კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაარტყა სილა ვლადისლავ არძინბას ქვრივმა სვეტლანა ჯერგენიამ რაულ ხაჯიმბას

შესაძლოა, იმიტომაც, რომ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ ციებ-ცხელებაა, „კანდიდატებმა“ თავი მოვალედ ჩათვალეს, გამოხმაურებოდნენ თბილისიდან, მართალია, არაოფიციალურ, მაგრამ მაინც შეთავაზებას. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, სერგეი შამბამ, აფხაზ საზოგადოებაში ყველაზე პროდასავლურად აღიარებულმა, საკმაოდ ანტიდასავლური განცხადება გააკეთა. კერძოდ, რომ, ჯერ ერთი, ქართველების დაბრუნება, გალის გარდა, ზღაპარია და, რაც მთავარია, რუსეთის ჯარების გაყვანაზე საუბარიც ზედმეტია, თვით აღიარების სანაცვლოდაც კი. შესაბამისად, სწორედ შეთავაზების ავტორთან, მამუკა არეშიძესთან, გადავამოწმეთ აფხაზური რეაქციების ავკარგიანობა.

 

– როგორ გამოეხმაურა აფხაზი საზოგადოება თქვენს წინადადებას?

– დავიწყოთ იმით, რომ ქართულ საზოგადოებაში ამ იდეის გარშემო კამათი შესუსტდა. მეტიც, იმის თქმაც კი შემიძლია, რომ თითქმის შეწყდა ეს კამათი. იმდენად მნიშვნელოვანი თემები იყო, რომ მათ გადაფარეს მთელი ეს პროცესი. აფხაზურ მედიასივრცეში კი ამაზე კამათი არ წყდება, მათ შორის, არც კულუარული. ძალიან აგრესიულია რუსული პოლიტოლოგიური ერთობა და რუსული ელექტრონული გამოცემები. საქმე ის არის, რომ მხოლოდ ამ ერთი ნიშნითაც, ნეგატიური გამოხმაურებით აფხაზებისა და რუსების მხრიდან, უნდა მიხვდეს ქართველი საზოგადოება, რომ, ესე იგი, იდეაში, რომელიც შენს მტერსა და მოწინააღმდეგეს არ მოწონს, სხვა რამაა ჩადებული. 

– რა არის ჩადებული?

– შამბამ დაუშვა საბედისწერო შეცდომა იმით, რაც თქვა, –  რომ არც დევნილების დაბრუნებაზე იქნება ლაპარაკი და არც რუსის ჯარის გაყვანაზე. ეს პასუხი, ერთი მხრივ, ქართველ საზოგადოებას ხელს უნდა აძლევდეს. პირადად მე, მაძლევს ხელს, რადგან მივიღე ის პასუხი, რომელსაც ველოდი. სხვათა შორის, ანქვაბმა ბევრად უფრო გონივრული პასუხი გასცა და გამოიკვეთა კიდეც, ვინ გახდება, საბოლოოდ, „პრეზიდენტი“ და ვინ უფრო ჭკვიანია ამ ორ ადამიანს შორის. შამბამ, გავიმეორებ თქვენს სიტყვებს, მიუხედავად თავისი დასავლურობისა, გამოავლინა საკუთარი ბუნება. მან თქვა, რომ ხალხის ბედი არ მაინტერესებს, მაინტერესებს, ვიყო საოკუპაციო მდგომარეობაში, რუსის ჯარი აქ უნდა იდგეს და ჩვენ უნდა ვიყოთ ოკუპირებული ტერიტორიაო. ამით შამბამ ხმამაღლა განაცხადა: „ჩვენ დამოუკიდებლობა არ გვინდა“. ეს არის მთავარი და სწორედ ამის მაპროვოცირებელი იყო ჩემი იდეა. ამდენად, ნებისმიერ ქართველს ნებისმიერ სიტუაციაში უკვე შეუძლია, თქვას: ჩვენ აფხაზებს ვთავაზობდით დამოუკიდებლობას, ვთავაზობდით, ანუ წარსულ დროში, მაგრამ, მათმა ლიდერებმა არ მოინდომეს და რუსული ოკუპაციის პირობებში მოისურვეს ყოფნა. შამბას აი, ამ უარყოფითმა პოზიციამ და ანქვაბის ნეიტრალურმა პოზიციამ ბევრი რამის შესაძლებლობა მოგვცა საერთაშორისო ასაპარეზზე. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, თუ შეცდომები დავუშვით გასული საუკუნის 90-იან წლებში, ის შეცდომები გარკვეულწილად გადავლახეთ და აფხაზებს, აი, ასეთი ტიპის დიალოგი შევთავაზეთ, რომელიც შეიძლებოდა, მათი დამოუკიდებლობით დამთავრებულიყო, ოღონდ, ჩვენ მათ წავუყენეთ პირობებიც, მაგრამ აფხაზებმა არ მოინდომეს ამ პირობების შესრულება, არჩიეს კაბალურ მდგომარეობაში დარჩენა, მეტს კი ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ძალიან მარტივი სქემაა. ასე რომ, ჩემი აზრით, უაღრესად მომგებიან მდგომარეობაში ვართ ამ თვალსაზრისით და ხელ-ფეხიც გახსნილი გვაქვს.

