რატომ ჰქონდა „ვაით ნეგას“ მძიმე ბავშვობა საქართველოში და რატომ არ სარგებლობს ის ბორდელების მომსახურებით
წარსულში ცნობილი რეპ შემსრულებელი, ზურიკო კოკლიანი, რომელიც მსმენელისთვის „ვაით ნეგას” ფსევდონიმით იყო ცნობილი, უკვე ორი წელია, ნიდერლანდებში, ქალაქ ალკმაარში ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერას იქ აგრძელებს. როგორც მან წინა ინტერვიუში გვითხრა, მისი სამი ბიძა – კოკლიანები საბჭოთა კავშირში კანონიერი ავტორიტეტები იყვნენ. ის ბიძების კვალს არ გაჰყვა და მუსიკოსობა არჩია.
– ზურა, ჰოლანდიაში როდის და რატომ წახვედი?
– ჯერ ერთი, იმიტომ წავედი, რომ ჯანმრთელობასთან, კერძოდ, ფილტვებთან დაკავშირებით მქონდა სერიოზული პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც თბილისელმა ექიმებმა ვერ შეძლეს. აქ დიდი ხანია, დეიდაჩემი ცხოვრობს და მან მითხრა, რომ ჩემს დაავადებას ჰოლანდიაში მკურნალობენ კარგად. ჩამოვედი. უკვე მოვრჩი მკურნალობას, ყველაფერი მაგრად არის, რა! მერე მომეწონა აქაურობა და შევრჩი. რატომღაც, ეგონათ, რომ ნარკოდამოკიდებული ვიყავი, ამიტომ მქონდა ეს პრობლემა და მეტადონის პროგრამა შემომთავაზეს. არადა, ნარკოტიკს ცხოვრებაში არ გავკარებივარ, არც ისეთ ხალხთან ვმეგობრობ, ვინც მოიხმარს. მარტო მარიხუანა მომიწევია – ჰოლანდიაში ჩამოხვიდე და მარიხუანა არ გასინჯო, ხომ წარმოუდგენელია (იცინის)?! აქ ქუჩაში რომ იდგე და ერთ ხელში ლუდი გეჭიროს, მეორეში მოსაწევი, ლუდზე დაგაჯარიმებენ, ბალახზე – არა. სხვათა შორის, გავიგე, რომ საქართველოში წავიდა ლეგალიზაციაზე ლაპარაკი და პირადად მე, მომხრე ვარ ამის. რატომ არ იკრძალება, მაშინ, ვთქვათ, არაყი? არყით მთვრალმა ადამიანმა შეიძლება, ბევრად უფრო საშინელი რამ ჩაიდინოს, ვთქვათ, კაცი მოკლას, მაშინ როცა მარიხუანას მწეველი რასტამანები მშვიდობიანი, პაციფისტი ხალხია.
– ამჟამად რას საქმიანობ?
– ჩემი დეიდაშვილიც რეპერია. 3 წლის იყო, აქ რომ ჩამოვიდა, ახლა უკვე 21 წლისაა, ჰოლანდიურად მღერის. სახელად „შიკე”, ახლა ვაპირებთ პატარა ხმის ჩამწერი სტუდიის გაკეთებას. ვნახოთ, რა იქნება. მე ჰოლანდიური ჯერჯერობით ვერ ვისწავლე, ინგლისურად ვრეპავ. თუმცა, ადვილი ენაა, გერმანულს ჰგავს ცოტათი. ვისწავლი ჰოლანდიურსაც და ხუთი ენა მეცოდინება. სხვათა შორის, ალკმაარი ძალიან მომწონს, აქ არაფერი გაგიჭირდება, ხალხი ისეთი თბილია და უშუალო, ყველაფრით ცდილობენ, დაგეხმარონ, დაუზარლები და ყურადღებიანები არიან. მართალია, ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ, ზოგადად, თბილი ხალხია. ქუჩაში რომ გავდივარ, ყველას ვესალმები: „ჰაი”! „ჰელოუ”! თბილისში რომ ჩამოვალ, რუსთაველზე გავივლი, ალბათ, ყველას მივესალმები, ისე შევეჩვიე და ხალხი იფიქრებს, გიჟიაო (იცინის). ალკმაარში საქართველოზე იციან შოთიკო არველაძიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქალაქში ძალიან უყვართ, აფანატებენ. რომ გაიგებენ, ქართველი ვარ, უხარიათ: „ვა, ხეორხია, შოთიკო არველაძე!..”
– შენ თუ გიცნობს ჰოლანდიელი ჰიპ-ჰოპის მსმენელი?
– ყველა ჩემი ექიმი უკვე ჩემი ფანია (იცინის). ჩემი ექიმი, ვინც მე მმკურნალობდა, ამ სფეროში მსოფლიოში პირველ ადგილზეა, დოქტორ ალტენა, გინესის წიგნშიც არის შეყვანილი... მოკლედ, ჩემი ერთგული ფანატია. კაცი 70 წლისაა და უსმენს ჩემს მუსიკას.
