როგორ შეცვალა გეგა ფალავანდიშვილმა მამუკა გამყრელიძის შვილის ცხოვრება და ვინ გაიპარა მასთან პარიზიდან კანში
მას შემდეგ, რაც „ვის უნდა ოცი ათასის” ყოფილი წამყვანი, მამუკა გამყრელიძე, დიპლომატიურ სამსახურში გადავიდა, აზიური ცხოვრების სამზადისი უკვე დაიწყო. ტელევიზია „ჯი ემ ჯის“, რომელიც ერთი წლის წინ დააარსა, უფროს ქალიშვილს – რუსოს უტოვებს, რომელზეც თბილისური ბომონდი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მისი და გეგა ფალავანდიშვილის სიყვარულის ისტორია გახმაურდა. გამყრელიძეების ოჯახის ყველაზე ნაბოლარა წევრი, 24 წლის თამრი, ძალიან თბილი და მხიარული გოგონა, პარიზის უნივერსიტეტში გადის მაგისტრატურის კურსს, ის ხალისიანად ატარებს არდადეგებს მონატრებულ თბილისში და თავისი პარიზული ცხოვრების და მხიარული ოჯახის ამბებს გვიმხელს.
თამრი გამყრელიძე: ჩვენი ოჯახიდან თბილისში პირველი მე გადმოვბარგდი. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მამას ცხოვრების მარშუტი მე შევცვალე (იცინის). იმ პერიოდისთვის უკვე დამთავრებული მქონდა ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ფიარის ფაკულტეტი და საკმაოდ ცნობილ და წარმატებულ კომპანიაშიც ვმუშაობდი. აგვისტოს ომის დროს თბილისში რამდენიმე დღით ვიყავი ჩამოსული და ალბათ, ამ ფაქტმა შეცვალა ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში. მოსკოვის გარეშე არსებობაც რომ ვერ წარმომედგინა, იქ ჩასულმა მაშინვე გადავწყვიტე, რომ მიმეტოვებინა ყველაფერი და თბილისში დავბრუნებულიყავი. ოჯახში არავის არაფერი უთქვამს, ჩავალაგე ჩემოდნები და აქ ჩამოვედი აბსოლუტურად მარტო. რამდენიმე თვეში დედა და მამაც უკან გამომყვნენ. ყველაზე ბოლოს კი ჩამოვიდა ჩემი და – რუსო, რომელიც თავისი ოჯახის გამო უფრო დიდხანს შემორჩა მოსკოვში.
– როგორ შეეჩვიე თბილისურ გარემოს?
– იმის მიუხედავად, რომ თავიდან ექვსი თვე აქ მარტო ვცხოვრობდი, თბილისურ ცხოვრებასთან შეჩვევა საერთოდ არ გამჭირვებია, მეც და ჩემი დაც ისე გაგვზარდეს, რომ პატარაობიდან მიგვაჩვიეს დამოუკიდებლობას. მამუკა ორივეს იმას დაგვძახოდა, თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რომ არავისზე არ იყოთ დამოკიდებულებიო. რუსო საკმაოდ პატარა იყო, როცა ლონდონში გაგზავნეს სასწავლებლად, ასე ვარ მეც – ერთი წელია, პარიზში ვცხოვრობ ოჯახის გარეშე და ვერ ვიტყვი, რომ მარტო ცხოვრება მიჭირს. თავიდან მქონდა პრობლემები. უნივერსიტეტში ყველა უცხოელი იყო და ამან ძალიან დამაკომპლექსა, მაგრამ, მერე ისევ თვითონ ჩემი თანაკურსელები დამეხმარნენ, აქედან მამა და ოჯახის წევრებიც მამხნევებდნენ და მაგულიანებდნენ და, ახლა იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენს ოჯახს ბოლო წლებში რაღაცნაირად ასე დაებედა – ხშირად გვიწევს ცხოვრება ერთმანეთისგან შორს, მაგრამ, მაინც სულ ერთად ვართ, როგორც ერთი ოჯახი. ახლაც, პარიზში ისე არ დავიძინებ, რომ არ გავიგო, სად არის რუსო, დაბრუნდა თუ არა სახლში მამუკა. ის საოცრად მეგობრული მამაა და, ალბათ, ამიტომაც, მე და რუსოს მისგან დამალული და დაფარული არასდროს არაფერი გვქონია. როცა პირველად წავედი პაემანზე, ესეც კი ვუთხარი მამუკას, თან ვკითხე: მამა პაემანზე მივდივარ და რა გავაკეთო-მეთქი? მას სულ ვეკითხები რჩევებს. ხანდახან არ ვუჯერებ და მაინც ჩემებურად ვაკეთებ, მაგრამ, მერე ვნანობ ხოლმე, რომ მას არ დავუჯერე. როცა თბილისში ჩამოვედი, თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო, მუშაობაც დავიწყე, მეგობრებთან ერთადაც მშვენივრად ვერთობოდი, მაგრამ, მერე თბილისური ჭორების ეპიცენტრში მოვყევი – ამ ქალაქისთვის ახალი პერსონაჟი ვიყავი და დაიწყო ჭორაობა ჩემზე, რის გამოც ცოტა გამიჭირდა – ამას არ ვიყავი მიჩვეული. მოსკოვში ყველას თავისი ცხოვრება აქვს, არავინ არავის ცხოვრებაში არ ერევა. აქ კი, ხან ვისთან დამაწყვილეს, ხან – ვისთან, ჩემი „მეწყვილეების” უმეტესობა პოპულარული სახეები იყვნენ. ჭორების ეს ტალღა გადავიტანე, ცოტა მივეჩვიე კიდეც, მერე კი რუსო „შემეშველა” (იცინის).