– თქვით, გამოიკვეთა, ვინ გაიმარჯვებს ამ ორს შორისო, მაგრამ, თუ შამბამ ის თქვა, რის მოსმენაც რუსებს უნდოდათ, ანქვაბი რატომ გაიმარჯვებს?

– ანქვაბმაც ის თქვა, რაც რუსებისთვის ხელსაყრელია: ჩვენ ქართველებს 2008 წელს შევთავაზეთ მოლაპარაკებების დაწყება, ჩვენ შეგვიძლია, ახლავე დავიწყოთ მოლაპარაკებები, ოღონდ, პირობების გარეშეო. რა თქმა უნდა, ეს ფრაზა ობივატელსა და რუსებზეა გათვლილი, იმიტომ რომ, არათუ დიპლომატიური მოლაპარაკების ფორმატი, არ არსებობს ორი ადამიანი, მაგიდას მიუსხდეს და ამინდზე მაინც არ დაილაპარაკოს. მით უმეტეს, დიპლომატიური მოლაპარაკების ფორმატში აუცილებელია წინასწარ პირობების განსაზღვრა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ და სადამდე შეიძლება, მივიდეთ. ეს აუცილებელი ფორმულაა დიპლომატიაში. ამისთვის გვერდი საუკუნეების განმავლობაში არავის აუვლია და ვერც აუვლის. ასე რომ, ეს განცხადება თვალთმაქცობაა ანქვაბის მხრიდან, ოღონდ, ჭკვიანური.

რაც შეეხება რუსეთის გულისმომგებ ფრაზას, ფაქტობრივად, ორივემ ერთი და იგივე თქვა –  ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არ შეიცვლებაო. შამბამ პირდაპირ თქვა, ანქვაბმა –  დელიკატურად და გააზრებულად. რადგან შინაარსი ერთი და იგივე იყო, რუსებისთვის არც ერთი განცხადება არ ყოფილა საწყენი, მაგრამ რუსეთისთვის არც ერთი მათგანის ამ ტიპის გამონათქვამი გადამწყვეტი არ არის, რადგან რუსეთი დიდი ხანია, აანალიზებს, რომელი ურჩევნია „პრეზიდენტად“.

– ხაჯიმბა ჩამოწერეს?

– არა, მაგრამ, ხაჯიმბამ ძალიან საინტერესო მეწყვილე შეარჩია –  არძინბას ქვრივი. საინტერესო ის არის, რომ 2004 წლის არჩევნების დროს, სვეტლანა ჯერგენია, ანუ სვეტლანა არძინბა, მხარს უჭერდა ბაღაფშს და ერთ-ერთი ცხარე შელაპარკების დროს სილა გაარტყა ხაჯიმბას. ეს ხომ კავკასიაა და ძალიან კარგად ახსოვს აფხაზ საზოგადოებას, რომ ქალმა, რომელსაც რაღაც დაუშავა ხაჯიმბამ, სილა გაარტყა და  ახლა ისინი ერთად არიან პოლიტიკური კონიუნქტურის გამო. პოლიტიკური მიზანშეწონილობის დონემდე აფხაზი საზოგადოება ჯერ მისული არ არის და, ამდენად, მათთვის გაუგებარია, დღეს რატომ არიან ერთად ხაჯიმბა და სვეტლანა არძინბა, თუმცა, გარე თვალისთვის თითქოს მომგებიანია ხაჯიმბასთვის სვეტლანა არძინბას არჩევა მეწყვილედ. თუ დანარჩენ საქართველოსთან აფხაზეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე ვიმსჯელებთ მომავალში, მაშინ, ძალიან საინტერესოა როგორც შამბას, ისე ანქვაბის მეწყვილე.

შამბას მეწყვილეა შამილ აძინბა. ის არ არის ადგილობრივი აფხაზი, ბათუმელი აფხაზია, თუმცა, აფხაზეთში ომის დროს ჩავიდა სრულიად ახალგაზრდა –  41 წლის – სეპარატისტული მოძრაობის მხარდასაჭერად.

