როგორ შეიწირავს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნების მცდელობა ქართულ ეკლესია-მონასტრებს
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი აპირებს დააყენოს ალბანური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი. მეტიც, დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს, რადგან მიაჩნია, რომ, ჯერ ერთი, ისტორიული უსამართლობა მოხდა მეფის რუსეთის მიერ ალბანური ეკლესიის გაუქმებით და, რაც მთავარია, ადამიანებს ძალით დაუკარგეს რწმენა, რაც, თურმე, მათ უფლებებს ლახავს. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ისტორიულ საინგილოში აზერბაიჯანის ხელისუფლება ეთნიკურ ქართველებს არათუ ქართული გვარების დაბრუნების უფლებას არ აძლევს, არამედ ქართული სახელების დარქმევისაც. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ტაძრებში არც წირვა-ლოცვის აღვლინების საშუალებაა და არც აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს აქვთ იქ სიარულის უფლება-საშუალება. ამის პარალელურად, ცნობილია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიც ალბანური კულტურის ძეგლად აქვთ გამოცხადებული. ზემოთქმულიც მოწმობს, რომ ალბანური ეკლესიის აღდგენის მცდელობას უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს, მათ შორის, განსაკუთრებით, ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში. საკითხის ანალიზში ვახტანგ რჩეულიშვილი დაგვეხმარება.
– სანამ ძირითად საკითხს შევეხებით, გადავხედოთ ალბანური ეკლესიის ისტორიას.
– ისტორიულად ჯერ კიდევ რომაელების პერიოდიდანაა ცნობილი სამხრეთ კავკასიაში სამი სახელმწიფო: ქართული, სომხური და ალბანური. საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო კავკასიის ალბანეთი და თითქმის ათასი წლის განმავლობაში არსებობდა, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნემდე და, ცხადია, საქართველოსთან ძალიან მჭიდრო კავშირში იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, რომაელების ცნობით, მათ შეეძლოთ, გამოეყვანათ 80 000-მდე მეომარი, უფრო მეტიც, ვიდრე იბერებსო, მაგრამ განვითარების დონით იბერია მაინც წინ უსწრებდა. ალბანეთიც დაახლოებით იმავე პერიოდში გაქრისტიანდა, როდესაც საქართველო და სომხეთი. კავკასიური სახელმწიფოების წარმოშობა იმპერიების კონტექსტში უნდა განვიხილოთ: ერთი მხრივ, ირანის და, მეორე მხრივ, რომაულ-ბიზანტიური იმპერიების პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით. კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია, სახელმწიფოები კი ტყუილუბრალოდ არ იქმნებიან. სახელმწიფო რომ შეიქმნას, მას უნდა ჰქონდეს სამხედრო-პოლიტიკური ფუნქცია. მხოლოდ თავის თავს კი არა, სხვასაც უნდა სჭირდებოდეს. აღმოსავლური ცივილიზაციისთვის, შემდეგ კი დასავლურისთვისაც ეს იყო მოსაზღვრე რეგიონი, საიდანაც კავკასიის მთებით იყო დაცული იმპერიის საზღვრები. შესაბამისად, ჩვენ და ალბანელებს დარიალისა და დერბენდის გადაკეტვის ფუნქცია გვქონდა. თუმცა ალბანელები ერთ ერად ვერ ჩამოყალიბდა ქართველებისგან განსხვავებით. იქ უფრო ფედერაცია იყო, რადგან ბევრი ტომი სახლობდა და ერთ-ერთი ტომის სახელწოდება იყო ალბანელები. სხვათა შორის, მათი დედაქალაქი ერთ დროს თბილისზე დიდი ქალაქი იყო. ქართველებსა და ალბანელებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. სახელები: ბაკური, ვაჩე ალბანელების მეფეების სახელებია. ალბანელების ნაწილი ჩვენი წესით გაქრისტიანდა და ნაწილი კი სომხური ეკლესიის პოზიციებზე დარჩა და ამან დაღუპა ალბანეთის სახელმწიფოებრიობა, სხვათა შორის, სომხეთისაც, მათ არ ჰყავდათ პარტნიორი ერთმორწმუნე ხალხი. საქართველომ იმიტომაც შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა ამდენი საუკუნის განმავლობაში, რომ ყოველთვის ჰყავდა მოკავშირედ ქრისტიანული სამყარო აღმოსავლური მართლმადიდებლური ქრისტიანობის სახით. მომავალში, მართალია, სომხურმა ეკლესიამ შეიძინა პარტნიორი რუსეთის სახით, მაგრამ ალბანური ეკლესია გაიწირა.
