კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაახრჩო მდინარეში ქამარში ჩაკერებულმა ოქრომ ქართველი ოქროსმაძიებელი და ვინ იყო კანადაში „ოქროს ხეობაში“ მცხოვრები ქართველი – მაიკ მიტო

გასულ საუკუნეში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების წარმატებულ კარიერას, მათ საქმიანობას, არა ერთი ინტერვიუ მივუძღვენით. მკითხველი დამეთანხმება, რომ მათი ცხოვრება, საქმიანობა, განსაკუთრებულად საინტერესოა. დღეს კი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი გვესაუბრება დიმიტრი მეტრეველზე, რომელიც ამერიკასა და კანადაში ოქროს მრეწველობას ეწეოდა და თანაც, დიდი წარმატებით.

 

რუსუდან დაუშვილი: ამერიკის კონტინენტზე კანადა პირველი ქვეყანა იყო, სადაც 1823 წელს (კვებეკში) ოქროს მოპოვება და დამუშავება დაიწყეს. მალე ამერიკაც ჩაერთო ამ საქმიანობაში. 1848 წელს  – კალიფორნიაში, 1858 წელს – კოლორადოში და 1859 წელს – ნევადაში ოქროს აღმოჩენას ნამდვილი „ოქროს ციებ-ცხელება“ მოჰყვა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან დაიძრნენ ბედისმაძიებლები ამერიკისკენ, ზღაპრული „ელდორადოსკენ“. მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში „ციებ-ცხელება“ ჩაცხრა, მაგრამ 1890 წელს კლონდაიკსა და ალასკაზე ოქროს აღმოჩენას, ახალი აფეთქება მოჰყვა. 

– რა ცნობები არსებობს ქართველ ოქროსმაძიებლებზე?

– ზოგადად ოქროსმაძიებლების ამბებს ჩვენ უპირატესად ჯეკ ლონდონის თხზულებებითა და ჩარლი ჩაპლინის გენიალური ფილმით ვიცნობთ. მაგრამ, არაფერი ვიცით, ქართველ ოქროსმაძიებელთა შესახებ, გარდა იმისა, რასაც ვიგებთ გივი კობახიძის ერთი წერილიდან – „ქართველები კანადაში“. ის გურამ შარაძემ 1990 წელს გაზეთ „თბილისში“ გამოაქვეყნა. ძირითადი ისტორიის გარდა, წერილში მოთხრობილია, თუ როგორ ჩაძირა ერთი ქართველი მდინარეში ქამარში ჩაკერებულმა ოქრომ. მაგრამ, არ არის მითითებული, რამდენი შეიწირა ამ ლითონმა, რამდენს მოეცარა ხელი, რამდენი იმედგაცრუებული დაბრუნდა ან ვერ დაბრუნდა სამშობლოში. წარმატებას ერთეულებმა მიაღწიეს, მათ შორის იყო დიმიტრი მეტრეველიც. ის მწირი მასალა, რაც მოვიძიეთ, საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ამერიკაში.

– სად და როგორ იზრდებოდა დიმიტრი მეტრეველი და როგორ აღმოჩნდა ის ამერიკაში?

