კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოწამლა „რეგიონის” სოლისტი ლაშა ნოზაძე და რის გამო არ აქვს მას სათანადო მუსიკალური განათლება

ჯგუფი „რეგიონი” 3 წლის წინ დაარსდა და სიმღერებმა, რომლებსაც „რეგიონელები” მღერიან მაშინვე მიიპყრო მსმენელის ყურადღება. თავიდან ჯგუფი 9 მუსიკოსისგან შედგებოდა. დღეს კი მათი რიცხვი თერთმეტამდე გაიზარდა და გაჩერებას არც ამჟამად აპირებენ. ჩვენი რესპონდენტი, „რეგიონის” სოლისტი, ლაშა ნოზაძეა, რომელიც პროფესიით კინორეჟისორია, თუმცა თეატრის სიყვარულით ის პირველივე კურსზე მოიწამლა. დღეს ის რუსთავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. რაც შეეხება „რეგიონს,” ის პირველი ოფიციალური ალბომის გამოსაშვებად ემზადება. თუმცა, ჯგუფის წევრებმა გულშემატკივარს აქამდეც შესთავაზა არაერთი სიმღერა და უსასყიდლოდ მიუძღვნა მას ინტერნეტის საშუალებით. როგორც ბოლო დროს ხშირად ამბობენ, ჯგუფი „რეგიონი” „არტ გენის” მორიგი აღმოჩენა გახდა.

 

– საკმაოდ პოპულარული ჯგუფი ხართ, ეს ალბათ, იმის გამოც, რომ ისეთ სიმღერებს სთავაზობთ მსმენელს, ნებისმიერ დროს სიამოვნებით რომ მოუსმენ.

– რეგი ყველასია. ადამიანი თუ გაბოროტებული და ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული არ არის, რეგი ყველას მოსწონს. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი იქნება ის, მოხუცი თუ საშუალო ასაკის ადამიანი.

– ვინ გიწერთ სიმღერებს?

– არავინ. ვიტყვი, რომ, მე არ მაქვს შესაბამისი მუსიკალური განათლება, მხოლოდ 4 კლასი მაქვს გავლილი. ჩემ დროს „ტეხავდა“ მუსიკაზე სიარული, აუცილებლად ფეხბურთზე უნდა გევლო. ჯგუფში სამს – ლევან რუსიას, სოსო კაპანაძესა და გემულარს, ჯაზ-ბანდას ვეძახი. ისინი განათლებით მუსიკის მანიაკები და გიჟები არიან. მათთან საკმარისია, ნაღიღინები მელოდია მივიტანო და მუსიკას მაშინვე აკეთებენ. 

– ჯგუფის დანარჩენი წევრები რა პროფესიის არიან?

– ჩემთან ერთად ვინც მღერის – გიგა კინოლოგია. ზოოვეტი აქვს დამთავრებული, ყოფილი ფეხბურთელი და ბილიარდის მაგარი მოთამაშეა. მყავს დრამერი, რომელსაც 7 შვილი ჰყავს ერთ ცოლთან. პროფესიით ტექნიკოსია, თუმცა ცოცხალი მუსიკის პიონერია, ადრე როკ-ჯგუფებში უკრავდა. ბანკირებიც გვყავს, მოსამართლეც. როგორც პატარა ქალაქს შეეფერება, ზუსტად ისე ვართ. მანჩესტერის პრინციპია – რუსთავი პატარა ქალაქია.

– საკმაოდ ორიგინალური ვერსია გაქვთ ჩაწერილი, ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერისა „რაჭული,” ანუ როგორც მას ეძახიან – „ტაში, ბიჭო, გიორგუნა.” 

– ფოლკლორთან ეს სიმღერა პირველი მცდელობა არ არის, გურული რეგიც გვაქვს. ჩვენი და ნიაზის ერთობლივი სიმღერა, უკვე ვაჟას რეგია – ჩარგლური. შეიძლება, საქართველოში რეგის ბობ მარლიმდეც მღეროდნენ. რეგი ხომ სახალხო მუსიკას ნიშნავს. ეს ტრადიცია კი მას შემდეგ მოგვსდევს, რაც ქართველმა კაცმა მიწა მოხნა. თუ უხარია, ქართველი ადამიანი ყოველთვის ღიღინებს. ამიტომ, რეგის სამშობლო მე მაინც საქართველო მგონია.

– როგორც აღინიშნა ჯგუფი „რეგიონი” „არტ გენის” მორიგი აღმოჩენა გახდა.

