ვინ არის ადამიანი, რომელმაც დეა არაყიშვილს ყოველი დღე სიურპრიზად უქცია და რატომ არის მისთვის გათხოვების გადაწყვეტილების მიღება რთული
თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ხალისიანი და ენერგიული დეა არაყიშვილი „მის საქართველო“ გახდა. მისთვის ეს ერთი წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა როგორც კარიერის მხრივ, ასევე პირად ცხოვრებაში.,
დეა არაყიშვილი: ეს ერთი წელი ჩემთვის ძალიან კარგი იყო. უპირველეს ყოვლისა, გავიზარდე ფსიქოლოგიურად, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და უფრო თავდაჯერებული გავხდი. სტატუსი ძალიან ბევრ რამეში მეხმარება – საქმეში, უნივერსიტეტში, სახლში, გარეთ... მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე წარმატებული ნაბიჯი.
– ჰქონდა უარყოფითი მხარეც?
– „მის საქართველოს“ ცუდი არაფერი მოუტანია, პირიქით, ჩემი სტატუსი მაქსიმალურად გამოვიყენე და ძალიან ბევრი კარგი რამ მომიტანა. ცხოვრების სტილიც შემეცვალა: ადრე მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული, ახლა კი უკვე „მის საქართველო“ ვარ და დეა არაყიშვილმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ცხოვრების რიტმი ძალიან ამიჩქარდა: გადარბენები, საქმეები... თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება, თუმცა, მეგობრების ნახვას ყოველთვის ვახერხებ. მომწონს ასეთი ცხოვრების სტილი, რადგან არ მიყვარს, როდესაც ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და არ ვიცი, რა გავაკეთო; პირიქით, როცა ყველაფერი წუთებსა და წამებშია გაწერილი, ეს უფრო მომწონს.
– რა ხდება მაშინ, როდესაც ტელეფონის ერთი ზარი შენს დაწერილ გეგმებს თავდაყირა აყენებს?
– მემართება ეიფორია და ამ დროს ვიწყებ რეკვას: „იცით რა, დიდი ბოდიში, მაგრამ, ისეთი საქმე გამომიჩნდა, ვერ გადავდებ“... დიდი ამბებია საჭირო, რომ გეგმები შევცვალო. ვერ ვიტან სიტყვის გამტეხ ადამიანებს და არ მინდა, მეც ასეთი გამოვჩნდე ვინმეს თვალში. ვცდილობ, არც სხვა და არც საკუთარი თავი არ ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში. პასუხისმგებლობა იმდენად დიდი მაქვს, რომ ზოგჯერ ნერვებიც მეშლება. ამის გამო იმდენ რამეზე ვთქვი უარი, ბევრი კარგი შანსი გავუშვი ხელიდან – რა ვქნა, საკუთარ თავს ვერ გადავაბიჯე.
– ძალიან გიყვარს გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები? სულ რაღაცას იცვლი...
– რაც წლები მემატება, გემოვნებაც მეცვლება, საკუთარ თავს სხვანაირად ვუყურებ. ერთ ადგილზე გაჩერება არ მიყვარს, სულ უკეთესობისკენ ვისწრაფი. არ შემიძლია ერთ ადგილზე დგომა და ერთი რაღაცით დაკმაყოფილება – ვცდილობ, იქნებ ახალი უკეთესი გამოვიდეს. ამიტომ, ვიტარებ ექსპერიმენტებს, თუმცა ჯერ კატასტროფა არ ჩამიდენია, მიმართლებს და უკეთესობისკენ მივდივარ. რაც მთავარია, მეც მომწონს და გარშემო ხალხსაც. თან, საკუთარ გარეგნობაში სიახლეების შეტანა მაშინ მიყვარს, როდესაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, შეიძლება, სალონში წავიდე და თმა ყირაზე დავიყენო, რადიკალური ცვლილებები შევიტანო; ან, ძალიან კარგ ხასიათზე რომ ვარ, დავფრინავ, მიწას ფეხს არ ვადგამ და მაშინ საუკეთესო ვარცხნილობას ვიკეთებ.
– ხშირად დაფრინავ?
