ვისთან იცლება ემოციებისგან ბოლომდე ნინი შერმადინი და როდის ღალატობს მას ნერვები
თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ნინი შერმადინი და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დირექტორი, ეკა მგალობლიშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადიოდნენ და გოგონებს არჩევდნენ კონკურსისთვის – „მის მსოფლიო თინეიჯერი“. პარალელურად კი, ნინი შერმადინი კონცერტებსაც ატარებდა. ახლო მომავალში ნინის კიდევ ბევრი გეგმა აქვს: ერთ-ერთ კონკურსში აპირებს მონაწილეობას. ჩაწერა სიმღერა და ჯერჯერობით გაჩერებას არ აპირებს.
ნინი შერმადინი: საქართველოს მასშტაბით, შევარჩიეთ გოგონები სილამაზის კონკურსისთვის – „მის მსოფლიო თინეიჯერი“. ვეძებდით 14-20 წლამდე ასაკის გოგონებს. დასკვნითი კონკურსი – „მის თინეიჯერი საქართველო“ ჩატარდება 31 ივლისს (ინტერვიუ კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი – ავტორი).
ეკა მგალობლიშვილი („მის მსოფლიო თინეიჯერის“ ეროვნული დირექტორი): უკვე მეორე წელია, რაც ამ კონკურსის ლიცენზიას ფლობს ჩვენი სამოდელო სააგენტო „კატრინი“, რომლის დირექტორიც გახლავართ. ნინი ჩემი მოადგილეა. პროექტი განვახორციელეთ გუბერნატორების, გამგებლების, მერის მხარდაჭერით, მოკლედ, მთელი საქართველო იყო ჩართული. პარალელურად, ნინი საღამოს თავის სიმღერით ალამაზებდა. დღეში ორი კონკურსი გვქონდა, თან სხვადასხვა ქალაქში.
ნინი: საბოლოოდ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, ლამაზი გოგონები ავარჩიეთ. მხოლოდ სილამაზის კონკურსით არ მთავრდება ყველაფერი. ქალბატონ ეკას აქვს სილამაზისა და მოდის ცენტრი „კატრინი“. გოგონები დებენ კონტრაქტს და შემდეგ სხვადასხვა კლიპში, რეკლამაში, ჩვენებაში შეუძლიათ, მონაწილეობა და საკუთარი თავის რეალიზება.
ეკა: როგორც პროდიუსერს, უნდა დამეგეგმა ნინისთვის კონცერტები. შესაბამისად, სილამაზის კონკურსი და ნინის სოლო კონცერტები ერთმანეთს შევუთავსე და ქასთინგების პარალელურად, 3 თვის განმავლობაში, ნინისაც ჰქონდა კონცერტები. აგვისტოშიც არ ვაპირებთ გაჩერებას, მთელი საქართველო უნდა ავამღეროთ, ახალი პროექტი გვაქვს – „ნინი და მისი მეგობრები“.
– ნინი, ასეთ დაძაბულ, დატვირთული ცხოვრების რიტმს, ალბათ, უკვე მიჩვეული ხარ...
ნინიèèì: ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ცხოვრების სწრაფ ტემპს. როდესაც ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმდენად დადებითად ვიმუხტები, დაღლას საერთოდ არ ვგრძნობ. დიდ ემოციას ვიღებ მაყურებლისგან. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ადამიანს ვანიჭებ სიხარულს და მათ თბილ, განათებულ სახეს ვხედავ.
– ცხოვრებაში ყველას გვაქვს რთული პერიოდები, არც შენ იქნები გამონაკლისი.
– რა თქმა უნდა, მეც მაქვს. რობოტი არ ვარ და არც რკინის ნერვები მაქვს – ხანდახან მღალატობს კიდეც. მაგრამ, ჩემს პრობლემებს არასდროს ვახვევ სხვას თავს. მყავს დედა, უახლოესი მეგობარი, რომლებთანაც შემიძლია, ბოლომდე გავიხსნა და ემოციებისგან დავიცალო. ასევე, ჩემს მამაოსთან შემიძლია, ნებისმიერ თემაზე ვისაუბრო – ტკივილი იქნება ეს თუ ბედნიერება. გარეთ რომ გამოდიხარ, ნინი შერმადინი ცხვირჩამოშვებული, უმაკიაჟო, ძაძებში ჩაცმული არავის უნდა. ვერავინ გაიგებს, შენ რა გჭირს – არ აინტერესებთ, რადგან მათ შეგიყვარეს მხიარული, განათებული სახით, მუდამ შემოქმედებითად დატვირთული და მათ იმედებს ვერ გაუცრუებ.
