კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-30(552)

 

ქალმა კარი საკუთარი გასაღებით გააღო და შემოსასვლელში, პუფზე  ჩამოჯდა. ჩანთა პირდაპირ იატაკზე დადო, მერე შებრუნდა და დიდ სარკეში საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა. სარკიდან დაღლილი, რაღაცით ძალიან შეშფოთებული ქალი უმზერდა. ამან გააღიზიანა, რაღაც გაურკვევლად ჩაილაპარაკა და სასტუმრო ოთახიდან გამოსულ საუბარს მიაყურადა. მიხვდა, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო ნიკუშას სტუმარი.

– ქალბატონო ია... – დათო ზრდილობად დაიღვარა, – როგორ ბრძანდებით? ცოტა ხნით ნიკას შემოვუარე, უკვე მივდივარ...

– რატომ? იყავი, ყავა დავლიოთ ერთად. იმდენი ხანია, არ მინახავხარ. ძლიერ მაინტერესებს შენი ამბები. მართლა გამოგდით რამე თუ ტყუილად ჭყუმპალობთ აუზში?

– რატომ ტყუილად, ქალბატონო ია, ჩემპიონატისთვის ვემზადებით. დიდი იმედები გვაქვს, ნიკას მაინც...

– ოჰო! ეს არის გუნდის იმედი? ამის თქმა გინდა? ნიკუშ, მართლა ასეა? მეგონა, საერთოდ აიღე სპორტზე ხელი.

– დედა... – ნიკა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა. ჯერაც არ ჰქონდა განელებული რამდენიმე საათის წინ მიყენებული წყენა. თუმცა, დათოს თანდასწრებით მოერიდა, დედას აშკარად დაპირისპირებოდა ან საერთოდ არ გაეცა ხმა მისთვის.

– მე წავალ, ყავას მოვადუღებ. შემიძლია, ტოსტებიც გავაკეთო. ნიკუშამ იცის, რომ ჩემი კულინარიული შესაძლებლობები საკმაოდ სუსტია, მაგრამ ტოსტები ნამდვილად კარგი გამომდის, მით უფრო – შვეიცარული ყველით... – ქალი ადგა და სამზარეულოსკენ გაემართა, – კართან შედგა და შემობრუნდა, – თუ მანამდე, პირის გასველება მოგინდებათ, ბარში ვისკიც არის, ჯინიც და მარტინიც, ტონიკსაც იპოვით...

ქალი რომ გავიდა, დათომ ვეღარ მოითმინა და წაუსტვინა:

– ეე, რა დაემართა დედაშენს? აბა, მეჯიბრება და ცდილობს, ნერვები მომიშალოსო?!

ნიკუშა გაცხარდა:

– მოიცადე, ბიჭო... კარი მაინც გაიხუროს!

– ბარი სასმლით გქონიათ სავსე, შენ კი არაფერი შემომთავაზე. ვის დაემსგავსე ასეთი ძუნწი? ერთი ჯინ-ტონიკი გამიზავე, რა! – დათო ნებივრად გადაწვა სავარძელში, – ტოსტებიც მაგრად გაასწორებს.

– გეფიცები, გადავირევი. არაფერი მესმის, საერთოდ არაფერი... რამდენიმე საათის წინ ლამის შემჭამა, ახლა კი რა დაემართა, არ ვიცი.

– მოიცა ერთი... დედაშენს კი არა, შენ რა დაგემართა. რას ერჩი ამ ქალს? მაგარი ჯიგარი დედა გყავს და ვერ იფერებ. ფხუკიანობ და, საერთოდაც, დედაშენი კი არა, მეც გატყობ, რომ ძალიან შეიცვალე.

– მე? შევიცვალე?

– დიახ, შენ შეიცვალე. თვითონაც არ იცი, რა გინდა და ეს ყველაფერი იმ გოგოს გამო ხდება.

– თუ მარიკას გულისხმობ, ძალიან გეშლება,  ის ნამდვილად არაფერ შუაშია.

– შუაშიც არის და თავშიც. უბრალოდ, შენ ამის აღიარებ... აუ, რა შარში გაგხვიე!

– დათო, გეყოფა! რამდენჯერ უნდა გითხრა, მაგაზე ნუ მელაპარაკები-მეთქი? მარიკას ხსენებას კი საერთოდ გიკრძალავ, ეს ამბავი დაივიწყე, რა...

– როგორ დავივიწყო, ტო, როცა, მე რომ არა და, კიდევ, მაკას ხუშტურები, მისი არსებობის შესახებ არც გეცოდინებოდა?!

– მერე, ეგ ყოველ წუთს უნდა მიმეორო? რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გავიცანი, რანაირად და ვისი მიზეზით? მორჩეს ეს ლაპარაკი, მაინც აღარაფერი შეიცვლება...

დათომ თითები გაატკაცუნა:

– აჰა, ესე იგი, აღიარებ, რომ გიყვარს?