– ბოლო პერიოდში სულ დავფრინავ, თუმცა, მანამდე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცუდი ეტაპი იყო, რთული. მაგრამ, რამდენადაც ცუდი იყო, იმდენად დადებითით შეიცვალა. სულ მეუბნებოდნენ, – იცოდე, აღმართს ყოველთვის მოჰყვება დაღმართიო. ეს თითქოს არ მჯეროდა, ახლა კი მჯერა და ძალიან ბედნიერი ვარ.
– ალბათ, ეს ყველაფერი იმასთან არის დაკავშირებული, რომ შენს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხარ და არც შენ ხარ მის მიმართ გულგრილი.
– ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი სერიოზულად მიდის და ძალიან ბედნიერი ვარ. არც ადრე და არც ახლა არ მომწონდა არასერიოზული ურთიერთობები – არ მივცემ საკუთარ თავს ამის უფლებას. შესაბამისად, თუ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ესე იგი, ეს ძალიან სერიოზულია. არ ვიცი, რა იქნება ბოლოს, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ ამბავს ორივე სერიოზულად ვუყურებთ.
– ანუ, ეს ურთიერთობა, შეიძლება, ოჯახის შექმნით დასრულდეს?
– ალბათ. თუმცა, ჯერ არ ვჩქარობ, უპირველეს ყოვლისა, სტატუსის გამო. პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და, რომ მოვიხსნი, მერე უნდა დავფიქრდე რაღაცეებზე. ჩემთვის ძალიან რთულია გათხოვების გადაწვეტილების მიღება, ძალიან ბევრს ვფიქრობ. ეს ადამიანი ჩემთვის იდეალურია, მასში ვერანაირ ნაკლს ვერ ვპოულობ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრს ვფიქრობ, რადგან ყოველთვის რთულად ვიღებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. შეიძლება მარტივ რამეზე იმდენი ვიფიქრო, რომ მერე დამცინიან. შესაბამისად, ამ ნაბიჯზე კიდევ უფრო ბევრს ვფიქრობ. მაგრამ, ვცდილობ, არ შევიმჩნიო. კარგია, რომ თვითონ არ მაძლევს ბევრი ფიქრის საშუალებას – ისეთ რაღაცეებს აკეთებს, გასაქანს არ მაძლევს და მერე ბევრ რამეზე აღარ ვფიქრობ. ამან განაპირობა ის, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივედი. ეს ყველაფერი მსიამოვნებს – ჯობია, რომ არ მაძლევს ბევრი ფიქრის საშუალებას, მაგრამ, ხასიათი ხომ მაინც თავისას შვრება?!
– ვიცი, რომ არასდროს ყოფილხარ შეყვარებული. როგორ მოახერხა მან შენთვის თავის შეყვარება?
– თუ ადამიანთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, ვმეგობრობ და მერე ეს ურთიერთობა სიყვარულში იზრდება – ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია. ძალიან დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ეს სიჩქარე, ტემპის მომატება მეხმარება იმაში, რომ ბევრ რაღაცას მარტივად შევხედო, ბევრ რამეს ფერადად ვუყურებ. თან, ხასიათს მიწყობს, არანაირ პრობლემას არ მიქმნის, მავსებს, მიგებს. მის გვერდით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ გულგრილი არ ვიყო მის მიმართ. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ის ხასიათით ჩემი მეორე ნახევარია, ანუ ვიპოვე მეორე ნახევარი, რომელზეც ამბობენ, ალბათ, დედამიწის რომელიღაც წერტილში არისო. ძალიან ცოტა მეგობარი მყავს – სულ რამდენიმე ადამიანი, ვისაც, შემიძლია, ბოლომდე ვენდო. მას კი ისე კარგად ესმის თუნდაც ქალური საკითხები, შემიძლია, მოვუყვე, რჩევა ვკითხო და, ისეთ სწორ რჩევებს მაძლევს, მიკვირს, როგორ შეიძლება, მამაკაცმა ამდენი რამ იცოდეს. მამაკაცებს ხშირად არ ესმით ქალების, მას კი ეს შეუძლია. გარდა ამისა, ადვილად ცნობს და შიფრავს ადამიანებს. ბოლო დროს ჩემ გარშემო მყოფებს ერთად ვატარებთ რენტგენში და ეს ძალიან მომწონს. მაქსიმალურად ვენდობი, რადგან, თითქმის ყველა სიტუაციაში გაამართლა მისმა აზრმა, რჩევამ. ეს ძალიან დიდი სტიმულია. როდესაც ასეთი ადამიანი გიდგას გვერდით, ბევრი რამის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. ადრე თუ ყველაფერში თავს ვიჩაგრავდი, რამეს მარტო ვეჭიდებოდი, ახლა შემიძლია, მას მივენდო, ანუ საკუთარ თავს სისუსტის უფლება მივცე. მოკლედ, ძალიან ქალურად და კომფორტულად ვგრძნობ მის გვერდით თავს.
