მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ხელმეორედ უნდა მოინათლოს თუ არა ადამიანი, როდესაც იეღოველთა სექტიდან ისევ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას უბრუნდება?
პასუხი: ნათლობის საიდუმლო მხოლოდ ერთხელ აღსრულდება და მისი განმეორება კონკრეტული ადამიანისთვის არ შეიძლება. ასეთ დროს, როდესაც ადამიანი სექტის წეს-ჩვეულებებში იღებს მონაწილეობას, მას ედება საეკლესიო სასჯელი – ეპიტიმია. საერთოდ კი, ასეთი საკითხების გადასაჭრელად მიმართეთ პირადად მოძღვარს.
კითხვა: ჩემი შვილები დაქორწინებულები არ არიან, ამას განვიცდი და, მინდა, საგანგებოდ ვილოცო ამისთვის. თუ არსებობს სპეციალურად ამ მიზნით დაწერილი საეკლესიო ლოცვები?
პასუხი: საეკლესიო კანონიკაში ასეთი სპეციფიკური ლოცვები არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ამ თხოვნით მიმართოთ უფალს. საერთოდ კი, გირჩევთ, ღვთისთვის რაიმე სათხოვარს ნუ დააკონკრეტებთ, რადგან უფალმა თვითონ უკეთ იცის, რა სჭირდება კონკრეტულ ადამიანს. მთავარია, მას მივენდოთ.
კითხვა: მოგმართავთ ხანში შესული, ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი. გვაქვს კარგი ოჯახი, მაგრამ, როგორც გავიგეთ, რადგან ჯვარი არ დაგვიწერია, ჩვენი ცოლქმრობა ღვთისგან არ არის ნაკურთხი. აუცილებელია თუ არა ჯვრისწერა ეკლესიაში შესრულდეს?
პასუხი: ჯვარდაუწერელი ცოლქმრობა მართლაც არ არის უფლისგან ნაკურთხი. აუცილებლად დაიწერეთ ჯვარი ეკლესიაში, რადგან ეს საიდუმლო მხოლოდ ეკლესიაში აღესრულება. რჯულის კანონში მითითებულია, რომ ჯვრისწერა უნდა აღსრულდეს იქ, სადაც არის ტრაპეზი, ანუ სადაც უფლისთვის წირვა-ლოცვა შეიწირება.
კითხვა: ჩვენში დამკვიდრებული წესის მიხედვით, ქალმა ქორწინებამდე უნდა დაიცვას ქალწულობა. მოეთხოვება თუ არა იგივე სასიძოს?
პასუხი: წინათ, სიძვის გამო, წლების განმავლობაში უზიარებლობით სჯიდნენ ქალსაც და ვაჟსაც (სიძვა დაუქორწინებელთა ინტიმურ კავშირს ეწოდება). ქორწინებამდე ინტიმური ურთიერთობა ქრისტიანისთვის ცოდვაა. ჯვრისწერის დროს ნეფეცა და დედოფალიც უმწიკვლონი უნდა იყვნენ. გვირგვინი არის თავშეკავებისთვის მისაგებელი ჯილდოს სიმბოლო.