„სიკვდილი“ – სიტყვისა და ცნების წარმოშობა
სიტყვა და ცნება – „სიკვდილი“ – პირველად სამოთხეში თავად ღმერთის ბაგეთაგან გაისმა, რომელმაც ჩვენს წინაპრებს უთხრა, როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო (დაბ. 2.17).
ჩვენთვის უცნობია, რამდენ ხანს ცხოვრობდნენ ადამი და ევა სამოთხეში. მტრის ბოროტებამ არ დააყოვნა. ყველა ღვთის მეტყველი თანახმაა, რომ პირველი ადამიანი, უმაღლესი ანგელოზებისა და თავად უფლის მსგავსი, ღვთიური ზეშთაგონებისა და ცოდნისთვის ყველა სფეროში კურთხეული, უცოდველი და უმაღლესი ზნეობის არსებაა. დღევანდელი ზნეობრივი დაცემა, ზნეობრივი პესიმისტური პროგრესი ან რეგრესი წინაპართა ცოდვის შედეგია.
ჩვენი წინაპრების უდიდესი სრულყოფილების მაჩვენებელია უკვე ის, რომ, ჩვენგან განსხვავებით, მათ არ ჰქონიათ არანაირი მცნებები, არანაირი ზნეობრივი კანონები, არამედ – მხოლოდ უიოლესი მცნება. ალბათ, ადამიანის სულში უკვე იყო სულის ყველა მთავარი კანონი – სხვაგვარად შეუძლებელია; თუ ადამიანი დასმულია ყოველივე ხილულის მეფედ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენდა ღვთიური ქმნილების გვირგვინს.
სულს არ უმძიმდა სხეული და სულიწმიდის რჩეული ჭურჭლის – პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენი წინაპარი არ ევედრებოდა ღმერთს: „ვინ დამიხსნის სიკვდილის სხეულისაგან?“ მაგრამ, ეს ზნეობრივი დაცემა, რომელზეც პავლე მოციქული წუხს, ადამის დაცემისგან განვითარდა. ადამიანის დაცემასთან ერთად მოვიდა მიწაზე სიკვდილი, როგორც სულის, ისე – სხეულის. „ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი შემოვიდა სოფლად და ცოდვისა ძალით – „სიკუდილი“ (რომ. 5,12), – ადასტურებს იგივე პავლე მოციქული. ასე გახდა სიკვდილი ჩვენი წინაპრებისა და, მაშასადამე, მთელი კაცობრიობის მონაპოვარი. „სიკვდილი“ – ვინ არ იცის ეს სიტყვა და ცნება. ის ცნობილია ველურისთვისაც და განათლებულისთვისაც. კაცობრიობამ ორი ჭეშმარიტება იცის: პირველი – რომ მოკვდება და, მეორე – არ იცის, როდის.
დიდება შენ, ღმერთო, რომელიც ყველაფერს ჩვენს სასარგებლოდ აკეთებ!
სიკვდილის კანონი საერთოა მთელი კაცობრიობისთვის. გარდაცვალება გარდაუვალია თითოეულისა და ყველასთვის.
სიკვდილი მაშინ მოდის ადამიანთან, როდესაც იგი სიცოცხლის იმ ზღვარს მიაღწევს, რომელიც სამართლიანი ღვთიური სასამართლოს მიერ მისთვის განკუთვნილი საქმის აღსასრულებლად წინასწარ აქვს განსაზღვრული – ზღვარს, რომელშიც გათვალისწინებულია ყოველივე, რაც სასარგებლოა ადამიანისთვის; მაშასადამე, სიკვდილი სასარგებლოა მისთვის და ჩვენ მცნებად გვაქვს დადებული, ყველაფრისთვის მადლობა შევსწიროთ ღმერთს; მაშასადამე, დიდება შენ, ღმერთო, რომელიც ყველაფერს ჩვენს სასარგებლოდ აკეთებ. კურთხეულ იყოს შენი სახელი უკუნითი უკუნისამდე! წმიდა ანტონი დიდმა, რომელსაც ხელეწიფებოდა ღვთიური ბედისწერის სიღრმეების წვდომა, ერთხელ ღმერთს ასეთი ლოცვით მიმართა: „ღმერთო! რატომ კვდებიან ერთნი ახალგაზრდობაში, სხვები კი ღრმა მოხუცებულობამდე ცხოვრობენ?“ და უპასუხა მას უფალმა: „ანტონ, შენ შენს თვს ჩასწვდი, თორემ სამსჯავრო ღვთისაა და არ გარგებს მისი გამოცდა“ („უტყუარი გადმოცემები წმიდა მამათა შესახებ“).