ნიკამ წარბი შეიკრა:

– თუ ეს დაგამშვიდებს – მიყვარს. ახლა?

– ახლა რა, აღარაფერი, – დათომ ამოიოხრა, – დაგღუპე რა...

– გეყოფა-მეთქი! – წამოენთო ნიკა, მაგრამ დათოს ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის, თითქოს არც გაუგონია. ხმამაღლა, თავისთვის აანალიზებდა სიტუაციას:

– ისე მწარდები, აშკარად ეგ გოგო გირჩევნია ბევრ რამეს.

– დათო...

– ჰო, რა, ასეა, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა... უფრო სწორად, მე მომწონს თუ არა, სიმართლეს ვერსად წავუვალთ. ახლა ვფიქრობ, როგორ დაგეხმარო.

ნიკამ უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი, ბართან მივიდა, ბოთლები და ორი ჭიქა გამოიღო.

– არ მჭირდება დახმარება, თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან კარგადაც კი. ასე რომ, დამშვიდდი...

დათომ ისევ ყურს იქით გაატარა მისი ნათქვამი.

– პრინციპში, ვიცი, რა უნდა ვქნა, მთავარია, დამთანხმდე. ბიჭო, ვახო ხომ იცი, მამამისს კოჯორში მაგარი ბაითი აქვს. ავიდეთ, ნაშობა ავყაროთ და შევუბეროთ...

– ცოტა ჩუმად, ნუ ყვირი, დედაჩემმა არ გაიგონოს, თორემ გადაირევა...

– ესე იგი, თანახმა ხარ? – გაუხარდა დათოს.

– რა თანახმა სულ გაგიჟდი? ჯერ ერთი, ვახოს მამას ვერ ვიტან – ბავშვობიდან მძულს ეგეთი გარყვნილი კაცები. მამამისის წყალობით, ვახოსაც კი ალმაცერად ვუყურებ. როგორ შეუძლია ასეთთან ურთიერთობა.

– რა ქნას, მამაა... – მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა დათომ.

– მამა?! მოიცა, რა! ხომ იცი, მთავარი რაც არის მაგ მამა-შვილის ურთიერთობაში.

– რა თქმა უნდა, ფული მხოლოდ პოზიტივია ყველა ურთიერთობაში – ხიბლს აშკარად ჰმატებს. რატომ უნდა თქვას ვახომ უარი?

– იმიტომ რომ... რომ... – ნიკამ შემოსასვლელისკენ გაიხედა და ხმას დაუწია, – მის მორალურ პრინციპებს უნდა ეწინააღმდეგებოდეს – ახლა გაიგე?

– თუ ღმერთი გწამს... რა დროს მორალური პრინციპებია, როცა ახალთახალ „ლექსუსზე“ ზიხარ და ცა ქუდად არ მიგაჩნია, დედამიწა კი – ქალამნად... იცი, მე რომ ვახოს მსგავს სიტუაციაში ვიყო, მორალური პრინციპები არც მე გამახსენდებოდა.

– არც მიკვირს, შენ ხომ ვიგოდნიკი ხარ.

– მერე, რა არის ამაში ცუდი? ვიგოდნიკობა გრეხი სულაც არ არის.

– ჰო, ძალიან სასახელო რამეა, ძალიან... – დასცინა ნიკამ, – გაჩუმდი და დალიე შენი ჯინი ტონიკით. ნაშები და წყნეთში გრიალი კი თავიდან ამოიღე, მაგაზე აღარ ვილაპარაკოთ.

– ეეჰ, ჭედავ, რა! თანაც – მაგრად. მორალური პრინციპები მიქადაგე-მეთქი, ეს გთხოვე? მე გართობა შემოგთავაზე.

– ჩემთვის ეგ გართობა არ არის. მარიკას რა ვუყო?

– რა უნდა უყო? ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, იჩხუბეთ?

– არა!

– აბა?

– რა – აბა! ძალიან დამაბნია მაგ გოგომ. ხან მიმიშვებს ახლოს, ხან ძალიან უცნაურად გამირბის და მერიდება. მიზეზად სამსახურს ასახელებს.

– ჰო, არ მიკვირს. მიზეზად კი არა, სერიოზული სამსახური აქვს, ძალიან სერიოზული – გამომძიებელია, მაგასთან ურთიერთობაც არ იქნება მარტივი. იმიტომაც გეუბნებოდი, მოეშვი-მეთქი.

– ეგ უკვე არ არის შენი საქმე, – გაცხარდა ნიკუშა.

– კარგი, არ არის ჩემი საქმე, მაგრამ, ერთი მომისმინე, როგორ ფიქრობ, მე ვინ ვარ? რა ვქნა, გულხელდაკრეფილმა გიყურო, როგორ იღუპები?!