– რუსო ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი და გეგა ფალავანდიშვილის რომანი გახმაურდა.
– ეს მართლაც ასეა, ოღონდ, არ მესმის, რატომ უნდა აინტერესებდეს ხალხს სხვისი ცხოვრება. რუსო გეგასთან ძალიან ბედნიერია და მე ეს ყველაზე მეტად მახარებს. გეგა ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან ხალისიანი და მხიარული, არ შეიძლება მასთან, ცუდად იყო. ისეთი თბილია, რომ შანსს არ გიტოვებს, არ შეგიყვარდეს. მისი სიყვარულით მეც განებივრებული ვარ, თუმცა, ერთმანეთისგან შორს ვართ: მე – პარიზში, ესენი კი – აქ, მაგრამ, როცა თბილისში ჩამოვდივარ, ერთმანეთს ხშირად ვნახულობთ, გეგა სულ ცდილობს, მეც მასიამოვნოს. მას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ჩემს ოჯახთან, მამაჩემთან, ისინი ძალიან უგებენ ერთმანეთს.
– ერთხანს მისი უფროსიც ხომ იყო?
– დიახ. გეგამ და რუსომაც ხომ „რუსთავი 2-ში“ გაიცნეს ერთმანეთი, მაგრამ რუსო უკვე წამოსული იყო სამსახურდან, როცა მათი ურთიერთობა დაიწყო. ახლა რუსო მუშაობს მამასთან, ტელევიზიაში. მამამ წაიყვანა თავისთან. ან, რატომ უნდა დაეტოვებინა „რუსთავი 2-ში“? შვილზე სანდო ადამიანს ვის ჩააბარებდა თავის საქმეებს? რუსოს გამოცდილება ძალიან სჭირდება საქმეში და, ალბათ, ამიტომაც, სულ უნდა, რომ გვერდით ჰყავდეს. ახლა, როცა მამუკა ჩინეთში გადავა, რუსო დარჩება ტელევიზიაში და მამას საქმეებს მიხედავს „ჯი ემ ჯიში”. ის უფრო მყარად დაფუძნდა თბილისში, შეიძლება იმიტომ, რომ აქ დიდი სიყვარული იპოვა. თან, მას შემდეგ რაც მეუღლეს გაშორდა, მარტო ზრდის ორ შვილს და ჩემსავით ექსპერიმენტატორი ვერ იქნება (იცინის).
– მისი ყოფილი მეუღლე როგორ ხვდება რუსოს ახალ სიყვარულს?
– მათ ერთმანეთთან ძალიან ნორმალური და ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ, ჩხუბითა და სკანდალით არ დაშორებიან ერთმანეთს. ვახო ძალიან კარგი ადამიანია, არაჩვეუელებრივი მამა სანდროსთვის და ბუბუსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსოს ბედნიერება მისთვის სულერთი არაა. მე ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი და გათხოვდა, შეიძლება ითქვას, ვახოს ხელში ვარ გაზრდილი და ალბათ ამიტომაც, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.
– რუსოსა და გეგას რომანი ოჯახის შექმნით მალე დამთავრდება?