– ევროპის ზოგ ქვეყანაში ინგლისურად პრინციპულად არ ლაპარაკობენ, ჰოლანდიაში როგორაა ამ მხრივ საქმე?
– ჰო, სხვათა შორის, საფრანგეთშია ინგლისურზე ძალიან დიდი აგრესია. ძმაკაცის ქორწილში ვიყავით პარიზში და ფრანგს რომ ინგლისურად დაველაპარაკეთ, გვითხრა: „ვიცი ინგლისური, მაგრამ, არ დაგელაპარაკები ინგლისურად”. ჰოლანდიაში ყველამ იცის და, პირიქით, ძალიან ფასობს. ისე, ჩვენები აქ ბევრნი იყვნენ, ახლა შემცირდა მათი რაოდენობა, დეპორტაცია გაუკეთეს ბევრს. ძალიან გატეხილი აქვთ ქართველებს სახელი, მეც ბრძოლა დამჭირდა იმისთვის, რომ ნდობა დამემსახურებინა. „ხეორხია, მაფია...” ზოგს პირველად ის აზრი ებადება, რომ ქურდი, ნარკომანი, კრიმინალი ხარ.
– თბილისში როგორი იყო შენი ცხოვრება, ბევრი მსმენელი გყავდა?
– არა, არ უსმენს ბევრი. მე რეპის სიმღერა იმიტომ არ დამიწყია, რომ ფული მეშოვა. ყველა ტკივილი და განცდა ჩემი ცხოვრებიდან რეალური იყო. ახლა გამოვიდა ჩემი ახალი სიმღერა „The lost emigrant”, რომელიც ჩემზეა. დაკარგული ემიგრანტი ვარ მაინც (იცინის). თბილისში ბევრს ჰგონია, რომ აქ ისეთი მაგარია, ფიქრობს ხუთი წუთით ამსტერდამში ჩამსვაო. მეც ასე ვიყავი. ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ. სინამდვილეში კი ცხოვრება ყველგან ერთნაირია, ყველაფერი ერთნაირია.
– სკოლაში როგორი იყო ზურა კოკლიანი?
– ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა, თითქმის არც ერთ ჩემს თანაკლასელს არ ვიცნობ, არ ვეკონტაქტები. ბიჭებთან ნორმალური, გოგოებთან კი ძალიან ცუდი ურთიერთობა მქონდა. მატერიალურადაც უჭირდა ჩვენს ოჯახს, მაგრამ ეს, ალბათ, უფრო ჩემი ეროვნების გამო იყო – ქურთი ვარ წარმოშობით, თუმცა, ქართულად გაზრდილი – ოჯახში სულ ქართულად ვლაპარაკობდით: ბავშვები, დედა, მამა, ბებია-ბაბუები. რატომღაც, ყველა გოგოს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემდამი, არადა, მშვიდი ბავშვი ვიყავი. ყველას რომ გოგო ეჯდა გვერდით მერხზე, მე მარტო ვიჯექი. მასწავლებელი რომ იკითხავდა, კოკლიანი მარტო რატომ ზისო, პასუხობდნენ: მასწ, ჩვენ არ გვინდა მაგასთან დაჯდომაო. საქციელითაც, გამოხედვითაც მიგრძნია დამცირება. სამაგიეროდ, ახლა მწერენ გოგოები: ვა, ზურა, ჰოლანდიაში ხარ?” რადგან ჰოლანდიაში ვარ, სხვა გავხდი? სჭირთ ეს ქართველ გოგოებს, უცხოელზე გაგიჟებაც იციან.
მეხუთე კლასამდე კარგად ვსწავლობდი, მეექვსედან გამომაგდეს და, თან, ისე გამომაგდეს, ვერც ერთ სკოლაში ვეღარ მივედი. მას შემდეგ განათლება საერთოდ აღარ მიმიღია. ჩემმა მშობლებმა, რა თქმა უნდა, ძალიან განიცადეს. სკოლიდან პირადი საქმე რომ გამომატანეს, დამრიგებელმა ბოლოს წერილი დაურთო – ჩემს მშობლებს სწერდა: ძალიან გთხოვთ, ზურიკოს მიხედეთ, ქართულად ესაუბრეთ, ბავშვი ქართულ ენას ცუდად ფლობსო. გაგიჟდა დედაჩემი. ჩვენი ეროვნების ბევრი ოჯახი თბილისში რუსულად ლაპარაკობს, ჩვენ კი – სულ ქართულად. სხვათა შორის, ინგლისურის მასწავლებელმა გამომაგდო. ახლა უნდა ვაჩვენო, როგორი ინგლისური ვიცი (იცინის).