– ნუ გეშინია, არ დავიღუპები... – შეუღრინა ნიკამ და მაშინვე გაჩუმდა, რადგან ოთახში შემოსულ დედას მოჰკრა თვალი.

– მგონი, გემრიელია. ნიკა, პატარა მაგიდას სუფრა გადააფარე და მომეხმარე. თეფშებიც გამოიტანე. იცი, მგონი, მინდა, ის გოგო გავიცნო. ვიფიქრე და მართალი იყავი – შენ არჩევნის უფლებაც გაქვს და ბედნიერებისაც, მე კი ამ შენს არჩევანს პატივი უნდა ვცე.

ნიკა გაშრა, ისიც ვერ მოახერხა, რომ დათოსთვის შეეხედა, მაგრამ მიხვდა, რომ მისი მეგობარიც ძალიან დააბნია იას მოულოდნელმა „ტრანსფორმაციამ“.

– მართლა გინდა, რომ გაგაცნო? – ძლივს მოუყარა სათქმელს თავი.

– ჰო, მინდა, – გაიცინა ქალმა და შვილს მხიარულად მოუჩეჩა თმა. უბრალოდ, დილით ძალიან დაღლილი ვიყავი – მძიმე პაციენტი მყავდა.

დათომ თვალი ჩაუკრა ნიკუშას. იმის ნიშნად, რომ ყველაფერი მოგვარებულიაო.

– კარგი, დაველაპარაკები მარიკას... – ნელა ჩაილაპარაკა ნიკამ, – პრინციპში, არც ვიცი, დამთანხმდება თუ არა.

ქალმა ისევ გაიცინა:

– როგორი უცნაური შვილი მყავს. ჯერ დარწმუნებული არ არის, უნდა თუ არა იმ გოგოს და მე მირიგდება გაცნობაზე. დათო, კიდევ გადაიღე ტოსტი. სამზარეულოში კიდევ მაქვს და მოვიტან.

ქალი ჯერ გასული არ იყო ოთახიდან, რომ დათომ, ორივე ყბა გამოტენილი რომ ჰქონდა ხრამუნა ტოსტით, გაჭირვებით ამოიბლუკუნა:

– მორჩა, შენი წუწუნი აღარ გამაგონო, მოგვარდა პრობლემა!

– შენ არ წამოგცდეს, სად მუშაობს მარიკა, თორემ, პრობლემა და ინტერესთა კონფლიქტი მერე ნახე – საერთოდ არ მოინდომებს მის გაცნობას. შეიძლება, მეც გამაგდოს სახლიდან.

– კარგი, კარგი... დედაშენი ისე დამიხატე, რომ არ ვიცნობდე, ურჩხული მეგონება.

– რაც გითხარი, გაითვალისწინე.

– ჰო, კარგი, ნუ წამოენთები ხოლმე.

– გაჩუმდი, მოდის!

იამ საფერფლე და სიგარეტი შემოიყოლა, სავარძელზე ჩამოჯდა და გააბოლა.

– თქვენი მეგობარი რომ არის, ვახო, მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? – იკითხა მოულოდნელად.

დათო შეკრთა და ტოსტისკენ გაწეული ხელი გაუშეშდა. ნიკა შეიჭმუხნა:

– ვახო მეგობარი არ არის, უბრალოდ, კარგად ვიცნობთ და ერთ გუნდში ვთამაშობთ, სულ ესაა.

– კარგი ბიჭია, ქალბატონო ია, წესიერი. მამამისს არ ჰგავს, თუ ეს გაინტერესებთ, – წამოაყრანტალა დათომ და მიიღო კიდეც იდაყვი ფერდში.

ქალმა გაიღიმა:

– მე ისე ვიკითხე, მამამისის ამბები არ მაინტერესებს. უბრალოდ, ადრე უფრო ხშირად ვხედავდი ხოლმე თქვენთან ერთად. როდის გამაცნობ მარიკას? ხომ არ მეშლება, მარიკა არ ჰქვია?

ნიკა გაწითლდა:

– ჰო, მარიკა ჰქვია. რა ვიცი, ვეცდები, ამ დღეებში მოვახერხო.

– ძალიან კარგი. შეიძლება, ამ კვირაში მივლინებაში მომიწიოს წასვლა რამდენიმე დღით. თუ გინდა, როცა ჩამოვალ, იმ დროისთვის გადავდოთ ეგ საქმე. თან, მანამდე უკეთესად გაიცნობთ ერთმანეთს და შენც ჩამოყალიბდები. ახლა ჩემს ოთახში გავალ და ხელს აღარ შეგიშლით.

დათომ თავაზიანი ღიმილით გააცილა მეგობრის დედა და ნიკუშას მხარზე დაქაჩა.

– ბიჭო, დედაშენი გულთმისანია? ვახო საიდან გაახსენდა?

–  რა ვიცი, აბა! ისე, იცის ხოლმე ასეთი რაღაცეები და მაგიჟებს. ვერაფერს გამოაპარებ.

