რა მიზეზით გახმება აკალიფა და რომელ სეზონზე გადავჭრათ ის
„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად ამჯერად მხოლოდ ერთ მცენარეს განვიხილავთ. აკალიფა სწორედ ამ სეზონზე ყვავილობს, იოლად გასახარებელია და, ამავე დროს, ლამაზიც. თუ როგორ მოვუაროთ ზაფხულში ამ მცენარეს, სად ვამყოფოთ და როგორ მოვრწყათ, ამ თემებზე ჩვენი რესპონდენტი ისაუბრებს.
– ბატონო ამირან, რას გვეტყვით აკალიფას შესახებ?
– აკალიფა ყვავილის ერთ-ერთი იმ სახეობათაგანია, რომელიც დომინანტ მცენარედ არის მიჩნეული. ამ ბუჩქოვან მცენარეს ფოთლებიც ლამაზი აქვს და 40 სანტიმეტრამდე სიგრძის ბუსუსებიანი ყვავილედიც. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს: წითელი, მწვანე, იისფერი და ლაქებიანი ყვავილებით, თუმცა, განსაკუთრებულად ლამაზია ერთფერი, კონტრასტულარშიაშემოვლებული ჯიშები. წითელი აკალიფა დიდი ზომის არ იზრდება, ამიტომ, კარგი მოსავლელია ქოთნის პირობებში. მისი სიმაღლე სულ რაღაც 25-30 სანტიმეტრია. ზოგიერთ მათგანს დიდი, განიერი, მარაოსებრი ფოთლები აქვს. აკალიფას სამშობლო მალაიზია და ინდონეზიაა.
– რთულია თუ არა ამ მცენარის მოვლა საქართველოს პირობებში და სად უფრო კარგად ხარობს ის – ბინაში თუ ბაღში?
– აკალიფა იოლი მოსავლელი და უპრეტენზიო მცენარეა. ის თავს კარგად გრძნობს ოთახის პირობებში, თუმცა მშვენივრად იზრდება გარე კლიმატშიც, მაგრამ არ უყვარს ორპირი ქარი. აკალიფას არც ისე ნაზი ფოთლები აქვს, რომ ქარმა დააზიანოს და ახლა ამ სეზონზე შეგიძლიათ, ბაღში გაიტანოთ. აკალიფას გარეთ ყოფნა განსაკუთრებით მაშინ უყვარს, როდესაც წვიმს, ოღონდ, არა დიდი ხნით.
– რომელი სეზონიდან ყვავის აკალიფა?
– მცენარე ყვავის მაისიდან თითქმის ოქტომბრის ჩათვლით, მას გრძელ ღეროზე მტევნებივით ყვავილედები ამოსდის. ყვავილს ნაზი სურნელი დაჰკრავს და ამიტომაც იზიდავს მწერს. თუ თქვენ შეიძენთ აყვავილებულ აკალიფას, მთელი ზაფხულის პერიოდში მისი ყვავილებით დატკბებით.
– შეიძლება თუ არა აკალიფას გასხვლა და რამდენ ხანში ერთხელ გადავრგათ ის?
– მცენარე 1,5 მეტრამდე იზრდება, თუმცა თუ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გასხლავთ, ზომაში შეზღუდავთ და ფორმას მისცემთ ამით. ის გადარგეთ ორ წელიწადში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ, თუ აკალიფას შემოდგომით გადაჭრით, ის მალევე ამოიყრის ახალ ყლორტებს და გაახლდება.
– რაც შეეხება სინათლეს და ტემპერატურას?
– ამ მცენარის ყვავილები და ფოთლები სიხასხასეს შეინარჩუნებს, თუ მცენარეს გაბნეულ შუქზე დადგამთ. თუ ზამთარში ტემპერატურა 13 გრადუსზე ქვემოთ დაიწევს, აკალიფას ფოთლები ჩამოსცვივდება. ზაფხულში კი მისთვის ნებისმიერი ტემპერატურაა მისაღები.