– სამოციქულო ეკლესია იყო?
– როგორ, არა. ალბანური ეკლესიის დამფუძნებლად მიიჩნეოდნენ წმიდა ბართლომე და თადეოსის მოსწავლე წმიდა ელისე. აზერბაიჯანელები აცხადებენ, რომ ელისეს მიერ დაარსებული პირველი ეკლესია აშენებული იყო ალბანელების მიერ, ჰყავდათ თავიანთი კათალიკოსი. აზერბაიჯანელების წინაპრებიც შედიოდნენ ამ ალბანეთის ფედერაციაში და დერბენდის გაკონტროლება იყო იმ სახელმწიფოს ფუნქცია. ერთი პერიოდის განმავლობაში ჩვენი, სომხური და ალბანური ეკლესიები ერთ პოზიციაზე იყო. საერთოდ, საეკლესიო დავა არის პოლიტიკური დავის წმინდა წყლის გამოხატულება. ეს ის პერიოდია, როდესაც ირანს ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდა და მას ებრძოდნენ იბერიის მეფეც, ალბანელთა მეფეც და სომხებიც, მაგრამ ეს მათი დამარცხებით დამთავრდა მეხუთე საუკუნის ბოლოს. ამის შემდეგ ირანი ეწინააღმდეგებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბიზანტიის გავლენას. ზეწოლას ვერ გაუძლეს სომხეთმა და ალბანეთმა, ჩვენ კი გავუძელით და ავიღეთ ორიენტაცია ბიზანტიაზე. გავეყავით სომხურ ეკლესიას, რომელიც მონოფიზიტურ პოზიციაზე დარჩა. ალბანურმა ეკლესიამაც, ასევე, მონოფიზიტური პოზიცია არჩია და ამან დაღუპა ალბანეთი. სომხეთი ვეღარ ეხმარებოდა, იმიტომ რომ სუსტი იყო, პირიქით იქით დაუწყეს ჭამა და თავიანთ რწმენაზე გადაიყვანეს.
– ესე იგი, სომხეთი და ალბანეთი ერთ ბანაკში დარჩნენ, ჩვენ კი იმდროინდელი დასავლეთის ბანაკში გადავბარგდით?
– ოღონდ არც ასე მარტივად იყო საქმე. ალბანეთი უკვე ძალიან სუსტი იყო, თუმცა შუა საუკუნეებში, დავითის დროს, დავითის სამეფოში მოხდა მისი აღორძინება. ალბანეთის ეკლესიის დიდი ნაწილი მართლმადიდებლურზე გადავიდა და ქართულს შეუერთდა, ეკლესიის მეორე ნაწილი კი – სომხურს. ჩვენ გვიყვარს განსხვავებების მოძებნა ხალხებს შორის, თორემ, მაგალითად, ახლახან ჩაატარეს ინგლისში ცნობილი გამოკვლევა. მოგეხსენებათ, ირლანდიელები თავიანთ თავს კელტების შთამომავლებად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი ყველას ერთი სისხლი აღმოაჩნდა, იმდენი აღრევა მოხდა ისტორიის განმავლობაში. გენეტიკურად გარჩევა უკვე რთულია, ჩვენ გვასხვავებს მხოლოდ ისტორია.
– და იდენტობა, ვინ გვგონია საკუთარი თავი.
– რა თქმა უნდა. მხოლოდ წარსულში ყურება და იმის კვლევა, ვისი წინაპარი დასახლდა პირველი ამ ადგილზე, ვერაფერს ამტკიცებს, მხოლოდ მტრობას იწვევს. როგორც ჩვენ და აფხაზებს დაგვემართა. ვდავობთ იმაზე, ცხოვრობდნენ თუ არა ისინი იმ მიწაზე. ვთქვათ, შემდეგ დასახლდნენ, ამიტომ არ ეკუთვნით ის მიწა? ამერიკელები ორასი წლის წინათ ჩასახლდნენ ამერკიაში, მაგრამ არ ეკუთვნით ის მიწა?! ინდიელებმა რომ გამოუცხადონ, ჩამოთრეულებოო, ვინმე წავა იქიდან?!