– ახლა აღარ მიკვირს, მარიკას ამბავი რომ არ დაუმალე – იცოდი, მაინც ყველაფერს გაიგებდა.

– მარიკას დავურეკავ, – ნიკუშამ მობილური აიღო და აივანზე გავიდა...

***

დევიმ სიგარეტის კოლოფი აიღო და იქ მყოფებს ჩამოურიგა. მარიკასაც მიაწოდა.

– მე არ ვეწევი.

– აჰა, ესე იგი, ისევ არ ეწევი. ეს კარგია. თემო, შენ?

– მაგის გარკვევას, გირჩევნია, დროზე თქვი, საქმის რა გაარკვიე.

– ვფიქრობ, არ იტყუება. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ტყუოდეს.

– დევი, ის თქვი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მერე ვარკვიოთ, იტყუება თუ არა.

– მოკლედ, იფიცება, ნოდია არაფერ შუაშიაო.

– აბა, ვინ არის შუაშიო? – გადაირია პაპავა, – შენ?!

– მოიცა ერთი! ჩემკენ თითს ნუ გამოაშვერ, თუ კაცი ხარ, აღარ გამომდის ეგ საქმე, – გადაიხარხარა დევიმ, – სავარაუდოდ, იმ თავისი შეყვარებულისგან უნდა იყოს ორსულად, მისი ნათქვამი ძალიან ჰგავს სიმართლეს.

– მაგის გადამოწმება ძალიან ადვილია, – პაპავამ მარიკას გადახედა. დევი უსიტყვოდ მიხვდა.

– გინდა მარიკუნამ აიყვანოს აბორდაჟზე? კარგი აზრია.

– ნუღარ გადავდებთ. ახლავე წადი, მოძებნე ის ტიპი და დაელაპარაკე. ვიცით, ვინც არის?

დევიმ პერანგის ჯიბიდან ორად გაკეცილი პატარა ფურცელი ამოიღო და გაუწოდა:

– ვიცოდი, დაგჭირდებოდათ.

მარიკამ მადლიერების ნიშნად გაიღიმა:

– მაშინ, რაღას ველოდო? დავურეკავ და შევხვდები.

– მეც ხომ არ გავყვე? – გაუბედავად იკითხა ვახომ.

– კარგი აზრია, – დაუდასტურა დევიმ, მაგრამ მარიკამ მაშინვე გააპროტესტა:

– ვეცდები, მარტომ გავართვა დავალებას თავი.

– შენ იცი, – ვახო დამნაშავესავით გაწითლდა, – ვიფიქრე, რამე პრობლემა არ შეექმნას-მეთქი.

– რა პრობლემა უნდა შემექმნას? – გაღიზიანდა მარიკა, – რადგან ქალი ვარ? ეს მე ხელს არაფერში მიშლის.

– ჩემი კაბინეტიდან დაურეკე, – შესთავაზა თემომ და, მარიკა რომ გავიდა, ვახოს უსაყვედურა:

– ვითომ კარგი საქმის გაკეთება გინდოდა და ნერვები კი მოუშალე. ვერ გაიზარდე, რა...

დევიმ შემრიგებლურად მოუთათუნა მხარზე ხელი გაწბილებულ ვახოს:

– არა უშავს. გაიზრდება. ეცდება მაინც.

– მაშინ, ახლავე დაიწყოს. ამ გოგოს სიტუაცია კი ცვლის საქმის ვითარებას, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია გამოკვეთილი. ამიტომ, წადი და შენს საქმეს მიხედე.

– რომელ საქმეს? – დაბნეულმა იკითხა ვახომ.

თემო დევისკენ შებრუნდა და ამოიოხრა:

– აჰა, შენ კიდევ – გაიზრდებაო. რა გაზრდის ამას, ნახე, რა მითხრა?

– კი მაგრამ, ბატონო თემო... კონკრეტულად რომელ საქმეს-მეთქი, ეს ვიგულისხმე.

– კარგი, წადი, მობილურიდან ამოკრეფილ ნომრებს ვგულისხმობდი.

ვახოს მაშინვე გაეხსნა წარბი:

– ჰო, როგორ გიპოვეთ მაგ ნიას ნომერი?! ეგრევე მივხვდი, ძალიან მნიშვნელოვანი რომ იყო.

– წადი, ვახო, წადი და კიდევ კარგად მოძებნე. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იპოვი რამე უფრო მნიშვნელოვანს.

თემო და დევი კაბინეტში დაბრუნდნენ.

– იმ გოგოს რა ვუყო? მაგის აქ დატოვების უფლება არ გვაქვს. წინასწარი პატიმრობის საკანში ვერ ჩავიყვან და სახლშიც რომ ვერ ვუშვებ, ეგ არის პრობლემა. 