– როგორ გავამრავლოთ აკალიფა?
– აკალიფა ყვავილობს იოლად, რაც ხელს უწყობს მას გამრავლებაში. შეგიძლიათ, მისი მზა თესლი გაზაფხულის დასაწყისში დათესოთ ქოთანში. ის, ასევე, მრავლდება ტოტითაც. ზაფხულში შეგიძლიათ, რომელიმე ტოტი შეატეხოთ ან მოაჭრათ და შემდეგ წყალში დააფესვიანოთ. ეს მცენარე დათესვიდან ორ კვირაში ამოდის, ხოლო ერთი თვის თავზე უკვე შეიმჩნევა მისი ფერები.
გახსოვდეთ, აკალიფას უყვარს დაბალი და განიერი ქოთანი, რადგან დიდი ფესვთა სისტემა არ აქვს.
– რით შეიძლება დაავადდეს აკალიფა და როგორ გადავარჩინოთ ის ამ დაავადებისგან?
– ეს მცენარე იშვითად ავადდება. შესაძლებელია, გაუჩნდეს ჭრაქი ან ტკიპა, ამიტომ მოარიდეთ სხვა მცენარეებს და დადგით განმარტოებით. ამის შემდეგ კი ყოველ საღამოს შეასხურეთ კარატეს ორპროცენტიანი ხსნარი.
– რა სიხშირით მოვრწყათ აკალიფა წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და განსაკუთრებით ახლა, ამ ზაფხულს?
– აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ზამთრის თვეებში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, ოღონდ, მიწას ძალიან ნუ გამოაშრობთ. ზაფხულში აკალიფას მორწყვა შეგიძლიათ კვირაში სამჯერ, ხოლო ზამთარში – ათ დღეში ერთხელ. ამ მცენარეს უყვარს გაფანტული მზის სხივები, ამიტომ, სიცხეს მოარიდეთ. ის ძალიან ალამაზებს აივნებს, თუმცა, მისთვის სასურველი ადგილი ზამთრის ბაღია.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ მცენარის გახარებისას?
– აკალიფა ტენიან პირობებში ხარობს, ამიტომ გვერდით ორი-სამი აკალიფა ან სხვა ჯანმრთელი მცენარეები მიუდგით, რათა ლოკალური ტენიანობის მაღალი დონე შეუნარჩუნოთ. სიცხეში ხშირად დაუნამეთ ფოთლები. აკალიფას ხშირად მიაწოდეთ სასუქი, რომელშიც დიდი რაოდენობით არ იქნება აზოტი. აგვისტოში შეგიძლიათ, ის კალმით გაამრავლოთ. გახსოვდეთ, რომ მას არ უყვარს დილით მორწყვა და დიდი ხნით წვიმაში ყოფნა. ეს მცენარეს ძალიან აზიანებს, განსაკუთრებით – მის ფოთლებსა და ფესვთა სისტემას.
– რა მიზეზით შეიძლება დასცვივდეს აკალიფას ფოთლები ან რატომ შეიძლება, მთლიანად გახმეს მცენარე?
– თუ აკალიფამ ფოთლები დაყარა, არ შეგეშინდეთ, ის იწყებს ახალი ფოთლების ამოღებას და გაახალგაზრდავებას. ეს მცენარე გახმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ ექნება წყალი.
– როდემდე გვირჩევთ აკალიფას გარეთ დატოვებას ახლა?
– შეგიძლიათ, მცენარე ბაღში დატოვოთ აცივებამდე და შემდეგ შეიტანოთ სახლში. ასევე, შესაძლებელია მისი ბაღში დათესვა და უკვე შემოდგომით მიუჩინოთ ბინაში ადგილი. ყველას ვურჩევ აკალიფას გახარებას, რადგან მისი ნაირფეროვნება სასიამოვნო და ტროპიკულ ინტერიერს ქმნის.