ფიზიკოსებმა „ღმერთის ნაწილაკის“ დევნაში „მშვენიერი“ აღმოაჩინეს
ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებელ Tevatron-ზე მომუშავე ამერიკელმა ფიზიკოსებმა, რომელთა „კომპენტენციაში“ სულაც არ შედის კვარკების შესწავლა, შემთხვევით ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს – ნეიტრალური „მშვენიერი“ ქსი-ბარიონი. ეს ელემენტარული ნაწილაკების მოცემული კლასის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც თანამედროვე ფიზიკაში სტანდარტული მოდელის თეორიაშია აღწერილი და აქამდე ვერ იქნა აღმოჩენილი. ამ სიახლის შესახებ კი ილინოისის შტატის, ენრიკო ფერმის სახელობის ამაჩქარებელი ლაბორატორიის პრესსამსახურმა განაცხადა. ახალი აღმოჩენა სწავლულებს საშუალებას მისცემს, კარგად შეისწავლონ კვარკების ურთიერთქმედება და, შესაბამისად, უკეთ გაიგონ, როგორ ფორმირდება მატერია.
ბარიონი სამი კვარკისგან შემდგარ ნაწილაკს ჰქვია. ის ელემენტარული ნაწილაკების იმ ჯგუფში შედის, ბირთვში ძლიერ ურთიერთქმედებაში რომ მონაწილეობს და ადრონები ეწოდება. ბარიონებს ძირითადად მიეკუთვნება, მაგალითად, პროტონები და ნეიტრონები, ისინი შედარებით სტაბილური ბარიონებია. მთელი სამყარო ამ ნაწილაკებისგან შედგება.
ნეიტრალური „მშვენიერი“ ქსი-ბარიონი შედგება ერთი ზედა კვარკის, ერთი უცნაური და ერთი „მშვენიერი“ კვარკისგან. ტერმინები: – „უცნაური“, ანუ S-კვარკი (strange), „მშვენიერი“ (beuty), „მომხიბვლელი“ (charm), „ჭეშმარიტი“ (truth) – კვარკების არომატების საზოგადოდ მიღებული სახელებია ელემენტარულ ფიზიკაში. „არომატი“ კი კვანტური რიცხვების სახელია, რომელიც კვარკის ტიპს ახასიათებს.
Tevatron-ზე დაფიქსირებულმა ქსი-ბარიონმა მხოლოდ ერთი კილომეტრის გავლა მოასწრო, რის შემდეგაც დაიშალა შედარებით მსუბუქ ნაწილაკებად, რომლებიც, თავის მხრივ, კვლავ დაიშალნენ. მიუხედავად ამ პროცესების უდიდესი სისწრაფისა, ფიზიკოსებმა შეძლეს, მოვლენათა ჯაჭვს უკან გაჰყოლოდნენ და ახალი ბარიონის დაბადების ფაქტი დაემტკიცებინათ. მშვენიერი ქსი-ბარიონები იბადებიან მაღალი ენერგიების შეჯახებისას – ეს იშვიათი მოვლენაა, თუმცა, მასზე დაკვირვება შესაძლებელია.