კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობს ნიუ-იორკში მოფარიკავე აჩიკო ლორთქიფანიძე და ვინ იცავს ამერიკაში მისი ოჯახური დინასტიის ღირსებას

საქართველოდან თორმეტი წლის წინ  წავიდა, მაგრამ სამშობლოდან შორს, ოკეანის გაღმაც  იმ სიყვარულით ცხოვრობს, რაც აქედან წაიღო –  აჩიკო ლორთქიფანიძე უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ქართულ ფარიკაობას ემსახურება და ესტაფეტა, რომელიც მამისგან, ფარიკაობის ქართული სკოლის ცნობილი წარმომადგენლის, გურამ ლორთქიფანიძისგან მიიღო, უკვე ორ შვილს – გუგასა და ნიკოლოზს  გადასცა. ლორთქიფანიძეების ოჯახური დინასტია ნიუ-იორკში  გრძელდება, გრძელდება ღირსეულად –  11 წლის გუგა ლორთქიფანიძე ამერიკაში პერსპექტიული მოფარიკავეა და თავის ასაკში საფარიკაო ბილიკზე ტოლს არავის უდებს. როგორია აჩიკო ლორთქიფანიძის ამერიკული ოცნების  ჩვენებური  „ჰეფი ენდი”. ამის შესახებ აჩიკო ლორთქიფანიძე შორეული ამერიკიდან თავად გიამბობთ.             

 

აჩიკო ლორთქიფანიძე: საქართველოდან 1999 წელს წამოვედი, მაშინ თბილისში ცხოვრება ძალიან გართულდა.  ვის ეცალა სპორტისთვის, ან ფარიკაობა ვის რად უნდოდა?  წასვლის გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა. დამერწმუნეთ, ჩემთვის ფინანსური ინტერესი იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც იმის გაცნობიერება,  რომ მე ვერ შევძლებდი ცხოვრებას ფარიკაობის  გარეშე.  სწორედ იმ პერიოდში ჩემმა მეგობარმა, გია კვარაცხელიამ, შემომთავაზა ამერიკაში გადმოსვლა.  გიას დახმარებით ლინკოლნში, ფარიკაობის ერთ-ერთ კლუბში მოვხვდი და იქ ორი წელი ვიმუშავე. მერე კოლორადოში გადავედი. უკვე ცხრა  წელია, რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ და  ცნობილ კლუბში ვმუშაობ მწვრთნელად. ჩემი მოსწავლე ჯონა შეინბერგი ამ ზაფხულს ამერიკის ჩემპიონი გახდა.

– ემიგრანტის ცხოვრება იოლი არსად არაა, მით უმეტეს – ამერიკაში. არ გაგიჭირდათ მანდ თავის დამკვიდრება?

– ამ ქვეყანაში თავის დამკვიდრება იოლი მართლაც არ არის. თავდაპირველად, ამერიკაში ვცხოვრობდი მარტო, მერე ჩამოვიდა ჩემი მეუღლე, რომელსაც ისე გაუჭირდა საქართველოს გარეშე, ყოველდღე უკან დაბრუნებაზე ოცნებობდა. ნიუ-იორკში კიდევ  უფრო არის  ქართული დიასპორა, კოლორადოში კი ერთადერთი ქართული ოჯახი იყო ჩვენს სიახლოვეს და ერთად  გადაგვქონდა ის ნოსტალგია, რაც ქართველებმა განსხვავებულად ვიცით (იცინის). მახსოვს, მე და ჩემი მეუღლე ქართულ მუსიკას ვუსმენდით, ქართულ ფილმებს ვუყურებდით, გამუდმებით  თბილისში ვრეკავდით, რომ ეს მონატრება  როგორმე გაგვნელებოდა. მერე ყველაფერი ნელ-ნელა აეწყო, დაიბადნენ ჩვენი ბიჭები: უფროსი, მამაჩემის მოსახელე – გურამ, გუგა ლორთქიფანიძე, დღეს 11 წლისაა, უმცროსი, ნიკოლოზი – 9 წლის.   

– მამათქვენი, გურამ ლორთქიფანიძე, გარდა იმისა, რომ თბილისის  ერთ-ერთ კოლორიტად ითვლებოდა, ცნობილი მოფარიკავეც  იყო. მისი გავლენით  დაუკავშირეთ ცხოვრება ამ სპორტს?

