კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ილუზია – მკვლელობა

 

დილით უორენ კატლეტონი თავისი ბინიდან გამოვიდა და ბროდვეისკენ გაემართა. კუთხეში მისტერ კატლეტონმა „დეილი მირორი” იყიდა. შემდეგ კაფეტერიაში შევიდა, სადაც ყოველ დილით საუზმობდა და თან გაზეთს კითხულობდა ხოლმე  პირველი გვერდიდან უკანასკნელ გვერდამდე. 

მესამე გვერდზე გადაშალა და ჭამა შეწყვიტა. ყურადღებით წაიკითხა სტატია ქალზე, რომელიც წინა ღამით ცენტრალურ პარკში მოკლეს. ქალი სამსახურიდან ბრუნდებოდა, როდესაც პარკში ვიღაც თავს დაესხა, მიწაზე დააგდო და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. უორენ კატლეტონი დიდხანს უყურებდა მოკლულის სურათს. და გაახსენდა... თითქოს წყალმა დამბა გაარღვიაო, ისე გამოიჭრნენ მოგონებები გარეთ. აი, ის პარკში მიდის, ღამეა, ბნელა, სიჩუმეა. ხელში გრძელი და ცივი დანა უჭირავს. დანის ტარი ოფლისგან დასველდა. გამოჩნდა ქალი. გაახსენდა ქალის სახე –  ტკივილისგან დამანჭული და დანა, რომელსაც ზევიდან ქვევით იქნევდა. ქალის კივილი არემარეს აყრუებდა. 

თავბრუ დაეხვა. სულ გაოფლიანდა. ხელიდან ნამცხვრის ნაჭერი გაუვარდა. ეგონა, რომ პირდაპირ მაგიდაზე ამოაღებინებდა. მოკლა ქალი, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. ის მკვლელია, პოლიცია იპოვის და ელექტროსკამზე დასვამენ. 

იმ დღეს სამსახურში არ წასულა. მთელი დღე ოთახში გამოკეტილმა გაატარა. შუაღამე გადასული იყო, დასაძინებლად რომ დაწვა. ცუდად ეძინა. თავში ისევ წინა ღამის სურათები უტრიალებდა. სულ ბოლოს, დილის 7 საათზე გაიღვიძა. მთლიანად სველი იყო. საბოლოოდ მიხვდა, რომ ასე ვერ იცხოვრებდა – კოშმარები არ მოასვენებდა. 

კატლეტონი პოლიციაში ადრე არასდროს ყოფილა. როდესაც შევიდა, ის გამომძიებელი მოითხოვა, რომელიც მარგარეტ უოლდოკის მკვლელობას იძიებდა. სერჟანტი უოკერი ახალაგზრდა კაცი აღმოჩნდა. ვიდრე საქმეზე გადავიდოდა, კატლეტონს სახელი და მისამართი გამოჰკითხა, შემდეგ კი იკითხა, რამ მოგიყვანაო.

– უნდა ვაღიარო, მე მოვკალი ის ქალი, – თქვა კატლეტონმა.

სერჟანტმა და სხვა პოლიციელებმა იგი მეორე ოთახში გაიყვანეს და ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვეს. მან ყველაფერი მოყვა, რაც ახსოვდა. შემდეგ ისევ დაკითხვა განახლდა:

– რატომ მოკალით მაინცდამაინც ეს ქალი?

– არ ვიცი, უბრალოდ, ხელში მომყვა.

– თავს რატომ დაესხით?

– იმიტომ, რომ ამის სურვილი გამიჩნდა, რაღაც დამემართა – რაღაც იმპულსი იყო, სურვილი გამიჩნდა და სხვა გზა აღარ მქონდა.

– მკვლელობა თავიდანვე დაგეგმეთ?

– მგონი, კი.

– დანა სადაა?

– გადავაგდე, არხში.

– ზუსტად სად?

– არ მახსოვს.

– თქვენს ტანსაცმელზე სისხლი უნდა იყოს. აუცილებლად უნდა იყოს. სადაა ტანსაცმელი?

– ნაგვის დასაწვავ ღუმელში შევყარე. 

– თქვენს სახლში ასეთი ღუმელი  არის?

– არა, რომელიღაც სხვა სახლში შევედი, ზუსტად არ მახსოვს, რომელში. შემდეგ სახლში დავბრუნდი და ვიბანავე. მახსოვს, რომ სისხლი ფრჩხილების ქვეშაც მქონდა.

პოლიციელებმა მას გახდა სთხოვეს და  ყურადღებით დაუთვალიერეს ტანი.

– ჰმ, თქვენზე არც ერთი ნაკაწრი არაა, – თქვა სერჟანტმა, – არადა, ის ქალი იკაწრებოდა, მისი ფრჩხილების ქვეშ ბევრი რამ იპოვეს. 

