რას დაეძებდა ნინა წავკისის გზაზე და რა ფოიერვერკებს უწყობს მას საყვარელი მამაკაცი
მას შემდეგ, რაც ნინა წკრიალაშვილი სახელმწიფო სამსახურში მუშაობს და ცხოვრებამ სხვა წესებს მიაჩვია, საზაფხულო არდადაგებსაც უკვე სხვაგვარად ატარებს – ახლა თავისუფალი დღეების განრიგს მხოლოდ თვითონ არ გეგმავს და უკვე იმაზეც ფიქრობს, რაც ადრე მისი საზრუნავი არ იყო. იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ერთგული „დამხმარე ძალა” მაინც მის განკარგულებაში რჩება, ნინა მარტოხელა ქალის ცხოვრების ყველა როლს მოერგო. თუმცა, ცხოვრება მას სასიამოვნო სიურპრიზებით მაინც ანებივრებს, როგორ და რატომ? ამაზე ნინა თავად გიამბობთ.
ნინა: რაც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ, ზაფხულს უკვე განსხვავებულად ვატარებ, ხელფასიან შვებულებასაც ბოლომდე ვითვისებ და უხელფასოსაც. ოღონდ, ამ შვებულებებს ძირითადად, კონცერტების და გასტროლების დროს ვიყენებ და დღეებს ისე ვანაწილებ, რომ კეთილსინდისიერად მოვიხადო ვალი ჩემი სამსახურის წინაშე (იცინის). ხანგრძლივი შვებულება ვერც წელს მოვიწყვე. გაზაფხულიდან შვებულების უმეტესი ნაწილი საქმიანად გამოვიყენე, ისრაელში ვიყავი წასული კონცერტებზე. მხოლოდ რვა დღე დამრჩა, და აგვისტოსთვის შემოვინახე. რა იცი, რაში გამომადგეს?! მე არ ვარ ზაფხულის ქალი, უფრო თოვლის ქალი ვარ. უნდა ნახოთ, რა სიამოვნებას მანიჭებს პირველი თოვლის მოსვლა. არაერთხელ ავსულვარ ღამე წავკისის გზაზე და იქ ვეძებ ხოლმე თოვლს (იცინის).
– აგვისტოსთვის გადანახული რვა დღე ვისთან ერთად უნდა გაატარო?
– მინდა, ეს დღეები შვილთან ერთად ვიყო – ან თურქეთში წავალთ, ან ბათუმში. მთავარი პირობაა ზღვა. რამდენიმე დღე აუციებლად ავალ ჩვენს აგარაკზე, რომელიც გორთან ახლოს, ბოშურის ტყეშია. იქ ყველაფერია ნამდვილი დასვენებისთვის – ტყე, მდინარე, მზე, ჩრდილი, ჩიტების ჭიჭკიკი, სუფთა ჰაერი. იქ ყველა და ყველაფერი მავიწყდება. ერთ წელიწადს ისე მომბეზრდა ის სიჩუმე, ავიტეხე, პიანინო მომენატრა და თბილისში უნდა წავიდე-მეთქი. რამდენიმე საათში ტყეში ამოვიდა სატვირთო მანქანა, რომელმაც ჩემი პიანინო ამოიტანა. მამაჩემმა მომიძღვნა ეს სიურპრიზი, როგორღა უნდა ამომეღო ხმა წამოსვლაზე? დავრჩი აგარაკზე და მინდოდა თუ არა, ვუკრავდი (იცინის). როცა აგარაკზე ვარ, ხატვის მუზაც მომდის. ის ერთადერთი ადგილია, სადაც ყველაზე მეტად მინდება ხატვა.
– ის დრო არ ჯობდა, როცა ჩიტივით თავისუფალი იყავი და ზაფხულს სადაც მოისურვებდი იქ ატარებდი?
– ყველაფერი ერთად ამ ცხოვრებაში, თურმე, არ გამოდის – სამსახურიც გინდოდეს, კონცერტიც, დასვენებაც და ცეკვა-თამაშიც, ასე სადაა? ვხვდები, რომ, რაც უფრო დაკავებული ვარ, მით მეტ რამეს ვასწრებ. სამსახურშიც ვარ, გადაღებებსაც ვასწრებ, გადასახადების გადახდასაც და „პრიმერკაზე” მისვლასაც. იმის მიუხედავად, რომ შინაგანად ძალიან თავისუფალი ვარ, უკვე მაქსიმალურად ვცდილობ, დავიცვა წესები. თუმცა, წესებს ვიცავ თავისუფლად, სამსახურში „მასკიროვკით” დავდივარ. დღის განმავლობაში სამინისტროში უამრავ ადამიანთან მიწევს შეხვედრა. ეტიკეტის მიხედვით, ზემოთ ოფიციალურად მაცვია, ქვემოთ – „არაოფიციალურად”. მაგიდის ქვეშ კაბის და შარვლის სიგრძე არ ჩანს (იცინის).