– ჰო, წინასწარ პატიმრობას ვერ შევუფარდებ. ჯერ ერთი, ამისთვის ბრალი უნდა წაუყენო, რასაც ვერ გააკეთებ; მეორე – ცოდვაა, ბიჭო...

– კარგი და, რას მირჩევ, სახლში ხომ ვერ წავიყვან?!

დევის ხმამაღლა გაეცინა:

– მაკას გაახარებ ნამდვილად.

– არ გვინდა სხვის უბედურებაზე სიცილი, – წამით გაეღიმა თემოსაც და შუბლი მოისრისა, – რა ვქნა, ხელწერილი დავაწერინო და გავუშვა?

– შენ ფიქრობ, სადმე გაიქცევა?

– ვერავის დავუფიცებ. მირჩევნია, გარანტიები მქონდეს.

დევიმ თავი გააქნია.

– რა იყო? – ჰკითხა პაპავამ.

– გულახდილად რომ გითხრა, მე უფრო სხვა რამის მეშინია: თუ არ დამშვიდდა, თავს არაფერი აუტეხოს. შენი მდივანი დავტოვე, ისტერიკა ჰქონდა.

– მით უმეტეს, ვერსად გავუშვებ. მარტოც ვერ დავტოვებ... – თემომ ისევ შეხედა დევის. ექსპერტი მაშინვე მიხვდა:

– ოღონდ ეგ არა... გამორიცხულია, ეგ არ მთხოვო, სხვა რამე მოიფიქრე.

– დევი, გამიგე რა... მე რომ ღამით სახლში არ მივიდე, მაკა გაგიჟდება. აქაც ამდენი პრობლემაა და, სახლშიც რომ უარესად ამერიოს სიტუაცია, გავაფრენ.

– მოიყვანე მაკაც და სამივე მხიარულად იქნებით, – უთხრა დევიმ.

– ნამდვილად არ მეხუმრება, – ამოიოხრა თემომ.

– არც მე. სხვაგან ვერ ვიძინებ, არ შემიძლია. თუ გინდა, გვიანობამდე ვიქნები მასთან და მერე ვინმე ჩამენაცვლოს. დაცვის ბიჭებს უთხარი, ან, ვახო დატოვე, ბოლოს და ბოლოს. არც ცოლი ჰყავს... რა მნიშვნელობა აქვს, ღამეს სად გაათენებს?

– ვერც ვახოს ვანდობ ამ საქმეს და, მით უმეტეს, ვერც დაცვას. არ მინდა, ახვლედიანის ყურამდე მივიდეს, პაპავამ მოწმე მთელი ღამით კაბინეტში გამოკეტაო.

– ჰოო... ახვლედიანი ვეღარ გავითვალისწინე, მაგრამ, ვახო ჩვენიანია. რა უნდა თქვას?

– მარტო შენ გენდობი და საკუთარ თავს. ასე რომ, ან დარჩები, ან, მართლა არ ვიცი, რას ვიზამ.

თემოს ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა, დევი მოლბა...

– რამე გემრიელი მაინც მომიტანე, რომ ჭკუიდან არ შევიშალო.

თემომ შვებით გაიღიმა:

– ძალიან გემრიელ „რამეს“ მოგიტან, შეგიძლია, არ იდარდო. წამოდი, კიდევ ერთხელ მინდა, დაველაპარაკო.

დევიმ საათზე დაიხედა:

– ჰო, ჯერ აშკარად ადრეა, მაგრამ შენს მდივანს სამუშაო საათები უკვე დაუმთავრდა.

თემომ ამოიოხრა:

– რა ბედნიერებაა, სამუშაო საათები რომ დაგიმთავრდება.

– ნუ წუწუნებ, ბებერო, კიდევ ბევრი გვაქვს ერთად გადასატანი, – შეახსენა დევიმ ღიმილით და კოლოფში ჩარჩენილი სიგარეტი ოსტატურად ააცალა ცხვირწინ...

***

... არასდროს არაფერს გეგმავდა წინასწარ და არც ამჯერად უღალატია ჩვეულებისთვის. მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა სპონტანურობა... ეს არანაირად არ უშლიდა ხელს – თითქოს შინაგანი მექანიზმი ჩაირთვებოდა და, თვითონ კი არა, ვიღაც სხვა იწყებდა აქტიურობას.

... გოგომ განცვიფრებით შეხედა კაბინეტში პლედებით შემოსულ ექსპერტს და მექანიკურად ახედა საათს.

– სწორად მიხვდი, – გაუღიმა დევიმ, – დღეს ამ არაკომფორტულ გარემოში მოგიწევს ღამის გათენება.

– ვერაფერი გავიგე, აქ უნდა დავრჩეთ? – ნია ცარცივით გათეთრდა.