– ოჯახი აქ ჰყავს?

– მივალთ მაგ საკითხამდეც. ის მონაწილეობას იღებდა ჩვენ წინააღმდეგ ომში და ფეხი დაკარგა. დღეს არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვეტერანებისთვის საკმაოდ მიღებული და ცნობილი ადამიანი. ნათესაობა, რასაკვირველია, აჭარაში ჰყავს. ისინი მოჰაჯირების შთამომავლები არიან, რომლებიც თავის დროზე, ჩაასახლეს აჭარაში –  ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აჭარა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. ამდენად, ეს ძალიან საინტერესო გზავნილია. აძინბა აბსოლუტურად თავისუფლად ლაპარაკობს ქართულად, როგორც ნებისმიერი ბათუმელი და, აფხაზი მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ შამილ აძინბა არის ერთგვარი კოზირი გალელებთან სალაპარაკოდ. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად გამოადგება ის შამბას. გარდა ამისა, აძინბა მიიჩნევა დანარჩენი საქართველოს მკვიდრად: ის არ არის დაბადებული აფხაზეთში და ეს გზავნილია დანარჩენი საქართველოსთვისაც.

ასევეა მიშა ლოგუა, ანქვაბის მეწყვილე. მიშა ლოგუა გუშინწინ გააფხაზებული ადამიანია –  მამამისი გააფხაზდა.

– ჩემი გამოცდილებითა და დაკვირვებით, ქართულგვარიანი აფხაზები გაცილებით აგრესიულები არიან, ვიდრე აფხაზურგვარიანი აფხაზები.

– თუ გვარებზე ვლაპარაკობთ, გავიხსენოთ, რომ ერთმანეთის საპირისპირო პროცესი იყო: ხდებოდა და დღესაც ხდება ქართველების გააფხაზება და ხდებოდა აფხაზების გაქართველებაც. მაგალითად, ბევრი გვარი, რომელიც მთავრდება შესაბამისი ასოთა წყობით –  „ბა“, აფხაზურია: ქეცბაია, ბუთბაია, ლაცუზბაია და ასე შემდეგ. ჩვენი შეცდომა ის არის, რომ, თავის დროზე, აი, ამ მეორე პუნქტს არ მივაქციეთ ყურადღება, მაინცდამაინც „ვაწვებოდით“ იმას, რომ არსებობენ გააფხაზებული ქართველები, მაგრამ გაქართველებულ აფხაზებს არ ვაღიარებდით.

– მიშა ლოგუაზე ვსაუბრობდით.

– მიშა ლოგუა მეურნე კაცია, დამჯდარი და სერიოზული. ამჟამად გულრიფშის გამგებელია. მეურნეს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ის პოლიტიკოსი არ ყოფილა და არ არის გასვრილი ამ სიტუაციაში. ესეც, გარკვეულწილად, გზავნილია არა მხოლოდ ქართული, არამედ აფხაზი საზოგადოებისთვის. კიდევ არის რამდენიმე ნიუანსი, რომელთა თქმის უფლებაც არ მაქვს. აი, ასეთი ვითარებაა და, აშკარაა, რომ ქართველებს გზავნილებს უგზავნიან აფხაზეთიდან. რაც შეეხება ხაჯიმბას ჩამოწერას: ვიმეორებ, ხაჯიმბას არ აქვს ისეთი გავლენა და მდგომარეობა, როგორც ამ ორს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შამბასა და ანქვაბს ადმინისტრაციული რესურსი აქვთ ხელში: ერთი –  პრემიერია, მეორე –  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ხაჯიმბას 2008 წლის არჩევნების შემდეგ არანაირი თანამდებობა არ აქვს. ვეტერანების ერთობაც არ უჭერს ბოლომდე მხარს: მის მხარესაა „ამცაჰარა“, „არუნა“ კი ხელისუფლების მხარეზეა.

– ვერ მოახერხა რუსეთმა ხაჯიმბას გარდა ვერავის პოვნა, თუ უკვე აღარ სჭირდება ჩარევა, ისე მოაწყო საქმე?

– საქმეც ეს არის, რუსეთს აღარ სჭირდება ეს არჩევნები. ბაღაფში იყო აფხაზეთის ბოლო პრეზიდენტი, რომელიც ხალხმა აირჩია და ვის არჩევაშიც აფხაზებს მთავარი სიტყვა ეთქმოდათ. რუსეთმა გაითვალისწინა თავის მიერ 2004 წელს დაშვებული შეცდოები და იმუშავა არა აფხაზ, არამედ სომეხ და რუს ელექტორატთან. დღეს სწორედ ისინი წყვეტენ არჩევნების ბედს. დღეს არჩეული ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იმ სამიდან, მაინც რუსეთის მადლიერი იქნება, რადგან თითოეულმა ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზების ხმების რაოდენობით ვერ მოიგებს არჩევნებს. იმიტომაც ლაპარაკობენ რუსეთის გულის მოსაგებად, რომ რუსებმა არჩევნები მოაგებინონ.

