პოლიტიკური კალეიდოსკოპი
უგო ჩავესის თმის პრობლემა
ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა საკუთარ მთავრობასა და მოქალაქეებს აუწყა, რომ შესაძლოა ახლო მომავალში თმა გასცვივდეს. ამის თაობაზე ქარიზმატულმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა და დააიმედა ვენესუელელები, რომ კიბო თითქმის დაამარცხა, თუმცა, კიდევ დარჩა ქიმიოთერაპიის რამდენიმე პროცედურა, რაც, სავარაუდოდ, თმის ცვენის მიზეზი გახდება. „სულ მალე, უგო ჩავესის ნაცვლად დამიძახეთ იულ ჩავესი, რადგან მე „შესანიშნავი შვიდეულის” ლეგენდარულ ვარსკვლავს დავემსგავსები” – იხუმრა ჩავესმა მთავრობის სხდომაზე.
„დისნეილენდი” – დიმიტრი
მედვედევისთვის
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, კალინინგრადის ოლქში „დისნეილენდის” მშენებლობის იდეა მოიწონა. მისი ვარაუდით, ყველაზე მასშტაბური გასართობი პარკის აშენება კალინინგრადის მიმართ ტურისტების დაინტერესებას გაზრდის. ევროპის ტერიტორიაზე ჯერჯერობით „დისნეილენდი” მხოლოდ საფრანგეთში, პარიზთან ახლოს მდებარეობს, ხოლო მსოფლიოში პირველი „დისნეილენდი” ამერიკაში გაიხსნა. გარდა ამისა, ასეთი პარკი არსებობს ჰონკონგსა და ტოკიოში, ხოლო 2016 წელს მისი გახსნა შანხაიში იგეგმება. რუსეთის ტერიტორიაზე „დისნეილენდის” აშენების იდეა რამდენჯერმე გამოცხადდა: 2000-იანი წლების დასაწყისში პარკის აშენება მოსკოვთან ახლოს იგეგმებოდა, 2008 წელს – ეკატერინბურგში, ამჟამად კი მშენებლობის ადგილად კალინინგრადი სახელდება.
ელიზაბეთ მეორემ შვილიშვილი გაათხოვა
ედინბურგში ელიზაბეთ მეორის უფროსი შვილიშვილის – ზარა ფილიპსისა და პროფესიონალი მორაგბის – მაიკლ ტინდალის ჯვრისწერა შედგა. 30 წლის ზარა და 32 წლის მაიკლი დიდი ხანია, ხვდებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ, მეუღლის მსგავსად, ზარაც პროფესიონალი სპორტსმენია – მას ეკუთვნის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული საცხენოსნო მრავალჭიდში. პატარძალს დიზაინერ სტიუარტ პარვინის თეთრი კაბა ეცვა. ედინბურგის ქუჩებში ათასობით ადამიანი იყო გამოსული, რათა საკუთარი თვალით ენახათ სამეფო ოჯახის წევრის გაბედნიერება. აღსანიშნავია, რომ, პრინცი უილიამის აპრილში გამართული ქორწილისგან განსხვავებით, ზარასა და მაიკლის ქორწილი საკმაოდ მოკრძალებული იყო.
ირლანდიური სექს-სკანდალი
ირლანდიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სენატორმა დევიდ ნორისმა, რომელიც ცნობილია იმით, რომ ოფიციალურად აღიარა, თავისი ჰომოსექსუალობა, საკუთარი კანდიდატურა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნა. პრეზიდენტობის ერთ-ერთ ფავორიტ კანდიდატს, პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, რადგან, სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნორისი წარსულში სექს-სკანდალის მონაწილე ყოფილა. როგორც გაირკვა 1997 წელს ნორისმა თავისი კავშირების მეშვეობით სცადა, დახმარებოდა თავის საყვარელს, ებრაელ იცხაკ ნავის თავი დაეღწია მართლმსაჯულებისგან, რომელსაც 15 წლის პალესტინელი მოზარდის გაუპატიურება ედებოდა ბრალად. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა ირლანდიელმა ბლოგერმა განათავსა ინტერნეტში. ნორისის თქმით, იგი განიცდის, რომ თავისი წარსულის გამო მოუხდა კანდიდატურის მოხსნა, მაშინ, როდესაც გამარჯვების ერთადერთ რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. არჩევნები 2011 წლის ოქტომბერში ჩატარდება.