– ნუ გეშინია, დაპატიმრებული რომ იყო, აქ არ იქნებოდი, დაკავებულებისთვის სხვა სასტუმრო გვაქვს – იხუმრა დევიმ, მაგრამ ამან ნიას შიშს ვერაფერი უშველა – გოგო დაფეთებული აცეცებდა თვალებს.

– რატომ არ მიშვებთ სახლში?  თქვენც ჩემთან ერთად უნდა იყოთ?

– დიახ, შენთან ერთად უნდა ვიყო. სახლში კი იმიტომ არ გიშვებთ, რომ ასე უფრო დაცული იქნები.

– დაცული რისგან? ხომ ყველაფერი ვაღიარე?! დედას გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით, მეტი არაფერი ვიცი...

– დამშვიდდი-მეთქი, წეღანაც გითხარი. შენს მდგომარეობაში ასეთი ნერვიულობა არ შეიძლება. მით უმეტეს, თუ ბავშვის დატოვებას აპირებ.

გოგოს თვალები გაუფართოვდა.

– რას ვაპირებ?

– ბავშვის დატოვებას. ფული ხომ აბორტისთვის გჭირდებოდა?

– დიახ, მაგრამ, ხომ გითხარით, ვერ შევხვდი გიას... შეიძლება, რომ ვურეკავდი, უკვე მკვდარიც იყო. გეხვეწებით, გამიშვით რა სახლში, ძალიან გთხოვთ!..

დევიმ თავი გააქნია:

– მე ამის უფლება არ მაქვს. მართლა. არ გატყუებ. შენი აქედან გაშვება ჩემს კომპეტენციაში არ შედის. უბრალოდ, რადგან მაინც ექიმი ვარ, უფრო უსაფრთხოდ ჩემთან იქნები. სულ ეს არის. ხვალ რაღაც დეტალებს გაარკვევენ და გაგიშვებენ.

– აბა, სასამართლოს ექსპერტი ვარო?

– ჰო, ექსპერტი ექიმია, არ იცოდი?!

– მე მხატვარი ვარ, – საცოდავად ჩაილაპარაკა გოგომ და უცებ აქვითინდა: – არ მინდა ციხეში, არ მინდა!

დევი წამოხტა, მაცივრიდან მინერალური წყალი გამოიღო. ჭიქაში ჩაუსხა და მიუტანა.

– დალიე! ჩემთან თავს კარგად იგრძნობ. შევეცდები, სასიამოვნო თემებზე გელაპარაკო. ვივახშმებთ კიდეც, ტელევიზორიც გვაქვს და არ მოვიწყენთ. ეს საკმაოდ კომფორტული დივანია... მე მისაღებში ვიქნები, ძალიან არ შეგაწუხებ.

– თქვენ არაფერ შუაში ხართ. მე ამ შენობაში ყოფნა არ მინდა, მეშინია, ძალიან მეშინია და, ვერ დავმშვიდდები, სანამ აქედან არ გავალ.

– დღეს ეს გამორიცხულია, ამიტომ,  როგორმე უნდა შეეგუო სიტუაციას.

 – არ შემიძლია, – გოგომ ცრემლები მოიწმინდა, – თუ აქ დამტოვებთ, მოვკვდები...

– არ მოკვდები, –  დევიმ ზუსტად იცოდა, რა უნდა ეპასუხა ასეთ „უწყინარ“ პროვოკაციაზე, – შენ უნდა ხვდებოდე შენი მდგომარეობის სიმძიმეს. გვითხარი, მთელი სიმართლე მოგიყევითო, მაგრამ, ჩვენ დარწმუნებულები ვერ ვიქნებით. ყველაფერს ვერ გეტყვი, სიტყვაზე უნდა დამიჯერო, რომ ეს შენთვის კეთდება. შეგვეძლო, შენი წინასწარი პატიმრობის ნებართვაც მოგვეთხოვა და მივიღებდით კიდეც, მაგრამ, ჩვენს გამომძიებელს ძალიან შეეცოდე. ამიტომ, კომპრომისზე წავიდა და გამონაკლისი დაუშვა. წინასწარი პატიმრობა რას ნიშნავს, ალბათ, იცი. რამდენიმე დღე, უფრო კი – კვირა, ჩაგსვამენ ან ძიების დამთავრებამდე, ან შენს სრულ გამართლებამდე.

– მე არაფერი დამიშავებია, – გაჯიუტდა გოგო.

დევიმ ამოიოხრა:

– უნდა მიხვდე, შენი სიჯიუტით მხოლოდ გაართულებ ყველაფერს. ასე რომ, წყალი დალიე, დამშვიდდი და კარგად მოიფიქრე, კიდევ რამე ხომ არ დაგრჩა სათქმელი.

ნია თითქოს დამშვიდდა, წყალი დალია და დაფიქრდა. დევიმ გაიღიმა. პარკები მაგიდასთან მიიტანა და სანოვაგის ამოლაგება დაიწყო.

– ადვოკატი რომ მოვითხოვო? – თქვა მოულოდნელად გოგომ.

