კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი იყო ქართველი მეფეების კვების რაციონი და რატომ იყო საქართველოსთვის ჩვეულებრივი ის, რაც ევროპაში ფუფუნებად მიიჩნეოდა

მართალია, დემოკრატია, როგორც სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, საქართველოში ისტორიულად არ არსებობდა, თუმცა, ამის მიუხედავადაც, ქართველ მონარქს (როდესაც სახელმწიფო სახელმწიფოს ჰგავდა) არასდროს უსარგებლია საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლებით. რით ხასიათდებოდა ქართველი  მეფეების ყოფა-ცხოვრება, რამდენად განსხვავდებოდა უმაღლესი იერარქის, დიდებულებისა და გლეხების მდგომარეობა და პირობები, რა ვალდებულებები ჰქონდათ მათ ერთმანეთისა და ქვეყნის წინაშე, ამ ისტორიულ, მაგრამ აქტუალურ საკითხს ჯაბა სამუშია განგვიმარტავს.

 

– ჩვენი მეფეების სასახლეების თემა საკმაოდ ბუნდოვანია. რაკი არ შემორჩენილა, შეგვიძლია, მართლაც ვივარაუდოთ, რომ ისინი არამყარად იყო ნაშენი?

– ის, რომ დღემდე არ არის შემონახული, არ ნიშნავს, რომ ქართველ მეფეებს სასახლეები არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ჰქონდათ და საკმაოდ შთამბეჭდავიც. სასახლეების ნაშთები ჩვენს დრომდეცაა შემონახული, ოღონდ ნანგრევების სახით. ისინი მტრებთან ბრძოლებს შეეწირა, რადგან უპირველეს დარტყმას, როდესაც თბილისსა და ქუთაისში შემოდიოდა, მტერი მეფის სასახლეს აყენებდა. განსაკუთრებით, აღა მაჰმად-ხანის ლაშქრობის შემდეგ განადგურდა ერეკლე მეფისა თუ მანამდე არსებული როსტომ მეფის სასახლეები. ამის გამო გიორგი მეთორმეტე, ერეკლეს შვილი, იძულებული გახდა, თბილისში არა მამისეულ სასახლეში ეცხოვრა, არამედ დაქირავებულ სახლში. რაც შეეხება ძველ მეფეებს: ვიცით, რომ არსებობდა საკმაოდ დიდი და მდიდრულად მოწყობილი სასახლე – ისნის პალატები, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი მეტეხის ეკლესიის პლატოზე. თვითონ ეს ნანგრევები, მოგვიანებით, მეტეხის ციხემ შეიწირა.

– შეიწირა, ანუ ციხე აშენდა?

– დიახ და, აქედან გამომდინარე, ის აღარ არსებობდა. ისნის პალატები ძალიან ძველი სასახლეა: დავით აღმაშენებელი, როდესაც ტახტი თბილისში გადმოაქვს, სწორედ ისნის პალატებში ცხოვრობს. თამარ მეფეც ისნის სასახლეში ცხოვრობდა. შემდგომ პერიოდში, როდესაც მეტეხის მიდამოების რეკონსტრუქცია ჩატარდა, მთა მოიჭრა და ასასვლელები გაკეთდა, ამან მართლაც შეიწირა სასახლის ნაშთები.

– აღწერს მემატიანე, როგორ იყო მოწყობილი დავითისა და თამარის სასახლე?

– რა თქმა უნდა. აღწერილია, რომ იყო დიდი პალატები და მოხატული დარბაზები. ჩვენ გვაქვს ცნობა და ზოგიერთ წყაროში პირდაპირაა მითითებული, რომ დარბაზები მოხატული იყო დიდი ბრძოლების სცენებით. ხშირად გამიგონია, რომ ჩვენი სასახლეები პატარა იყო, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან დიდი არ ყოფილა, მაგრამ ის დასავლეთ ევროპული სასახლეები, რომლებსაც ვადარებთ, უფრო გვიანი შუა საუკუნეების პერიოდს ეკუთვნის, როდესაც ფუფუნება სხვა გაგებით შემოვიდა. თუმცა მეთორმეტე-მეცამეტე სუკუნეების ევროპელი მეფეების სასახლეები დიდი არ ყოფილა.

