ჩამოკოკოევებული
ძღვნად – ჯაყო, სუვენირად – ბორისის ულვაში
მართალია, მაშინვე რთული მისახვედრი იყო, რატომ ეფოფრებოდა მთელი გასული კვირის განმავლობაში ჩვენი პრეზიდენტი თავის ბელორუს კოლეგას, თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, „დააფარე, დააფარეს“, პრინციპით მოქმედება პოლიტიკური მიზანშეწონილობით იყო ნაკარნახები. თავდაპირველად, ედუარდ-ჯაყო კოკოევმა აღნიშნა, რომ ბელორუსიის მიერ „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეერთებოდა (დაახლოებით, ასე: რკოს მივუტან ღორსა, ღორი მომცემს ჯაგარსაო). მომყავს ციტატა: „იუჟნაია ოსეტია“ და მისი ხალხი რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. ჩვენ რუსეთზე ისტორიულად ვართ ორიენტირებული და 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ „იუჟნაია ოსეტიის“ დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებას არასდროს დავივიწყებთ.“
მოგვიანებით, არც ჩამოკოკოევებულმა ვლადიმირ პუტინმა დაგვიმალა, რომ არ გამორიცხავს, ოღონდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, „იუჟნაია ოსეტიას“ რფსთვის მიერთებას.
სავარაუდოა, რომ ასე რფ-ის უგვირგვინო პრეზიდენტი აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დოკუმენტურად აღიარა. თუმცა, როგორც უნდა იყოს, თუ ჩვენი ფალავანი იმარჯვებს, შესაძლოა, ისეც მოხდეს, ძღვნად ჯაყოს, სუვენირად – ჩოჩიევის ულვაშებსაც დასჯერდეს (ოღონდ, იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ იმარჯვა).