– ოჰო! ადვოკატი მოუნდა პატარა გოგოს! ანუ, თანახმა ხარ წინასწარ პატიმრობაზე? აბა, ადვოკატი და ოფიციოზი რომ გინდა, სხვანაირად არ გამოვა. ასე რომ, წყნარად და ჩუმად იყავი.

გოგომ ავად შეხედა კაცს.

– ტყუილად იბღვირები, პატარა გოგო. თუ დაგვიჯერებ, ყველაფერი კარგად იქნება.

მაგიდაზე ერთდროულად აწკრიალდა ორი ტელეფონი და დევის მობილურმაც დარეკა. დევიმ ეკრანს დახედა, მაგრამ, ჯერ მაგიდაზე დადგმული ერთ-ერთი ტელეფონის ყურმილს დასწვდა:

– დიახ! არა, პაპავა არ ვარ!.. კი, მისი კაბინეტიდან გელაპარაკებით! რას ამბობთ? რას ნიშნავს, ვერ აჩერებთ? ახლავე მოვდივარ! მე თვითონ დავურეკავ ბატონ თემოს.

დევიმ გოგოს შეხედა და ახლა მობილური მიიდო ყურზე:

– ვიცი, მარიკა, ვიცი, ახლავე მოვდივარ! შენ რა შუაში ხარ... კარგი, დამშვიდდი!

დევი ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან და კარი გაიკეტა...

***

თემომ ცოლს გაუღიმა:

– ხომ მოვედი ადრე, კმაყოფილი ხარ?

მაკამ ალმაცერად შეხედა ქმარს:

– გადავირიე სიხარულით... რამე მოხდა?

– მოხდა? გააჩნია, რას გულისხმობ. ჩვენთან სულ ხდება „რაღაც“, – ასეთი სამსახური მაქვს.

მაკამ მექანიკურად შეხედა საათს:

– პრინციპში, არც ისე ადრეა...

– ჰო, მაგრამ, გასეირნებას მოვასწრებთ. მიდი, ჩაიცვი, სადმე ვივახშმოთ.

ქალს აშკარად ესიამოვნა, მაგრამ, არ შეიმჩნია.

– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ჩემთან ერთად ვახშმობა?

– მაკა, არ გინდა, რა!..

ქალმა ქმარს შეხედა და უცებ ძალიან შეეცოდა:

– ჰო, კარგი, კარგი... ახლავე ჩავიცვამ.

თემომ შვებით ამოისუნთქა.

– ჩემი კარგი გოგო. დავამთავროთ ეს სულელური კინკლაობა!.. ხომ იცი, რომ შენ გარდა არავინ მყავს და არც არავინ მჭირდება.

მაკამ ეშმაკურად მოწკურა თვალები:

– მართლა? მიხარია... მალე ჩავიცვამ – ათ წუთში.

თემომ ცოლს აკოცა და სავარძელში, ტელევიზორის წინ მოკალათდა:

– უჰ, კარგია სახლში ყოფნა!

თემომ ისეთი სახით დახედა აწკრიალებულ მობილურს, რომ აშკარად ყველაფერი ერჩივნა მის ხელში აღებას. ეკრანზე აციმციმებული აბონენტის ნომერი ნაცნობი იყო და ხვდებოდა, რომ აუცილებლად უნდა ეპასუხა, მაგრამ, უსიამოვნო ამბის მოლოდინში აყოვნებდა.

– არ გესმის? ტელეფონი რეკავს, უპასუხე! – გამოსძახა მეორე ოთახიდან ცოლმა.

თემომ ამოიოხრა და მობილური აიღო.

– დევი, ჰო, თემო ვარ! სად უნდა ვიყო, სახლში ვარ. რა?! მოიცა, შენ რა, არ ხუმრობ? როგორ თუ, ვერ აკავებენ! ყველა ერთად გაგიჟდით, თუ რაშია საქმე?! როგორმე დააწყნარე სიტუაცია. ხვდები, რომ ეს ყველაფერი ახვლედიანის ყურამდეც მივა, თუ უკვე არ მივიდა? მაგის დედაც, ჯანდაბა! ჰო, ახლავე მოვდივარ. აბა, რას ვიზამ... ჩემ მოსვლამდე რამე ქენი... არ ვიცი, რა, მაგრამ, ქენი...

თემომ მობილური ლამის მაგიდას დაახეთქა და გინებით დაიწყო გაღეღილი პერანგის შეკვრა. მაკას ფეხის ხმა არ გაუგონია. თავი რომ ასწია, ქალი უკვე მის წინ იდგა და ისე უყურებდა, თემომ თავი უკანასკნელ ნაძირალად, საშინელ დამნაშავედ იგრძნო.

– მაკა, მომისმინე... – დაიწყო ყოყმანით.