– ეს ოფიციოზი შენი სამსახურებრივი იმიჯიდან მომდინარეობს, თუ უბრალოდ, შეიცვალე?
– ეს, ალბათ, უფრო წლების ბრალია. უკვე მშვიდი ცხოვრება მომწონს. ზუსტად ვიცი, რა მინდა და ამისთვის რა უნდა გავაკეთო. ისეთი პატარა აღარ ვარ, რომ ის სისულელეები შემეფერებოდეს, რაც ჩემს ცხოვრებაში ადრე იყო. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, ჩემი ცხოვრების სტილი ყოველთვის ყვიროდა, თორემ მე არანორმალურად არც არასდროს მიცხოვრია. უბრალოდ, ჩემი გაკეთებული ყველაფერი სხვანაირად ჩანდა, სხვისი – არა. მთელი თბილისი რომ ჩემს პლასტიკურ ოპერაციებზე ლაპარაკობდა სხვას არ გაუკეთებია ეს ოპერაციები, თუ რაშია საქმე? თუ ასაკის მატებასთან ერთად, ჩემს გარეგნობაში რამე არ მომეწონება, აუცილებლად შევცვლი მას და უარს ნამდვილად არ ვიტყვი პლასტიკურ ოპერაციაზე (იცინის). ჩემი პრობლემა ისაა, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, თამაში ვერ ვისწავლე და იმ ჭკვიანი ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც საკუთარ ნამოქმედარს კარგად მალავს, მე ეს არ გამომდის. ახლა ექსცენტრიკულობა და ეპატაჟურობა გვეპატიება სცენაზე. ამ ტრენინგს მუდმივად ვუტარებ საკუთარ თავს, მაგრამ ტრენინგის შედეგი არ ჩანს – მაინც ისე ვიქცევი ყველგან, როგორც მინდა, რომ მოვიქცე. ერთადერთი, რაც ამ წლების შედეგად ვისწავლე, ისაა, რომ არაა საჭირო გადამეტებული ნერვიულობა და განცდები შეცდომებზე, რომლებსაც ვუშვებთ. თითოეულ ჩემს შეცდომას ბოლომდე „ჩავყევი”. ახლა კი ვიცი, რომ რასაც არ ეშველება, იმაზე თავი არ უნდა მოიკლა. ახლა ბევრ რამეზე ვხუჭავ თვალს, სხვასაც იოლად ვპატიობ შეცდომებს და ცხოვრებასაც უფრო მარტივად ვუყურებ. ადამიანების დაკარგვა ყოველთვის ძალიან მიჭირდა. ახლა კი მას, ვინც ჩემს ცხოვრებაში რაღაცეების გაფუჭებას ცდილობს, უკვე სტატუსს ვუცვლი. ასე ახლო მეგობარი ნაცნობადაც კი შეიძლება იქცეს, ცხოვრებამ მასწავლა ადამიანების გამოცნობა. ეს არის ჩემი დიდი „მონაპოვარი” (იცინის).
– მამაკაცების მიმართაც შეიცვალა ნინა?
– ალბათ, შეიცვალა. სიმართლე გითხრათ, ურთიერთობებში უფრო ფრთხილი გავხდი. კიდევ, ტკივილის გადატანის ძალიან მეშინია. ახლა ცხოვრების ის ეტაპი მაქვს, როცა მეორედ მეწვია დიდი სიყვარული, რაც ქალური ბედნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, იმაზეც მიფიქრია, ეგებ, ვიგონებთ ქალები ამ ბედნიერებისთვის იმას, რაც არ გვაქვს (იცინის). ალბათ, ბევრს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მარტო და ვცხოვრობდი სიყვარულის გარეშე. არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველოში მამაკაცი, რაც არ უნდა მაგარი იყოს თვითონ, ძალიან უფრთხის პოპულარულ ქალთან ურთიერთობას. ეს მე საკუთარ თავზეც არაერთხელ მიგრძნია. ვაი, რომ კაცებს ჩემი „ეშინიათ,” თუმცა იმას კი ხვდებიან, რომ უწყინარი გოგო ვარ (იცინის).
– ახლა ვინაა შენი მამაცი რჩეული?
