რატომ უნდოდა ანი ქორქიას ჩუმად ჯვრისწერა და როდის ჰქონდა ვასო ფხაკაძეს სამმხრივი სიყვარული
აგვისტოში სხვა რა უნდა ჰქონდეს სალაპარაკო ორ ადამიანს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ერთზე კი არა, რამდენიმე სატელევიზიო პროექტზე მუშაობენ, თუ არა მომავალი შვებულება. ანი ქორქიას და ვასო ფხაკაძის ინტერვიუც სწორედ ზაფხულის გარშემო ტრიალებდა, თუმცა, სიყვარულზეც ბევრი ისაუბრეს.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ანი ქორქია
– ვიცი, რომ პირადული დამალული არ გაქვს, ამიტომ პირდაპირ გკითხავ – რას შვრება „ხალასტიაკი” ვასო ზაფხულში?
– „ხალასტიაკს” ცოტა სხვა შესატყვისი აქვს, მაგრამ, კარგი, იყოს „ხალასტიაკი” (იცინიან) და ზუსტად ასე ვატარებ შვებულებას. აქტიურად ვემზადები დასასვენებლად წასასვლელად. ჯერ გამიზნული და მოფიქრებული კონკრეტული გეგმა არ მაქვს.
– გოგოსთან ერთად მიდიხარ თუ, პირიქით, გოგონების საძებნელად, სანადაროდ?
– გოგოსთან ერთად არ მივდივარ და, შესაბამისად, მეორე რჩება (იცინიან). მეგობრები მივდივართ ერთად, ჯერ არა, მაგრამ თვის ბოლოს აჭარას დავაფასებთ, აუცილებლად ჩავალთ. აჭარაში დასვენება დიდად არ მიყვარს, მაგრამ, ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი იქ არის და, რომ არ ჩავიდე, არ შეიძლება. „კამანდას” დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, მარტო რომ ვიყოთ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
– ახალი სეზონიდან რაიმე სიახლეებს ხომ არ გეგმავთ გადაცემებში?
– რაღაც ცვლილელები ყველა გადაცემაში იქნება – სეზონის დასაწყისში ყოველთვის ასე ხდება. პირობითად, ერთში სტუდია გამოიცვლება, მეორეს ახალი ხალხი შეემატება, მესამეში გამოაკლდება და ასე შემდეგ. გადახალისება ყველა შოუში იქნება, როგორც ტრადიციულად ვიქცევით ხოლმე.
– დასვენების დროს ხომ არ გეძალება ფიქრები, რამდენი წელი შეიძლება, ეს საქმე ვაკეთოო?
– არა, ძალიან მიყვარს ეს საქმე, მართლა და, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, მაინც ვგრძნობ, რომ მისი კეთება სიამოვნებას მანიჭებს. რატომ უნდა გავჩერდეთ?
– როგორი შეგრძნება გაქვს სამსახურში – სამსახურებრივი თუ ოჯახური? გარედან ჩანს, რომ ერთი დიდი მხიარული ოჯახი ხართ, საიდანაც სულ სიმღერის, სიცილის ხმა ისმის.
– კი, ერთი გუნდი და ოჯახი ვართ, მაგრამ, ეს მაინც სამსახურია. ძალიან ბევრს ვფიქრობთ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის, რაზეც ვმუშაობთ, ძალიან კარგი იყოს. როგორც კი საკამათო თემა იბადება, იქ დათმობა არ არის, ყოველთვის საღი, უმრავლესობის აზრი იმარჯვებს.
– როგორ მოხდა, რომ ამდენი ნიჭიერი იუმორისტი ერთად აღმოჩნდით და ამხელა ჯანსაღი კონკურენციის ფონზე ვასოს ნიჭი არ იჩაგრება?
– არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. როგორ არის, იცი? ჩვენი და ნებისმიერი ტელევიზიის გუნდი ფეხბურთის გუნდს ჰგავს, ყველა თავდამსხმელი ვერ იქნება, ზოგი ნახევარდაცვაში მუშაობს, ზოგი – დაცვაში. არიან ისეთებიც, რომლებიც მოედანზე არ გამოდიან, ანუ ეკრანზე არ ჩანან, მაგრამ, ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. არიან მსახიობები, ძალიან კარგადაც თამაშობენ, უყვარს ხალხს, მაგრამ ისე ვერ წერენ როგორც საჭიროა. ამას კი მათთვის სხვა ადამიანი აკეთებს.
– და ხართ ასე შეხმატკბილებულად...
– მთლად ასე შეხმატკიბილებულად არ ვართ, ხშირად ვკამათობთ, მაგრამ, ჭეშმარიტებაც ხომ ამ დროს იბადება. ისე, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, დასვენების წინ აღარ მინდა სამსახურზე მსჯელობა.
– როგორი ტიპის დასვენება გიყვარს: აქტიური – წყლის თხილამურებითა და პარაშუტებით თუ სუფთა ჰაერი, ჰამაკი და ჩიტების ჭიკჭიკი?
– ორივე. სხვათა შორის, „ჰამაკური“ დასვენება უფრო მომენატრა. მაგალითად, ადამიანი ბანკში რომ მუშაობს, დისკოთეკაზე წასვლა უხარია. „კლაბ შოუ” აიღეთ: ჩაწერა რომ მთავრდებოდა, მერე დისკოთეკა იწყებოდა და ხალხს ისე უხაროდა, ვერ წარმოიდგენთ. თავიდან რამდენჯერმე დავრჩი, მაგრამ მერე, ჩაწერა მთავრდებოდა თუ არა, სახლში მივდიოდი – დასვენება, წყნარად ყოფნა მერჩივნა. ანუ, რაც ვიღაცისთვის დასვენებაა, ჩემთვის სამსახურია. ვერც უცხოეთში ვისვენებ დიდად, იქ უფრო ხეტიალია, დათვალიერება, რაღაცეების ყიდვა, მერე ამ ნაყიდების თრევა... ზღვა და მთა მინდა ერთად, თან – სიწყნარე.
– გოგოებზე ვილაპარაკოთ. ძალიან ხშირად მეკითხებიან, ჰყავს ვასოს თუ არა შეყვარებული, ცოლი არ მოჰყავსო?
– დედაჩემმა დაგაბარა ეგ კითხვა?!
– ალბათ, სახლში სულ ამას გეკითხებიან?!
– არა, დედაჩემი სულ მეუბნება: ვასო, ვისაც ღირსეულად მიიჩნევ და როცა შეგხვდება, მაშინ მოიყვანე ცოლიო. მაგრამ ბოლოში მაინც აყოლებს: ისე, უკვე დროა, იფიქროო... (იცინიან).
– ყოფილა ისეთი, კარგად მოფიქრებული კანდიდატი?
– როგორ არ იქნებოდა. შეყვარებული როგორ არ ვყოფილვარ.
– ორმხრივი, მყარი გრძნობა ყოფილა?
– როგორ არა, ორმხრივიც ყოფილა, ცალმხრივიც და სამმხრივიც – ორს რომ უყვარხარ და შენ არც ერთი არ გიყვარს (იცინიან). სულ ვამბობ ხოლმე, ეს სიყვარული პურის რიგი ხომ არ არის, როცა მოგიწევს, აუცილებლად იყიდო. რიგების დროს, ხუთი პურიც რომ იყო დარჩენილი, გინდოდა თუ არ გინდოდა, ხუთივეს ყიდულობდი – მოგიწია და, აბა რა უნდა გექნა! იგივე ხომ არ ხდება ცოლის მოყვანაზეც?
– ანუ, არ შეგხვედრია ისეთი, ვისთან ურთიერთობაც ბეჭდების გაცვლით დამთავრდებოდა.
– არ ყოფილა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, არც ერთი ურთიერთობა ისე არ გასერიოზულებულა, რომ ეკლესიამდე მივსულიყავით.