– მაინც თავიანთი ფეხით მივლენ რუსეთთან?

– დიახ და ნებისმიერს, რომელიც ჩაჯდება აფხაზეთის პრეზიდენტის სავარძელში, ეცოდინება, რომ კრემლმა მოინდომა, ის ყოფილიყო პრეზიდენტი და არა აფხაზების ხმების მობილიზებამ.

– მაშინ, რა საჭიროა გზავნილები დანარჩენ საქართველოსთან?

– მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინათ შევაფასე შამბასა და ანქვაბის გამონათქვამები და ვთქვი, რომ შამბამ შეცდომები დაუშვა, მინდა, ერთი რამის იმედი დავიტოვო: ეს არის წინასაარჩევნო კამპანია და არც ერთს და არც მეორეს სხვანაირად ლაპარაკის უფლება არ ჰქონდა, თუმცა, აქაც არის გარკვეული ფორმატი, იმიტომ რომ, ანქვაბმა მოახერხა, უფრო დიპლომატიური ყოფილიყო, ვიდრე შამბამ, რომელმაც პირდაპირ დააბრეხვა, რაც რუსებს სჭირდებოდათ. დღეს არის საარჩევნო კამპანია. პროცესის დამთავრების შემდეგ, როდესაც ადამიანი სავარძელში ჯდება, ის უფრო მყარად გრძნობს თავს და, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, სხვანაირად მიუდგნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივას. ის გზავნილები, რომლებზეც ვლაპარაკობდით, სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ ახლავე ჩაუყარონ ამას საფუძველი.

– თქვენი აზრით, რა არის მათი მაქსიმალური მოთხოვნა?

– შევაფასოთ მდგომარეობა ობიექტურად: აფხაზები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათი მდგომარეობა მწვავეა, თუნდაც, იმ თვალსაზრისით, რაც ვთქვი: ვერავინ მოიგებს არჩევნებს აფხაზეთში, თუ სომხები და რუსები არ მისცემენ ხმებს. რაც წლები გავა, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ამდენად, აფხაზები ცდილობენ, მანევრები გააკეთონ რუსებისადმი: ჩაიხუტონ, მაგრამ, ბოლომდე გულში არ ჩაიკრან და პირიქითაც: რუსებმა არ ჩაიკრან გულში. ამიტომ, აფხაზების თამაში დასავლეთის მიმართულებით ამ თამაშის ნაწილია და ამ დასავლეთთან თამაშში მოიაზრება დანარჩენი საქართველოც. აფხაზებმა ძალიან კარგად იციან, რომ, თუ საქართველომ არ მოინდომა აფხაზურ-დასავლური დაახლოება, ის არ შედგება. ამიტომ უწევთ გუგულის კვერცხების დატოვება ყველგან, რომ დასავლეთი შორს არ გაიქცეს და არ გაუცრუვდეს იმედი აფხაზებისადმი, ისევე, როგორც ოსებისადმი. მათ უნდათ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მომავალშიც განაგრძონ ლაპარაკი დასავლეთთან.

ჯერჯერობით ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზებმა კონფედერაცია ან პოლიტიკური ურთიერთობის რაღაც სხვა ფორმა შემოგვთავაზონ: ხაზს ვუსვამ –  ჯერჯერობით, მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ვაჭრობის რაღაც პროცესი დაიწყონ და რუსებს აჩვენონ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის კეთება შეუძლიათ. ჩემთვის უცნობია, რა თემაზე დაიწყებენ ვაჭრობას, ისიც არ ვიცი, ეს ვაჭრობა კულუარული იქნება თუ აშკარა, მაგრამ, რაღაცით ვაჭრობას აუცილებლად დაიწყებენ.

– ოღონდ, მანამდე უნდა დაიწყონ, სანამ უიმედო უმცირესობაში არ აღმოჩენილან აფხაზეთში?

– რასაკვირველია. ყველა ეს ნიშანი, რომლებზეც ვილაპარაკე, იმედს მიტოვებს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების“ შემდეგ, რაღაც პროცესები უნდა დაიწყოს. ოღონდ, ეს პროცესები დაიძვრება იმ შემთხვევაში, თუ შემხვედრი პროცესები იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

 

скачать dle 11.3