პრაქტიკული გამოგონებები
დღეს ჩვენი ყოფა ვერც კი წარმოგვიდგენია მათ გარეშე. მით უფრო – ქალბატონებს. არადა, არცთუ შორეულ წარსულში ისინი, უბრალოდ, არ არსებობდნენ...
* პირველი წყალგაუმტარი თუ წყალგამძლე ფრჩხილების ლაკი გასული საუკუნის 30-იან წლებში იშვა. ის ამერიკელმა ჩარლზ რევლონმა შექმნა. სწორედ მან დააარსა კოსმეტიკური ფირმა „რევლონი“.
* 1946 წელს მსოფლიომ პირველი საცურაო ბიკინი იხილა და ნამდვილი ფურორიც მოხდა. ფრანგმა ლუი რეარმა საცურაო კოსტიუმში ქსოვილის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა და თავის შედევრს ატოლ ბიკინის სახელი უწოდა. იმ პერიოდში ამ ადგილას ამერიკელები ატომურ ცდებს ატარებდნენ. ლუის ნოვაციაც აფეთქება იყო.
* მეოცე საუკუნის 60-იანი წლები – დაიბადა მინი ქვედაბოლო. როკ-ენ-როლის ეპოქა „მიდისა“ და „მაქსის“ დიდხანს ვერ აიტანდა. „მინი“ პირველმა ამერიკელმა, მერი კუანტმა ჩაიცვა – მისი ქვედაბოლო მუხლიდან 10 სანტიმეტრით ზემოთ იყო.
* ნეილონის წინდები გასული საუკუნის 30 წლებში ამერიკაში გაჩნდა და მისი წარმოების პირველივე წელს 64 მილიონი წყვილი გაიყიდა. ეს იმ დროისთვის წარმოუდგენელი კომერციული წარმატება იყო.
* ლეგენდარულმა იტალიელმა მეფეხსაცმელემ, სალვატორე ფერაგამომ, 1950 წელს გამოიგონა ფეხსაცმელი ძალიან გრძელ, წვრილ ფოლადის ლურსმნის ქუსლზე – ასე გაჩნდა „შპილკა“.
* ქალის შარვლიანი კოსტიუმი მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა. ჟორჟ სანდი პირველი წარუდგა საზოგადოებას მამაკაცის შარვალში, ჟილეტსა და პიჯაკში გამოწყობილი. ყველა შოკში იყო. ქალმა კინაღამ პოლიციაში ამოყო თავი. გავიდა 100 წელი და, 1966 წელს, ივ სენ ლორანმა შექმნა სმოკინგების კოლექცია ქალებისთვის.
* 1944 წელს პუანტების სახელგანთქმულმა ოსტატმა, სალვატორე კაპეციომ, შეკერა „ბალეტკები“ – ქუჩაში სასიარულო პუანტები ძალიან პატარა, დაბალ ქუსლზე. ბრიჯიტ ბარდომ პირველმა დააფასა ისინი, მერე კი ოდრი ჰეპბერნიც აღაფრთოვანა.
* 1958 წელს, მსოფლიო გამოფენაზე, ამსტერდამში, ფრაგნმა პარფიუმერებმა საზოგადოებას პომადა – ტუჩის საცხი წარუდგინეს. ის ირმის ქონზე იყო დამზადებული და მწიფე შინდისფერი შეფერილობა ჰქონდა.