– როგორ იპოვე?
– თვითონ მიპოვა. შემთხვევით, მეგობრისგან გავიცანი და არც ერთს არ გვიფიქრია, ჩვენ შორის სერიოზული ურთიერთობა თუ გაჩნდებოდა.
– რატომ ფიქრობდი ასე?
– არ ვარ ისეთი, ვინც ვიღაცას ეძებს, პირიქით, ცხოვრების დინებას მივყვებოდი. ერთ დღესაც, მეგობართან ერთად კაფეში ვიყავი, მას მოაკითხა და ასე გავიცანი. შორიდან მიცნობდა როგორც „მის საქართველოს“ და მანამდე არ უფიქრია, რომ მაინცდამაინც ჩემთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა. უბრალოდ, კარგად რომ გამიცნო, ჩემი ხასიათი რომ გაიგო, მერე უფრო განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, მერე მოვიდა სერიოზული გრძნობა, გადაწყვეტილებები. არ არის ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც გარეგნობა ან სტატუსი იყოს გადამწყვეტი.
– ბევრ რამეს მიკეთებსო, რომ თქვი, რას გულისხმობდი?
– როცა ის ჩემ გვერდით არის, ჩემთვის ყოველი დღე სიურპრიზია. ძალიან ყურადღებიანი, თბილია, რამდენ სითბოსაც გავცემ, იმაზე მეტს უკან მიბრუნებს – არ ეშლება ასეთი რაღაცეები. ასეც რომ არ იყოს, იმდენად დადებითი პიროვნებაა, ძალიან ადვილად შეიძლებოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ ეს ყველაფერიც თავის როლს თამაშობს. სულ ცდილობს, მასიამოვნოს, ბედნიერი ღიმილი დაინახოს ჩემს სახეზე. ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, განწყობა, ხასიათი გამომისწოროს. საერთოდ, ფიცხი ხასიათი მაქვს, ადვილად ვბრაზდები, მაგრამ მას ერთი შეხედვით შეუძლია, დამამშვიდოს. მის გაღიმებულ სახეს რომ ვხედავ, ყველაფერი მავიწყდება. ისიც ჩემს ხასიათზეა აწყობილი: როცა კარგად ვარ, ისიც კარგად არის, როცა განვიცდი – ისიც განიცდის.
– გააცანი ოჯახის წევრებს?
– დიახ. 21 წლის ვარ და მშობლებისთვის ცოტა რთულია ამ ასაკში შვილის გათხოვება, მაგრამ, ძალიან მოეწონათ. ადვილად შევიდა მათთან კონტაქტში და მაქსიმალურად მეხმარებიან, რთული მომენტები გადავლახო. მიხარია, რომ ჩემებმა ასე კარგად მიიღეს და მეც ადვილად მივიღე მისი ახლობლები და მეგობრები.
– შეყვარებული ადამიანი მხოლოდ საყვარელ პიროვნებაზე ფიქრობს და ხშირად მეგობრები ავიწყდება.
– მე უფრო ვახერხებ ჩემი მეგობრების ნახვას, რადგან, როდესაც მასთან ერთად ვარ, ჩემი მეგობრებიც თან დამყავს. მისი მეგობრების მხრიდან უფრო არის ჩემ მიმართ პროტესტის გრძნობა, მერჩიან – ნუ დაგვიკარგე მეგობარიო, მათ უფრო დააკლდათ ყურადღება, თუმცა, ისინიც ხშირად არიან ჩვენთან ერთად.