– რა თქმა უნდა, სხვაგვარად ვერც იქნებოდა. მამის გავლენით, მეც და ჩემმა ტყუპისცალმა ძმამაც ცხოვრება სპორტს დავუკავშირეთ. ჩემი ძმა  ფეხბურთელი იყო და ერთხანს „დინამოშიც” თამაშობდა, მაგრამ, უბედური შემთხვევის გამო, საკმაოდ ახალგაზრდა დაიღუპა. სპორტთან იყო დაკავშირებული დედაჩემიც – ელზა ჩუგუაშვილი, ის საკმაოდ წარმატებული ჩოგბურთელი გახლდათ. მე თავიდან კალათბურთს ვთამაშობდი, მერე კი არჩევანი ფარიკაობაზე გავაკეთე. 12 წლის ვიყავი, როდესაც მამამ საფარიკაო ბილიკზე დამაყენა და მას შემდეგ აქ ვდგავარ (იცინის). მამა 35 წლის განმავლობაში იყო საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მწვრთნელი ხმლის სახეობაში. ის გახდა მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი,  1963 წელს კი ბელგიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. მამამ ფარიკაობის ყველა საიდუმლოს მაზიარა, მეც წარმატებით გამოვდიოდი  საერთაშორისო ტურნირებზე: ვარ საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. მამის გზის  გავლა იოლი არ იყო, მან და მისმა მეგობრებმა მთელი თაობა შექმნეს ქართულ ფარიკაობაში, რომელსაც დიდი ტრადიციები აქვს. როდესაც მე ამერიკაში წამოვედი, რამდენიმე წელიწადში  მამაც ჩამოვიდა აქ და  მომავალი თაობის მოფარიკავეების აღზრდაში  ძალიან აქტიურად ჩაერთო,  მით უმეტეს, რომ ამის დიდი გამოცდილება ჰქონდა, ის ფიზკულტურის ინსტიტუტშიც ასწავლიდა ახალგაზრდებს. მაგრამ, თბილისისა და საქართველოს გარეშე დიდხანს ვერ გაძლო და  მაინც გამომექცა ამერიკიდან (იცინის).

– მამამ ფარიკაობის ყველა საიდუმლოს მაზიარაო, ბრძანეთ. რა საიდუმლოს გულისხმობთ?

– მამები ხომ შვილებს  ხეზე ასვლის ყველა წესს  ვასწავლით, რაც მათ ცხოვრებაში გამოადგებათ, ასე ვიყავით ჩვენც (იცინის). ფარიკაობა გაბედული ადამიანების საქმეა, კარგ მოფარიკავედ რომ ჩამოყალიბდე, საბრძოლო ბილიკზე მოქნილი, სხარტი და ცოტა აგრესიულიც უნდა იყო. ჩემი უფროსი შვილი ძალიან აქტიურად არის დაკავებული ფარიკაობით და საკმაოდ დიდი წარმატებებიც აქვს – თავისი ასაკის მოფარიკავეებში მესამე ნომერია მთელ ამერიკაში, ამ ზაფხულს ამერიკის ნაციონალურ ჩემპიონატზე მეორე ადგილი, ვერცხლის მედალი აიღო. ნიკაც ფარიკაობაზე ოცნებობს. სხვათა შორის, გუგა ძალიან ჰგავს მამაჩემს, ბევრი რამ აქვთ საერთო საბრძოლო ბილიკზე. ძალიან მიხარია, რომ გუგა ასე ღირსეულად აგრძელებს  ჩვენს  ტრადიციას.      

– თქვენი მეუღლე ამდენი მოფარიკავის გარემოცვაში თავს, ალბათ, განსაკუთრებით დაცულად  გრძნობს. 

–  ჩემი მეუღლე, ეკა გიორგაძე, ნიუ-იორკში ბავშვთა პოლიკლინიკაში მუშაობს და ძალიან ჰუმანურ საქმეს – ბავშვების ჯანმრთელობას ემსახურება.  როცა ეკა ცოლად მოვიყვანე, ფარიკაობაში საერთოდ ვერ ერკვეოდა. ახლა კი არა მხოლოდ ფარიკაობის თეორიული წესები იცის, ბავშვებიც კი დაჰყავს ვარჯიშებზე, როცა მე არ მცალია. ხშირად იმასაც კი მთხოვს, რომ  ბავშვების  ორთაბრძოლა ჩავიწერო და მერე ჩემთან ერთად აძლევს ხოლმე მათ რჩევებს (იცინის).

