კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ამარაგებენ ნიკა ლალიაშვილს ვენესუელიდან და რა რეკორდი დაამყარა მან 28 წლის ასაკში

„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი პოპულარული სახე, პარლამენტარი ნიკა ლალიაშვილი კუთვნილი სიგელებისა და დიპლომების  რაოდენობით, ალბათ, პოლიტიკოსთა რეკორდს მოხსნიდა. მათი ნაწილი მის პირად  „ანგარიშზეა“, ნაწილი კი  იმ ცნობილი წინაპრებისგან ერგო მემკვიდრეობით, რომელთაგან ერთ-ერთი, თბილისის საპატიო მოქალაქე თითქმის ორი საუკუნის წინ გახდა. მემკვიდრეობა კი  მართლაც  დიდი დარჩა – მართალია, ნიკოლოზ პირველისა და ვორონცოვისეული ოქროს ქამარ-ხანჯალი, ლალიაშვილების სტუმრებს „შეეწირა“, მაგრამ სამაგიეროდ, „ძირძველი თბილისელის“ წოდება შემოინახა, რომელსაც სამ შვილს უნახავს საგზლად. თუმცა, თავად,  ბოლო წლებში ისე გაიჭრა იქ, რაც მთელი ცხოვრება ენატრებოდა, რომ აღარც „სიგელები“ ახსოვს და  აღარც ბაბუის დანაბარები...

 

ნიკა ლალიაშვილი:  ჩემი წინაპრები იმერეთიდან  არიან – მე მაქვს  დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ  ისინი   თბილისის მოქალაქეები  ჯერ კიდევ  საქართველოს ანექსიამდე  იყვნენ.  პირველად ოფშკვითიდან თბილისში    გრიგოლ ლალიაშვილი ჩამოვიდა. გრიგოლის შვილმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა  1851 წელს მიიღო  თბილისის საპატიო მოქალაქის სიგელი მაგრამ, რა დამსახურებისთვის, ეს ვერ მოვიძიე. ის ვიცი, რომ ნიკოლოზი საიმპერატორო სამსახურში ყოფილა და თან, საკმაოდ დაახლოებული ვორონცოვის კარზე. ბაბუაჩემის მამა, ალესანდრე ლალიაშვილი იყო თბილისის გუბერნიის ფოსტის ხელმძღვანელი, ლალიაშვილები  დასახლდნენ მთაწმინდაზე 1820 წელს და დღემდე ამ ოჯახის შთამომავლები  ისევ მთაწმინდაზე ვცხოვრობთ.  

– არ თქვათ, იმ ლეგენდარული ხოხბის  შთამომავალი ვარო. 

– ვარ, ნამდვილად ვარ. ის საპატიო სიგელი, რომელიც ჩემმა წინაპარმა მიიღო ჩემთვისაც ძალიან საპატიოა. ეს სიგელი ინახება ჩემს ოჯახში საპატიო და დაცულ ადგილზე ისე, რომ მზის სხივი არ მოხვდეს (იცინის). მე ვიზრდებოდი სნობურ ოჯახში, სადაც ყოველთვის განსაკუთრებულად აქცენტირებული  იყო თბილისელობასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ობიექტურად თუ შევაფასებთ, ალბათ, არაა სწორი. მე ბავშვობიდან ჩამინერგეს, რომ თბილისელობა არის ყველაზე მაღალი წოდება.  ბაბუა ხშირად იმეორებდა ხოლმე ბალზაკის ცნობილ სიტყვებს „ნობლეს ობლიჟ“, „კეთილშობილური წარმომავლობა გავალდებულებს...“  ბავშვობაში კლასიკურ სოფელთან შეხება ძალიან იშვიათად მქონდა. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე, მაგრამ ჩემი მსოფლმხედველობა, არის აბსოლუტურად ანტიურბანისტული, მაშინვე გავურბივარ ქალაქს, როგორც კი ამისი საშუალება მეძლევა. ალბათ, ეს არის ჩემი პროტესტი იმ ტრაქტატების და „ვალდებულებების“ მიმართ, რომლითაც მე ვიზრდებოდი. ბებიაჩემი იყო არგვეთელი ქალი, ის ბაბუამ თბილისში სოლოლაკში გაიცნო. ბაბუა თურმე წვერს იპარსავდა საპარიკმახეროში  და ფანჯრიდან მოჰკრა თვალი ბებიას, რომელიც ულამაზესი ქალი იყო. ბაბუაჩემმა, რომელსაც ქალაქელობაზე საოცარი  გართულება ჰქონდა,  მთელ თავის პრინციპებს გადაუსვა ხაზი და ცოლად მოიყვანა სოფლელი ქალი,  რომელიც ამ საუკუნეშიც კი,  სიცოცხლის ბოლომდე „ბოშოს“ და „ბეჩას“ იძახდა.        