– სახელს და გვარს რა მნიშვნელობა აქვს. ის არაა პოპულარული სახე და არც შოუბიზნესთან დაკავშირებული. ის არის კარგი ადამიანი, წარმატებული ქართველი და უკვე წლებია, რაც უცხოეთში ცხოვრობს. მართალია, ერთმანეთისგან შორს ვართ, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობას არ ვნებს, პირიქით, ასეთი პლატონური სიყვარული გამოგვივიდა – თან, რომ არის და თან – არა, ძნელია, მაგრამ საინტერესო (იცინის). არ ვიცი, ჩვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდება. რაც დამიგეგმავს, არაფერი გამომსვლია. სიყვარული ისეთი რამაა, გეგმებს ვერ იტანს. მაგრამ, ამ ადამიანთან თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა, საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვუტყდები გრძნობებში. ეს სიყვარული მოულოდნელად, თავისით დამეცა თავზე. ეს ყოველთვის ასე ხდება – ან თავზე მეცემა სიყვარული, ან, რაც არ უნდა გააკეთოს მამაკაცმა ჩემი გულის მოსაგებად, არ შემიყვარდება. თუ ადამიანი არ მიყვარს, მასთან არაფერი შემიძლია. სიყვარულში კი საზღვრები არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, ზომიერების დაცვა არც ახლა გამომდის, მთლიანად მივენდე ბედს, რაც იქნება, ის იქნება.
– შენ არ ჩადიხარ შენს საყვარელ ადამიანთან უცხოეთში?
– არა, უფრო ის ჩამოდის ხოლმე თბილისში. ჩემგან იქ ჩასვლა, უკვე ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გამოვა. ის, ზუსტად ისეთ დროს ჩამოდის, როცა იცის, რომ აღარ შემიძლია. იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობთ, ამ ურთიერთობაში ფოიერვერკები მაინც არის. მე მას ისეთ რამეს ვერ გავუკეთებ, რომ გავაოცო, ამიტომაც ორიგინალურობით შემოვიფარგლები. მას ფანტაზია უფრო საინტერესო ფოიერვერკებისთვის ჰყოფნის (იცინის). ჩვენ ძალიან გახსნილი ურთიერთობა გვაქვს. ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ და ვიცით ნდობის ფასი. მან ყოველთვის იცის – სად ვარ, ვისთან ერთად. თუ ვერ გავაგებინე, რომ სადმე წასვლას ვაპირებ, საერთოდ არ წავალ. არც ერთ კაცს არ მოსწონს, თუ ის შენ გვერდით არაა, შუაღამემდე სადმე იბოდიალო. რაც ვიცი, რომ მას აღიზიანებს, იმას არ ვაკეთებ. ასეთი თვინიერიც ვარ ხოლმე. თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმ ასაკიდანაც გამოვედი, როცა ღამით კლუბში სიარული მსიამოვნებდა. ახლა ჩემი საღამოები ზედმეტად მშვიდიც კია. სხვაგან ღამის თენებას საკუთარი სახლის აივანზე, დასთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა მირჩევნია. უძილობას ჯანსაღი ცხოვრების წესს ვარჩევ. ვცდილობ, ადრე დავიძინო და ადრე გავიღვიძო. თუ სადმე ჩამეძინა, ისე ღრმა ძილი ვიცი, რომ გამიტაცონ, ვერ გავიგებ. უკვე ვარჯიშიც დავიწყე, სასტიკი პროტესტი გამოვუცხადე ცხიმიან და შემწვარ საჭმელს. ვცდილობ, ფორმაში ვიყო.
– შენს მუსიკალურ კარიერას შენი რჩეული როგორ ხვდება?
– ძალიან კარგად. ახლა ახალ პროექტზე მინდა, დავიწყო მუშაობა. თუმცა, ჯერ ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან ნაყოფიერი პროექტი იქნება ჩემი კარიერისთვის – როგორც პროფესიულად, ასევე მატერიალურად. ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ფინანსურად თითქმის მთლიანად თვითონ უზრუნველვყოფ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ხარჯების 95 პროცენტს მაინც თვითონ ვფარავ. ალბათ, ამიტომაცაა, რომ სულ კრედიტებში ვარ გაბნეული. რამდენჯერაც მოვინდომე, „ეკონომიებით” ცხოვრება, იმდენჯერ ვერაფერი გავაწყვე. მამაჩემს იმდენი შვილი და შვილიშვილი ჰყავს შესანახი, მგონი, უკვე ძალიან მოვბეზრდით და მეც კი ამომიღო ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, მაინც მშვიდად ვარ. როცა ვიცი, რომ ფული მითავდება, მამასთან მივდივარ და ისიც, ჩემი დამხმარე ძალა, როგორც ყოველთვის, მაინც ჩემ გვერდით დგას (იცინის).