მერე ბიძაჩემთან წავედი რუსეთში, სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, მაგრამ, არც ის დამიმთავრებია, საბოლოოდ, მუსიკას გავყევი, 1998 წლიდან დავიწყე და... ოქროს უბანში გავიზარდე, იტალიურ ეზოში. იქ ერთი მეზობელი კაცი რესტორნებში უკრავდა და მასწავლა რაღაცეები: გამოვდიოდით ეზოში, ვმღეროდი – შუფუტინსკის სიმღერებს ვასრულებდი (იცინის). სხვათა შორის, რეპს მარტო რუსულს ვუსმენ, ზანგური არ „მევასება“. პრინციპში, თავი რეპერად არც მიმაჩნია, ეგ უფრო ბავშვობაში მქონდა – ჩაჩებით დავდიოდი, ახლა ასე არ ვარ.
– შენ ინტერვიუმდე მითხარი, რომ ცოლს გაშორებული ხარ. რატომ დაშორდით, ან, შერიგებაზე თუ გიფიქრია?
– არ დავიწყებ აქ ამის მოყოლას, ჩემი დიდი სისულელეების გამო დავშორდი. თბილისში გაზრდილი, დედით უკრაინელია ჩემი ყოფილი ცოლი. დაშორება მისი ინიციატივა იყო. ადრე მოვიყვანე, 21 წლის ასაკში, ერთად ორი წელი ვიყავით. სამი წელია, არ მინახავს.
– გიყვარს?
– რომ დავშორდით, ძალიან გამიჭირდა. მაგრად მიყვარდა, დავდევდი, ვეხვეწებოდი – შემირიგდი-მეთქი, მაგრამ, არ შემირიგდა. მერე მივხვდი, რომ მეც ვიტანჯებოდი და გოგოსაც ტვინს ვუბურღავდი და დავანებე თავი. ახლა ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ბავშვი ხან ჩემებთანაა, ხან – მასთან. გადავეჩვიესავით – ეს მომენტია თან, ამაყი ვარ და ხვეწნაც მომბეზრდა.
– როგორი ქალები მოსწონს ზურა კოკლიანს?
– გააჩნია ქალს. მაგრამ, მაინც უფრო მულატკები მომწონს, შავგვრემნები, ხუჭუჭა, მწვანე თვალებით. ქერები დიდად არ მომწონს. ამჟამად „გერლფრენდი“ არ მყავს. სხვათა შორის, ჰოლანდიელი გოგოები უბრალოები და უკომპლექსოები არიან, თუ ჰყავთ „ბოიფრენდი“, ერთგულებიც არიან მისი. ეს საქართველოში ჰგონიათ, რომ ევროპელი ქალი უფრო თამამია, მაგრამ, ქართველი გოგოები რომ არიან თამამები, ეგეთი, მგონი, არ მინახავს. უბრალოდ, მანდ ჩუმად ხდება ყველაფერი, ხალხი აკომპლექსებს ერთმანეთს. თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ ქართველ ქალზე ეშხიანი და გამგები არავინაა (იცინის). ცოლად ჰოლანდიელს არასდროს მოვიყვან, მაინც განსხვავებულები ვართ და დიდხანს ვერ ვიქნებით ერთად. სერიოზული ურთიერთობისთვის ნამდვილად ვარ განწყობილი. მომბეზრდა ეს შემთხვევითი ამბები – ერთ დღეს გოგოს გაიცნობ ბარში, სასტუმროში წაიყვან და მეორე დღეს აღარც გახსოვს...
– ჰოლანდიაში პროსტიტუციაც ლეგალიზებულია. არ სარგებლობ მეძავების მომსახურებით?
– არ ვსარგებლობ, თითქმის არ დავდივარ. როცა იცი, ქალი იმიტომ წევს შენთან, რომ ფული გადაუხადო, თან, დროში შეზღუდული ხარ – 20 წუთი გაქვს სულ, ეგეთი რამ არ არის მისაღები ჩემთვის. ჰოლანდიელი ქალები არ მუშაობენ იქ ბორდელებში, უფრო – რუსები, მოლდაველები, პოლონელები...
– ქართველები არა?
– არა, ქართველები არა, უფრო – ქართველი ტრანსსექსუალები. გავიგე, მანდაც მომრავლებულან ცისფერები და ტრანსსექსუალები. რა ქნან, მესმის – მამაკაცის სხეული აქვთ და თავს ქალად გრძნობენ.
– ჭორები თუ დაუყრიათ შენზე?
– ერთი სიმღერა ჩავწერე აქ არაბ რეპერთან, რომელმაც მთხოვა, რადიოში ეს სიმღერა უნდა გავაგზავნო და იქნებ, ტექსტი ცოტა აგრესიული იყოსო. სიმღერაში არასდროს ვიგინები და ამ ტექსტში ბევრი გინება ჩავწერე. ეს სიმღერა საქართველოზე არ იყო გათვლილი, მგონი, ერაყში უნდა გაეგზავნათ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მაინც მოხვდა საქართველოში. სიმღერას ჰქვია „მომაბეზრე თავი”. ვიღაცას დაუდევს მუსიკალურ პორტალზე და დაუწერია: „ვაით ნეგასაგან – ძვალს”. არადა, აჩიკოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, რომ წაიკითხოს, ხომ „გაუტყდება“! ხან, იგონებენ, რომ ვიღაცას ვეძებ თბილისში საცემად (იცინის). რა სისულელეა!..