– კეთილშობილური წარმომავლობის „ტრაქტატი“ თქვენს წრეს ალბათ, ძალიან მკაცრად „აკონტროლებდა“?

 – მე მთაწმინდაზე დავიბადე და გავიზარდე, მთაწმინდელები არიან ჩემი ძმაკაცების უმეტესობა და ბავშვობის მეგობრები. მაშინ, როცა  ახალგაზრდა ბიჭი მეგობრებს იძენს, „ტრაქტატებზეც“ არ ფიქრობს. ეს არც მე მახსოვდა და არც მაინტერესებდა,  მით უმეტეს, სტუდენტობის  დროს. ახლა ჩემს ოჯახში სუფრასთან შეკრებილი ჩემი მეგობრები  ხშირად ხუმრობენ ხოლმე: ნიკოლოზ პირველმა ვორონცოვის ხელით ბაბუაშენს ოქროს ქამარ-ხანჯალი რომ გამოუგზავნა, ის გაყიდე და ეს სუფრა  იმით გააკეთეო (იცინის)? ეს მთლად ხუმრობა არაა, ვორონცოვს მართლა უჩუქებია ჩემი წინაპრისთვის ოქროს ქამარ-ხანჯალი.

– იმ  ოქროს ქამარ-ხანჯლიდან არაფერი დაგრჩენიათ? მემკვიდრეობად რა გერგოთ   სახელოვანი წინაპრებისგან?

– იმ ქამარ-ხანჯლიდან არაფერი  აღარ დარჩა. მემკვიდრეობით მივიღე კარგი ბიბლიოთეკა, რომელიც მართლაც უნიკალურია. მეც ბიბლიოფილი ვარ და ამ მემკვიდრეობას ვმატებ და ვმატებ წიგნებს. მემკვიდრეობით დამრჩა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ჩვენს ოჯახში დაბადებულ პირველ ბიჭს ან ნიკოლოზი  ჰქვია, ან  ალექსანდრე. ეს ტრადიცია არც მე დამირღვევია.           

–  როცა დაოჯახდით, წინაპრების ნაანდერძევი გაითვალისწინეთ და საცოლის გენეალოგიური ხე გამოიკვლიეთ?  

– მე  ვფიქრობ, რომ ეს  ყველაფერი მაინც გადაჭარბებულია. რად მინდა ეს გენეალოგიური ხეები და სქელტანიანი კვლევები? ეს  ჩემთვის ცოტა არ იყოს  კომიკურ სახეს იღებს. ჩემი მეუღლის გენეტიკა ნაღდად არ მიკვლევია, მაგრამ ბაბუაჩემის არ იყოს, არც მე შემხვდა ცოლად ქალაქელი ქალი, მერე გავაქალაქელე (იცინის).    

 – თქვენმა კეთილშობილურმა წარმომავლობამ პროფესიულ არჩევანზეც გაჭრა?

–  მე ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ ასპირანტურა, ფილოლოგიის  დოქტორის ხარისხიც მაქვს მიღებული. ყველაფერი ისე იყო დაგეგმილი, მეცნიერულ კარიერაზე უნდა მეზრუნა, მაგრამ სტუდენტობის დროს, კომისარიატს პრინციპულად არ გადავუხადე ქრთამი, და წავედი ჯარში. ორი წელი გავატარე სამხედრო ნაწილში, 21-ე ბრიგადაში, რომელიც განლაგებული იყო ქუთაისში, საღორიის ტყეში. აი, მაშინ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ჯარი  რთული სფეროა, მაგრამ ის მამაკაცს აძლევს თვითრეალიზაციის საუკეთესო შესაძლებლობებს და ახდენს მისი პიროვნების ფორმირებას. ჯარში მოხვედრამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, სამხედრო კარიერის საფეხურები ძალიან სწრაფად გავიარე.  

– და დაამყარეთ თქვენი რეკორდი, ძალიან ახალგაზრდას მოგენიჭათ პოლკოვნიკის ჩინი.