– არ ვიცი, თარიღს მე როგორ გაგიმხელთ, მაგრამ ქორწილი, ალბათ, იქნება. ჯერჯერობით ასეც ბედნიერად გრძნობენ თავს. რაც ყველას ძალიან გვიხარია, რუსოს ბავშვებსაც ძალიან უყვართ გეგა. მომავალში რა იქნება, მე როგორ ვიტყვი, მაგრამ, გეგას აქვს თავისი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში; გეგა არის გეგა, განუმეორებელი ხასიათითა და შარმით. მან რუსოს ცხოვრება ძალიან შეცვალა, ძალიან გაალამაზა და გააბედნიერა (იცინის).
– პარიზში არ გესტუმრებიან ხოლმე რუსო და გეგა?
– გეგა არ ყოფილა ჩემთან, რუსო კი ორჯერ ჩამოვიდა ერთი წლის განმავლობაში. ეს იყო ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი დღეები: მე და რუსომ მოვიარეთ მთელი პარიზი, ხან სად წავიყვანე, ხან – სად, ავიწყვიტეთ თავი (იცინის). ჩემი და გეგას ევროპული შეხვედრა იყო ერთ-ერთი გამოფენის ორგანიზატორების დამსახურება, ამ გამოფენაზე სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები. მე პარიზიდან გავიპარე ჩემებთან, კანში აღვნიშნეთ რუსოს დაბადების დღეც, რომელიც ჩვენს იქ ყოფნას დაემთხვა. მოგზაურობა ჩვენი ოჯახის დიდი გადატაცებაა, ორგანიზატორი ყოველთვის მამაა და მასთან ერთად მოგზაურობას არაფერი ჯობია. ერთადერთი ცუდი ის აქვს, რომ დილის 6 საათზე წამოგვყრის ხოლმე საწოლებიდან და მთელ ქალაქს ფეხით შემოგვატარებს, არ ეზარება არაფერი, თითოეული კედლის ისტორია შეიძლება მოგიყვეს, გიდი არ გჭირდება. ერთხელ, უცხოეთში ყოფნისას, იმდენი მატარა ფეხით, თბილისში რომ, ჩამოვედით, ფეხები აქაც კი მტკიოდა. მას კარგად გამოსდის ჩვენთვის ფოიერვერკების მოწყობა – დიდოსტატია ამ საქმეში. არ მახსოვს, რაიმე სურვილის შესრულებაზე უარი ეთქვას, ძალიან ხელგაშლილია ჩვენთან. თუმცა, მეც და რუსომაც ყოველთვის ვიცით, რა გვეკადრება და რა – არა, სად არის ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებაც არ გვაქვს. მხოლოდ ერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა მამა ძალიან გავაბრაზე და დავწყვიტე გული. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი და, მამის მოთხოვნა, რომ ინგლისურში დაბალი ნიშანი არ უნდა მიმეღო, ბოლომდე ვერ „შევასრულე”, რადგან იმ პერიოდში შეყვარებული ვიყავი და ბევრი რამ დავივიწყე, მათ შორის – სწავლაც. მახსოვს მამას დაუვიწყარი მრისხანება ჩემს „ოთხიანზე“, მისი დამსჯელი სანქცია და მას შემდეგ ინგლისურში დაბალი ნიშანი აღარ მიმიღია.
– ახლა მითხარი, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ჩემს პირად ცხოვრებაში, ამ ეტაპზე არაფერიც არ ხდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარიზში წავედი. იმის მიუხედავად, რომ აქ არ ვარ გაზრდილი, სულ მინდა, რომ ქართველი მეუღლე მყავდეს. ალბათ, ამიტომაც, ფრანგი ბიჭებისკენ თვალსაც კი არ ვაპარებ (იცინის). მენტალიტეტით, მამაკაცური აზროვნებით, მაინც ქართველი მირჩევნია, ფრანგები ძალიან ცივები არიან ურთიერთობაში, რაც მე არ მომწონს. თუმცა, ქართველ ბიჭებს ცოტა მძიმე ხასიათი აქვთ – ეს გამოცდილი მაქვს: როცა მოსკოვში ვცხოვრობდი, იქ მყავდა შეყვარებული, ქართველი ბიჭი. ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დასრულდა. თბილისშიც ვიყავი შეყვარებული, ის საკმაოდ ცნობილი ადამიანია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ჩვენი ურთიერთობა ძალიან დიდი გაუგებრობით დასრულდა. თავის დროზე, ალბათ, ესეც გახდა ჩემი პარიზში გაქცევის მიზეზი (იცინის).
