კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკე და რატომ მოიხსენიება ის „ქართული წირვა-ლოცვის დამამშვენებლად“

გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, საოპერო ხელოვნების ფუძემდებლის, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, რომელიც თბილისში, ბაქრაძის ქუჩა ¹10-ში მდებარეობს, 1959 წელს დაარსდა. წელს ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 140, ხოლო მუზეუმის დაარსებიდან, 50 წელი შესრულდა. მუზეუმის ფონდი ათლწეულების განმავლობაში მდიდრდებოდა და დღესდღეობით 4 600 ექსპონატს ითვლის. მრგვალ თარიღთან დაკავშირებით პირველად გამოიფინა მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და დღემდე უცნობი ფოტომასალა. მუზეუმში არის სიახლეებიც, რაზეც თავად მუზეუმის დირექტორი, კომპოზიტორი შალვა დავითაშვილი და მეცნიერ-მუშაკი თამარ ჩინჩალაძე-მარი გვესაუბრებიან.

 

შალვა დავითაშვილი: საქართველოში 1959 წელს მიიღეს დადგენილება, რომ შექმნილიყო ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი, ხოლო სტაციონარული გამოფენა უკვე 1961 წელს გაიხსნა. ჩვენი მუზეუმი ძალიან დიდ სიმდიდრეს ფლობს და ამაზე მეტყველებს ექსპონატთა რიცხვი – 4 600, რომელიც მუზეუმის ფონდს აქვს. მე-18 წელია, რაც მუზეუმის დირექტორი ვარ, მაგრამ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო პირველი დირექტორის, ვაჟა ჩინჩალაძის დამსახურება. სწორედ მისი დირექტორად ყოფნის პერიოდში შეივსო მუზეუმი უამრავი უნიკალური ექსპონატით.  ჩემი აზრით, სწორედ ბატონი ვაჟაა ამ მუზეუმის დამაარსებელი. იგი 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, აგროვებდა და უნახავდა მომავალ თაობას ამ სიმდიდრეს. დღეს მუზეუმი არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია. იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია ღონისძიებები.

– კერძოდ, რა ღონისძიებებს გეგმავთ და ვინ მიიღებს მონაწილეობას?

– ჩვენთან ტრადიციად იქცა ქართული მუსიკის საღამოს გამართვა მუზეუმის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში. საზეიმო კონცერტზე აჟღერდება ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, როგორც კლასიკოსების, ასევე, თანამედროვეების. აღსანიშნავია, რომ 18 მაისს გაიხსნა ახალი ექსპოზიცია –  „ზაქარია ფალიაშვილის ოჯახი და ქართული მუსიკა“. ამაზე უფრო დაწვრილებით პირველი დირექტორის ქალიშვილი და ჩვენი მეცნიერ-მუშაკი, ქალბატონი თამარ ჩინჩალაძე-მარი გესაუბრებათ.

თამარ ჩინჩალაძე-მარი: ზაქარია ფალიაშვილის მშობლებს 18 შვილი ჰყავდათ, რომელთაგან 6 ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ზაქარია მესამე შვილია. ჩვენ გადავწყვიტეთ, ფოტოგამოფენა მოგვეწყო და აქცენტი გავაკეთეთ მუსიკოს ფალიაშვილებზე, რომლებმაც ფასდაუდებელი ამაგი დასდეს ქართული სამუსიკო კულტურის განვითარებას.

ძირითადად, ცნობილია 5 დედამამიშვილი: ზაქარია, ივანე, ლევანი, ჟანა, პოლიკარპე და კიდევ ერთი ძმა – გიორგი, რომელიც ფრანგული ენის სპეციალისტი გახლდათ, თუმცა, ამბობენ, რომ ძალიან კარგი ტენორი იყო. ეს არის დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოები, რომლებიც მუზეუმის ფონდში ინახებოდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოვფინეთ. ფალიაშვილის, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში, და-ძმებს მიუძღვით ძალიან დიდი წვლილი, განსაკუთრებით კი – ივანეს. ქართული საზოგადოებისთვის იგი, ასევე, ცნობილია, როგორც სადირიჟორო სკოლის ფუძემდებელი.