ისინი სხვა ოთახში გავიდნენ, მისგან თითის ანაბეჭდები აიღეს, სურათი გადაუღეს და, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს. ოთხი საათის შემდეგ მასთან სერჟანტი უოკერი შემოვიდა:

– თქვენ არ მოგიკლავთ ის ქალი, რატომ დაიბრალეთ? ჯერ ერთი, თქვენ ალიბი გაქვთ, რომელის შესახებაც არაფერი გითქვამთ: იმ საღამოს კინოში იყავით – მოლარემ ფოტოზე ამოგიცნოთ. კონოთეატრიდან შუაღამის შემდეგ გამოხვედით და სახლისკენ გაემართეთ. ერთმა ქალმა დაგინახათ, ვინც ერთი სართულით ქვევით ცხოვრობს; ასევე, მამაკაცმა, რომელიც იმავე სართულზე ცხოვრობს, გვითხრა, რომ ოთახში პირველ საათამდე შეხვედით, ხოლო თხუთმეტი წუთის შემდეგ შუქი ჩააქრეთ. აგვიხსენით, თუ შეიძლება, რამ გაიძულათ, იმ ქალის მკვლელობა გეღიარებინათ? 

მას არაფერი  ახსოვდა – არც კინო და არც სახლში მისვლა.

– უფრო მეტიც, ჩვენ დავაკავეთ ნამდვილი მკვლელი. მას ალექს კანსტერი ჰქვია. ადრე ორჯერ იყო ნასამართლევი.  ვიპოვეთ სისხლიანი დანაც, სახე სულ დაკაწრული აქვს. დარწმუნებული ვარ, მან უკვე მკვლელობაც აღიარა. რატომ მოგვატყუეთ?

– არ მომიტყუებიხართ.

პოლიციელებმა მისი სიცრუის დეტექტორზე შემოწმება გადაწყვიტეს. დეტექტორმა დაადასტურა, რომ ის მართლაც არ იტყუებოდა.

– საქმე ისაა, რეი, – უთხრა სერჟანტს მეორე პოლიციელმა, –  მას მართლაც სჯერა იმის,  რასაც ამბობს. შენ ხომ იცი, ადამიანებს საკუთარი წარმოსახვა ზოგჯერ როგორ ატყუებს? მან წაიკითხა სტატია მკვლელობის შესახებ და დაიჯერა, რომ თვითონ არის მკვლელი.

პოლიციელები კიდევ დიდხანს ესაუბრებოდნენ, მერე კი აუხსნეს, რომ მას ძალიან განვითარებული აქვს დანაშაულის გრძნობა. სადღაც ქვეცნობიერში დამარხულია მოგონება მისი ცუდი საქციელის  შესახებ  და სწორედ ამ მოგონებამ აიძულა იგი, დაეჯერებინა, რომ ის ქალი მოკლა. ან კიდევ, სულის სიღრმეში მას სურდა მკვლელობის ჩადენა და სწორედ ამის გამო ჰქონდა დანაშაულის გრძნობა. ნელ-ნელა მათ დაუმტკიცეს, რომ იგი ვერაფრით ჩაიდენდა იმას,  რასაც აღიარებდა... და მან დაუჯერა. თუმცა, მოგონებები მკვლელობაზე არსად გამქრალა.

– ასეთი შემთხვევა ჩვენთან ხშირია, – უთხრა ბოლოს სერჟანტმა, – შეიძლება, ეს ისევ გაგიმეორდეთ, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ შეიშალეთ და, რაც მთავარია,  მეტი არანაირი აღაირება. კარგი? 

იმ ღამეს მას ღრმად ეძინა. კოშმარებს აღარ შეუწუხებია. 

ოთხ თვეში ეს ამბავი განმეორდა. ისევ დილა, ისევ „დეილი მირორი” და ისევ მკვლელობა. ვიღაც კაცმა 14 წლის გოგონა სადარბაზოში შეათრია და ყელში სამართებელი გამოუსვა. მოგონებებმა ისევ იფეთქა. ყველაფერი თვალწინ დაუდგა: სამართებელი ხელში...  გოგონა, რომელიც გასხლტომას ცდილობს... სისხლი, რომელმაც ყელიდან ამოხეთქა...

მას უცებ არც გაახსნედა, რომ ასეთი რამ ადრეც დაემართა. ალბათ, არც ამჯერად მოუკლავს ვინმე, მაგრამ, მოგონებები ისეთი ცხადი იყო, ყოველი წამი ახსოვდა. ღამე ისევ კოშმარებმა გააწვალა. ისევ მიხვდა,  რომ ვერ მოისვენებდა. ამიტომ, გადაწყვიტა, წასულიყო პოლიციაში, ისევ ეღიარებინა, შემდეგ მას  ისევ დაუმტკიცებდნენ, რომ მკვლელი არ არის და ისიც დაისვენებდა. 

სერჟანტმა უოკერმა ყურადღებით მოუსმინა. შემდეგ გავიდა და ცოტა ხანში დაბრუნდა:

– მე იმ განყოფილებაში დავრეკე, სადაც ამ მკვლელობას იძიებენ. თქვენ გახსოვთ, რა ამოკაწრეთ მოკლულის მკერდზე?

– ზუსტად არ მახსოვს.