– არაფრის მოსმენა არ მინდა, ისედაც ყველაფერს ვხვდები. რატომ არ გინდა, აღიარო, რომ უსინდისო ხარ? გაჩერდი! ხომ გითხარი, არაფრის მოსმენა არ მინდა! მარტო ის მაინტერესებს, ეს სპექტაკლი რისთვის მოაწყვე, რა გინდოდა ამით დაგემტკიცებინა?

– მაკა, გეფიცები, გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა...

– რა თქმა უნდა. ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი გაუთვალისწინებელი შეცდომაა, ყოველ შემთხვევაში, ასეთად იქცა და მე უკვე ძალიან დავიღალე ამით. მეყოფა. ხვალვე ვიზრუნებ იმაზე, რომ სადმე შორს წავიდე, ცოტა ხნით მაინც. შენ კი იფიქრე, კარგად იფიქრე და მითხარი, გჭირდები თუ არა საერთოდ!.. 

თემო დამბლადაცემულივით იდგა. ცოლის ნათქვამი ყურს ჭრიდა, მაგრამ საჭირო სიტყვებს, მისთვის პასუხი რომ გაეცა, ვერ პოულობდა. ხვდებოდა, რომ ქალი თავისებურად მართალიც იყო. სიამოვნებით აღიარებდა ამას და ბოდიშსაც მოუხდიდა, მაგრამ, ზუსტად იცოდა, ამით სიტუაციას ვერაფრით უშველიდა. ამიტომ, ხელი ჩაიქნია და წავიდა. მაკა სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა. არაფრის მთქმელი მზერა ტელევიზორს გაუშტერა და გაირინდა...

***

ახვლედიანი შეშლილივით გადმოხტა მანქანიდან და კართან მდგარ პირველივე რიგით თანამშრომელს ეცა:

– ეს როგორ მოხდა? რანაირად? თქვენ იქ მკვდრები იყავით ყველანი თუ რაშია საქმე? რას აკეთებდით? ერთმა ლაწირაკმა შეგაშინათ და მთელი სამმართველო თავზე დაგახურათ? რას მიყურებ ენაჩავარდნილივით, სად არიან?

– მე... მეც თითქმის არაფერი ვიცი, ახლა მოვედი და არაფერი მინახავს. შიგნით ბიჭებმა იციან – ისინი მორიგეობდნენ.

ახვლედიანი შენობაში შეიჭრა:

– ახლავე მოყევით, რაც მოხდა! – ეცა  ერთად მდგარ რამდენიმე თანამშრომელს, – სად ჯანდაბაში არიან?

– პაპავას კაბინეტში... – გაბედა ერთმა, – ბატონო გიორგი, ჩვენ არაფერი ვიცოდით. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა... წარმოდგენა არ გვქონდა, რომ პაპავამ...

ახვლედიანმა კბილები გააღრჭიალა:

– არაფრის გაგონება არ მინდა! წარმოდგენა არ გქონდათ... აქ, რა, საბავშვო ბაღია?! ყველას პასუხს მოგთხოვთ, ვერაფრით გადამირჩებით! მაგრამ, ჯერ პაპავასთან და მაგის გუნდთან მაქვს საქმე. ძალიან თავს გაუვიდა და ვასწავლი, როგორ უნდა თვითნებობა... ამ ჩამტვრეულ შუშებს კი ყველას გაზღვევინებთ! ახლა იმდენი მაინც მოახერხეთ, რომ მომხდარის შესახებ ჟურნალისტებმა არ გაიგონ, თორემ, ვერც ერთი ვერ გადამირჩებით!..

ახვლედიანმა ლიფტსაც აღარ დაუცადა, სირბილით გავარდა კიბისკენ. ისე ჩქარობდა, საფეხურებს ახტებოდა და თან გამწარებული იგინებოდა...

***

... მისთვის, იმ მეორე არსებისთვის, გვარში რომ ჩაუსაფრდა, ეს ადვილი იყო. არავითარი ემოცია, მხოლოდ სიმშვიდის სრული განცდა. როგორც ქირურგი, რომელიც ოპერაციის შედეგში დარწმუნებულია და დამშვიდებული, სინდისით იღებს ხელში სკალპელს, ისიც ზუსტად ასე იწყებდა და ამთავრებდა თავის საქმეს – ხელის აუკანკალებლად, ღიმილითაც კი... არც ფანტაზია ღალატობდა და არც სინდისი ექაჩებოდა უკან... პროფესიონალი მკვლელებიც ხომ არსებობენ?! თუმცა, ეს კიდევ სხვა იყო... რაღაც აუხსნელი და იდუმალი ხმის კარნახი – მოწოდება და წაქეზება... თითქოს მოვალეობის მოხდის სურვილის, რომელსაც კმაყოფილება და სიამოვნება მოჰქონდა... და, კიდევ, საკუთარი საქციელით გამოწვეული სიამაყის განცდა და სიხარული...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3