კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29(551) 

 

ერთი სიტყვით, საბანაკო აღჭურვილობით სავსე ჩანთა სერგოს მდივანთან დავტოვეთ და მე და საქართველოს პირველი კომკავშირელი რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ცეკას პირველ მდივანთან გავემართეთ, რომლის კაბინეტიც იმავე შენობის მესამე სართულზე მდებარეობდა. მე და სერგო ფეხით გადავედით ეგრეთ წოდებულ „პირველის ფლიგელში“ და მისაღებში რომ შევედით, მდივანმა ქალმა გვითხრა:

– შებრძანდით, ამხანაგი პავლე გელოდებათ.

პავლე პეტროვიჩის კაბინეტი სერგოს კაბინეტზე თითქმის ორჯერ პატარა იყო და არც განსაკუთრებული ავეჯით გამოირჩეოდა. კედელზე ლენინის, მარქსისა და ენგელსის სურათები ეკიდა. ერთადერთი, რაც ყურადღებას იპყრობდა, ტელეფონების სიმრავლე იყო. სპეციალურ მაგიდაზე, რომელიც საწერი მაგიდის გვერდით იდგა, ოცამდე სხვადასხვა ფერისა და ზომის ტელეფონი იდგა. მათ შორის სამი – წითელი, თეთრი და შავი ფერის „ვეჩე“ იყო, რომლებზეც საბჭოთა კავშირის გერბი ამოეტვიფრათ. თავად პავლე პეტროვიჩი კაბინეტის შუაში შეგვეგება და ჯერ სერგოს ჩამოართვა ხელი, შემდეგ მე. ბოლოს სავარძლებში ჩაგვსხა, მდივანს ჩაი შეუკვეთა, თვითონაც შემოგვიერთდა და სერგოს უთხრა:

– მშვენიერი ყმაწვილი ჩანს, სხვებიც ასეთები არიან?

– დიახ, ამხანაგო პავლე,  ისინიც კარგები არიან და ნამდვილად ღირსეულად წარვდგებით „დრუჟბაში“, ახალგაზრდობის ფორუმზე, – მიუგო პირველს სერგომ.

ახალდანიშნულ პავლე პეტროვიჩზე სხვადასხვა, ურთიერსაწინააღმდეგო ხმები დადიოდა და უმეტესი მათგანი მეც მსმენოდა. ამ ჭორთა მრავალფეროვნებაში საერთო ის იყო, რომ ყველა მის განსაკუთრებულ კომუნიკაბელურობას უსვამდა ხაზს და ეს მე მასთან შეხვედრის პირველივე წუთიდანვე ვიგრძენი. მან კარგად იცოდა ჩემი ბიოგრაფია და აშკარა იყო, რომ ჩემს დოსიეს პირადად გაეცნო. მასთან სულ რაღაც ნახევარი საათი დავყავი და რომ წამოვედი, მისი პიროვნებით უზომოდ მოხიბლული, აღფრთოვანებული ვიყავი. მეგონა, მისი მსგავსი, იდეალური ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობდა და მის მიმართ ასეთი წარმოდგენა კიდევ დიდხანს გამყვა ცხოვრებაში. პავლე პეტროვიჩი მეგობრულად მესაუბრებოდა. შიგადაშიგ ხუმრობდა კიდეც და ისეთი უშუალო ატმოსფერო შეიქმნა, რომ დაძაბულობა სრულიად მომეხსნა და შუა შეხვედრის დროს ლამის მხარზე დავკარი ხელი, როგორც ბავშვობის ძმაკაცს. შუა საუბრის დროს წითელმა „ვეჩემ“ დარეკა. პავლე პეტროვიჩმა მოგვიბოდიშა, მაგიდასთან მივიდა და რუსულად უპასუხა:

– გისმენთ!

„ვეჩეს“ მეორე ბოლოდან პავლეს რაღაც უთხრეს და მან უპასუხა:

– გამარჯობა, ლეონიდ ილიჩ, როგორ ბრძანდებით, გმადლობთ.

როგორც მივხვდი, პავლეს თავად ლეონიდ ბრეჟნევი ურეკავდა და საუბრიდან ჩანდა, რომ კრემლის „ხაზეინმა“ თავისი ქართველი კოლეგა უბრალოდ მოიკითხა.

– კარგად ბრძანდებოდეთ, ლეონიდ ილიჩ, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ, – თქვა ბოლოს პავლე პეტროვიჩმა. „ვეჩე“ დაკიდა, აღფრთოვანებული სახით შემოგვიერთდა და თქვა:

– დიდებული ადამიანია ლეონიდ ილიჩი, ნამდვილი კომუნისტი და ხალხისთვის თავდადებული. რომ იცოდეთ, ლენინზე არანაკლებ დიდია და ჩვენი ქვეყანა უზომოდ უყვარს.

ბრეჟნევისადმი მიძღვნილი დითირამბები რომ დაასრულა, პავლე კვლავ ძველ თემას დაუბრუნდა:

– ლეონიდ ილიჩი წელსაც ყირიმში ისვენებს და გამორიცხული არაა, „დრუჟბაშიც“ გეწვიოთ. შეიძლება, მეც ჩამოვიდე. ასე რომ, არ გემშვიდობები და ნახვამდის.

– აბა, რას იტყვი, როგორი ადამიანია ჩვენი პირველი მდივანი? – მკითხა სერგომ, როდესაც პავლე პეტროვიჩისგან გამოვედით.

– უდიდებულესი! – სრულიად გულწრფელად მივუგე საქართველოს პირველ კომკავშირელს.