რაც შეეხება ისნის პალატებს: ვიცით, რომ იყო დიდი დარბაზი, სადაც მეფე სტუმრებს იღებდა; სასადილო ოთახი, მოსასვენებელი ოთახები და მეფის კაბინეტი. იმ აღწერილობით, რომელიც გვაქვს „ხელმწიფის კარის გარიგებაში“, წარმოდგენა გვექმნება სასახლის მასშტაბებზე. მთელ იმ კომპლექსს, სადაც მეფე ცხოვრობდა, ჰქვია „მეფის საწოლი“, რომელშიც არის მეფის კაბინეტი, ჰიგიენის ოთახი და ცალკე უჯრედი დაცვისთვის, იმიტომ რომ მეფეს 24 საათის განმავლობაში იცავდნენ და, ბუნებრივია, მეფის პირადი თანაშემწის, მესაწოლე ბერის გარდა, რომელიც მეფესთან ახლოს იყო, დაცვის სისტემაც იყო გათვალისწინებული. მაგალითად, განვიხილოთ გეგუთის სასახლე. ის არ იყო კლასიკური გაგებით სასახლე, მაინც სანადირო სახლს წარმოადგენდა, თუმცა თამარის პერიოდში ის სასახლედ გვევლინება და საკმაოდ დიდი მასშტაბების ნაგებობაა. არის ცალკე სამზარეულო ოთახი, სადაც მზადდებოდა კერძები; დიდი დარბაზი, კამაროვანი, სადაც იდგა ტახტი; დიდი დარბაზი, სადაც სუფრა იშლებოდა და მათ გვერდით ოთახები, რომლებშიც მეფე ისვენებდა და ცალკე შესასვლელები ჰქონდა. ასევე, ოთახები, რომლებსაც ჰიგიენის დანიშნულება ჰქონდა. ერთ-ერთში მოწყობილი იყო აბაზანა, სადაც მეფე აბაზანას იღებდა. ეს, რაც შეეხება გეგუთის სასახლეს.

 დანგრეული სახითაა შემორჩენილი ქუთაისის სასახლე, სადაც ერთიანი საქართველოს მეფეებიც, დავით აღმაშენებლისა და თამარის ჩათვლით, ცხოვრობდნენ. ის მდებარეობს ბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთ სექტორში და, როგორც გითხარით, მისი ნაშთი დღემდეა შემორჩენილი. შედგება რამდენიმე კომპლექსისგან. უნდა ვიგულისხმოთ, რომ დაახლოებით მსგავსი სასახლე იყო თბილისშიც. პირველ სართულზე არის სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები: მარანი, სხვადასხვა პროდუქციის შესანახი; მეფის დარბაზი;  მეფის მოსასვენებელი ოთახები; ცალკეა აბანო და აუცილებლად ეკლესია. ეს კომპლექსი შემოსაზღვრულია დიდი გალავნით და პირდაპირ ეკვრის ბაგრატის ტაძარს. იმ პერიოდისთვის ეს ერთიანი კომპლექსი იყო. ასე რომ, მასშტაბის თვალსაზრისით არ არის ხელწამოსაკრავი, მაგრამ არც იმდენად დიდი, როგორიც ბიზანტიის იმპერატორის სასახლეები იყო.

– ბიზანტია უზარმაზარი იმპერია იყო.

– რა თქმა უნდა, ბიზანტია გაცილებით დიდი მასშტაბის სახელმწიფო იყო, მაგრამ, თუ იმავე პერიოდის დასავლეთევროპელი მონარქების სასახლეებს შევადარებთ, იმავე ზომისაა გეგუთის კომპლექსი, თუმცა ზოგიერთი ევროპელი მონარქი გაცილებით ნაკლები ფართობის სასახლეში ცხოვრობდა. ასე რომ, სტერეოტიპია, თითქოს პატარა სასახლეები გვქონდა.

– რას მიირთმევდნენ ჩვენი მონარქები?

– იმ პერიოდისთვის დომინირებს ფხალეულობა, ხორცისა და რძის პროდქტები. ის, რაც ტრადიციულია ჩვენი სამზარეულოსთვის. ერთადერთი, რითაც განსხვავდებოდა ქართველი მეფეების რაციონი დასავლეთ ევროპის მეფეების რაციონისგან, არის ის, რომ სუნელებიანი საკვები იყო მეტი. ჩვენგან განსხვავებით, ევროპაში სუნელებს თითქმის ოქროს ფასი ჰქონდა და ის, რაც ფუფუნება იყო ევროპისთვის, საქართველოსთვის ჩვეულებრივ რამეს წარმოადგენდა. ერთი სიტყვით, კვების რაციონი მდიდარი იყო, მაგრამ ხორცი დომინირებდა.