უნდა ვიცოდეთ, რომ აფხაზები არიან ქართველების სახელმწიფოებრიობის ნაწილი და მათ არავინ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულად, რადგან მცირე სახელმწიფოების შექმნა არის მრავალი დიდი სახელმწიფოს შეთანხმების შედეგი. თუ მრავალი შეთანხმდება, რომ იყოს მონაკო, მონაკო იქნება; თუ გერმანიას უნდა და საფრანგეთი ამის წინააღმდეგია, მონაკო არ იქნება. მხოლოდ კონსენსუსის შედეგადაა შესაძლებელი ბუნებრივი კანონის გადაწერა. ბუნებრივი კანონი კი რა არის? სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი პოტენციალი, ადამიანური თუ ბუნებრივი რესურსები, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ეს პოტენციალი არის მინიმუმ 2-3 მილიონი ადამიანი, მაგრამ გამონაკლისი იქნება, როდესაც კონსენსუსია. თუ კონსენსუსი არ არის, დანარჩენი დროის ფუჭი ხარჯვაა, რასაც დღეს აფხაზები აკეთებენ.
– მე ჩემი პეიზაჟი მაქვს: თუ ალბანეთის ეკლესია აღადგინეს, დავით გარეჯის კუთვნილების საქმე როგორ იქნება?
– დავით გარეჯი მონაწილეობას იღებს ამაში, მაგრამ მთავარი სხვა რამაა: აზერბაიჯანმა სომხეთთან მიდავების ძალიან დიდი შესაძლებლობა დაინახა. გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში ალბანეთის დამოუკიდებელი ეკლესია მიტროპოლიად შევიდა სომხურ ეკლესიაში. მაგრამ შემდეგ, რადგანაც სომხურად დაიწყო წირვა-ლოცვა, ნელ-ნელა მენტალობაც გადავიდა სომხურზე. დღევანდელი ყარაბაღელები ალბანელების გენეტიკური ნათესავები არიან და არა არმენები, თუმცა თავიანთ თავს სომხებად მიიჩნევენ. აზერბაიჯანელები კი ამტკიცებენ, რომ ყარაბაღელები ავტოქტონური ხალხია, მაგრამ შეუერთდნენ სომხეთის ეკლესიას და გახდნენ სომხები. ერთი სიტყვით, ნიკოლოზ პირველმა მეცხრამეტე საუკუნეში ალბანეთის ეკლესიას გაუუქმა საკათალიკოსო და შეუერთა სომხურ ეკლესიას სომეხთა თხოვნით. სომხებს უნდოდათ ამ პროცესის დასრულება.
– ალბანელების გასომხების?
– დიახ. მაგრამ უდინები არ დაემორჩილნენ მეფის ამ გადაწყვეტილებას, გამოვიდნენ თავიანთი ტაძრებიდან და შექმნეს უდინების ალბანური ეკლესია, და თავიანთ სახლებში ლოცულობდნენ. 1836 წელს, როდესაც საკათალიკოსო გაუუქმეს, ეჩმიაძინში გადავიდა ალბანეთის ეკლესიის მთელი დოკუმენტაცია.
– ანუ აღარ არსებობს.