– აბსოლუტურად გეთანხმები, –  მითხრა სერგომ, – აი, ნახავ, რა სასწაულს მოახდენს ამხანაგი პავლე და ჩვენს ქვეყანას როგორ ააყვავებს.

საქართველოს პირველ კომკავშირელს მისივე კაბინეტის მისაღებში დავემშვიდობე, ხელი ჩამოვართვი და ჩანთიანად გამოვედი მთავრობის სასახლიდან, სადაც იმ პერიოდში, დროებით, საქართველოს თითქმის ყველა მაღალჩინოსნის სამუშაო კაბინეტი იყო.

– არ გემშვიდობები და ნახვამდის, – პავლე პეტროვიჩის სიტყვები გამიმეორა გამომშვიდობებისას სერგომ, – მინიმუმ კიდევ ორჯერ შევხვდებით ერთმანეთს და მერე კი ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.

რუსთაველის გამზირზე რომ გამოვედი, ხუთის ნახევარი სრულდებოდა და საშინლად ცხელოდა. თუმცა, ისე ვიყავი ემოციებისგან დატვირთული, რომ მეტროში „გაგრილებაზე“ უარი ვთქვი და გამზირს ფეხით გავუყევი.

სახლამდე მისვლას კარგა ხანი მოვანდომე, რადგან ძალიან ნელა, კუს ნაბიჯებით მივდიოდი. იმ დღის პერიპეტიებს ვიხსენებდი. ნამდვილად არ დავიჯერებდი, წინა დღით რომ ვინმეს ეთქვა, ერთ დღეში ორ უმაღლეს ფუნქციონერს შეხვდებიო – რომ არაფერი ვთქვათ, რაიონის კომკავშირის მდივანზე, თანაც ბრეჟნევის ლაპარაკს შეესწრებიო. ერთი სიტყვით, თავი სიზმარში, ზღაპარში მეგონა და ბაბუას ისე ემოციურად მივუყევი ყველაფერი, რომ გაეღიმა და მითხრა:

– ჰმ, მართალი ხარ, შვილო, პავლე პეტროვიჩი დიდებული ადამიანია. მას მე არაერთხელ შევხვედრივარ სამსახურთან დაკავშირებით.

– სამსახურთან? – გავიმეორე მე.

– ჰო, ბაბუ, სამსახურებრივად, – გაიმეორა ბაბუამ, – პავლე პეტროვიჩი ხომ ჩვენი მინისტრი იყო და თათბირებზე თითქმის ყოველკვირა გვიწევდა შეხვედრა. ძალიან  საქმიანი, გულისხმიერი და პატიოსანი კაცია. აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი კომუნისტი.

რაც შემდეგ პავლე პეტროვიჩმა დაატრიალა მსოფლიოში და საქართველო როგორ ააყვავა, ეს კიდევ სხვა თემაა. მაგრამ, მაშინ მონუსხული ვიყავი მისი პიროვნებით და კარგა ხანს ძილიც არ მომკარებია.

ახალგაზრდულ ბანაკ „დრუჟბაში“ მართლაც დიდი ზარ-ზეიმით გაგვაცილეს – არც ტელევიზია მოგვკლებია, არც ყვავილები და არც მხურვალე, გულისამაჩუყებელი სიტყვები. თბილისის რკინიგზის სადგურზე მისული რიგითი მოქალაქე ჩვენი შემხედვარე იფიქრებდა, კოსმოსის მორიგ დამპყრობლებს ხვდებიან, ან აცილებენო. მსგავსი პომპეზურობა იმ პერიოდის საბჭოური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ამ წესს ყველგან, ყველა დონეზე რიტუალივით მკაცრად იცავდნენ. ჩვენს გაცილებაზე, როგორც შეგვპირდა, ამხანაგი სერგოც მოვიდა, საზეიმო სიტყვაც წარმოთქვა და მხოლოდ მას მერე წავიდა, ჩვენი მატარებელი თვალს რომ მიეფარა. მანამდე კი საქართველოს პირველი კომკავშირელი სადგურის ბაქანზე იდგა და ენერგიულად გვიქნევდა ხელს.

მატარებლის გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე სერგომ პირისპირ მითხრა:

– ამხანაგმა პავლემ პირადად დამაბარა შენთან მოკითხვა და ასე თქვა, „დრუჟბაში“ შევხვდებითო. აბა, კოკი, შენ იცი, შენი იმედი მაქვს და თქვენ იცით, თუ როგორ გვასახელებთო.

მატარებელი თბილისი – როსტოვი – სიმფეროპოლი, ორი დღე უნდებოდა დანიშნულების ადგილზე ჩასვლას და ეს 48-საათიანი მოგზაურობა სულაც არ იყო მოსაწყენი, ან დამღლელი. მით უმეტეს, თუკი ახალგაზრდა ხარ, თანატოლების კამპანიაში მგზავრობ და თანაც, ორადგილიან „ესვეში“ ხარ გამოჭიმული... ერთი სიტყვით, სიმფეროპოლამდე სრული საბჭოური კომფორტით ვიმგზავრეთ და ზომიერების ფარგლებში, არც მატარებლის ვაგონ-რესტორანში „გრიალი“ მოგვკლებია და არც კონცერტები, რომელსაც ჩვენი დელეგაციის წევრები – ზვიადი და ანასტასია მართავდნენ. ორივე თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ზვიადი  – მეორე, ანასტასია კი მეხუთე კურსზე სწავლობდა. გოგო ბიჭზე ოთხი წლით უფროსი გახლდათ, მაგრამ ამის მიუხედავად, შეყვარებულები იყვნენ და ძნელი მისახვედრი არ ყოფილა, რომ სულ მალე დაქორწინდებოდნენ. ანასტასია – უნივერსიტეტის კომკავშირის მდივანი, ზვიადი კი ერთ-ერთი ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი იყო და მათი სიყვარული კომკავშირში მუშაობის დროს იშვა. ორივე ვირტუოზულად უკრავდა გიტარაზე და მშვენივრადაც მღეროდნენ. ამიტომ, ის ორი დღე, რაც მატარებლით ვიმგზავრეთ, მათ თაყვანისმცემლები არ მოკლებიათ. სიმღერას და დაკვრას რომ იწყებდნენ, მათი კუპეს წინ მთელი ვაგონის მგზავრები იკრიბებოდნენ მოსასმენად.

ზვიადი და ანასტასია თუ სტაჟიანი შეყვარებულები იყვნენ და ერთად მგზავრობისა და ერთად ყოფნის ერთთვიანი ბედნიერება ხვდათ წილად, „გეპეელი“ თამარისა და ქუთაისელი იას შეყვარებულები თბილისში დარჩნენ. მათ არც ასაკით ეკუთვნოდათ „დრუჟბაში“ გამგზავრება, რადგან 25 წელს იყვნენ გადაცილებულები და პატარებიც რომ ყოფილიყვნენ, საეჭვოა, ისინი ვინმეს იქ გაეგზავნა. უპივრელესად, იმიტომ რომ საქართველოს დელეგაცია ხუთ ადამიანზე იყო გათვლილი, თან, არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა „დრუჟბის“ სტანდარტს.

თამარის შეყვარებული თავის ქუთაისელ კოლეგაზე ბევრად მოკრძალებული ჩანდა და შევატყვე, რომ თამარის მშობლებსაც კი ემალებოდა, რომლებიც ქალიშვილის გასაცილებლად იყვნენ სადგურზე მოსულები. იას შეყვარებული კი პირიქით, ძმაბიჭებთან ერთად იყო ქუთაისიდან ჩამოსული და „ბლატნოი“ მიხვრა-მოხვრით დადიოდა წინ და უკან. თან, თვალებს აბრიალებდა და ისე ინტენსიურად აბოლებდა სიგარეტს, მისი შემხედვარე იფიქრებდით, ორთქლმავალიაო... მატარებლის გასვლამდე ხუთიოდე წუთით ადრე, იას შეყვარებულმა ხელკავი გამომდო, მოშორებით გამიყვანა და მითხრა:

– მე, ძამია, კოწიეს მეძახიან, ქუთეისელი შავკოწიე არ გაგიგონია?

– სამწუხაროდ, არა, – თავშეკავებულად მივუგე იას შეყვარებულს, თან გუნებაში მეცინებოდა, რადგან ტანმორჩილი, კუპრივით შავი კოწია ნამდვილად არ შეეფერებოდა ტანწერწეტა და პირმშვენიერ იას.

– ვიცნობდეთ ერთმანეთს – კოწიე. მეგობრებისთვის კი შავკოწიე, – ხელი გამომიწოდა კოწიამ, – შეგიძლია შავკოწიე დამიძახო.

– კოკი, – კოწიას ხელი ჩამოვართვი.

შავკოწიამ სიგარეტი „ლუქსი“ შემომთავაზა და უარი რომ ვუთხარი მოწევაზე, თავად გააბოლა.

– კაროჩე, ძამია, კაი ბიჭი ვარ და შენთან კაიბიჭური თხოვნა მაქვს – უარს ნუ მეტყვი. ჩემთან სამსახური არ დაგეკარგება და ეს ბიჭი მოკვდეს, თუკი ძმობაში გიღალატო.

კოწიას სიტყვებზე გუნებაში გამეცინა. ვორონცოველი მურაზა გამახსენდა, კოწიამ კი ისევ განაგრძო:

– ჰოდა, ჩემო ძამია, უნდა გთხოვო, რომ ჩემს იაკოს მიმიხედო. წესიერება და ჭკუა არ აკლია, მაგრამ მაინც სხვა მხარეში, სხვა ხალხში მიდის და პაწა ყურადღება არ აწყენს.

– რაზეა, ძმაო, ლაპარაკი, – მივუგე შავკოწიას, – ჩემი პირდაპირი მოვალეობაა ამათი პატრონობა და დარდი ნუ გაქვს.

– სპასიბა, ძამია, ჩემზე იყოს, – ლამის კისერზე შემომახტა კოწია, რომ გადამხვეოდა და მე დავიხარე. მან კი განაგრძო, –  კაროჩე, ძამია დღეიდან შენი მტერი ჩემი მტერია, ძმები ვართ და ჩემი თავი გენაცვალოს.

შავკოწია რომ გადამეხვია, მაისურზე სიგარეტის სუნი ამყვა და როგორც კი მატარებელში ავედი, მაისური გამოვიცვალე.

შავკოწიას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სერგო მოგვიახლოვდა. იას შეყვარებულს ბოდიში მოვუხადე და საქართველოს პირველ კომკავშირელთან მივედი. მან ხელკავი გამომდო და პავლე პეტროვიჩის დანაბარები და კეთილი სურვილები გადმომცა.

კოწიამ მაინც მოახერხა თავისი სიტყვის დასრულება, დაძრულ მატარებელს შეახტა და მომაყარა:

– კოკი, ძამია, იცოდე, არ გამაწბილო. იაკოს მიმიხედე და პატივისცემა, ქუთაისური ქეიფი და ძმური ერთგულება ჩემზე იყოს.

