ოფლმოდენილი მილიონერები
ანუ კუჭმარჯვენი
რაკი „ახალმა მემარჯვენეებმა“ „რვიანიდან“ გასვლისთანავე განაცხადეს (მათ საყურადღებოდ, ვინც ხელისუფლებასთან გარიგებაში სდებდა ბრალს), ვინც რაც უნდა, იფიქროსო, ბუნებრივია, თავი აღარც შეუწუხებიათ ახსნა-განმარტებებით. ან კი სად ეცალათ, როდესაც ხელისუფლების და, ბუნებრივია, „ქრისტიან-დემოკრატების“ მხარდამხარ, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობაში ღვრიდნენ ოფლს. ოფლით თუ უოფლოდ (ან, შესაძლოა, მხოლოდ მზისგან მოდენილით); გაირკვა, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ მომუშავე ჯგუფმა პირველ, მოთელვით შეთანხმებას უკვე მიაღწია: არც მეტი, არც ნაკლები, დაფინანსების საკითხში (იმიტომ რომ „ფულები არის ჩემი გამხარებელი“?!).
კერძოდ, წინასწარი ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, მილიონიან დაფინანსებას მიიღებს (და მერე რა, რომ გამსვლელი ბარიერი კვლავაც 7-პროცენტიანია?!).
„საარჩევნო კოდექსის“ ამ ცვლილებაზე საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 20 სექტემბერს იმსჯელებს, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული იმიჯისთვის ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია (თუნდაც, ძროხა კამელიის როლში), საქმეს პირველ ცვლილებაშივე ეტყობა, რომ ყველა დაპურდება (ანუ ეს ცვლილება „საარჩევნო კოდექსში“ უმტკივნეულოდ აისახება).
ზემოთქმული კი ბადებს ეჭვს, რომ არა მხოლოდ, ზოგადად, კაცის სიყვარულისკენ მიმავალი გზა გადის კუჭზე, ამ ორგანოს პოლიტიკურ სიამტკბილობაშიც ლომის წილი უდევს. ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ გამსვლელი ბარიერი 7-პროცენტიანია, მილიონიანი დაფინანსების კი – ოდენ ხუთი, სავარაუდოა, რომ ამ ჩვენს პოლიტსუბიექტებს მომავლის საქართველოს შენებაში ამხანაგური, სპორტული შერკინებების პრინციპი აურჩევიათ: მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება!