების ფასი და სწამდათ ის ღირებულებები, რაც კარგა ხანია, წაიშალა. გავა ათეული წლები და ირაკლი ჩარკვიანს ისევ გაიხსენებენ, ისევ მოუსმენენ მის საოცარ სიმღერებს, წაიკითხავენ ლექსებს, მოთხრობებს. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა 70-იან წლებში დაიწყო. პირველი ჯგუფი „არიში“ იყო, თუმცა, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. მუსიკალურ კარიერასთან ერთად, მისი მწერლობაც დაიწყო. 1989 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული „ძველი სათამაშოები“ და ლექსების კრებული „რეაქტიული კლუბი“. 90-იანი წლებიდან იწყება ირაკლის სოლო კარიერა – სიგნლი სახელად „War is over“. ამას მოჰყვა პირველი ალბომი „Svan songs“, „შენ აფრენ“, „ამაო“ და „ძირს მეფე“. რა უცნაურობებით გამოირჩეოდა ირაკლი ბავშვობიდან, რატომ არის გაჯერებული არაამქვეყნიური გრძნობით მისი ლექსები, მოთხრობები, სიმღერები, როგორ გრძნობდა მოახლოებულ საფრთხეს და რა დაუბარა მან ოჯახს, ამის შესახებ მისი და, თეონა ჩარკვიანი გიამბობთ.
– თეონა, მოდი, ირაკლის გახსენება იმ პერიოდიდან დავიწყოთ, საიდანაც ზოგადად იწყება ყველაფერი – ბავშვობიდან.
– მახსოვს, ხშირად დავყვებოდით მამას მანქანით. დაახლოებით ორმოცი წუთი გვიწევდა ბენზინის რიგში დგომა. ამ დროს ყველაფერზე ვსაუბრობდით. მამა გვიყვებოდა – სად, როდის, რა მოხდა. ყველაფერს გვასწავლიდა. რაც განათლება მაქვს და ჰქონდა ირაკლის, მამასგან ვისწავლეთ. უნდოდა, აბსოლუტურად ყველაფერი გვცოდნოდა. ხშირად დავდიოდით რუსთაველის თეატრში, მშობლებს დავყავდით სტუმრად და მახსოვს, ყველგან მეძინებოდა.
– თავიდანვე ამჩნევდით, რომ ირაკლი არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი, როგორც ყველა – რომ ძალიან სერიოზული, ჭკვიანი ადამიანის გამოხედვა, განსხვავებული აზრები, მიდრეკილებები, იდეები და ყველაფრისადმი თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა, რაც მის ირგვლივ არსებობდა?
– ირაკლის ბავშვობაში ერთი ასეთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, შეიძლება ითქვას, თამაში – უცბად წაიქცეოდა, ვითომ მოკვდაო. მივვარდებოდი, შევანჯღრევდი, რას არ ვუკეთებდი, მაგრამ არ დგებოდა. კარგა ხანს ისე იყო. შიშისგან ლამის გული გამსკდომოდა, ისეთ დღეში ვიყავი. რაც შეეხება მის ნიჭს, რა თქმა უნდა, თავიდანვე შეიმჩნეოდა. საოცარ ლექსებს, მუსიკას წერდა. 14 წლის იყო, რომ ორკესტრ „არიშთან“ ერთად, გასტროლებზე წავიდა. მისი სიმღერა იმ პერიოდში ჰიტი გახდა. ჩვენს ოჯახში ყველა მღეროდა. მამა მუსიკას წერდა, დედაც მშვენივრად უკრავდა, მეც და ირაკლიც სამუსიკო ათწლედში ვსწავლობდით. მამას უცხოეთიდან უამრავი ახალი დისკი ჩამოჰქონდა, რასაც დიდი სიამოვნებით ვუსმენდით. მისგან ბევრ ახალ და საინტერესო რამეს ვიგებდით.
– ჩემთვის და ალბათ, ყველასთვის საინტერესოა თქვენი მშობლების შეუღლების ისტორია. თუ შეიძლება, გვიამბეთ.
– მამაჩემი დიდხანს ცხოვრობდა მოსკოვში. რომ ჩამოვიდა, ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, რუსთაველზე შეხვდა დედაჩემს და მის მეგობარ გოგონას, – ნანდას. ნანდა მამას კარგად იცნობდა, დედა – არა. სადღაც, კონცერტზე მიდიოდნენ და შეუთავაზებიათ, მათთან ერთად წასვლა. ეს იყო 1959 წელი. გელა ოცი წლის იყო. წავიდნენ. ამის შემდეგ ყოველდღე მიდიოდა ნანასთან ოჯახში სტუმრად. იჯდა და უსმენდა, დედა რომ უკრავდა (ბატონი გელა ჩარკვიანის მეუღლეს, ნანა თოიძეს მუსიკალური განათლება აქვს – ავტორი). მგონია, რომ როგორც მათ უყვართ ერთმანეთი, ასეთი სიყვარული იშვიათობაა.
– როგორი იყო ირაკლი ცხოვრებაში?