– როგორც ითქვა, დაწვეს. მაგრამ 1997 წელს სინას მთაზე აღმოჩნდა ალბანურ ენაზე დაწერილი ბიბლიის ნაწილები, რაც მოწმობს, რომ ეს უძველესი ეკლესია იყო. ერთი სიტყვით, არსებობდა ასეთი სახელმწიფო ალბანეთი, ჰქონდა თავისი ეკლესია, შემდგომში დაემორჩილა ეჩმიაძინის ტახტს რუსეთის იმპერატორის ნებით. ეჩმიაძინმა კი მეფის რუსეთის მეშვეობით გააუქმა ალბანელების ეკლესია. სომხეთი, რადგანაც სახელმწიფოებრივად სუსტი იყო და მეათე საუკუნიდან აღარ ჰქონია სახელმწიფოებრიობა, უკავშირდებოდა იმპერიების ადმინისტრაციებს და მათი ხელით წყვეტდა საკუთარ პრობლემებს. თავის დროზე ირანთანაც თანამშრომლობდა და ახლა რუსებთანაც თანამშრომლობს. რუსეთის იმპერატორისთვის სულერთი იყო, მართლმადიდებლად ეწერებოდა ვინმე თუ მონოფიზიტად, მისთვის მთავარი იყო, სომხები გამოეყენებინა იარაღად თავისი პოლიტიკის გასატარებლად. განსხვავება სომხურ და ქართულ პოლიტიკას შორის ის არის, რომ ქართველი მოკავშირეს შორს ეძებდა, რომ ის ნაკლებად ჩარეულიყო ჩვენს სახელმწიფო საქმეებში. ამიტომ ირანთან კავშირს ყოველთვის ერჩივნა ბერძნებთან კავშირი. დღესაც რუსებთან კავშირს ურჩევნია ამერიკელებთან კავშირი, სანამ ამერიკის სენატი განიხილავს საქართველოში კორუფციის საკითხს, ვირი ხეზე ავა. მფარველის გარეშე კი ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იარსებებს. დიდი სახელმწიფოებიც კი იძულებული არიან, ერთმანეთს გაუწიონ ანგარიში, მაგრამ სომხები ყოველთვის ემორჩილებოდნენ მეზობლებს.
– სომხური ლოგიკა აღმოჩნდა უფრო შედეგიანი თუ ქართული?
– ჩვენი, სომხებმა ვერ შეინარჩუნეს თავიანთი სახელმწიფოებრიობა.
– მაგრამ ყოველთვის ატარებდნენ საკუთარ ინტერესებს?
– რუსებმა მისცეს მათ თავიანთი ინტერესების გატარების შესაძლებლობა და ჯერ კიდევ ნიკოლოზიდან დაწყებული განიხილებოდა ქართულ-სომხური ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფოს დაფუძნება საქართველოში და მეფე ერეკლესთან ჩამოვიდნენ კიდეც ამ მიზნით სომეხი ვაჭრები. თუ ვინმესთან გვინდა სომხების შედარება, ისინი ებრაელებს უნდა შევადაროთ. ორივე დიასპორული ერია. მათ დიდი ისტორია აქვთ, ოღონდ ებრაელების სახელმწიფოებრიობას ორიათასწლიანი წყვეტა ჰქონდა, სომხებისას – ათასწლიანი. ჩვენ, ავად თუ კარგად, ავტონომიური სახელმწიფო ყოველთვის გვქონდა, სანამ რუსეთმა არ გაგვიუქმა. ეროვნული ხასიათის სხვაობას განაპირობებს ის პირობები, რომელშიც ცხოვრობ. სომხები, რადგან არ ჰქონდათ ეროვნული სახელმწიფო, იძულებული იყვნენ, ეცხოვრათ დიასპორულად სხვა სახელმწიფოებში. დიასპორული აზროვნება კი რას გვეუბნება? ჯერ ერთი, არ უნდა შეერიო სხვას, რადგან არ გაქვს სახელმწიფო; მეორე, შენ არ გჭირდება ჯარი, ძალოვანი სტურქტურები, გჭირდება მხოლოდ ენის და კულტურის შენაჩრუნება მომავალი თაობებისთვის, რომლებიც დაიბრუნებენ თავიანთ მიწას. მესამე, უმცირესობის წარმომადგენელმა რომ წარმატებას მიაღწიოს, ორჯერ და სამჯერ მეტი უნდა იშრომოს, ვიდრე ადგილობრივმა. ამიტომაც განუვითარდათ შრომისმოყვარეობა ებრაელებსა და სომხებს. ის ფუნქცია, რაც ებრაელებმა აიღეს მსოფლიოში, სომხებმა აიღეს კავკასიაში.