– ეს იყო იმ პერიოდის რეკორდი. ახლა ამ ასაკში პოლკოვნიკობა  იშვიათობა აღარ არის, ეს წოდება მომენიჭა უშიშროების სამინისტროში მუშაობის დროს,  ვადამდე 28 წლის ასაკში და უშაულოდ უკავშირდებოდა პანკისის ოპერაციას, რომელიც წარმატებით  დამთავრდა უშიშროების სამინისტროს სწორმა მუშაობის შედეგად. მე მაშინ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვხელმძღვანელობდი და ამ ოპერაციაში, ალბათ, ყველაზე მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი. მაგრამ – იქამდე საკმაოდ დიდი გზა მქონდა გავლილი თავდაცვის სამინისტროში, სადაც ვიცე-პოლკოვნიკის წოდებამდე მივედი.  ჩემი შეგნებული ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი შეიარაღებულ ჯარებში მაქვს გატარებული. შესაბამისად, ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. 

– თქვენ მაინც თეორეტიკოსი სამხედრო ხართ, ბევრი დიპლომით. ერთ ბრძოლაში მაინც მიგიღიათ მონაწილეობა, ერთხელ მაინც მჯდარხართ  სანგარში?

– მაშინ, როცა პირველი კონფლიქტი დაიწყო აფხაზეთში, მე სტუდენტი ვიყავი. როცა ცხინვალში გამწვავდა ვითარება, თავდაცვის სამინისტროში, ნატოს დეპარტამენტში ვმუშაობდი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ვიყავი პარლამენტის წევრი,  თუმცა, მე წავედი იმ ბიჭებთან, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან და ვისთან ერთადაც „გავიზარდე“ სამხედრო სტრუქტურაში. როდესაც საქართველომ დაიწყო ორიენტირება ნატოში ინტეგრაციაზე, ოფიცერთა შემადგენლობაში ძალიან ცოტა ადამიანი ფლობდა ინგლისურ ენას, ამიტომაც ხშირად მიწევდა სასწავლო კურსებსა და სემინარებზე წასვლა. ვსწავლობდი  გერმანიაში  მოკავშირეთა ძალების მთავარსარდლობის სკოლაში,   ამერიკაში სამხედრო-საზღვაო სკოლაში,  რომში  ნატოს თავდაცვის კოლეჯში, ჰოლანდიაში შტაბის ოფიცერთა უმაღლეს  სკოლაში და თურქეთში – „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ საწვრთნელ ცენტრში. ამ ყველაფერმა მომცა ძალიან კარგი, ზოგადი განათლება, რაც ძალიან  გამომადგა.    

– ამ ფრონტზე, სადაც ახლა იბრძვით, თქვენს სამ ვარსკვლავს არაფერი დაემატა?

– აქ ვარსკვლავებს არ არიგებენ, პოლიტიკაში ვარსკვლავების ნაცვლად ძალიან ბევრი ტალახი და ცილისწამებაა. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი  ჯარში, მაგრამ ახლა  ჩვენთან პოლიტიკური კონიუნქტურა ისეთია, რომ ჩემთვის თვითრეალიზაციის ასპარეზი ამ ეტაპზე  პოლიტიკაა, არ ვიცი, ხვალ როგორ იქნება, ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ტენდენცია შეიცვლება, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის რეალიზაცია ხდება პოლიტიკაში, საქმე მთლად კარგად არ არის. ჩემნაირ ადამიანს პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად უნდა აინტერესებდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მე სხვა გამოსავალი არ მქონდა დარჩენილი. ეს იყო ერთადერთი სფერო, სადაც ჩემი ინტერესები ჩემი ქვეყნის ინტერესთან იკვეთებოდა. ამას გარდა, აქ იყვნენ ჩემი უახლოესი მეგობრები, ვისთან ერთადაც გავიზარდე. ლევან ვეფხვაძე ჩემი სადარბაზოს გვერდით ცხოვრობს, გიორგი ახვლედიანი ერთი  ქუჩით დაბლა.  

– ქართული პოლიტიკა და მეგობრობა ერთად აქტუალური თემაა, რატომ?

– იმიტომ, რომ ქართველები ვართ და ამაში არაფერია ცუდი. მეგობრობა არის საძირკველი, დანარჩენი ყველაფერი  კი ზედნაშენია, ქართველი კაცისთვის ძმაკაცობა ყველაზე დიდი ღირებულებაა. მე ვერ წარმომიდგენია პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს კეთილშობილური მიზნები და არ ჰყავს ძმაკაცი. მე ვარ ქართველი და ეს განსაზღვრავს ჩემს მენტალიტეტს – ის გარემო, რომელშიც გავიზარდე. მე ვცხოვრობ აქ, ვცხოვრობ ქართული ადათ-წესებით და ისეთი კატეგორიები, როგორიცაა ეკლესია, ოჯახი სემეგობრო ჩემთვის ყველაზე ღირებულია.

