კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: რას ნიშნავს სისხლის სამართლის კანონის უკუძალა? 

პასუხი: სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის იმ კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს. თუ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს სისხლის სამართლის ახალი კანონის სანქციის ფარგლებში. ზოგადად, სისხლის სამართლის კანონის უკუძალის პრინციპიდან გამომდინარე, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. 

კითხვა: რით განსხვავდება პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაულისგან?

პასუხი: პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული, ორივე განზრახი დანაშაულია, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ბრალის ხარისხით, კერძოდ: ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა, ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას; ხოლო, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ, შეუგნებლად უშვებდა, ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

კითხვა: რა სახის ნივთები შეიძლება ჩაითვალოს უძრავ ნივთებად?

პასუხი: უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები და შენობა ნაგებობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

კითხვა: რას ნიშნავს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია?

პასუხი: როგორც წესი, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. სწორედ ეს ზოგადი წესია მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია.

კითხვა: რა შემთხვევაში ითვლება პირი კეთილსინდისიერ მფლობელად?

პასუხი: კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

კითხვა: სამოქალაქო სამართალში არსებობს ტერმინი „საკუთვნებელი”. რა იგულისხმება საკუთვნებელში?

პასუხი: საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, მართალია, არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ, განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც ის სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. ასევე, საკუთვნებლად მიიჩნევა ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოშორებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის, ან არსებითი დანაკლისის გარეშე.

კითხვა: საქართველოს საზღვრის გარშემო რა ტერიტორია ითვლება სასაზღვრო ზონად?

პასუხი: სასაზღვრო ზონად ითვლება სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არა უმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე, საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო ზონა შეიძლება, განისაზღვროს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით.

კითხვა: რა სახის სასჯელია ჯარიმა და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება მისი ოდენობა სასჯელის დანიშვნისას? 

პასუხი: ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი, რომელიც შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის სახით. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლითა და სხვა გარემოებით. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2 000 ლარი, მაგრამ, იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. რაც შეეხება ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას, ასეთი ზღვარი სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი არ არის და ის, შეიძლება, იყოს ნებისმიერი ოდენობის ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით. 

კითხვა: რა სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის?

პასუხი: ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით – ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან, თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე. ამასთან, ჯარიმის ოდენობა არ უნდა იყოს ამ ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები. 

კითხვა: ვცხოვრობ საქართველოს ერთ-ერთ ლამაზ რაიონში, სადაც გარემო ყოველდღიურად ბინძურდება ერთ-ერთი საწარმოს მუშაობის შედეგად გამონაბოლქვი კვამლითა და მავნე ნივთიერებებით.  არის თუ არა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით რაიმე სახის პასუხისმგებლობა ჰაერის დაბინძურებისთვის? 

პასუხი: ატმოსფერული ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ითვლება დანაშაულად. კერძოდ, მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის, ანდა, გამწმენდი დანადგარის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება, ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით 1 წლამდე, ან, თავისუფლების აღკვეთით – ვადით 2 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით – ვადით 3 წლამდე ან უამისოდ.

 

скачать dle 11.3