– რომელი ხორცი?

– ასე არ იყოფოდა. მეფეს ჰყავდა მონადირეების საკმაოდ დიდი არმია და, მაგალითად, შობის დღესასწაულზე, ხსნილზე, მონადირეთუხუცესი და მონადირეები მეფეს გარეული ტახის თავს მიართმევდნენ ხოლმე და პურობა მათი თანდასწრებით იმართებოდა, რადგან სწორედ ისინი იყვნენ ამ პურობის შემოქმედები. გარდა ამისა, მეფეს თავისი მეურნეობაც ჰქონდა. მეფეები, ასევე, მიირთმევდნენ ოსპის შეჭამანდს, რომელსაც დღეს ნაკლებად მივირთმევთ ქართველები, თუმცა მაშინ საკმაოდ პოპულარული კერძი იყო.

– თუა ცნობილი, რომელს რა კერძი უყვარდა გამორჩეულად?

– ასეთი დაწვრილებითი ცნობები ნაკლებადაა, მაგრამ გვაქვს უფრო გვიანი პერიოდის აღწერილობები. მაგალითად, გიორგი მეთორმეტემ, რომელსაც ძალიან უყვარდა პურობა, იცოდა, კახეთის რომელი სოფლის მიერ გამომცხვარი პური უნდა მიერთმია. მას, მართალია, ზაქიჭამიას უწოდებდნენ, თუმცა მისი მრავალი თანამედროვე აღნიშნავს, რომ ის დიდი მჭამელი სულაც არ ყოფილა, მას უბრალოდ დიდხანს პურობა უყვარდა. მაგალითად, როდესაც მწვადს შემოიტანდნენ, დიდ შოთს ადებდა ამ მწვადს და მისი ოხშივრით ჟღინთავდა, რაც პურსაც სძენდა გემოს და მწვადიც ინარჩუნებდა სითბოსა და არომატს. გეგუთის სასახლეში შემორჩენილია საკმაოდ დიდი ბუხარი, სადაც ერთი ხარი შეიძლება, წამოაგო და, როგორც ჩანს, მართლაც ასე აკეთბდნენ. ერთ დიდ ცხოველს წამოაგებდნენ შამფურზე და ნელ ცეცხლზე წვავდნენ. ასე რომ, მეფეების რაციონი საკმაოდ მდიდრული იყო.

– იმავე პერიოდში როგორი იყო გლეხების რაციონი და ცხოვრების პირობები?

– თავისთავად გლეხების სოციალური მდგომარეობა განსხვავებული იყო.

– რა თქმა უნდა, ამ კითხვას ვსვამ ეპოქის კონტექსტში, საზოგადოება იყოფოდა და ეს მიიჩნეოდა ჩვეულებრივ მოვლენად. ამიტომაცაა ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესო.

– გლეხი მაინც პირობითი ცნებაა, ასე ვთქვათ, დაბალი სოციალური ფენა იყოფოდა სამ ნაწილად. მსახურეული გლეხის მოვალეობა იყო ბატონის მსახურება. მაგალითად, ნადირობაზე, ომში თანხლება. ყველა გლეხი ომში არ იბრძოდა, მსახურეულები გამორჩეული ადამიანები იყვნენ, თუმცა გლეხური წარმოშობის. ეს ერთგვარად გარდამავალი საფეხური იყო აზნაურსა და გლეხს შორის და მსახურეულს შეიძლება, ჰყოლოდა ყმებიც. ის იყო მებრძოლი, მონადირე.

– ძველ საქართველოში ნადირობა, როგორც ვიცი, სამხედრო სწავლების ფუნქციას ასრულებდა?

– დიახ და მსახურეულის მოვალეობას შეადგენდა მგზავრობა დიდებულებთან ერთად. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ინტელექტით, შეხედულებით, ვაჟკაცობით, მაგრამ წარმოშობით გლეხები იყვნენ. ისინი გაცილებით უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ ფლობდნენ ყმებს.

– ანაზღაურებას იღებდნენ ომში ხლების გამო?