– შენთვის ხომ არ დაუბრალებიათ ურთიერთობის გაფუჭება?
– შენ წარმოიდგინე, არა. გარკვეულწილად, ალბათ, ჩემი ბრალიც იყო რაღაც, მაგრამ, ორჯერ ერთსა და იმავეს არავის ვპატიობ. პრინციპული უნდა იყო, როგორ მაგრადაც არ უნდა გიყვარდეს. როცა გიყვარს და უყვარხარ, როგორც შენ, ისე მანაც უნდა დათმოს რაღაც. როცა დარწმუნებულია, რომ ეს შენ არ მოგწონს და მაინც აკეთებს, ეს მტკივნეულია. საერთოდ, შეყვარებულობის დროს ჩანს, როგორი ოჯახი გექნება.
– თუმცა, სხვანაირადაც ხდება...
– კი, მყავს მეგობრები, რომლებიც შეყვარებულობის დროს ერთმანეთს ხოცავდნენ, სულ მათ შერიგებაში ვიყავი, მაგრამ ახლა უბედნიერესები არიან. ისეც ხდება, რომ შეყვარებულობის დროს ერთი პრობლემაც არ აქვთ და როგორც კი ერთ ჭერქვეშ იწყებენ ცხოვრებას, ეგრევე ეწყებათ პრობლემები. ახლა შეყვარებული არ ვარ და გადასარევად ვგრძნობ თავს, დავდივარ ჩემს გემოზე.
– არ გინდა ხოლმე, ვიღაცას თბილ მესიჯებს უგზავნიდე, საღამოს ყავაზე ეპატიჟებოდე?
– ეს სულ ხდება, სხვანაირად როგორ, მაგრამ, ამ ეტაპზე, რასაც ჰქვია გრძნობა, არ მაქვს.
– სახლში როგორი ხარ, უხასიათო? ხშირად იუმორისტები სახლში სულ მოწყენილები არიან. მაგალითად, ჩარლი ჩაპლინი აუტანელი, მძიმე ტიპი ყოფილა. იმ დღეს კიდევ, „დისქავერიზე” ვუყურე, მისი სახლის სარდაფში ჩონჩხები უპოვიათ და ვარაუდობენ, რომ მან დახოცაო...
– რას ამბობ?! მსგავსი არაფერი გამიგია. მძიმე პიროვნება რომ იყო, ვიცი, მაგრამ, სადისტი არ ყოფილა. ისე, მე „ჩამყავს“ სახლის სარდაფში ლეღვის მურაბები და მერე ამ ქილებით ვკლავ ხალხს (იცინიან).
– არა, ტანზე უსვამ და აიძულებ, გაირუჯონ.
– აუ, ეს რა საშინელი თემაა. ეგ თემა, ეტყობა, მზეჭაბუკიდან წამოვიდა, რომ უყურებდნენ, ასეთი შავია და თან, სულ რაღაც ერთი ფოთლითო, ყველამ წასმა მოინდომა (იცინიან).
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვასო ფხაკაძე
– მოდი, პირდაპირ დავიწყებ: ქორწილში როდის უნდა დამპატიჟო?
– რიცხვი რომ არ ვიცი ჯერ?! ისიც კი არ ვიცი, ქორწილს ვაკეთებთ თუ არა. არ მინდა დიდი, ტრადიციული ქორწილი, თუმცა ეს ჩემი პოზიციაა და არ არის ჯერ გადაწყვეტილი თემა.
– არ გინდა?
– არა, არც თეთრი კაბა მინდა.
– პირველად მესმის, გოგოს თეთრი კაბა და ქორწილი რომ არ უნდა.
– არ მინდა, ოღონდ, ასე კატეგორიულად კი არა, უბრალოდ, სხვა ფორმით მინდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. არ მინდა, ამას ქორწილის სახე ჰქონდეს, ტრადიციული ღრიანცელი, რომელიც, რაში გადაიზრდება ხოლმე, ვერავინ ხვდება. უფრო ორიგინალურად და ლამაზად მინდა აღნიშვნა, მაგრამ, როგორ დავითანხმებ კახას, არ ვიცი.