– აღმოჩენილია დოკუმენტი, რის მიხედვითაც სომეხ ვაჭრებს მეთხუთმეტე თუ მეთექვსმეტე საუკუნეში ჩამოწერილი ჰქონდათ მთელ მსოფლიოში სხვადასხვა საქონლის ფასები.
– აი, რა თვისება აქვს კიდევ დიასპორას: სომეხ ვაჭარს თბილისში რომ მისცემდი ფულს, ანანოვებს შეიძლებოდა, მოეცათ ინდოეთში. ფაქტობრივად, ეს არის პირველი ბანკი. მაგალითად, თითოეული ებრაელი წელიწადში სამჯერ უნდა ჩასულიყო სალოცავად და ნახევარი შეკელი შეეწირა, ყველა ვერ ჩადიოდა, მაგრამ ფულს გზავნიდა. მივიდოდა მცხეთელი ელიოზის სახლში, გადაიხდიდა ნახევარ შეკელს და იმ მცხეთელი ელიოზის ძმა, რომელიც ცხოვრობდა იერუსალიმში, მიიტანდა ტაძარში იმ ნახევარ შეკელს და ამაში თავის პროცენტს აიღებდა. ამ ერებმა ვაჭრობა გამოიმუშავეს იმიტომ, რომ გადარჩენილიყვნენ, მაგრამ, როგორც კი დასჭირდათ, მაშინვე, ერთ თაობაში, აღიდგინეს მებრძოლი თვისებები: სომხებმაც და ებრაელებმაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული გადარჩენისთვის, რაც სასარგებლოა, ისე ყალიბდება ერის მენტალიტეტი.
– შეძლებს აზერბაიჯანი ალბანეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას?
– რა თქმა უნდა.
– ასე ადვილია?!
– გამოაცხადებს ეკლესიას, თუ იტყვის, რომ არის დამოუკიდებელი მონოფიზიტური ეკლესია და აღიარებას არავისგან დაელოდება, თუ მართლმადიდებლური ავტოკეფალიის გამოცხადება მოუნდა, ეს ურთულესი პროცესია.
– საიდან მოიყვანს მრევლს?
– უდინები დარჩნენ და დღემდე შეინარჩუნეს რამდენიმე ერთობა. მათ ექნებათ თავისი პატარა ქრისტიანული ეკლესია, ის არ იქნება ძლიერი, მაგარმ აზერბაიჯანისთვის ესეც ხელსაყრელია: იტყვის, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყველა ტაძარი არის ალბანური. რასაკვირველია, ნაწილობრივ ეს ჩვენც შეგვეხება და გარეჯზე იმოქმედებს. თუმცა ნამდვილი მიზეზი ყარაბაღია.
– რა გამოდის, აზერბაიჯანმა რომ თავისი ინტერესები გაატაროს, ჩვენ უნდა დავკარგოთ დავით გარეჯი?
– ჩვენ არ დავკარგავთ. ახლა ჩვენ და აზერბაიჯანი პოლიტიკური მოკავშირეები ვართ და ერთმანეთს ვჭირდებით, ამიტომ ამის გამო ომს არ დავიწყებთ. გარდა ამისა, სანამ კათოლიკოს-პატრიარქი გვყავს, ის არც ერთ გოჯს არ დათმობს. ეკლესიის საქმეც ის არის, როდესაც ერს სჭირდება, დაიცვას. ეს საკითხიც გადავადდება იმ დრომდე, სანამ ყარაბაღის პრობლემა არ მოგვარდება, ის კი არავინ იცის, როდის მოგვარდება. ვერ გამოვრიცხავ, რომ დავით გარეჯში ალბანელი სასულიერო პირები არ იყვნენ თავის დროზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის წმიდა ქართული ძეგლი. ისევე, როგორც აფხაზეთში, რაც უნდა გვიმტკიცონ, რომ დავითის სამეფო იყო აფხაზურ-ქართული სამეფო, რაკი სამეფო განისაზღვრება იმით, რომელი ერის კულტურის გავლენაა, დავითის სამეფო ქართული იყო, იმიტომ რომ კულტურა იყო ქართული. აზერბაიჯანი ჭკვიანურად იყენებს ამ საკითხს და უნდა, რომ შექმნას თავისი ისტორიული არგუმენტები.