– ანაზღაურებას ძველ საქართველოში სამხედროთა მხოლოდ და მხოლოდ  გარკვეული  კატეგორია იღებდა: როქის სპა, იმისთვის, რომ ისინი 24 საათის განმავლობაში იყვნენ სახელმწიფოს სამსახურში. დანარჩენები ომში მიდიოდნენ გაწვევის პრინციპით და ამ პრინციპით მიდიოდა ომში მსახურეულთა ფენაც. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო: მსახურეულები საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან ფენას წარმოადგენდნენ. მისი ხელფასი იყო, როდესაც მიწას ან ყმას აჩუქებდნენ. ამით მას ექმნებოდა ისეთი პირობები, რომლებიც შემოსავლებს იძლეოდა და სწორედ ის შემოსავალი იყო ხელფასი. ასე რომ, ეს ფენა კარგად ცხოვრობდა.

მეორე ფენა იყო თავისუფალი გლეხები. მათ ჰქონდათ გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ პიროვნული თავისუფლება გააჩნდათ, რაც აძლევდა საშუალებას, გადაადგილებულიყვნენ და სხვა საქმესაც მოჰკიდებოდნენ. მესამე ფენა იყო ყმა გლეხები. მათი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც მემატიანე დიდი სითამამით წერს: თამარის ეპოქაში გლეხი აზნაურივით იცვამდაო, რაც იმას ნიშნავს, იმდენად კარგი პირობები ჰქონდათ, რომ აზნაურივით ცხოვრობდა ყმა გლეხი. ანუ, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის გზას დაადგა, ეს პირდაპირ აისახა გლეხების ცხოვრებაზეც. არავინ ამბობს, რომ გლეხს არ ჰქონდა ცუდი პირობები და ეს ბუნებრივიცაა.  მაგრამ საქართველოში მოქმედებდა ჩვეულებითი სამართალი და საკმაოდ მძიმედ სჯიდნენ მოძალადე ბატონს, განსხვავებით, რუსეთისგან. ისე არ იყო, რომ ბატონს სრული უფლებები ჰქონდა. თუ ბატონი ძალას მიიტანდა რომელიმე გლეხის ოჯახზე, სამართალი მის დასჯას ითვალისწინებდა. ეს ის პერიოდია, როდესაც დავით აღმაშენებელმა სამართლიანი სახელმწიფოს შესაქმნელად გადადგა ნაბიჯები. მან შექმნა სააჯო კარი იმისთვის, რომ  სამართლიანი სახელმწიფო აეშენებინა და ძალადობა არ ყოფილიყო. სააჯო კარი ჭყონდიდელს ჩააბარა და იქ ყოველ ორშაბათს განიხილებოდა ხოლმე საქმეები. ხალხი იგზავნებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები გამოტანილიყო. შემთხვევითი არ არის, რომ თამარის პერიოდში გაუქმდა სიკვდილით დასჯა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისევე, როგორც თამარის პერიოდში ბიუჯეტის მეხუთედი გაიცემოდა, დღევანდელი ტერმინოლოგიით, სოციალურად დაუცველებისთვის. ესენი იყვნენ ობლები, მათხოვრები, ხეიბრები. მემატიანე აღნიშნავს, რომ დავითი დადიოდა საავადმყოფოებში და დაჭრილებსა და ავადმყოფებს საკუთარი ხელით უსინჯავდა ქვეშაგებელს, ამოწმებდა საკვებს.

– სახელმწიფო აფინანსებდა საავადმყოფოებს?

– რა თქმა უნდა.

– ევროპაში იყო იმ პერიოდში სახელმწიფო საავადმყოფოები? 

– იყო, მაგრამ არა ასეთი მასშტაბის. ბიუჯეტის მეხუთედი მიდიოდა გაჭირვებულთა დასახმარებლად; ძალადობის აღმოსაფხვრელად იქმნებოდა უამრავი ბარიერი. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს იმ პერიოდის ადამიანი? ხარ დიდებული, რომელსაც ყველანაირი ძალაუფლება გაქვს. ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ თავს იზღუდავ და ამას სახელმწიფო ედგა საფუძვლად. სახელმწიფო პოლიტიკა იყო ძალადობის აღმოფხვრა და სამართლიანობის დამკვიდრება. იგივე მიზანი ჰქონდა გიორგი ბრწყინვალის „ძეგლისდებას“. სახელმწიფო ყოველთვის იყო გარკვეული გარანტი იმისა, რომ სამართლიანობა დაეცვა. ძალადობისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ის, რაც რუსეთში ხდებოდა, პირველი ღამის უფლება და ასე შემდეგ, საქართველოში არ ყოფილა.

– თუმცა იყო შემთხვევები?