– მაგალითად...
– მაქვს რამდენიმე იდეა, თუმცა ასე ხმამაღლა თქმა არ მინდა, მირჩევნია, სიურპრიზად დავტოვო. მინდა, მარტო მე და მან ვიცოდეთ და მერე გავაგებინოთ მეჯვარეებსა და ახლობლებს. კახაც დამთანხმდებოდა. ისეთი ტიპია, ძალიან გაუხარდება იმის გაკეთება, რაც მე მესიამოვნება. მაგრამ, აქ არის მეორე მომენტი – კახა მეუბნება, რომ არსებობს რაღაც ტრადიციები, ოჯახური ვალდებულებები, რომ ეს მაინც გასაკეთებელია...
– მამაჩემი სუფრას მაინც გააკეთებს...
– აი, ზუსტად ეგ ხდება.
– ამაზე სულ ჩემი ბავშვობის დროინდელი დაბადების დღეები მახსენდება. მამაჩემი თავის ძმაკაცებს მოიყვანდა და იყო ერთი ხორხოცი და რუზრუზი, სკამზე დაყენებები და სადღეგრძელოების თქმა. ფულს ჯიბეში რომ მიკუჭავდნენ ეს იყო ჩემი ერთადერთი გართობა (იცინიან).
– მოკლედ, მთავარია, ჯერ მივიდეთ ამ ეტაპამდე. ჯერ ნიშნობა უნდა იყოს, კიდევ სხვა რაღაცეებია მოსაფიქრებელი და ამასობაში, ქორწილის ამბავსაც მოვიფიქრებთ.
– სახლში იციან?
– აბსოლუტურად ყველაფერი. მისი ოჯახიც და ჩემიც ბოლომდე ჩართულები არიან ჩვენს ამბავში. სხვათა შორის, ძალიან დალაგებულად და რბილად წავიდა ყველაფერი. მინდოდა, ჩუმად დამეწერა ჯვარი, გავპარულიყავი ან, სადღაც, სანაპროზე, ფეხშიშველებს – მოგვეწერა ხელი. მილიონი გეგმა იყო, მაგრამ ახლა უკვე ოჯახებით ვართ ამ პროცესში ჩართული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მაინც რაიმე ორიგინალურს მოვიფიქრებთ.
– დილით ვნახე ჟურნალში შენი და კახას ფოტო და ზუსტად იმ დღეს მოხვედით სამსახურში ერთად. გავიცანი, გადასარევი ბიჭია. მაგრამ, ქორწილამდე დასვენებას არ აპირებ?
– მტკივნეულ თემას შეეხე. მართლა ძალიან მაწუხებს ეს ამბავი. თქვენ კი გამიშვით „ვარსკვლავიდან” და მასვენებთ, მაგრამ, „ლოტო“ რომ ნონსტოპით მიდის და კვირაში ორჯერ ეთერში უნდა ვიყო, რა ვქნა?! ორი გადაცემის გამოტოვება რომ შევძლო, მეყოფოდა.
– მიდი მერე, გაათამაშე ჯეკპოტი და დაისვენებ ცოტა ხანს.
– ჩემზე რომ იყოს... „გამარჯობის“ თქმის მერე, ყველა მაგას მეუბნება, ჯეკპოტი მომაგებინეო.
– გეუბნებიან ხომ?! როგორც ჩვენ გვეუბნებიან სულ, რამე მოყევით სასაცილოო, ისე შენ გთხოვენ ჯეკპოტს.
– კი, სულ ასეა. მოკლედ, თუ დასვენებისთვის ათი დღე ჩავიგდე ხელში, ეგრევე ზღვაზე გავეშურები. ძალიან მიყვარს მთაც, მაგრამ ათ დღეს მთისთვის ვერ დავხარჯავ. წავალ აჭარაში, რადგან იქ იქნებიან ჩემი და, ბებიაჩემი და ჩვენი ძაღლი.
