ენრიკო ჯანელიძის ახალი კლიპის პრეზენტაცია კინოს სახლში
გასულ შაბათს, 23 ივლისს, უამრავი საპატიო სტუმარი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსის, ენრიკო ჯანელიძის კლიპის პრეზენტაციაზე შეიკრიბა. ბატონმა ენრიკომ, ტრადიციულად, გააკეთა თავისი კლიპების კოლაჟი, რომლის ბოლოსაც სულ ახალი კლიპი გამოიტანა დღის სინათლეზე. კლიპი შეიქმნა სიმღერაზე „ვერის უბნის ტანგო”, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორი ჯუმბერ ჯანდიერია. კლიპის რეჟისორი და სცენარის ავტორი თვითონ ბატონი ენრიკოა, გადაღებაში კი მას კოტიკო კალანდაძე დაეხმარა. კლიპში მონაწილეობა მიიღეს პანტომიმის თეატრის წამყვანმა მსახიობებმა. კლიპმა საოცრად იმოქმედა მაყურებლებზე. სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ ნოდარ ტაბიძე, რეზო ადამია, რეზო მიშველაძე, ამირან შალიკაშვილი, გოგი ჩლაიძე, ჯულიეტა მურადელი, ოთარ მაღრაძე და სხვები, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
ნოდარ ტაბიძე: ამ ნაწარმოებმა უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ენრიკო ჯანელიძის განსაკუთრებით ემოციური შესრულებით. ეს რომ ზოგად ფრაზად არ დარჩეს ასეთ დეტალს შემოგთავაზებთ – ამ საოცარი მუსიკის ფირი შინ მაქვს და, როდესაც ვიღლები სხვა საქმით, ჩავრთავ ფირს, ვმაღლდები და ვფაქიზდები. ეს მუსიკა სევდიან განწყობას კი არ მიქმნის, არამედ, შეტევისთვის მამზადებს. მინდა, მის ავტორსა და შემსრულებელს უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ საოცარი ნაწარმოებისთვის.
სიმღერა უკვე ტრიალებს რადიოარხებზე, ენრიკო ჯანელიძის ამ და სხვა კლიპების ნახვა შეგიძლიათ youtube.com-ზე.