ვინ ეძებს 2001 წელს თბილისიდან ოდესაში სამუშაოდ წასულ შვილს და რატომ დაკარგა ერთმანეთი დედა-შვილმა
64 წლის ნინა ვახტანგის ასული ელერდაშვილი ეძებს 45 წლის ზურაბ თენგიზის ძე ელერდაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს 1966 წლის 28 აპრილს დაბადებულ ზურაბ თენგიზის ძე ელერდაშვილს. ზურიკო 2001 წელს საქართველოდან სამუშაოდ გაემგზავრა უკრაინაში, ქალაქ ოდესაში. მას შემდეგ მე ზურიკო არ მინახავს. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში. მაქვს მისი ფოტო, რომელიც გადაღებულია 1996 წელს, ზურას დის გარდაცვალების დროს. დამოუკიდებლად ზურიკო ვერ ვიპოვეთ. ძალიან ვნერვიულობ და იმედი მაქვს, მის მოძებნაში დამეხმარებით. წლების განმავლობაში არ მქონია შვილთან არანაირი კავშირი.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ შვილი?
– ჩემი შვილი სამუშაოდ საქართველოდან უკრაინაში ზუსტად 2001 წლის 2 სექტემბერს წავიდა. წასვლიდან ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ზურასთან სატელეფონო კავშირი გვქონდა, სულ რეკავდა და ვურეკავდი, მაგრამ შემდგომ ეს სატელეფონო კავშირიც უცებ შეწყდა. ვცდილობდი, დავკავშირებოდი და სულ ვრეკავდი ჩემს ხელთ არსებულ ტელეფონის ნომრებზე, მაგრამ, უშედეგოდ. ყველა ნომერზე მპასუხობდნენ, ასეთი აქ აღარ ცხოვრობსო. საქმე ისაა, რომ ზურა ოდესაში ქირით იყო და, როგორც ჩანს, სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. წლებია უკვე გასული, რაც შვილის ხმაც კი არ გამიგონია. ზურას არ ჰყავდა ცოლ-შვილი, ამჟამად კი არ ვიცი, ჩვენ შორის კონტაქტის არქონის დროს თუ დაოჯახდა.
– რა პროფესია ჰქონდა თქვენს შვილს, სად მუშაობდა ზურიკო უკრაინაში, რას საქმიანობდა?
– ჩემს შვილს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. აქ სამსახური ვერ ნახა და გადაწყვიტა, საზღვრებს გარეთ წასულიყო. სრულიად შემთხვევით ამოიკითხა გაზეთში განცხადება სამსახურის შესახებ – ვიღაც ქართველს ესაჭიროებოდა ქართველი მზარეული ოდესაში გახსნილი რესტორნისთვის. ჩემს ზურას კი მზარეულის კურსებიც ჰქონდა დამთავრებული, კარგად ეხერხებოდა მზარეულობა და გამოეხმაურა ამ განცხადებას. მოკლედ, ასე წავიდა ჩემი შვილი ოდესაში, ჩვენ კი თბილისში დავრჩით. რამდენჯერაც დარეკა ჩემთან, სულ მეუბნებოდა: დედა, ჩემი დარდი ნუ გაქვს, მე კარგად მოვეწყვე, ვმუშაობ და კარგად ვარო. შემდეგ კი, როგორც გითხარით, ზარები შეწყდა და მისი ამჟამინდელი კოორდინატები არ ვიცი. ერთადერთი, რაც ვიცი, წესით, ისევ ოდესაში უნდა იყოს. ზურა კარგად ფლობდა რუსულსაც და უკრაინულსაც. ძალიან კომუნიკაბელური და უკონფლიქტო ადამიანია და ამიტომ არ მინდა, ცუდი რამე ვიფიქრო.
– ანუ, ზურა უცხოეთში გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებით წავიდა. თქვენთვის თუა ცნობილი რამე განმცხადებლის შესახებ?