– თქვენ დაწერეთ, „მე შენ მიყვარხარ”, ახლა გაგახსენდათ?

მას გაახსენდა... გაახსენდა, როგორ ამოკაწრა მოკლულის მუცელზე ეს სიტყვები.

– მისტერ კატლეტონ, მკვლელმა მოკლულის მუცელზე სხვა სიტყვები ამოკაწრა – გინება. ამიტომაც, ეს სიტყვები გაზეთებში ვერ მოხვდა.

– ვიცი,  რომ მე არ მომიკლავს, მაგრამ ამის დამტკიცება მჭირდება. 

– და თქვენ გინდათ, რომ ეს დაგიმტკიცონ?  გასაგებია. მართალია, პოლიციაში მოცლილები არ ვართ, მაგრამ, შეგიძლიათ, მოხვიდეთ ხოლმე ჩემთან. ჯობია, პირდაპირ ჩემთან ამოხვიდეთ. სხვამ, შეიძლება, ვერ გაგიგოთ, მე კი ვიცი, რაც გადაიტანეთ. 

აგვისტოში ისევ ყველაფერი განმეორდა. ქალი თავის ბინაში გაგუდეს. ამჯერად პირდაპირ უოკერთან გაიქცა. პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდა: პოლიციამ ნამდვილი მკვლელი მალევე დააკავა და მან მკვლელობა აღიარა. 

სექტემბრის ბოლოს, ერთ დილით, უორენ კატლეტონი მაღაზიაში შევიდა, როგორც რობოტი. თითქოს ვიღაც სხვა აკონტროლებდა მის სხეულს. იყიდა სადგისი,  ჯიბეში ჩაიდო და ბროდვეისკენ გასწია. 86-ე ქუჩაზე მეტროში ჩავიდა და ვაშინგტონ-ჰეისში გაემგზავრა. პარკში შევიდა და ლოდინი დაიწყო. სიჩუმე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმამ დაარღვია. ახალგაზრდა, ტანადი ქალი გამოჩნდა. კატლეტონი მომართულივით მოქმედებდა: ერთი სწრაფი ნახტომი, ხელი პირზე ააფარა, მეორე წელზე შემოხვია და სიბნელეში შეათრია. ვიდრე ქალი თავის დახსნას  ცდილობდა, მან სადგისი პირდაპირ გულში გაუყარა.

სადგისი არხში ჩააგდო, სახლში ავიდა, იბანავა და დაიძინა. ღრმად და მშვიდად ეძინა. დილით მხნედ გაიღვიძა. ტრადიციულად „დეილი მირორი” იყიდა და მესამე გვერდზე გადაშალა: ახალგაზრდა მოცეკვავეს ვაშინგტონ-ჰეისში თავს დაესხნენ და გულში სადგისის დარტყმით მოკლეს. მას ყველაფერი გაახსენდა – როგორ იყიდა სადგისი, როგორ დაიჭირა ქალი, მერე როგორ დაარტყა. 

უოკერმა გაუღიმა: 

– ნახეთ, ვინ მოვიდა. თქვენი საფირმო დანაშაული მოხდა, არა? – ქალზე თავდასხმა და მკვლელობა.

– ჰო, მე მოცეკვავის, „მონ ამურის” მკვლელობის შესახებ უნდა გითხრათ.

– ჰო, ეს სტრიპტიზის მოცეკვავეები, ყოველთვის ეგზოტიკურ სახელებს ირჩევენ. ის თქვენ მოკალით, არა?

– ვიცი, რომ მე არ მიქნია, მაგრამ...

– კარგი. სად არის სადგისი? არხში ჩააგდეთ, არა? ალბათ, როდესაც სადგისი გაუყარეთ სისხლმა იჩქეფა, არა?

– დიახ...

– სისხლმა თქვენი ტანსაცმელი მოთხვარა?

– დიახ.

– სად არის ეს ტანსაცმელი?

– ნაგვის ღუმელში.

– მაგრამ, არა თქვენი სახლის...

– არა... მე ჩემს ბინაში გამოვიცვალე, შემდეგ სხვა სახლში გავიქეცი და ტანსაცმელი ნაგვის დასაწვავ ღუმელში შევაგდე.

– მისმინეთ, სტრიპტიზიორი სადგისის გულში დარტყმით მოკლეს. სიკვდილი მომენტალურად დადგა. სხეულზე უწვრილესი ჭრილობა დარჩა. იქიდან წვეთი სისხლი არ გამოსულა. ასე რომ, თქვენი ვერსია სველი ტუალეტის ქაღალდივით გაქრა. ახლა უკეთ ხართ?

– მაგრამ, მოგონებები ისეთი საშინელია...

– სამწუხაროდ, ასეა, – სერჟანტმა თავი გადააქნია, – ძალიან მეცოდებით. საინტერესოა, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება?! მთავარია, არ გადავაჭარბოთ, თორემ, მეც ვეღარაფერს გიშველით და სიცოცხლეს სულით ავადმყოფთა თავშესაფარში დაასრულებთ. 

           თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3