ვისთან ერთად არის ნუკი კოშკელიშვილი ოცდაოთხი საათი და ვის არ უნგრევს ოჯახს ის
ბოლო დროს თითქმის არც ერთი ჟურნალი არ გამოსულა, ნუკი კოშკელიშვილის სახელი რომ არ გაჟღერებულიყო. წერენ იმაზე, რომ შეყვარებული ჰყავს, იმაზე, რომ გიორგი ქორქიას ოჯახი დაუნგრია, რომ მისი პროექტი – „ყოფილი ცოლების კლუბი” – იხურება. რა ხდება რეალურად ნუკის ცხოვრებაში, ამაზე თავად წამყვანს დავუკავშირდით, რომელმაც გულწრფელად ისაუბრა მის გარშემო აგორებულ ყველა ჭორზე.
ნუკი კოშკელიშვილი: საზაფხულოდ სეზონი დაიხურა, მაგრამ, საბოლოოდ იხურება თუ არა ჩვენი გადაცემა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ყოველთვის წინასწარ მაფრთხილებენ, თუ რაღაც ცვლილებები იგეგმება და, დარწმუნებული ვარ, გადაცემის დახურვას თუ გადაწყვეტენ, ამის შესახებაც მეტყვიან. ოქტომბრამდე ყველა პროექტი ისვენებს, სექტემბერში გადაწყდება, რა ბრუნდება და რა – არა. სეზონის ბოლომდე ყველა გადაცემა ჩაწერილია.
– ანუ ისვენებ?
– ჯერჯერობით ვერ ვისვენებ. დღეს უკვე მივდივარ ბათუმში, ფილმის გადაღებებზე. ფილმ-ზღაპარს იღებენ, რომელშიც წითელქუდას როლს ვასრულებ. წესით, ძალიან კარგი ფილმი უნდა იყოს: სხვადასხვა ზღაპარია ერთად შეკრული და, არა საბავშვო, არამედ, საოჯახო ფილმი იქნება. გადამღები ჯგუფი უკვე აჭარაშია, ჯერ იღებდნენ თბილისში, შემდეგ – შეკვეთილში, ახლა ჩემი გადაღების დრო დადგა.
– მგლების გეშინია?
– არა, არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთ როლს შევასრულებ. ბავშვობიდან, სანამ ფიქრს დავიწყებდი წამყვანობაზე, ვოცნებობდი, რომ მსახიობი ვყოფილიყავი. გავლილიც მაქვს გარკვეული კურსები, მიღებული მაქვს მიზერული გამოცდილება, მაგრამ, როდესაც არ გაქვს ოფიციალური დიპლომი და სრულყოფილი განათლება, არ უნდა გქონდეს იმაზე პრეტენზია, რომ ფილმში გადაგიღონ. „კლინიკის” შემდეგ რამდენიმე ფრაგმენტული როლი მქონდა. შეუძლებელია, ამას გამოცდილება დაარქვა და მიხარია, რომ ასეთ სერიოზულ ფილმში მიმიწვიეს. ჟანრიც აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. თუ საშუალება მომეცემა, აუცილებლად გავაგრძელებ სამსახიობო საქმიანობას და, ვეცდები, რაც შეიძლება გავიღრმავო ცოდნა.
– დასვენებას არ აპირებ?
– გადაღებების მერე აუცილებლად დავისვენებ. ხომ იცი, საქართველოს როგორი პატრიოტი ვარ და, ალბათ, ისევ ჩვენს ქვეყანაში დავისვენებ – ზღვაზე ან მთაში.
– ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ გახმაურდა შენი შეყვარებულის ვინაობა, ერთად ინტერვიუბსაც აძლევთ და ღიად ყვებით თქვენი ურთიერთობის შესახებ, მაინც იწერება შენი და გიორგი ქორქიას ურთიერთობაზე. რატომ ხდება ეს?