მატარებელი უკვე სიჩქარეს იკრეფდა და შემეშინდა, შავკოწიას მარცხი არ მოსვლოდა და სხაპასხუპით დავპირდი:

– კარგი, კარგი, დარდი ნუ გაქვს, მივხედავ შენს იაკოს. ჩახტი, თორემ აკრიფა მატარებელმა და რამე არ შეგემთხვეს!

– ჩემზე ნახევარ საქართველოს აქვს აკრეფილი, ძამია, მაგრამ ვერაფერი შემამთხვიეს და ამან რა უნდა მიქნას, – მომიგო კოწიამ და სანამ ჩახტებოდა, გამომეშვიდობა, – „დო ვსტრეჩი, ბრატ“, კარგად იყავი...

თავმომწონე შავკოწიას მცირე მარცხი მაინც მოუვიდა და მართალია, მასზე აკრეფილმა ნახევარმა საქართველომ იმ ყოჩაღ ბიჭს ვერაფერი შეამთხვია, მაგრამ მატარებლიდან რომ ჩახტა, ფეხი ამოუბრუნდა, საკმაოდ ღრმა ლაფში ჩავარდა და ისედაც შავი, კიდევ უფრო გაშავდა. თუმცა, მის სასახელოდ უნდა ითქვას, მყისვე წამოხტა ფეხზე და ვითომ აქ არაფერი მომხდარაო, ხელის ქნევით გამოგვემშვიდობა, თან წურწურით ჩამოსდიოდა ლაფი... ერთი სიტყვით, ყოჩაღი შავკოწია მაგრად გაბანძდა და მისი შემხედვარე სიცილს ძლივს ვიკავებდი. ბოლოს ვერ გავუძელი, ვაგონში შევვარდი და გულიანად ავხარხარდი... ხარხარებდნენ ვაგონის დანარჩენი მგზავრებიც და ყველაზე მეტად იაკო მხიარულობდა. ანუ, ის გოგონა, ვის გამოც ჩაიგდო თავი ასეთ სასაცილო დღეში კოწიამ.

„შეიყვარე ახლა ასეთი უმადური ქალი“, – ვთქვი გულში მოხარხარე იას შემხედვარემ და ლაფში ამოსვრილი შავკოწია შემეცოდა. თუმცა, თავს ვერც მე ვძლიე და ხარხარს ვაგრძელებდი. მხოლოდ მაშინღა მოვითქვი სული, როდესაც მატარებელი წუთით მცხეთაში შეჩერდა და შემდეგ ისევ გააგრძელა გზა.

– ჩაი, აბა, ჩაი ვის გინდათ! – დაიძახა შუახნის უნიფორმიანმა გამცილებელმა მამაკაცმა, რომელსაც თავზე წითელი ქუდი ეხურა და თეთრი, ქათქათა პერანგი ეცვა. ეს მას ხაზგასმულად გამოარჩევდა დანარჩენ, არაელიტურ ვაგონებში მომუშავე კოლეგებისგან, რადგან ისინი მაინცდამაინც არ ზრუნავდნენ საკუთარი უნიფორმის სისუფთავეზე და გაურეცხავ-გაუუთოებელი სამოსით სიარული მათთვის უცხო ხილი არ იყო.

– ჩაის ხომ არ ინებებთ, ახალგაზრდებო? – გვკითხა გამცილებელმა და კუპეში შემოჰყო თავი, სადაც მთელი დელეგაცია ვიყავით შეკრებილები.

– სიამოვნებით, – მივუგე გამცილებელს.

– დავლევთ, დავლევთ! – ერთხმად წამოიძახეს დანარჩენებმაც.

– ახლავე მოგართმევთ, – თქვა გამცილებელმა და წავიდა.

– მაშ ასე, მეგობრებო! – მივმართე დელეგაციის დანარჩენ წევრებს, როდესაც გამცილებელი ჩაის მოსატანად წავიდა და კარი ჩავკეტეთ. ჩვენი მოგზაურობა საკმაოდ მხიარულად დაიწყო და იმედია, ასე ხალისიანად გაივლის დანარჩენი დღეებიც. ჩვენი უფროსი მეგობრებისთვის მიცემულ პირობას პირნათლად შევასრულებთ და თავს არ შევირცხვენთ.

მიუხედავად იმისა, რომ კომკავშირულ თარგზე გამოჭრილი არ ვყოფილვარ, ძალიან მალე დავამუღამე, თუ როგორ უნდა მელაპარაკა მსგავს კონტინგენტთან. ამიტომაც მივმართე მათ ასეთი ტონითა და სიტყვებით. თუმცა, მსგავს სტილს მხოლოდ ოფიციალური საუბრისა და მცირე თათბირების დროს ვიყენებდი. ისე კი, ჩვეულებრივი, მეგობრული დამოკიდებულება მქონდა ყველასთან და ჩემი თანამდებობისთვის არასოდეს გამისვამს ხაზი. არადა, თანამდებობა და კარიერა ყველა აქტიური კომკავშირელის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ისინი ადრეული ასაკიდანვე მიისწრაფიან ამისკენ.

– მხიარულად, ძალიან მხიარულად დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. შავკოწია გაახარა ღმერთმა, რომ ასე გაგვახალისა, – თქვა იამ და ახარხარდა, მას დანარჩენებიც აყვნენ და ორადგილიანი კუპე აზანზარდა. მხოლოდ მე აღარ გამცინებია, რადგან გადაჭარბებულ, უღირს საქციელად მომეჩვენა ეს ყოველივე და იას ვუთხარი:

– სხვათა შორის, კოწიამ შენი თავი მე ჩამაბარა და მითხრა, მიმიხედეო.