– ეს რუსეთის მიერ იყო შემოტანილი, რადგან ჩვენთან მართლმადიდებლური ღირებულებები მკაცრად იყო დაცული და, თუ ვიღაცამ რაღაც უკეთური ჩაიდინა, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოში ასე იყო მიღებული.

– ძალიან გამაოცა, როდესაც გავიგე, რომ ძველად საქართველოში ქურდი უფრო მკაცრად ისჯებოდა, თუკი ცოლ-ქმრის, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, საძინებელში შეიპარებოდა, რადგან ეს ოჯახის შეურაცხყოფად ფასდებოდა.

– ძალიან ბევრი ნიუანსი იყო ამ თვალსაზრისით დაცული. საკმაოდ მკაცრი იყო სამართალი, როდესაც საქმე ეხებოდა ადამიანის პირად და ოჯახის ღირსებას. ასეთ შემთხვევებში სამართალი საკმაოდ მკაცრი იყო დიდებულის მიმართაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ერთეული შემთხვევები ძალადობის, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოს პოლიტიკა. თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანა ინგრევა, საკმაოდ მძიმე პირობებია. ამ დროს, ბუნებრივია, მოსახლეობა საკმაოდ მძიმე ვითარებაშია.

– მაგრამ, საერთო ჯამში, ჰუმანური სახელმწიფოს მოდელი გვქონდა.

– რა თქმა უნდა. ეს არ იყო დესპოტია. თამარის ეპოქაში ყველა შესაძლებლობა არსებობდა საიმისოდ, რომ ჩვენი სახელმწიფო წასულიყო აბსოლუტიზმის გზით და მეფე ყოფილიყო ყველაფერი, როგორც ეს, მაგალითად, საფრანგეთში იყო, მაგრამ საქართველო ამ გზით არ წასულა. თამარი ქართულ ცნობიერებაში დარჩა არა როგორც აბსოლუტიზმის მწვერვალზე მდგომი ადამიანი, არამედ, როგორც სათნოების სიმბოლო. ამას თვითონ მემატიანე აღნიშნავს. ისევე, როგორც დავით აღმაშენებელი. მატიანეში კარგად ჩანს მათი ფსიქოლოგიური ტიპაჟები. დავითი იყო მკაცრი მებრძოლი, მაგრამ როგორც ადამიანი ცუდ ხასიათზე დგებოდა, თუ დღის ბოლოს აღმოაჩენდა, რომ ქისა, რომლითაც მოწყალებას გასცემდა, ცარიელი არ იყო. თამარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი არ ურიგებდა დახმარებას ქვრივებსა და ობლებს, არამედ თავის მიერ შექმნილ ნივთებს ჰყიდიდა და იქიდან მიღებულ შემოსავალს ურიგებდა მოსახლეობას, იმას გარდა, რომ ბუჯეტის მეხუთედს გასცემდა სახელმწიფო უმწეოებისთვის. ხალხის ცნობიერებაშიც არანაირი ხინჯი არ აქვს თამარს. ყველაზე დიდ მოღალატეს, გუზან კლარჯელს, როგორც კი შეიპყრო, მაშინვე დასთხარა თვალები დავით სოსლანმა, სანამ თამარ მეფემდე მივიდოდა ეს ამბავი, იმიტომ რომ თამარი შეიწყალებდა. სულ თამარის მეფობის პერიოდში ორ თუ სამ ადამიანს დასთხარეს თვალები, სიკვდილით კი არავინ დაუსჯიათ. ესეც ხომ იმის ნიშანია, რომ ქვეყანა ჰუმანურ პრინციპებზე იყო აგებული. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს გაზვიადებაა, მაგრამ, ჯერ ერთი, მატიანეში წერია და, მეორე, იგივეა ხალხურ გადმოცემებშიც. როდესაც ვსაუბრობთ რუსეთისა და დასავლეთ ევროპის მონარქებზე, ისინი ძალაუფლებას საკმაოდ ხშირად იყენებდნენ უხეშად. მაგალითად, ლუდოვიკო მეთექვსმეტის პერიოდში საფრანგეთმა მაღალ მწვერვალებს მიაღწია, მაგრამ ფრანგულ ხალხურ თქმულებებში დალექილია ყველა ის შემთხვევა, თუკი ვინმე ცუდად მოექცა საზოგადოებას. თამართან მიმართებაში კი ასეთი ფაქტები არ გვაქვს არც ერთ გადმოცემაში.

 

скачать dle 11.3