– „არტ გენზე” ადრეც გავდიოდით, მხოლოდ უფრო მოკრძალებული ფორმით. მანამდე კლუბ „33ა-ში” დაიკრა პირველი კონცერტი. 

– „რეგიონის” გარდა, სხვა საქმითაც ხარ დაკავებული. რუსთავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხარ. რა პროფესიის  ხარ?

– პროფესიით რეჟისორი ვარ, დავამთავრე კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, თუმცა პირველ კურსზევე მოვიწამლე თეატრით. ეს მაშინ მოხდა, როცა რობერტ სტურუას „ჰამლეტი” ვნახე. თავის ქება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, კარგი სტუდენტი ვიყავი... მოკლედ, კარგი ბავშვი ვიყავი. თეატრს ისე ვუყურებდი, როგორც დაბერებულ ხელოვნებას, რომელიც კინომდე ვერასდროს მოვიდოდა. მაგრამ, აზრი „ჰამლეტის” შემდეგ შემეცვალა. მერე რუსთაველის სარდაფში დავდგი სპექტაკლი. გამიმართლა და ჩემი სპექტაკლი ერთი წელი ანშლაგით მიდიოდა. ღმერთი იმ საჩუქრებს გზავნის ჩემ ირგვლივ, რაც ყველაზე მეტად მინდა. დაემთხვა, რომ იმ პერიოდში ბატონ რობერტს სამაგისტრო ჯგუფი აჰყავდა. მეც მოვხვდი იქ. მერე პრეტენზიებიც გამიჩნდა და მოგეხსენებათ, სწავლა გვიანი არასდროს არის. ახლახან რუსთავის თეატრშიც დამნიშნეს სამხატვრო ხელმძღვანელად, სადაც ცოტა მდორე სიტუაცია დამხვდა. ვიღაც მოდიოდა იმისთვის, რომ ფული გაეკეთებინა და წაეღო. რეალურად, ამ თეატრის ინტერესი რომ გქონდეს, რუსთაველი უნდა იყო, სხვა არავინ იზრუნებს მასზე. თეატრი აშკარად საჭიროებდა სისხლის გამოცვლას. რუსთაველებს თეატრი არ უყვართო, რომ ამბობენ, ეს ტყუილია. რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები რუსათაველი მაყურებლით ივსებოდა. ამ ეტაპზე მთავრობაც მაგრად გვიდგას გვერდით და ერთად ვაშენებთ თეატრს. 

– კიდევ რა საჩუქარი გამოგიგზავნა ღმერთმა?

– პირველად რომ მოვუსმინე ნიაზ დიასამიძის „33ა-ს” რეგის, იმ დროს ჩვენ უკვე გვქონდა ჩაწერილი „თავისუფლება,” სხვა მცდელობებიც იყო. მისი მოსმენის შემდეგ – თურმე ქართულად იმღერება რეგი, რა მაგარია-მეთქი, ვიფიქრე. დრომ ისე მოიტანა, რომ დღეს მე და ნიაზი ახლო მეგობრები ვართ, ძალიან მიყვარს. ვისაც ვეტრფოდი, მისი შემოქმედების გამო, დღეს მეგობრები ვართ და ერთად ვმღერით. უფრო თამამად ვსწავლობ მისგან და მეც ვავსებ მას ჩემი სიკეთეებით. ვისი დადგმული სპექტაკლის გამოც შემიყვარდა თეატრი, ღმერთმა ის კაცი მასწავლებლად გამომიგზავნა. მერე იყო და საერთოდ ტუზი დამეცა. ამერიკაში აღმოვჩნდი 40-დღიან ტრენინგებზე.

– მეუღლე მსახიობი გყავს?

– არა, თარჯიმან-რეფერენტია. მე-8 კლასიდან გვიყვარს ერთმანეთი. მაშინ სულ არ მაინტერესებდა რა პროფესიის იქნებოდა. 19 წლის რომ ვიყავი, უკვე გოგონა შეგვეძინა, რომელიც დღეს 9 წლისაა. ახლა მეორე ბავშვს ველოდებით. მივხვდით, რომ უკვე ამის დრო იყო, მარტო მუსიკა ვეღარ მიშველის.

– ანუ, რომ ამბობენ, პატარა ასაკში შექმნილი ოჯახები არ ამართლებსო, თქვენს შემთხვევაში, პირიქით მოხდა.

– ეს აბსურდია, ამ აზრს არანაირად არ ვეთანხმები, პირიქით, ძალიან მაგრად ამართლებს. 