– რამდენი ოთახი ეკავათ ფალიაშვილებს ამ სახლში და როდის გადმოვიდნენ ისინი აქ საცხოვრებლად?

– ფოტომასალიდან ვიცით, რომ ისინი ყორღანაშვილის ქუჩაზეც ცხოვრობდნენ და თბილისის სხვა უბნებშიც. მაგრამ, ცნობილია, რომ  ფალიაშვილები ამ სახლში 1915 წელს გადმოვიდნენ და 5 ოთახი ეკავათ. აქ მხოლოდ სამი ძმა ცხოვრობდა: ზაქარია, მისი უმცროსი ძმა ნიკოლოზი და უფროსი – ივანე. მუზეუმში გამოფენილია ზაქარიას ბიოგრაფიული ფოტოები: – ბავშვობა, მისი ოჯახი, ქუთაისის პერიოდი. ასევე, მოსკოვში ცხოვრების წლები, მოგზაურობები – მას არ დაუტოვებია მოუნახულებელი საქართველოს არც ერთი კუთხე. 

– რომელიმე ოთახს თუ აქვს პირვანდელი სახე შემორჩენილი?

– ასეთია მისი სამუშაო ოთახი. იქვე არის იმდროინდელი სურათი, რომელიც ასახავს იმ ფაქტს, რომ მისი სამუშაო მაგიდა ისევ იმ მდებარეობაშია. კაბინეტში დგას კომპოზიტორის კუთვნილი, „შრედერის“ ფირმის როიალი. ასე თუ ისე, პირვანდელი სახე აქვს სასადილო ოთახსაც. სწორედ აქ ინახება საკრავები – ფისჰარმონია და ვალტორნა, რომელზეც ფალიაშვილი უკრავდა.

– ალბათ, ყველას აინტერესებს ზუსტი ინფორმაცია დიდი კომპოზიტორის კათოლიკობის შესახებ. როდის და როგორ გახდა ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკე?

– ზაქარია ფალიაშვილის ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა. მუზეუმს აქვს ფოტო, სადაც ნათლად  ჩანს, რომ მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს იყო კათოლიკური ეკლესია. ზაქარიას მამა მნათე იყო და, შესაბამისად, იქ მიიღეს მისმა შვილებმაც მუსიკალური განათლება. ზაქარიას ძმა, ივანე, ფალიაშვილი ძალიან კარგად უკრავდა ორღანზე,  ზაქარია კი გამოირჩეოდა ხმის უნიკალური ტემბრით. შემდგომში, თბილისში მოღვაწეობის პერიოდში, იგი თავდაუზოგავად იბრძვის ეროვნული კულტურისთვის. ზაქარია იყო რუსული გალობის წინააღმდეგი. იმ პერიოდში ეგზარქოსები იყვნენ ქართულ ეკლესიებში. ზაქარია თავის ავტობიოგრაფიაში ამბობს: ამათ თუ უყურეთ, „უპალო შემიწკალეს“ მეტი არაფერი იქნებაო. მან დაწერა ლიტურღია, რომელსაც დაურთო ოთხი ხმა. გარკვეული პერიოდი ის ჩვენი სამხმიანობის გამო არ სრულდებოდა, მაგრამ მან შეძლო და ეს შეასრულა. 1910 წელს კი ზაქარიამ თავისი გუნდი  ქაშუეთის ეკლესიაში მიიყვანა და მათ მიერ იქ შესრულდა პირველი ქართული გალობა. ამ ბოლო დროს აქცენტი კეთდება მის კათოლიკეობაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, საზოგადოებას გავაცნოთ დოკუმენტი, რომელიც მუზეუმის ფონდში ინახებოდა. ისტორიული მნიშვნელობის ეს ექსპონატი ასახავს ქართული ეკლესიის დამოკიდებულებას ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებისადმი. კერძოდ, ეს არის 1925 წელს, ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მასალები: მისალოცი საკათალიკოზო საბჭოსგან ზაქარია ფალიაშვილისადმი – „ქართული წირვა-ლოცვის დამამშვენებელს და „აბესალომ და ეთერის“ ავტორს. 1925 წლის 12 აპრილი“. საკათალიკოზო საბჭოს რწმუნებულის, დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის ხელმოწერით. იქვე აღნიშნულია, რომ ქართული ეკლესიის პატრიარქებმა, კირიონმა და ლეონიდემ, საკათალიკოზო საბჭოს წევრებთან ერთად, პირველად გადალახეს თეატრის ბჭე და აკურთხეს  „აბესალომ და ეთერის“ პირველი შესრულება. წერილში ვკითხულობთ  ზაქარია ფალიაშვილის ლიტურგიის „წმიდა იოანე ოქროპირის წირვის“ წესისა და სხვა საინტერესო შეფასებებს.