– მოგიყვებით. მანამდე კი გეტყვით, რომ 1895 წლის ზაფხულის ერთ ღამეს, როცა რაჭის ულამაზესი სოფლის, უწერის მყუდროება თოფის ხმამ დაარღვია – გლეხ ნესტორ მეტრეველს ვაჟი, დიმიტრი შეეძინა. არც ბებიაქალს და არც ოჯახის ბედნიერ წევრებს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ეს პატარა, მტირალა არსება, მომავალში შორეულ კანადაში მთელ ქალაქს დააარსებდა, ალასკაზე კი ოქროს მაღაროებს აამუშავებდა. დიმიტრის ბავშვობიდანვე აჩვევდნენ შრომას. რვა წლისა დურგალს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. წერა-კითხვა კი ჯერ სოფლის მღვდელთან შეისწავლა, შემდეგ უწერის ორკლასიან სასწავლებელში. თანასოფლელთაგან ხშირად ესმოდა ამერიკისა და კანადის ამბები. თვითონაც შეხვედრია იქიდან დაბრუნებულ მეზობლებსა და ნათესავებს, რომლებიც იმ შორეული ქვეყნების საოცარ ამბებს ყვებოდნენ, მონაგები ფულით კი ცხოვრებას იწყობდნენ. 1913 წელს დიმიტრიც გაჰყვა ერთ დიდ ჯგუფს ამერიკაში, სადაც მას უკვე მრავლად დახვდნენ ქართველები. მათი ნაწილი ახალ მიწაზე უკვე დამკვიდრებულიყო. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, რაჭველები ძირითადად სიეტლსა და ვანკუვერში იყვნენ დაჯგუფებულნი, საიდანაც ვიქტორიაში, საკრამენტოში, ტაკომსა და სან-ფრანცისკოში მიდიოდნენ. ქართველები ამერიკასა და კანადას ერთ გეოგრაფიულ ერთეულად მიიჩნევდნენ და „ჩრდილო ამერიკას“ უწოდებდნენ. ვანკუვერში სიეტლიდან გადადიოდნენ და ძირითადად, დასაქმებულნი იყვნენ ხე-ტყის დამუშავებასა და რკინიგზის მშენებლობაში. 18 წლის დიმიტრი მეტრეველიც ჯერ სიეტლში ჩავიდა, შემდეგ ვანკუვერში. რიგ ქალაქებში მოგზაურობის შემდეგ, საცხოვრებლად კვებეკის მახლობლად, პატარა ქალაქი ვალდორი აირჩია. დაოჯახდა. ცოლად ლიტვური წარმოშობის ქალი შეირთო. მათ სამი შვილი: ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ – ავგუსტ-მიტო, ნესტორი და ემილია. ბევრი ხელობა მოსინჯა, ერთხანს ჭიდაობდა კიდეც, ვიდრე „ოქროს ციებ-ცხელება“ არ შეეყარა. ოქროსმაძიებლობა დიდ ენერგიას, ნებისყოფასა და გამჭრიახობას მოითხოვდა, რაც დიმიტრისაც აღმოაჩნდა. მალე მიაკვლია ოქროს და ჯერ ერთი, შემდეგ კი რამდენიმე მაღარო აამუშავა. მუშებთან ერთად მის გარშემო ნელ-ნელა სხვა ხალხმაც იწყო დასახლება. დაბას, რომელიც ამ დასახლების წყალობით შეიქმნა, მისი გვარის მიხედვით, ხალხმა ამერიკული მანერით „მეტრევილი“ დაარქვა. მიტო, როგორც ის შემოკლებით უწოდებდა საკუთარ თავს, არ დაკმაყოფილდა კანადური მაღაროებით და ბედი ალასკაზეც სცადა. იქ მის მაღაროებს „მიტოს ანომალიები“ უწოდეს. მაღაროების წყალობით, მალე გამდიდრდა, მაგრამ მისი კეთილშობილი ბუნება სიმდიდრეს არ შეუცვლია – უშურველად ეხმარებოდა არა მხოლოდ თანამემამულეებს ამერიკაში, რის წყალობითაც ბევრი ფეხზე დადგა და საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო, არამედ ამერიკელებს, ბალტიისპირელებს, უკრაინელებსა და სხვებსაც. დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა ოჯახსა და ნათესავებს საქართველოში, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლა აუხდენელ ოცნებად დარჩა. 1929-1933 წლების ყველაზე ძლიერმა ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა ამერიკის ეკონომიკას და ბევრი მილიონერი გააკოტრა. მთელი სიმდიდრე დაკარგა მიტომაც. დაბა მეტრევილი და „ანომალიები“ დაცარიელდა, მაგრამ მან მაინც შეძლო დაცემული წარმოების ისე გამართვა, რომ შეძლებულ კაცად დარჩენილიყო.

– როგორც ცნობილია, იქაურ პრესაში ბევრს წერდნენ დიმიტრი მეტრეველის შესახებ.