– ოჯახში თუ მღერის შენს გარდა ვინმე?

– ნინიკო, ჩემი შვილი. ოჯახის წევრებიდან არც თეატრთან ჰქონია ვინმეს შეხება და არც სიმღერასთან. პირველი ნოზაძე ვარ ამ ამბავში, რაც კიდევ უფრო დიდი სტიმული ყოფილა. ვისაც ოჯახში იგივე პროფესიის ადამიანი ჰყავს, ხშირ შემთხვევაში, მისი ჩრდილიდან ვერ გამოდის. მარტო რომ ხარ, მაგარია.

– ნოზაძეების გვარი საკმაოდ ხშირად ისმის. მაგალითად, სპორტში – რამაზ ნოზაძე, შოუ-ბიზნესში – „პიკასო,” იგივე ირაკლი ნოზაძე, შენ და ასე შემდეგ. ნათესაური კავშირი გაქვთ?

– მხოლოდ გვარი გვაქვს საერთო. საკმაოდ გავრცელებული გვარია. ერთხელ ვეხუმრე ადამიანს, რომელსაც შეიძლება, ეწყინა და თქვენი საშუალებით ბოდიშს მოვუხდი. დამირეკა და მითხრა, ნოზაძეების გვარის შეკრებააო. სად, სტადიონზე-მეთქი? იმხელა გვარია, სხვა ვერაფერი წარმოვიდგინე. ეს ვუთხარი და ყურმილი დამიკიდა.

– მსმენელი, რომელიც შენს სიმღერებს ხშირად უსმენს, ცოტა რამ იცის თავად შემსრულებელზე. როგორია ლაშა ნოზაძე, რას ამბობენ?

– ზოგი ამბობს, ლაშა ნოზაძეს აკლიაო, ზოგს ვერ წარმოუდგენია, თეატრი და მუსიკა ერთად როგორ უნდა ვაკეთო. კუსტურიცა ჩემზე გაცილებით უფროსია, რომელსაც იმხელა ბენდი ჰყავს, „ემტივის” დასცინის უკვე. ჰო, ჩემზე ზოგი იმასაც ამბობს, ცივიაო. ამას ის ამბობს, ვინც თეატრში მნახულობს. კონცერტებზე თუ მხედავენ, ამბობენ, მაგრად თამაშობს, ბევრს იღიმისო. ჩემი აზრით, ლაშა ნოზაძე კარგი არტისტია, მხოლოდ არ იტყუება. მთავარი კი ეს არის. გრძნობებს არ მალავს, როგორ ხასიათზეც არის, ისე ცხოვრობს. სხვის ხარჯზე ბედნიერება არასდროს ამიწყვია. ურთიერთობებს სულ ვუფრთხილდები.

– რაზე არასდროს იტყვი უარს?

– სიცოცხლეზე არასდროს ვიტყვი უარს. სიცოცხლე იმდენად ტკბილია, ათჯერ ვიცხოვრებდი, ათივეჯერ ერთნაირად. რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, ღიმილიან ცხოვრებაზე არ ვიტყვი არასდროს უარს. მოღუშულ სახეებს ვერ ვიტან. ზაფხულის კაცი ვარ, სიცხე ჩემი ძმაა. გურიაში დავიბადე და გავიზარდე, რომელიც პატარა იამაიკაა (იცინის).

– როგორც ყველა გურულს, შენც კარგი იუმორის გრძნობა გაქვს.

– კი, ჩქარი – არიქა-არიქა ხასიათი მაქვს. სხვები თუ სპექტაკლს 3 თვე დგამენ, მე ორი კვირა მჭირდება, ჩქარა-ჩქარა ვაკეთებ. 

– ამბიცია რა დოზით არის შენში?

– უჰ, ბევრი. თუ მივხვდები, რომ რაღაც უნდა გამოვიდეს, მერე უკვე საკუთარ თავს ვთხოვ ბევრს. საკუთარ თავს უნდა გამოუტყდე და იმდენჯერ დაიჭერ, რომ იტყუები... აი, მანდ ვიკიდებ დეპრესიას. ამბიცია დეპრესიასთან პირდაპირ კავშირშია. ამბიცია მართლა მაქვს, რადგან ადრე ამ ასაკში არც ნიშნავდნენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. სხვა თეატრებში ახლაც ასე მიყურებენ, ჰგონიათ, რომ ცარიელი ამბიცია ვარ. ჩემს ქალაქში კი არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ყველაფერს ის ამტკიცებს, რასაც ხალხი იტყვის.

 

скачать dle 11.3