– მამას შენ უფრო ჰგავხარ თუ რუსო?
– რუსო. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ხასიათით და, ალბათ, ამიტომაცაა, რომ მამუკა და რუსო ხშირად ჩხუბობენ. მათი ჩხუბის მიზეზი შეიძლება გახდეს ყველაფერი: პოლიტიკა, ეკონომიკა, მუსიკა, ფილმი. მე უფრო დედას ვგავარ. ის, ერთი შეხედვით, ისეთი აქტიური არაა, როგორც ჩვენი ოჯახის სხვა წევრები, მაგრამ, მის გარეშე ჩვენ ვერც ერთი ვერაფერს შევძლებდით. საერთოდ, მამუკა ძალიან უცნაური ტიპია, არაჩვეულებრივი იუმორი აქვს, რაც ბევრს არ ესმის; სახლშიც ისეთია, როგორიც გარეთ. ისეთ სასაცილო რაღაცეებს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ კარგ ხასიათზე ვიყოთ და გავერთოთ, გაოცდებით. როცა პატარები ვიყავით, ათას თამაშობას იგონებდა ჩვენთვის, საოცარ ზღაპრებს თხზავდა. ზღაპრების პერსონაჟები, ძირითადად, კალათბურთელები იყვნენ ხოლმე – ეს ხომ მამუკას საყვარელი „ჟანრია”.
– პარიზიდან თბილისისკენ აიღებ გეზს თუ პირდაპირ ჩინეთში წახვალ „ბედის საძიებლად”?
– ჯერ არ ვიცი, მაგისტრატურას პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში რამდენიმე თვეში დავასრულებ, ამის შემდეგ კი, ალბათ, თბილისში ჩამოვალ – ყველაზე კარგად და კომფორტულად აქ ვგრძნობ თავს. თუმცა, ჩინეთშიც მინდა წასვლა. იქ ძალიან დიდი შესაძლებლობებია იმისთვის, რომ პროფესიულად გაიზარდო. არასდროს ვყოფილვარ იქ, მაგრამ, ბევრი მსმენია ჩინეთზე და ძალიან მაინტერესებს იქაური კულტურა. იქ დიდხანს, მგონი, ვერ გავძლებ, მაგრამ, ხშირი სტუმარი კი გავხდები, მამას უკვე ვთხოვე, დიპლომატიური პასპორტი მეც გამიკეთე-მეთქი, მაგრამ, ვერაო, მითხრა. თვითონ ძალიან აქტიურად ემზადება დიპლომატიური მისიისთვის. მოსკოვიდან ჩამოვიდა ძალიან ცნობილი პედაგოგი და მასთან გადის ინდივიდუალურ კურსს ინგლისურში. მამამ უკვე ჩინური ანა-ბანაც იცის, დიპლომატიური ეტიკეტის შესწავლა, ალბათ, არ გაუჭირდება, რადგან, ასეთი რაღაცეები სულ აინტერესებდა და იცოდა კიდეც; ამას გარდა, შინაგანად თვითონ ძალიან რაფინირებული ადამიანია, ოღონდ, ამას იმიტომ არ ვამბობ მასზე, რომ მამაჩემია.
– როგორ წარმოგიდგენია შენი თბილისური ცხოვრება აქ დაბრუნების შემდეგ?
– ის ვიცი, რომ ვიქნები მარტო, მშობლების გარეშე. კარიერული თვალსაზრისით, არ ვიცი, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება. ტელევიზია მომწონს, მაინტერესებს, მაგრამ, ისე არა, როგორც ჩემს დასა და მამაჩემს. მე, ალბათ, უფრო სხვა სფეროს ავირჩევ, მაქვს ჩემი გეგმები, თუმცა, შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს, თუ პარიზში გავთხოვდი (იცინის).
– აკი, ფრანგი ბიჭები არ მომწონსო?!.
– ქართველებიც ხომ არიან იქ (იცინის). მე უკვე დავრწმუნდი, რომ, რაც არ უნდა წარმატებული კარიერა ჰქონდეს ქალს, პირადი ცხოვრების გარეშე ძალიან რთულია. მეც რომ მეწვევა ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც ჩემს დას ეწვია, ალბათ, კარიერასაც დავთმობდი, პარიზსაც და მთელ ცხოვრებას ამ სიყვარულს მივუძღვნიდი (იცინის).