– დეიღუპოს იქით, – ქუთაისურად მოუქცია იამ,  – იქითაა მისახედი და ჩემზე რას ზრუნავს, თუ იცი.

გარეგნულად ია თითქმის უნაკლო გოგო იყო – სახეც ლამაზი ჰქონდა და აღნაგობაც, მაგრამ ლაპარაკს რომ დაიწყებდა, ნახევარი ლაზათი ეკარგებოდა. ამას ქართველებიც ამჩნევდენ და ქართული ენის უცოდინარნიც, რომლებიც ინტონაციით ხვდებოდნენ მის გაუმართავ, პროვინციულ მეტყველებას. ვიზუალურად ია და შავკოწია ერთმანეთისთვის შეუფერებელი წყვილი გახლდათ. ია მაღალი, თეთრი და ლამაზი იყო, შავკოწია კი – დაბალი, შავი და უშნო. თუმცა, შინაგანად ისინი ერთმანეთისთვის ზედგამოჭრილები იყვნენ. ერთნაირად პროვინციულად გულუბრყვილო, მაგრამ ამბიციურები და სასაცილოები იყვნენ...

– მისახედი რა სჭირს ამ დევივით კაცს, – გავაზვიადე შავკოწიას ფიზიკური მონაცემები, – მერე რა, რომ ტალახში ჩავარდა, ვის არ მოსვლია. სამაგიეროდ, ისე ვაჟკაცურად დამავალა შენი პატრონობა, მის წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ.

რა თქმა უნდა, შავკოწიას წინაშე არანაირ ვალდებულებას არ ვგრძნობდი და იას ეს სიტყვები შეფარული იუმორით, ტონკად ვუთხარი, მაგრამ მან სერიოზულად მიიღო, და ამაყად მოიღერა ყელი:

– რაც მართალი, მართალია, შავკოწიესნაირი ვაჟკაცი არა მარტო ქუთაისში, მთელ იმერეთში, საქართველოში, საბჭოთა კავშირში და მთელ ქვეყანაზეც კი ბარე ორი არ დადის. ლაპარაკი და საქციელი არ ეშლება და თეთრზე დაგაჯერებს შავიაო. ასი ფიზიკის პროფესორი რომ იდგეს და ფიზიკაზე ლაპარაკობდეს, იმათთანაც თავის სიტყვას იტყვის და არ დეიბნევა.

– მართლა? – ისევ შეფარულად დავცინე იას.

– მართლა, აბა, რავა? ერთ ამბავს მოგიყობი და მიხვდები თვითონაც, – მითხრა ყელმოღერებულმა იამ.

– აბა, მიდი, გისმენთ, – ყველას მაგივრად მივუგე იას.

– წლეულს ოცი წელი შემისრულდა და ჩემს დაბადების დღეზე დიდი სტუმრიანობა გვქონდა. მამაჩემმა მთელი ჩვენი ნათესაობა და თავისი საძმაკაცო დაპატიჟა, სულ ნარჩევ-ნარჩევი, ცნობილი ხალხი და ჩვენს ეზოში ორასკაციანი სუფრა გეიშალა. შავკოწიე დასანახავად არ უნდოდა მამაჩემს და დაბადების დღეზე დამაპატიჟებინებდა? მაგრამ, კოწიე რის შავკოწიეა, რომ თავისი არ ქნას. შუა ქეიფის დროს ჩვენი ეზოს კარი გეიღო და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი შავკოწიე შემოვიდა. მას შავი, კრემლიანი გალსტუკი ებნია და ხელში ოცი ცალი წითელი ვარდი ეკავა.

კრემლიანი გალსტუკი მოსკოვის კრემლის გამოსახულებიანი ჰალსტუხი იყო, რომელსაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ დაბალი გემოვნების ადამიანები ატარებდნენ. შავკოწია რომ წარმოვიდგინე, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, არ ავხარხარებულიყავი და სერიოზული გამომეტყველება შემენარჩუნებინა. ია კი თხრობას განაგრძობდა:

– კოწიე რომ დევინახე, გული ამიჩუყდა და თვალებზე სიხარულის ცრემლი მომადგა. კოწიემ კი ხელზე მაკოცა, ვარდები მომცა და ლიტრანახევრიანი ყანწი ჩეიცალა კუჭში. შავკოწიეს მოსვლა არავის ეპიტნავა და ყურადღებას არავინ აქცევდა. შუა ქეიფის დროს ეზოში როიალი შემოაგორეს, გაჩაღდა სიმღერა და ცეკვა-თამაში. ერთი ნათესავი გოგონა მყავს, მუსიკალურ ტექნიკუმში  სწავლობს და როიალზე ძირითადად ის უკრავდა. უცებ, კოწიე ადგა, როიალთან მივიდა და ჩემი ნათესავი გოგონა ააყენა, შემდეგ თვითონ მიუჯდა და „მურკა“ დასცხო...

– რა, რა დასცხო? – ვკითხე იას, რადგან „მურკა“ ქურდული სიმღერა იყო და ვიფიქრე, ხომ არ მომესმა, ან იას ხომ არ შეეშალა-მეთქი.

– „მურკა“, – გაიმეორა იამ, – სიმღერაა ქურდ ქალზე.

– „მურკა“? ვიცი, როგორ არა. უცებ ვერ გავიგე, – ვუთხარი იას, – მერე?