– სამწუხაროდ, იმ კაცის სახელი და გვარი არ ვიცი. ზურა სულ თვითონ ურეკავდა, ხვდებოდა, შემდგომ ერთად წავიდნენ უკრაინაში. მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ კაცს უკრაინაში რესტორანი ჰქონდა გახსნილი და ქართული რესტორნისთვის სწორედ ქართველი მზარეული სჭირდებოდა. ჩემმა ბიჭმა კი, მართალია, სარეჟისორო ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ მზარეულობაც კარგად ეხერხებოდა. დაახლოებით 1987-1988 წლებში საზღვაო დაამთავრა ტუაფსეში და იქვე შეისწავლა მზარეულობაც.
– თქვენთან საუბრის დროს ზურას თუ უხსენებია ის პიროვნება, რომელთან ერთადაც ოდესაში წავიდა?
– თავიდან მეუბნებოდა ხოლმე, იმ კაცთან ვარ და არ ინერვიულოო. ვიცოდი, რომ რესტორანში მზარეულად მუშაობდა, შემდგომ კი შეიცვალა სამუშაო ადგილი – ისევ მზარეულად, ოღონდ, სხვა რესტორანში გადავიდა. ეს ყველაფერი ზურიკოსგან ვიცი – სანამ რეკავდა, მიყვებოდა ხოლმე. დაზუსტებით ვიცი, რომ კვლავ ოდესაშია და ისევ მზარეულად მუშაობს.
– მას შემდეგ, რაც შვილს ბოლოს ესაუბრეთ, ხომ არ შეგიცვლიათ ბინის მისამართი ან ტელეფონის ნომერი?
– ჩემი ზურიკო რომ წავიდა, მაშინ უკვე გაყიდული გვქონდა თბილისის ბინა და ზურას წასვლის შემდეგ შევიძინე ბინა ვაზიანში, მაგრამ ეს ჩემმა ბიჭმა არ იცოდა; ტელეფონის ნომრებიც შეცვლილი გვაქვს ყველას – სადაც კი ის რეკავდა, ზოგან კოდი შეიცვალა, ზოგი სხვა ქსელზე გადავიდა.
– ხომ შეიძლება, რომ სწორედ ეს იყოს თქვენ შორის კონტაქტის დაკარგვის მიზეზი? პირადად თქვენ რას ფიქრობთ, რატომ ვერ უკავშირდებით ერთმანეთს?
– იცით, კიდევ რა მოხდა? ბოლოს ზურამ ჩემი რძლის ძმასთან დარეკა და თავისი ახალი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა ბავშვს, რადგან იმ დროს უფროსები სახლში არ იყვნენ და დაუბარა, დედაჩემმა ამ ნომერზე დამირეკოსო. ეს მოხდა დაახლოებით 5-6 წლის წინ და მას შემდეგ მას აღარ დაურეკავს. იმ ბავშვს, როგორც ჩანს, ნომერი სწორად არ ჩაუწერია, რადგან, რამდენჯერაც დავრეკე, სულ მეუბნებიან, ქალბატონო, პოდმოსკოვიეში ხვდებითო. რუსთაველზეც ვიყავი სალაპარაკო პუნქტში, სცადეს ციფრის შეცვლა და, როგორც იქნა, ოდესაში დავრეკე, უშედეგოდ. ძალიან მინდა, შვილის პოვნა. აქამდე სულ მეგონა, რომ დამიკავშირდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.
– ზურა თქვენი ერთადერთი შვილია?
– ზურას გარდა მყავდა ქალიშვილი, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა. მაშინ ზურიკო ჯერ კიდევ აქ იყო და მისი ფოტოც სწორედ იმ დროსაა გადაღებული. შემდეგ ვიშვილე კიდევ ერთი გოგონა, ჩვენს გვარზეა და, მართალია, მე არ გამიჩენია, მაგრამ, ჩემი შვილია. მან იცის, რომ აყვანილია, ჩვენ ის ძალიან გვიყვარს. მასაც ძალიან უნდა ზურას პოვნა. სიმართლე გითხრათ, ამ გაურკვევლობას ვეღარ ვუძლებ, მინდა ვიცოდე, როგორ არის და სად არის ამჟამად.