– ირაკლი ძალიან სათნო და კეთილი იყო, უყვარდა ადამიანები, ცხოველები. ცხოველების მიმართ ყოველთვის რაღაც სხვანაირი გრძნობა ჰქონდა. გარეთ გასვლა მაინცდამაინც არ იზიდავდა, სახლში ჯდომა და ფიქრი უყვარდა. ხატავდა ძალიან კარგად. როცა ადამიანი შემოქმედია, ის ყველაფერში დებს თავის შემოქმედებას. ბედნიერებაა, რომ ამდენი რამ დატოვა. სანამ გარდაიცვლებოდა, მითხრა: იმდენი მელოდია მაქვს თავში, რომ უკვე აღარ ვიცი, რა ვქნაო. სხვათა შორის, მისი გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტად აიტაცეს მისი სიმღერები და ლექსები. მეც, რომელმაც მისი სიმღერები და ლექსები ზეპირად ვიცი, ახლა ვპოულობ მის ნაწერებში ისეთ რაღაცეებს, რაც აქამდე არ ვიცოდი. ახლა ვიგებ იმას, რასაც მაშინ ყურადღება არ მივაქციე. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. პირველი შვილი, მაქსიმე რომ გაუჩნდა, საშინლად განიცდიდა. არ იცოდა, რა და როგორ გაეკეთებინა. მეორე ბავშვზე – ნანაზე გადაყოლილი იყო. თვითონ უვლიდა, დილით დგებოდა, ფაფას უკეთებდა, ასეირნებდა. სანამ გაჩნდებოდა, სულ მასზე ლაპარაკობდა, მოუთმენლად ელოდა.
– ირაკლის ცხოვრებაში მნივშნელოვანი ადგილი, სამ ქალს ეკავა – ქეთი, ლენა, ქეთათო... გვიამბეთ მათზეც.
– ცოლი რომ მოიყვანა, 18 წლის იყო. ეს იყო ქეთი ქობულია, ულამაზესი გოგო. ვინც მას უყვარდა, ჩვენც, ოჯახსაც გვიყვარდა. შემდეგ იყო ლენა, მაქსიმეს დედა. ლენა ბალერინაა. ჩემი მეგობარი იყო (თეონა ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობია – ავტორი). გაგრაში ვიყავით დასასვენებლად და ისიც იქ ჩამოვიდა სამი დღით გადაღებებზე. მოეწონათ ერთმანეთი. ლენა ცოტა ხნით დარჩა საქართველოში. მერე ირაკლი წავიდა რუსეთში და დაქორწინდნენ. დაიბადა მაქსიმე, რომელიც ულამაზესი და უნიჭიერესი ბიჭია. ბოლოს ქეთათო გახდა მისი ცხოვრების თანამგზავრი და შეეძინათ ნანა.
– თქვენ საქართველოში საკმაოდ ცნობილი კაცის, სტალინურ პერიოდში ცეკას პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის შვილიშვილი ხართ. რას გაიხსენებდით ბაბუასთან დაკავშირებით?
– ბაბუა კარგად მახსოვს, იმდენად, რამდენადაც დიდხანს ვიყავით ერთად. ახლაც თვალწინ მიდგას მისი ულამაზესი თითები, თვალები. თავზე ყოველთვის შლაპა ეხურა, ძალიან სოლიდურად და მოხდენილად იცვამდა. ირაკლი მისი პირველი შვილიშვილი იყო. ამიტომ, ყველაზე მეტად უყვარდა. ბაბუამ მასწავლა ველოსიპედის ტარება. ერთხელ, ირაკლის უყიდა ველოსიპედი და ერთად წავიდნენ პარკში. ვიღაც ბიჭი მივიდა – ერთი წუთით მათხოვე წრეს დავარტყამო და საერთოდ გაქრა. ბაბუას ირაკლის ლექსები მოსწონდა, მერე მიდიოდა ამ ლექსების გარჩევა. სხვათა შორის, ბაბუაც წერდა ლექსებს და გამოცემული აქვს კრებული, თარგმნიდა ჰაინეს.
– ბოლოს როდის ნახეთ ირაკლი და როგორ გახსენდებათ ის დღე?
– მე, ჩემი ქმარ-შვილით და ირაკლი, თავისი ცოლ-შვილით ყოველ შაბათ-კვირას ჩვენს მშობლებთან ვიკრიბებოდით სახლში. ბოლო შაბათს სწორედ მათთან შევხვდით. მკითხა, – თეო, როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რა არისო. სიყვარული-მეთქი. აუ, ჯიგარი ხარო. ხშირად ვსაუბრობდით გარდაცვალებაზე. ირაკლის შთაგონების წყაროც ხომ ეს იყო მის ნაწერებში. აი, რომ წავალთ, მერე სად და როგორ ვიქნებითო. ერთ-ერთი საუბრის დროს ირაკლიმ ასეთი რამ თქვა: მე რომ წავალ, ჩემს არსებობას იმქვეყნად აუცილებლად იგრძნობთ, ჭიქას გადმოვაგდებო. მართლაც გადმოვარდა მაგიდიდან ჭიქა მისი წიგნის პრეზენტაციაზე. სახლში თავისით ჩაირთო მაგნიტოფონი, შემდეგ გამოირთო, შუქმა ციმციმი დაიწყო სწორედ იმ მაგიდასთან, სადაც ჩვენ ვისხედით ხოლმე მშობლებთან სახლში. ცხადია, როცა ადამიანი აღარ არის, მაშინ აქცევ ყურადღებას ასეთ რაღაცეებს.