– კოწიემ „მურკა“ იმღერა!.. სიმღერის უნახავს გაგხდიდა. ბლატნოი სიმღერები ძალიან მიყვარს, ხშირად ვუსმენ და ამ სფეროში კარგად ვერკვევი, მაგრამ კოწიესნაირი ნამღერი არსად მომისმენია, ისეთი მაგარი იყო, – სიამაყით აღნიშნა იამ, – მერე ადგა, ჩემთან მოვიდა, ისევ ხელზე მაკოცა და დასტოინად წევიდა...

იას ნაამბობი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და მშვენივრად ჩანდა, თუ რა დონისა და გონების ადამიანი იყო – მაღალი იდეალები მისი ინტერესების სფეროს ნამდვილად არ წარმოადგენდა. თუმცა, ადამიანების მართვის საკმაოდ ძლიერი ამბიცია გააჩნდა და როგორც მინიმუმ, ცეკას მდივნობას უმიზნებდა, რაც შემდგომ საუბრებში პროვინციულ-ბრიყვული გულახდილობით გაამჟღავნა.

იამ რომ შავკოწიას დასტონიად წასვლის პასაჟს წერტილი დაუსვა, პაუზა გააკეთა და მკითხა:

– რავარი იყო, მოგეწონა კოწიეს ხოდი?

– მაგარი იყო, – დავუდასტურე იას და იქვე ვკითხე, – ასეთ კაცზე როგორ ამბობ, იქითაა მისახედიო?

– სულ კუდში უნდა სდიო და მიტომ, – მომიგო იამ.

– კუდში რატომ უნდა სდიო, პატარა ბავშვი ხომ არ არის?

– ბავშვივითაა, აბა, რავა?! სულ შარებშია. ხან ვის უკაჩავებს პრავებს და ხან ვის.

– რა პრავებს? – ვკითხე იას, რადგან მისი მონათხრობი ძალიან მახალისებდა, თან უფრო ღრმად მინდოდა, ჩავწვდომოდი მის ფსიქოლოგიას და გასაქანი მივეცი.

– რა, ძამია, და, – ია უკვე ნახევრად ჟარგონულზე გადავიდა, რასაც მისი მშვენიერი გარეგნობის შემხედვარე, ვერც წარმოიდგენდი, – მთელი ქუთაისის ბოვშვები მას აკითხავენ სიმართლის გასარკვევად და ისიც მათ საქმეებს უიასნებს. ამას კი პრავის კაჩაობა მოსდევს ხოლმე და რამდენჯერმე გამტყუნებული ბოვშვების მშობლებმა მილიცია ჩარიეს და ჩემს კოწიეს უსიამოვნება შეხვდა. ამხელა კაცი რომ ბოვშებთან დაიჭერს საქმეს და შარში გეეხვევა, უკან სადევნია, აპა, არა?

იას ნაამბობის შემდეგ კიდევ უფრო გამიმტკიცდა აზრი შავკოწიას შესახებ და დავრწმუნდი, რომ იაკოს შეყვარებული ქურდული გაგების „პატიოსანი“ ბიჭი იყო, რომელიც სავარაუდოდ, ქურდობაზე ოცნებობდა და იას ვკითხე:

– ალბათ, ქურდობა უნდა, ხომ?

– ქურდობა ქუთაისში ათიდან რვა კაცს უნდა, მაგრამ ყველა კი არ იმსახურებს. ჩემი კოწიე კი ნაღდად ქურდი გამოვა. ქურდები საქმის კურსში ჰყავს ჩაყენებული და მას სიტყვას ვინ დაამადლის, – მომიგო იამ და თან, ამოიოხრა, – ამის გამოა, მამაჩემი რომ მეჩხუბება.

– რატომ, რას გეუბნება მამაშენი? – ვკითხე იას და გავიფიქრე, როგორც ეტყობა, ამ „კრასავიცას“ მამა ნორმალური კაცია, რადგან თავის ქალიშვილს „ქურდული გაგების“ კაცთან ურთიერთობას უშლის-მეთქი.

– რას მეუბნება და ზუსტად ასე: „იაკო! გოგო, გეიგე, მაი შავკოწიე რომ ქურდი გახდება წინსვლაში ხელს შეგიშლის, თვარა კაი ქურდს, თანაც სიძეს რა ჯობია ოჯახშიო“. ჰოდა, ვარ ასე გაორებული. არც მამას მინდა ვაწყენიო და კარიერა გევიფუჭო და არც კოწიესთან დაშორება მინდა. გაორებული ვარ, ჩემო კოკი და სიყვარული სძლევს ჩემში თუ კომკავშირი, ნამდვილად ვერ გეტყვი.

„მამაც ასეთი გაგებული უნდა. სასიძოზე უარესი ყოფილა. კაი ქურდს რა ჯობია ოჯახშიო, არა? ჰმ, მაგარია, მაგარი... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, – გავიფიქრე გუნებაში და იას ვუთხარი:

– მაგას დრო გიჩვენებს, ია.

– მეც მასე ვფიქრობ, ჩემო კოკი, ძამია. ბევრჯერ ვუთხარი კოწიას, მაცალე პაწა ხანს, გევერკვე ჩემს გრძნობებში და დრო მჭირდება-თქვა, მაგრამ გაგიგონია? დაუჟინებია, ივლისს არ გადავაცილებ და ნებით თუ არ წამომყობი, მაშინ მოგიტაცებო. ის ისეთია, სიტყვას არ გატეხს და მომიტაცებს. შენ კი იმიტომ დაგავალა ჩემი პატრონობა, რომ ეშინია, ხელიდან არ წავუვიდე, მაგრამ ვინ ოხერი, კოწიეს გარდა, გადავუშლი ვინმეს გულს?.. – მაჟორულ ნოტზე დააბოლოვა იამ და მოიღუშა.