– შეგიძლია, ბრძოლა სირთულეებთან, წინააღმდეგობებთან და რას აკეთებ ტკივილის თავიდან ასაცილებლად?
– არასდროს ვყრი ფარ-ხმალს. მხოლოდ საკუთარ თავს არ ვეკუთვნი და რადგან ეს საქმე ავირჩიე, უნდა ვიპოვო ძალა, რომ ვიყო ძლიერი. სულ ვფიქრობ – ამაზე უარესი აღარაფერი იქნება, ამაზე მეტი პრობლემა აღარ მექნება-მეთქი და პირიქით, უფრო მეტი რამ დამხვდება ხოლმე წინ. რაც უფრო ფართოდ გადიხარ მასებში და მეტის მიღწევა გინდა, მით უფრო მძიმე ჯვრის ტარება გიწევს – ბევრი სიბინძურის, ცუდი ჭორების მოსმენა. ახლა, რაც ოჯახი დამენგრა, უფრო მეტი ჭორი მესმის. ეს არ არის ჩემთვის უცხო და ამას ველოდი კიდეც. ენას ძვალი არ აქვს და ყველას ვერ ვეყვარები. თუ ყველას უყვარხარ, ესე იგი, უინტერესო ხარ და მაშინ სპეციალურად, რაღაც უნდა დააშავო. ნინი შერმადინს ძირს ვერასდროს გამოუთხრიან, რადგან უკან მოხედვის არ ეშინია. პირიქით, ჩემი წარსული მეამაყება. მირჩევნია, ყველაფერს რთულად მივაღწიო, ეკლიანი გზით ვიარო, მაგრამ ვიცოდე, რომ ეს ჩემი გაკეთებულია და სხვას ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. მიუძღვის, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, რადგან ჩემს ცხოვრებაში დიდი წვლილი მიუძღვის დედას, ჩემს პედაგოგს, ეკას, მეგობრებს, რომლებიც არ მაძლევდნენ მოდუნების საშუალებას. რამდენიმე დღის წინ მამაოს შევხვდი და ერთი ასეთი ფრაზა მითხრა: შენი თავის იმედი, სულიერი სიძლიერე და პატიოსნება არ დაკარგო, რაც აქამდეც გაგაჩნდა. სადამდეც შეგიძლია, ატარე შენი ჯვარიო და ამ ადამიანებს იმედს ვერ გავუცრუებ.
– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შენს ცხოვრებაში ბევრი ტკივილი იყო და ამან უფრო გაგზარდა.
– ადამიანს ნებისმიერი განსაცდელი უფლისგან მიეცემა და ალბათ, რაც მივიღეთ, იმას ვიმსახურებდით. საწუწუნო არაფერი მაქვს. ია-ვარდით მოფენილ გზაზე არასდროს არავის უვლია. ასეთი ცხოვრება უინტერესოც არის – თუ არ იცი, რა არის ტკივილი, მაშინ ბედნიერებას ვერასდროს განიცდი. ასე რომ, ამ ყველაფერმა ძალიან გამზარდა, როგორც პროფესიონალი, როგორც ადამიანი. მგონი, უკვე დროა, გავიზარდო – 23 წლის ვარ.
– არის საკითხები, რაზეც ადვილად შეგიძლია თვალის დახუჭვა?
– ვერ დავხუჭავ იმ თვისებებზე თვალს, რის გამოც ოჯახი დავანგრიე. თუმცა, ეს ჩემთვის დახურული თემაა და ჩემ გარდა არავის ეხება. უთქვამთ – იცი, რა, ეს საზოგადოებას აინტერესებსო. საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს ნინი შერმადინის შემოქმედება და არა მისი პირადი ცხოვრება. ეს მინდა, დავაფიქსირო, რომ სხვა დროს აღარ გაიმეორონ. ნინი შერმადინი არის ადამიანი, რომელიც არასდროს თამაშობს, საკუთარი საქციელის არასდროს შერცხვება და თუ რამეს აშავებს, შეუძლია, ამის აღიარება, თან არაერთხელ. სხვის შეცდომაზე ვერასდროს ისწავლი, შეიძლება, უბრალოდ, დაფიქრდე, მაგრამ, რა როგორ იქნება, ამას ვერ განსაზღვრავ. როცა მიგრძნია, რომ ეს არ იყო სწორი, მინანია, თუმცა იშვიათად და ამას აღარ გავიმეორებ, რადგან ვიცი, რამდენად მტკივნეულია. ყველაზე რთულად გადამაქვს, როდესაც ჩემგან ეტკინა ადამიანს გული. მთიულის ხასიათი მაქვს, დიდხანს ვითმენ რაღაცას და მერე ისე ვფიცხდები, შეიძლება, ადამიანი საშვილიშვილოდ დავკარგო.