– Kvebek Fire Renjer-ში ალფონს ბოლდოდიუ წერდა, რომ პირველი მოქალაქეები, რომლებიც დასახლდნენ კანადაში, „ოქროს ხეობაში“ (ვალ დორ) მუდმივ მცხოვრებლად, იყვნენ იღბლიანი და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი ოქროს მომპოვებელი – მაიკ მიტო (ასე იწოდებოდა დიმიტრი მეტრეველი) და მისი სიძე – რაშენ კიდი. 1946 წელს Morning digest მის შესახებ წერდა: „მან მიაღწია საქმეში რეკორდულ მაჩვენებელს ახალმოსულთაგან, როგორც ყველაზე კოლორიტულმა პიროვნებამ და მილიონერმა „ოქროს ხეობის“ მრავალრიცხოვან ოქროსმომპოვებელთა შორის. მაიკ მიტო და მისი ამერიკელი პარტნიორი სალერნო ტორონტოში ჩავიდნენ, რათა დაეთვალიერებინათ, თუ როგორ მუშაობდა მათ მიერ გასულ ზაფხულს აღმოჩენილი ალმასის დამამუშავებელი სალმოტას საწარმო. განაახლეს ძველი ნაცნობობა, რათა ეს ჩანაფიქრი სალმოტას ტბის მიდამოებში განეხორციელებინათ“. ყოველვკირეული oranda Wilkli წერდა: „ბორდალაკის რაიონში ყურადღება მიიპყრო ბორდესამ, რომელსაც სათავე დაუდო რაშენ კიდმა. განცხადება, რომელშიც პირველად გამოქვეყნდა Bordessa Mines Limited აქციების შესახებ, გვაცნობს ოქროსმომპოვებელთა შორის ყველაზე კოლორიტული ფიგურის – მაიკ მიტოს კარიერის შესახებ. მაიკი და მისი პარტნიორი, სახელგანთქმული – რაშენ კიდი იყვნენ პირველი დამაარსებელნი და ბინადარნი „ოქროს ხეობისა“, რომელიც დღეს ითვლება ცენტრად და იმ პირველი იმპულსის აღძვრის მიმნიჭებლად, რასაც მოჰყვა ოქროთი მდიდარი კვებეკის ჩრდილო-დასავლეთ არეალის განვითარება და გაფართოება. მრავალ მნიშვნელოვან სფეროთაგან, რომელსაც სათავე დაუდეს მაიკმა და მისმა პარტნიორმა, განსაკუთრებული ადგილი უკავია პირველდაფუძნებულ სამფლობელოს – Rissian Kid-ს დესარატში, კვებეკის ჩრდილო-დასავლეთში, რომლის მილიონდოლარიან გარიგებაზე, თავის დროზე, რაშენ კიდმა უარი განაცხადა. ეს საკუთრება, ცნობილი Bordulac Mines სახელით, დღეს მაიკის დიდი ძალისხმევით, მძლავრი აღმავლობის სტადიაშია. მაიკ მიტოსა და მისი ოჯახის შესახებ წერდნენ სხვა გაზეთებიც. ყველა აღნიშნავდა მის დამსახურებას ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების საქმეში. თუმცა, დიდი დეპრესიის შემდეგ მილიონერთა სიაში აღარ ირიცხებოდა.

– რას საქმიანობენ მისი შვილები?

– 1970 წელს, როდესაც მიტო ქალაქ ჰამილტონში ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა, უფროსმა ვაჟმა, 1950-1953 წლების კორეის ომის ვეტერანმა, ავგუსტმა (შემოკლებით – აგი) განაგრძო მისი საქმე. როგორც გივი კობახიძე წერდა, გარეგნობითა და ხასიათით აგი ტიპური ქართველია. თუმცა, ენა არ იცის და ძალიან განიცდის ამას. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ავგუსტ მიტო გონივრულად და დიდი ცოდნით წარმართავდა მამის დაწყებულ საქმეს. გახდა კომპანია Augimito Explorations Limited-ის დამფუძნებელი და Cache d’or Resourses Inc-ის პრეზიდენტი. კანადის ხელისუფლებაც დიდად აფასებდა და ხელს უწყობდა მისი ბიზნესის განვითარებას. აგის ფრანგული წარმოშობის ცოლი და ერთი ვაჟი – მაიკი ჰყავს. მეორე ძმა, ნესტორი, ცხოვრობდა ამერიკაში, კალიფორნიაში. ფრანგული წარმოშობის კანადელზე გათხოვების შემდეგ, ემილიც იქვე დასახლდა. როგორც ჩანს, მიტომ ამერიკაში ჩაიყვანა ოჯახის წევრებიც. მამამისი იქ, 1936 წელს გარდაცვლილა ვიქტორ ნოზაძის მიერ შედგენილ, პარიზში გამოცემულ წიგნში – „გაფანტული საფლავები“ მითითებულია, რომ ნესტორ მეტრეველი დაკრძალულია ვაშინგტონში. ახლახან ვახტანგ ლობჟანიძემ მოგვაწოდა მიტოს ბიძაშვილის, ნესტორ იოსების ძე მეტრეველის ფოტო. ის მომავალ სიძესთან, ვასილ ლობჟანიძესთან ერთად, წასულა ამერიკაში. 20-იან წლებში დისთვის ეს ფოტო გამოუგზავნია, რომლის მეორე მხარეს იუწყებოდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამერიკის ჩემპიონი გამხდარა. 70-80-იან წლებში რუსთავის გაზეთის საშუალებით უცდია ნათესავების მოძებნა. იმ დროს მას ქალ-ვაჟი ჰყავდა. ფლობდა ოქროს სარეწებსა და აეროპორტს. რაჭაში, მშობლიური უწერის სასაფლაოზე განისვენებენ მისი წინაპრები. სოფელში დღესაც ჰყვებიან ამერიკამოვლილ თანასოფლელებზე. ალასკაზე „მიტოს ანომალიები“, ალბათ, აღარავის ახსოვს. თუმცა, ამას წინათ, კანადაში მოგზაურობისას, ერთმა ქართველმა გზად გაიარა ქალაქი მეტრევილი. დიმიტრი მეტრეველის სახელობის ქალაქი, თურმე, ისევ არსებობს კვებეკთან.

 

скачать dle 11.3