– კარგი მეოჯახეობა გამოგდით?

– ვცდილობ, ყოველთვის კმაყოფილები არ არიან ჩემები ჩემი რეჟიმით, მაგრამ უძლებენ ჩემს „გავარდნას“ სახლიდან. ასეთები კი ამ ბოლო წლებში ძალიან ხშირია. ხან ჩემი სამსახურის გამო ვარ სადღაც, ხან ჩემი პირადი  გატაცებების გამო. ჩემი ჰობი, თუმცა ამას ჰობსაც ვეღარ დავარქმევ არის ნადირობა, თევზაობა, ჯომარდობა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ბუნებასთან.  ძალიან ვნანობ, რომ  ვერ მოვახერხე და სადმე, კარგ სოფელში ერთი პატარა სახლი ვერ შევიძინე. როგორც კი  ამის შესაძლებლობა მექნება, ეს უნდა გავაკეთო, სადღაც უნდა დავბინავდე, თბილისიდან, რაც შეიძლება, შორს და სასურველია, იქ მობილური ტელეფონიც არ იჭერდეს. ადგილი  თითქმის შერჩეული მაქვს, ვნახოთ, რა გამოვა.  მეგობრებთან ერთად სათევზაოდ  ვიყავი კახეთში.  თევზაობის შემდეგ  საქეიფოდ გადავინაცვლეთ მაღრანის საოცარად ლამაზ  ტყეში, სადაც ულამაზესი ადგილებია და უკვე, თურმე უცხოელებიც ყიდულობენ იქ მიწებს. მაღრანის უსიერი ტყე, სადაც მზის სხივი ვერ აღწევს და სადაც წყარო მოჩუხჩუხებს, ფანტასტიკური ადგილია  ჩემი ოცნებისთვის.

– კარგი მონადირე ხართ?

– ცუდი მონადირე არ ვარ, ათი სროლიდან შვიდი ჩემია. შემიძლია, საათობით ვიყო ჩასაფრებული  ცხოველის მოლოდინში, საათები კი არა დღეებიც გამიტარებია ნომერში,  თევზაობაც ასეთივე სისუსტეა ჩემთვის. ანკესითაც ვთევზაობ და  ბადითაც.

– ეჭვი მაქვს,  კიდევ ბევრი ეგზოტიკური ჰობი უნდა გქონდეთ. 

– მე ვარ სიგარების მანიაკი. სიგარებს ვყიდულობ ყველგან, სადაც კი მივდივარ, ვიწერ ინტერნეტით, გაწევრიანებული ვარ სიგარების მოყვარულთა უამრავ კლუბში, პატიოსნად ვიხდი საწევრო გადასახადს და ვარ ამ საქმის დიდი ფანი. ჩემს კოლექციაში არის სიგარები კუბიდან, ნიკარაგუიდან, ვენესუელიდან. სიგარები შენახული მაქვს ყველა წესის დაცვით. ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ ეკარება იმ  თაროებს, სადაც სიგარები  ინახება.  ძალიან მიყვარს ჭადრაკი. ყველამ იცის, რომ აზრი არ აქვს ჩემთან შერკინებას და   ჩემს წრეში ყველას ვუგებ. 

 – ამ მეთევზე კაცს ოქროს თევზი ჯერ არ შეგხვედრიათ?

 – ჯერ არა, მაგრამ  თუ შემხვდება  აუცილებლად ვთხოვ, პატარა სახლს ტყის და მდინარის პირას (იცინის).

– ასე უხდით წინაპრებს სამაგიეროს?

– ასე გამოდის (იცინის)... ამაში ჩემი პროფესიაც დამეხმარა. მე  ჩვეულებრივი ფილოლოგი არ ვარ, ფოლკლორისტი ვარ. ჩემი დისერტაციის თემა იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, რომელიც მთლიანად შემოვლილი მაქვს. ტყე-ღრე და მთა არის ჩემი სტიქია.  კომპანიონი ბევრი მყავს მეგობრებს შორის და დავდივართ ასე. როგორც კი ხატობების პერიოდი  იწყება, დავიხურავ ქუდს,  აბა, ბიჭებო, კარგად იყავით-მეთქი, ვამბობ და მივდივარ მთაში, სადაც თბილისურ ქუდს ხან სვანურ ქუდში „ვცვლი,“  ხან რაჭულში.  მაგრამ,   ყველა ეს ქუდი  ჩემი სამშობლოს ქუდია და მათ მორგებაში ვერც ერთი „თბილისური სიგელი“ ვერ შემიშლის ხელს...   

 

скачать dle 11.3