– როგორ რეაგირებ ჭორებზე?
– ჭორებზე აღარ ვრეაგირებ. ადრე გულთან მიმქონდა, თავის მართლება მიწევდა, რადგან დედაჩემი ძალიან განიცდიდა – დედა, ჩემი სიკვდილი, ხალხი რას იტყვისო. ნელ-ნელა მივეჩვიე, შეიძლება, უარესიც გაიგო და ნუ დამწვავთ ახლა ცეცხლზე ჟანა დარკივით. უკვე აღარ მაღიზიანებს ჭორები, დამცავი ბარიერი გამიჩნდა, რომელიც ჭორებს ისხლეტს.
– შვილი, ალბათ, ყველაზე დიდ სტიმულს გაძლევს.
– შვილი ღვთის საჩუქარია და ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. როცა ვეუბნები, სიმღერაზე მივდივარ, აღარ უნდა და მეუბნება: დედიკო, არ წახვიდე სიმღერაზე, არ იმღეროო. ძალიან ყურადღებიანი დედა ვარ. როცა სახლში ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ, დიდი დრო დავუთმო. ძალიან შეგნებული ბავშვია, არ დამისვამს ისეთ შეკითხვას, რაც იცის, რომ არ უნდა მკითხოს. ისეთ ასაკშია, დედაც უნდა და მამაც, მაგრამ მე არ მაგრძნობინებს. თუმცა, ეტყობა, რომ განიცდის.
– როცა პირადი ცხოვრება წესრიგში გაქვს, ეს კარიერაზეც აისახება და უკეთაც გრძნობ თავს ადამიანი...
– შოუ-ბიზნესის კანონებში ეს არ ჯდება. თუ ერთი სფეროდან არ ხართ, არ გამოდის ურთიერთობა, ან მეუღლე შენი პროდიუსერი უნდა იყოს. ბატონი ბუთხუზი მეუბნებოდა – არ გათხოვდე, შვილო, კარიერას ვერ აიწყობო.
– თუმცა, შენ არ შეგშლია ხელი.
– იმიტომ, რომ სულ თან დამყვებოდა. კარიერა დიდ მსხვერპლს მოითხოვს – მეუღლეს ბევრ სიბინძურეზე მოუწევს თვალის დახუჭვა. როდესაც ქალი სცენაზე სხვადასხვა ფორმაში დგას, პირადად არ გიცნობენ და შეიძლება, ბევრი ისეთი ფრაზა თქვან, უწმაწურიც კი, რაც შენს მეუღლეს არ ესიამოვნება. შესაბამისად, ეს ძალიან რთულად გასაგებია მამაკაცისთვის. მე მესმის ეს და ვუგებ მას, რადგან ჩემთან ცხოვრება არ არის ადვილი. ვიცი, როგორი ვარ ოჯახში, როგორი ვიქნები მეუღლესთან – უბრალოდ, პროფესიიდან გამომდინარეა ეს რთული.
– ხშირ შემთხვევაში, ქალები შვილის გამო საკუთარ ბედნიერებაზე უარს ამბობენ, აღარ ქმნიან მეორედ ოჯახს.
– ალბათ, აუცილებელია, გვერდით გყავდეს საყვარელი ადამიანი, მაგრამ ნდობა მაქვს მამაკაცებისადმი დაკარგული, ზღაპრებისაც აღარ მჯერა. უბრალოდ, თუ გამოჩნდება შეგნებული ადამიანი, რომელსაც შეუყვარდება ნინი შერმადინი თავისი ხასიათით, საქმით, შეიძლება, რამე ვიფიქრო. ყველაზე მთავარია, მეუღლეს, რომელიც გეყოლება, შეეძლოს საკუთარი თავის რეალიზება, იცოდეს, რომ ის შენზე ძლიერია. ის არ უნდა გრძნობდეს, რომ ნინი შერმადინის ქმარია, ნინი უნდა იყოს მისი ცოლი. ასეთ ადამიანს, ალბათ, სამომავლოდ დავუკავშირებ ცხოვრებას. თუმცა, ახლა ამ თემაზე საუბარი ადრეა. ერთი რამ ვიცი, მამაკაცი ჩემზე ძლიერი უნდა იყოს და აღარ ექნება არასრულფასოვნების კომპლექსი იმის გამო, რომ ნინი შერმადინი უდგას გვერდით.