მშიერ კუჭზე ვარჯიში ცხიმს არ წვავს
სირბილს გამაჯანსაღებელი ეფექტი მაშინ აქვს, თუ ადამიანი კვირაში ოთხჯერ, ნახევარი საათის განმავლობაში მაინც დარბის. მათ კი ვინც ფიზიკურად მოუმზადებელია, ორი თვე მაინც დასჭირდება შედეგის მისაღწევად. დაიწყეთ სირბილი კვირაში ორჯერ, ოცი წუთის განმავლობაში; დამატებით, კვირაში ორჯერ კი – ისეირნეთ.
სირბილი ბუნებრივი მოძრაობაა. ასე რომ, ყური უგდეთ საკუთარ სხეულს. ნუ შეუშინდებით მუხლის მაღლა აწევას და ტერფის წინ გაშლას. შეცდომად ითვლება სირბილის დროს ცხვირით სუნთქვა. შეუძლებელია, ამ ხერხით ჟანგბადის იმ რაოდენობის შესუნთქვა, რომელიც კუნთებს სირბილის დროს ესაჭიროება. ისუნთქეთ პირით და ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ხანმოკლე არ იყოს.
სირბილი საჭიროა იმ ტემპში, როგორსაც შეძლებთ. ამ დროს საუბარიც უნდა შეგეძლოთ. თუ ჰაერი არ გყოფნით და ბეჭებში ჩხვლეტას იგრძნობთ, ტემპი შეამცირეთ ან სწრაფ სიარულზე გადადით.
ზოგი ამტკიცებს, რომ დილით ვარჯიში მავნებელია, რადგან ორგანიზმს ისევ სძინავს; ზოგი კი ამბობს, დილით სირბილი მთელი დღის ტონუსს გვაძლევსო. ირბინეთ მაშინ, როცა ეს თქვენთვის ხელსაყრელია. თუ ადრე ადგომა გიჭირთ, საღამოობით ირბინეთ. ვარჯიშისთვის შეგიძლიათ, დასვენების დღეები გამოიყენოთ. თავდაპირველად, სწორი გზა შეარჩიეთ. აღმართი და დაღმართი კარგია, მაგრამ მათთან გასამკლავებლად ჯერ სწორად სირბილის ტექნიკა უნდა აითვისოთ და ორგანიზმის ამტანობა გაზარდოთ. სირბილის დროს, რაც უფრო ფართოა ტანსაცმელი, მით მეტია ჰაერის წინააღმდეგობა. შეარჩიეთ რაიმე მსუბუქი, ოფლგამტარი მაისური, ქარისგან დამცავი მოსაცმელი და პრაქტიკული სპორტული ფეხსაცმელი. დამწყებ მორბენლებში ტრავმების უმეტესობა ცუდი ფეხსაცმლის ბრალია. უხარისხო ფეხსაცმელი მძიმეა და ამიტომ მეტისმეტად იტვირთვება წვივები და ბარძაყები. ასევე, ისინი მიწასთან შეხებისას არ ამორტიზირდება, რის გამოც ზიანდება მუხლები და ხერხემალი. კარგი სპორტული ფეხსაცმელი ხელს უწყობს ტერფის მდებარეობის სტაბილიზაციას, იცავს წვივ-ტერფის სახსარს, აუმჯობესებს მიწიდან ტერფის აცილების ეფექტს.
მშიერ კუჭზე ვარჯიში ცხიმს არ წვავს. თან, შეიძლება, შიმშილის გამო გულიც კი გაგიხდეთ ცუდად. ნახშირწყლების საკმაო რაოდენობის გარეშე ცხიმის წვა არ ხდება. ასე რომ, გირჩევთ, სირბილის დაწყებამდე ისაუზმოთ. კარგია ამ დროს შვრიის ფაფა, ხილი და ბანანი. ასევე, ხილის ან ბოსტნეულის წვენი. მინერალური წყალი მიიღეთ შეუზღუდავი რაოდენობით. სირბილის შემდეგ ჭამა კი თქვენს მიზანზეა დამოკიდებული: თუ გახდომა გსურთ, დასაშვებია მხოლოდ ადვილად ასათვისებელი მცირე ულუფა, მაგალითად, ხაჭო, მაწონი, ბოსტნეულის სალათა. ვისაც ჭარბი წონა არ აწუხებს, შეუძლია საკვების ჩვეულებრივი ულუფის მიღება.
თუ კუნთოვანი მასის გაზრდა გსურთ, სირბილის შემდგომ აუცილებლად მიიღეთ ნახშირწყლებით და ცილებით მდიდარი საკვები.