– ახალგაზრდებო, ჩაი მოგართვით, გააღეთ კარი! – მოგვიკაკუნა კუპის კარზე გამცილებელმა და როცა გავუღეთ, ლანგრით ხუთი ფინჯანი ჩაი და ნატეხი შაქარი შემოგვიტანა, მაგიდაზე დადო და გვითხრა, – თქვენზე ორმოცდაორი კაპიკია. ხუთი ჩაი – ოცდაათი კაპიკი, თორმეტი პაკეტი შაქარი – თორმეტი კაპიკი, სულ ორმოცდაორი კაპიკი.

ზვიადმა გამცილებელს მანეთიანი დაუდო მაგიდაზე და უთხრა:

– აი, ინებეთ.

– მალევე ხურდას მოგიტანთ, – თქვა გამცილებელმა, ფული აიღო და კარისკენ შეტრიალდა, მაგრამ ზვიადმა უთხრა:

– ნუ წუხდები, ხურდა არ გვინდა.

გამცილებელმა ათასი მადლობა გადაგვიხადა.  მოგვაკითხავდა ხოლმე და თავის სამსახურს გვთავაზობდა. ჩვენი ორდღიანი მგზავრობის დროს გამცილებელს სამი მანეთის  ხურდა დავუტოვეთ, რომელიც მას სხვადასხვა მომსახურების გამო ერგო და ისეთი გახარებული და მადლიერი იყო, გვერდიდან არ გვშორდებოდა. სიმფეროპოლში რომ ჩავედით, დაგვლოცა და ნაღვლიანად გვითხრა:

– ეჰ, ახალგაზრდებო, თქვენნაირი კარგი ხალხი რომ ხშირად მხვდებოდეს, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა...

ნაღვლიან გამცილებელს რომ გამოვემშვიდობეთ, მატარებლიდან ჩამოვედით და სპეციალურად ჩვენთვის გამზადებულ მიკროავტობუსში ჩავსხედით, რომელმაც გურზუფში, საერთაშორისო სტუდენტურ ბანაკში ჩაგვიყვანა.

– დედა, ბიჯო, რა ლამაზია აქოურობა! – აღმოხდა იას, როდესაც მთიანი გზატკეცილიდან ბანაკის მართლაც ულამაზესი ხედი გამოჩნდა.

„დრუჟბა“ იმ პერიოდის მსგავსი ტიპის საუკეთესო უცხოურ ანალოგებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. კომფორტი და სერვისი უმალღეს დონეზე იყო. ჩვენს კოტეჯს საბჭოთა საქართველოს მოფრიალე დროშით მივაგენით, რომელიც სახურავის წვერზე აღემართათ.

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დრუჟბაში“, ჩვენო ქართველო მეგობრებო! – გულთბილად მიგვიღო ბანაკის კომენდანტმა, ყველას მაგრად ჩამოგვართვა ხელი და იკითხა, – დელეგაციის ხელმძღვანელი რომელი ხართ?

– მე გახლავართ, – ვუთხარი ბანაკის კომენდანტს.

– მოდი, ასე ვქნათ, ამხანაგო... – კომენდანტმა პაუზა გააკეთა.

– კოკი, – ვუთხარი მე და მას მერე, რაც სხვებიც წარვუდგინე, კომენდანტმა მითხრა:

– მე, ვიქტორ ვასილევიჩი ვარ. მაშ ასე, ახლა თქვენ ისაუზმეთ, დალაგდით და დაისვენეთ. ზუსტად შუადღით კი ჩემთან გელოდებით, დელეგაციების ხელმძღვანელთა თათბირზე. აბა, დროებით, აი, სასადილო იქაა და მიდით, ისაუზმეთ, – გვითხრა ვიქტორ ვასილევიჩმა და ლურჯი, შემინული შენობისკენ გაიშვირა თითი, სადაც სასადილო მდებარეობდა.

მოწყობას და საუზმეს ერთი საათი მოვანდომეთ. ამასობაში შუადღემ მოატანა და ჩემებს ვუთხარი:

– კომენდანტთან უნდა წავიდე თათბირზე და თქვენ რას იზამთ, დაისვენებთ თუ ისეირნებთ?

– ჩვენ ცოტას დავისვენებთ, – მითხრეს შეყვარებულებმა.

– მეც, – თქვა თამარმა.

– მე კი გევივლი და აქოურობას დავათვალიერებ, – მითხრა იამ და დანარჩენებს საყვედურით შეხედა, რომლებიც უკვე კოტეჯისკენ მიემართებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იას მენტალიტეტი და პროვინციული გამოხტომები არ მომწონდა, პიროვნულად მის მიმართ კარგად ვიყავი განწყობილი და მისი ლაპარაკი უფრო მართობდა, ვიდრე მაღიზიანებდა. ამიტომ მას დადებით პიროვნებად მივიჩნევდი, ერთგვარი სიმპათიაც კი გამიჩნდა მის მიმართ და მასთან საერთო ენის გამონახვა, ისევე, როგორც დანარჩენებთან, არ გამჭირვებია.

– ფრთხილად იარე, არავის გადაეყარო, იცოდე! – გავეხუმრე იას.

– აქეთ არ გადამეყარონ! – მომიგო იამ.

– კარგი, წავედი და კოტეჯში შევხვდებით, – ვუთხარი იას და ბანაკის კომენდანტისკენ გავემართე.