– აბსურდულად მიმაჩნია, რომ ერთსა და იმავე კვირას გამოსულ ჟურნალები, ერთგან წერია, რომ მყავს შეყვარებული, რომელთან ერთადაც თავს მშვენივრად ვგრძნობ, მეორე ჟურნალში კი – თითქოს გიორგი ქორქიას ოჯახი დავუნგრიე და ჩვენ ერთად ვართ. აბსურდი კიდევ უფრო რბილი სიტყვაა მთელი ამ სიტუაციისთვის. რა თქმა უნდა, არაპროფესიონალიზმს ვერავის დავაბრალებ, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა, თითიდან გამოწოვილი. სიმართლე გითხრა, ამგვარი ჭორები მახალისებს. შეიძლება, უხეშად ჟღერს, მაგრამ, თან მიხარია კიდეც, რადგან ეს ნიშნავს, რომ ხალხს ვაინტერესებ, აქტუალური ვარ. ის, რომ არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, მართლა ასეა, მაგრამ, ეტყობა, ეს არ კმარა და უნდათ, ყველაფერი უფრო ჩახლართონ და გაართულონ. ჩემს ახლობლებს და, რაც მთავარია, ჩემს შეყვარებულს, მსგავსი ჭორები არ სწყინს და ზუსტად იცის, რომ არანაირი გიორგი ქორქია ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს.
– მაგრამ ეს, ალბათ, მაინც იწვევს მის გაღიზიანებას. იმასაც ამბობენ, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და შეყვარებული მხოლოდ შირმაა გიორგი ქორქიასთან ურთიერთობის დასაფარავადო. რეალურად, რაიმე ურთიერთობა გაქვს გიორგისთან?
– რომელი ბიჭი აიტანს შირმად ყოფნას, ძალიან მაინტერესებს. ეს აბსოლუტური სისულელეა. გიორგისთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მაქვს. მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს, ამბავს ვიგებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ყოველდღიური სახე არ აქვს, სისტემატურად ერთმანეთს არ ვურეკავთ. ვთქვათ, თუ ორივე ვართ „ფეისბუქში”, უბრალოდ, მოვიკითხავთ ერთმანეთს. დაბადების დღე მივულოცე ხუთი დღის დაგვიანებით – შემთხვევით ჩემს გვერდზე დაიწერა: გიორგი, გილოცავო და მივხვდი, რომ ვიღაც ჩემიანმა მიულოცა, ანუ, მისი დაბადების დღე გამომრჩა. დავურეკე და ვუთხარი, დაგვიანებით გილოცავ-მეთქი. ანუ, რაღაც ურთიერთობა გვაქვს. ყოფილა, რომ „კოდის” ჯგუფი შევკრებილვართ, მაგრამ გიორგი არ მოსულა – მას არ უყვარს და არ ახასიათებს მსგავს ღონისძიებებზე სიარული, ეზარება ხოლმე. დამირეკავს და მითქვამს, გიორგი, სად ხარ, გამოდი-მეთქი, იგივენაირად დამირეკავს „ფრანის” გაგასთვისაც, ცინაძისთვისაც და სხვებთანაც. გიორგი, რა თქმა უნდა, განსხვავდება ყველა იმ ადამიანისგან, რადგან თვე-ნახევრის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით. სიმართლე გითხრა, მეც კი ვერ წარმომდგინა, თუ შეიძლება მსგავსი მეგობრობა, მაგრამ, ასეა. არ ვართ გადაფსკვნილები და ოცდაოთხი საათი ერთად არ ვართ, ოჯახებს არ ვუნგრევთ ერთმანეთს, მაგრამ, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. არა მგონია, ჩემზე მეტად სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ვინმემ პრესას. დედას გეფიცებით, მე და გიორგის შორის არაფერი ხდება. აღარ მომწონს ამაზე ლაპარაკი და რაღაცეების ახსნა. თავიდან, როცა ეს ჭორი აგორდა, ცოტა მწყინდა და ვნერვიულობდი, მაგრამ, ახლა საერთოდ არ მხვდება გულზე.
– შეყვარებულსაც ეცინება?