– როგორც ვიცი, თქვენ ამერიკიდანაც ახერხებთ, დაეხმაროთ ქართულ ფარიკაობას და მანდედან ქველმოქმედებასაც  ეწევით.

–  გასულ წელს  ჩემს ამერიკელ კოლეგებთან  ერთად ჩამოვედი საქართველოში და ბათუმსა და კვარიათში ჩავატარეთ შეჯიბრებები; გასულ წელსვე  დავაარსეთ საქველმოქმედო ფონდი, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ  გიორგი პაიჭაძე.  ჩვენ  ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ქართულ ფარიკაობას – მორალურადაც, ფინანსურადაც,  ამერიკიდან  ფარიკაობის ინვენტარსაც კი ვგზავნით ხოლმე თბილისში. ფონდის მიზანია, საქართველოში ხელი შეუწყოს ფარიკაობის განვითარებას, რომ განვახორციელოთ გაცვლითი პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც  ახალგაზრდა ქართველი  მოფარიკავეები მოხვდებიან ამერიკაში და აქ ცნობილ კლუბებში ივარჯიშებენ. ფონდის ხელშეწყობითა და გიორგი პაიჭაძის ძალისხმევით,  თბილისის რამდენიმე სკოლაში გაიხსნა ფარიკაობის სექციები, კლუბები, ვეხმარებით მომავალ თაობას, რომ წარმატებული კარიერა ჰქონდეთ.  დიდი გეგმები მაქვს ჩემს შვილებთან დაკავშირებითაც: ძალიან მინდა, რომ ჩემი ორივე შვილი ოლიმპიადებსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გამოვიდეს.

– ამერიკაში სად და როგორ ცხოვრობთ?

– ვცხოვრობთ ნიუ-იორკში. სამი წელია, რაც საკუთარი ბინა შევიძინეთ, ადრე ქირით ვცხოვრობდით. ჩვენი ბინა  მანჰეტენიდან ორმოცი წუთის სავალზეა. ჩვენი ემიგრანტული  ცხოვრება  ნელ-ნელა ჩადგა კალაპოტში, მაგრამ  ბოლომდე მაინც ქართულ ტრადიციულ ოჯახად ვრჩებით (იცინის).  

– საქართველოში  დაბრუნებას არ აპირებთ?  ხშირად ჩამოდიხართ აქ?

–  დაბრუნებაზე ჯერ არ ვფიქრობ, თუმცა, ჩემი ბევრი სამომავლო გეგმა ჩემს სამშობლოს უკავშირდება.  მეც და ჩემი ცოლ-შვილიც ამერიკის მოქალაქეები ვართ. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ორმაგი მოქალაქეობის მიღების საშუალება რომ მოგვცენ. ქართველებად ვზრდი ჩემს შვილებს, ვუყვები ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ტრადიციებზე. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მე ვიცი, რომ ამერიკელი ვერ გავხდები და ყოველთვის ქართველად დავრჩები. ახლა წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვდივარ საქართველოში და ხან ორი კვირა ვრჩები მანდ, ხან – ერთი თვე. ყველა იმ  დანაკლისს ვინაზღაურებ, რაც აქ მაკლია და მენატრება. მონატრებით კი  ბევრი რამ მენატრება,  ბევრი ძვირფასი ადამიანი და ოჯახი დამრჩა მანდ, მათ შორის, გოგი ჭელიძის არაჩვეულებრივი, ქართული ოჯახი. წლების მეგობრობა აკავშირებდათ უფროს თაობას, ჩვენს მშობლებს. მე ვმეგობრობდი ბატონი გოგის შვილებთან – ლაშასთან და ჭაბუასთან. სამწუხაროდ, ჭაბუა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, რაც ჩვენი სამეგობროსთვის დღემდე ტკივილად რჩება. ძალიან მენატრება ჩემი უბანი – ბაგები, სადაც გავიზარდე. დავრწმუნდი, რომ ქართველებს სხვანაირი ნოსტალგია გვცოდნია. ამერიკა კარგი ქვეყანაა, ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა, მაგრამ, იმ სიკეთის პოვნა, რაც  საქართველოში და ჩემს თბილისში დამრჩა, სხვაგან ძალიან ძნელია...

 

скачать dle 11.3