– ოჯახის წევრები ჩამოთვალე, ხომ (იცინიან)?! კიდევ კარგი, ამ თანმიმდევრობით არ დაიწყე: ძაღლი, ბებია და და. არა, მესმის შენი, მეც მყავს ძაღლი, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია. შენ ფისო არ გყავდა?
– ფისოც მყავს, მაგრამ, სულ სძინავს. დასაძინებლად ხომ არ წავიყვან?! ძაღლს ბებია უვლის, ოჯახის სხვა წევრები მუშაობენ და, ბებიამ რომ არ წაიყვანოს, მისი პატრონი აქ არავინ იქნება. ასე რომ, ჩვენ ყველანი თვის ბოლოს ბათუმში ვიქნებით.
– მაგ დროისთვის მეც ჩამოვდივარ და აუცილებლად გნახავთ შენ, შენს დას, ბებიას და ძაღლს (იცინიან). ცოტა ხნის წინ შენი დაბადების დღე იყო, რა მიიღე საჩუქრად?
– უამრავი რამ. პირველ ყოვლისა, საოცარი სიურპრიზი მომიწყო კახამ. მეგონა, ამ დღეს მხოლოდ ჩვენ ორნი, რომანტიკულად ავღნიშნავდით, მაგრამ, მას თურმე, მთელი ჩემი სამეგობრო გაუმზადებია, მწყობრში ჩაუყენებია და მიუყვანია. ყველანი კახას სახლში შეიკრიბნენ. ძალიან ბედნიერი ვიყავი. გარდა ამისა, მაჩუქა „ლუი ვიტონის” ჩანთა, რომელიც ყველაზე მეტად გამიხარდა.
– „ლუი ვიტონი” ეს რომელია, სირაქლემას რომ უჭირავს პირით?!
– სირაქლემას? (იცინიან),
– ნიუ-იორკში ვიყავი და, უცებ, ვხედავ, ულამაზესი მაღაზიის წინ, რომელსაც დაახლოებით ხუთმეტრიანი ვიტრინა ჰქონდა, დგას სირაქლემა და პირით უჭირავს პატარა, ლამაზი თეთრი ჩანთა. ვიფიქრე, წავუღებ მეგობარს საჩუქრად, ძალიან უყვარს „ლუი ვიტონი”, სირაქლემას რომ უჭირავს ის ჩანთა რა უნდა ღირდეს-მეთქი და, საყიდლად რომ მივედი, გავგიჟდი – 5 000 დოლარი ღირდა (იცინიან). სირაქლემას პოზა მივიღე და ცივად გამოვედი. შენი პატენტია?
– არა, რას ამბობ, ლამის ამასაც სირაქლემა მოჰყვა! იმდენი პასპორტი, აგენტების ნომრები და საბუთები ამოვალაგე, ჩანთაზე მეტი იყო (იცინიან).
– არ ჯობდა, მანქანა ეჩუქებინა?
– არა, მართლა ძალიან გამიხარდა. ჩემი საყვარელი ბრენდია და, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ აგიწერთ.
– შესაბამისად, „მარჟამ“ აიწია და კახასთვის დაბადების დღეზე „ფერარის” ყიდვა მოგიწევს...
– კახას დაბადების დღე მანამდე იყო (იცინიან).
– აი, ნამდვილი „რუსთავი 2-ელი“, ხედავ, სად გაარტყა?! დაბადების დღემ რომ ჩაიარა, მერე უთხრა, მომწონხარო (იცინიან).
– არა, მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე და უდიდესი სიფრთხილით შევარჩიე მისთვის საჩუქარი. არ მინდა, ვთქვა, მაგრამ, სულ თან დააქვს – ესე იგი, მოსწონს და მიხარია.
– დაველოდოთ მომდევნო დაბადების დღეს... (იცინიან).