– გამიმართლა და არ მყავს ისეთი შეყვარებული, რომელსაც წარამარა რქები ამოსდის და ყვირის – ქალო, ეს რა დაიწერაო. ის არის აბსოლუტურად ადეკვატური, რის გამოც იმხელა პატივს ვცემ, ვერ წარმოიდგენთ; ათმაგად იზრდება ჩემი სიყვარული მისადმი. თან, არც აქვს ეჭვიანობის საბაბი, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ერთად ვართ და, როგორ უნდა წარმოიდგინოს, რომ, სადღაც თუ ხუთი წუთით გავრბივარ, მაშინაც გიორგი ქორქიას ვნახულობ. ამას არ დაიჯერებს არც ერთი წუთით. ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანმა ადამიანმა იცის, რომ ეს ტყუილია. ამის გარდაც, უამრავი ჭორი გამიგია საკუთარ თავზე: ამბობენ, რომ შვილი მყავს. არადა, პატარა და მყავს, რომელიც ძალიან მგავს. გამიგია, რომ პლასტიკური ქირურგიის შედეგი ვარ. არ მწყინს ეს ამბები, მართლა. გავა ერთი წელი და, ოჯახიც რომ მქონდეს, გიორგის ნაცვლად ახლა ვიღაც სხვას „მიმაბამენ”.
– შეყვარებულთან უკვე გაქვს რაიმე კონკრეტული გეგმები? დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?
– არაჩვეულებრივად ვართ ერთად. გეგმებს არსებითად არ ვაწყობთ. ჩვეულებრივი გეგმები გვაქვს – ისეთი, როგორიც შეიძლება, ჰქონდეს ორ ადამიანს როდესაც ერთმანეთი უყვართ. არ ვამბობ, რომ ხვალ-ზეგ გავთხოვდები, ზოგადად, ეს თემა ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დღეს ვიყოთ ერთად, ხვალაც ერთად და სულ ერთად ვიყოთ, რადგან მენატრება და ვენატრები, მიყვარს და ვუყვარვარ. შინაურულ წრეში, ისედაც ოფიციალურია ყველაფერი. გეგმებს არ ვაწყობთ, მაგრამ, თუ უეცრად რაღაც გადავწყვიტეთ, აუცილებლად გეტყვი, მართლა გეუბნები.
– მას არ უნდა, რომ სახლში ეგულებოდე?
– სულ ერთად ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც გიყვარს, გვერდით ოთახშიც კი გენატრება. როდესაც მასთან ერთად გადიხარ ზღვაზე, სახალხოდ ვერ ეხუტები და ვერ აწვალებ, მაშინაც გენატრება და გაკლია ის ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს სურვილი ორივეს გვაქვს, მაგრამ, დღეს და ხვალ რამე სერიოზულ ნაბიჯს ვგეგმავდეთ პირად ცხოვრებაში, ასე არ არის.
– ანუ, არ არის ეჭვიანი.
– მთელი ცხოვრება ვამბობდი, რომ თუ მამაკაცი მორალურად ძლიერია, მას არ ექნება ქალის შეზღუდვის სურვილი. ქალი თუ ყურადღების ცენტრშია, ის მოსწონთ, ეს მხოლოდ პრიმიტიული მამაკაცებისთვისაა გამაღიზიანებელი. არა მგონია, ვინმემ გაბედოს და ოთოსთან ერთად მითხრას – წამოდი, გოგონი, ჩემთან ერთადო. მაგრამ, მილიარდი პროცენტით დარწმუნებული ვარ, ვინმემ რომ თვალი გამომაყოლოს, ვინმეს სიმპათია და აღფთოვანება დავიმსახურო, ეს მას მხოლოდ ესიამოვნება, გაუხარდება, რომ მის გვერდით არა ჯღანი, მოკლეფეხება გოგო მოჯლიგინებს, არამედ ისეთი გოგო, რომელიც მოსწონთ. შეიძლება, ვიღაც ფიქრობს, რომ მე ვარ ჯღანი და მოკლეფეხება, მაგრამ, ამაზე არ ვლაპარაკობ. თუ სიმპათიას დავიმსახურებ, ეს მას მხოლოდ გაუხარდება.
– დასასვენებლად, ალბათ, ერთად წახვალთ.
– აუცილებლად.