– ვინ იყო ზაქარია ფალიაშვილის მუზა და რომელი ნაწარმოებები უძღვნა მას კომპოზიტორმა?

– მუზეუმში გვაქვს საკმაოდ ლამაზი და ნიჭიერი მომღერლის, ნადეჟდა ბუზოღლის ფოტო. სწორედ ეს ქალბატონი მოიაზრება ბატონი ზაქარიას მუზად, რომელსაც მიუძღვნა ოპერა „დაისი“, „ლატავრა“ და სხვა მრავალი რომანსი.

– ვინ იყო მათი შთამომავალი, რომელმაც ეს სახლი სახელმწიფოს გადასცა?

– ეს გახლავთ ქალბატონი იულია, რომელიც ზაქარიას ძმის, ნიკოლოზის შვილია. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაქარიას ჰყავდა მეუღლე – იულია უტკინა, გერი – ანტონინა (ტონია) და ერთადერთი ვაჟი – ირაკლი, რომელიც გარდაიცვალა. ამის შემდეგაც მან იშვილა იულია – თავისი ძმისშვილი და მეურვეობას უწევდა მას. იულია ფალიაშვილი ცნობილი ქართველი მომღერალი იყო და, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გვაქვს ასეთი უნიკალური მუზეუმი. მან უამრავი მასალა გადმოსცა მუზეუმს, რომელთაგან ნაწილი მუზეუმმა შეისყიდა, ნაწილი კი საჩუქრად გადმოგვეცა. იულიას ორი ქალიშვილი ჰყავს – თამარი და თინა. ჩვენ უშუალო კავშირი თამართან გვაქვს. მან იუბილესთან დაკავშირებით, ათხოვა მუზეუმს ზაქარიას კუთვნილი, 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“. ის ზაქარიამ თავის ვაჟს აჩუქა წარწერით: „ჩემს უსაყვარლეს შვილს და მეგობარს მამამისის, ზაქარიასგან სახსოვრად. 1912 წ.“ ასევე, ვერცხლის პორტსიგარი, რომელიც ზაქარიას ნაქონია. მხოლოდ ეს ორი ნივთი ინახება ზაქარია ფალიაშვილის სახსოვრად, და დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა, დღეს ის მუზეუმში ნახოს. მუზეუმში ინახება ასევე პირველი ოპერის – „აბესალომ და ეთერის“ უნიკალური ნოტები – თავად ზაქარია ფალიაშვილის ხელნაწერი. ჩვენთვის ცნობილია, რომ სწორედ ამ ოპერაზე მუშაობის დროს გარდაიცვალა  მისი ვაჟი და ზაქარია წყვეტს მუშაობას. ამ გარემოების გამო ეს ოპერა დიდხანს იწერებოდა. აქ გამოფენილია „აბესალომ და ეთერის“ პერსონაჟების კოსტიუმები, რომლებიც გოგი ალექსი-მესხიშვილის მიერ არის შესრულებული. აქვეა ფრაკი, რომლითაც „აბესალომ და ეთერს“ უდირიჟორა კომპოზიტორმა, ასევე, ის სადირიჟორო ჯოხი, რომელიც მას საოპერო თეატრის დასმა აჩუქა. ის მოოქროვილია და ზედ წარწერაც აქვს.

 

скачать dle 11.3