ხუთასკაციან ბანაკში ოცდაათი დელეგაცია იყო ჩამოსული, თხუთმეტი – საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან, თხუთმეტი – მსოფლიოს სხვადასხვა, ძირითადად, სოციალისტური სახელმწიფოდან. ამიტომ, თათბირი მცირე საკონფერენციო დარბაზში იმართებოდა, სადაც გრძელი მაგიდა და სკამები იდგა. თითოეულ სკამთან კი იმ დელეგაციის ქვეყნის დროშა იდო, რომლისთვისაც ადგილი იყო განკუთვნილი. მე სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ვიჯექი, ჩემ წინ კი რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლის ადგილი იყო, ის კი ჯერჯერობით არ ჩანდა.

ზუსტად თორმეტ საათზე, საკონფერენციო დარბაზში ვიქტორ ვასილევიჩი შემოვიდა, მოგვესალმა და იკითხა:

– ყველანი შევიკრიბეთ? – თქვა და მაგიდას თვალი მოავლო, – რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი არ ჩანს...

მე ვიქტორ ვასილევიჩს ვუყურებდი და არ დამინახავს, როგორ შემოვიდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ვიქტორ ვასილევიჩი მოღიმარი სახით მიესალმა:

– ახლა უკვე სრულად ვართ შეკრებილები და შეგვიძლია, პირველი თათბირიც დავიწყოთ.

რუსეთის წარმომადგენელმა ჩემს ზურგს უკან ჩაიარა, მაგიდას შემოუარა და ჩემ წინ დაიკავა ადგილი. მე ბანაკის კომენდანტს ვუსმენდი და მისთვის არც კი შემიხედავს.  მთელი გულისყურით ვუსმენდი ვიქტორ ვასილევიჩს, რომელიც  ბანაკში ჩასატარებელი, ერთთვიანი ღონისძიებების სიას გვაცნობდა და ყველაფერზე დაწვრილებით, დეტალურად მოგვითხრობდა. უცებ დაჟინებული მზერა ვიგრძენი, თავი მარცხნივ შევატრიალე და პირისპირ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის თვალებს შევეფეთე. ის მზერას ვერ მწყვეტდა.

– მერი! – აღმომხდა მე და პირი დავაღე, რადგან რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩემი ყოფილი შეყვარებული – მერი იყო. ის ბოლოს იმ საშინელ დღეს ვნახე და სწორედ მას ვაბრალებდი ჩემს ტრაგედიას და რომ არა გელა ექიმის ფსიქოლოგიურად სწორად გათვლილი შეგონება, მერის წესს ავუგებდი...

– როგორ ხარ, მერი? – ვკითხე ყოფილ შეყვარებულს, როდესაც თათბირი დასრულდა, ყველანი აიშალნენ და ჩვენ ერთმანეთის პირისპირ დავრჩით.

– შენ როგორ ხარ, კოკი? – კითხვა შემომიბრუნა მერიმ.

 მე და მერის ერთმანეთისგან მაგიდა გვყოფდა და პირველმა მოკითხვამ გადაკოცნისა და ხელის ჩამორთმევის გარეშე ჩაიარა. ეს ხელოვნური ბარიერი მე შეგნებულად გამოვიყენე, რადგან მერისთვის ხელის ჩამორთმევა არ მინდოდა, გადაკოცნა კი მეუხერხულებოდა. ვხედავდი, ისიც ჩემ დღეში იყო, და ჩემსავით ცდილობდა, თავისი გრძნობების შენიღბვას.

– არა მიშავს, მერი. შენ?

– მეც მასე, – მომიგო მერიმ და შევატყვე, უხერხული პაუზა უნდა ჩამოვარდნილიყო, რომ ვიქტორ ვასილევიჩის ხალისიანი შეძახილი გაისმა:

– მშვენიერი სახეებია. აი, სწორედ თქვენ დადგებით ცენტრში, დანარჩენები კი აქეთ-იქით ამოგიდგებიან და შესანიშნავი სააგიტაციო პლაკატი გამოგვივა, რომელსაც ჩვენი ბუკლეტის გარეკანზე გამოვიტანთ. აბა, მოდით ჩემთან, ყმაწვილებო!

ბანაკის კომენდანტმა ამოსუნთქვა არ გვაცალა და ბანაკის კლუბში წაგვიყვანა, შემდეგ ზანგი, ჩინელი და სკანდინავიელი ახალგაზრდებიც მოიყვანეს. ყველანი ერთად დაგვაყენეს, ერთმანეთისთვის ხელები ჩაგვაკიდებინეს და რამდენიმე კადრი გადაგვიღეს.

– როგორი სურათი გამოვა? – ჰკითხა კომენდანტმა ფოტოგრაფს.

– მშვენიერი, – მიუგო ფოტოგრაფმა.

– აბა, მიდი, საქმეს მიხედე. ყველა კადრი სამ-სამი დამიბეჭდე და მომიტანე. დღესვე მოსკოვში უნდა გავგზავნო, ზეგ კი იქიდან პლაკატები და ბუკლეტები ჩამოვა, – უთხრა ფოტოგრაფს ვიქტორ ვასილევიჩმა და ჩვენ მოგვიბრუნდა.

– ამრიგად, მეგობრებო, თქვენ სულ მალე ცნობილი ხალხი გახდებით – პლაკატებზე იქნებით დაბეჭდილნი, რომლებიც ათასობით გაიკვრება აქაც და სხვა ქალაქებშიც, მათ შორის მოსკოვშიც. ბუკლეტებზეც იქნებით, რომლებიც ათასობით დარიგდება. ერთი სიტყვით, გილოცავთ, ახლა კი დაისვენეთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3