რა დროს უნდა შემოწმდეს ავტომობილში ზეთის დონე
ავტომობილის მოვლის პირველი გაკვეთილებია: სისტემატურად უნდა შეამოწმოთ წყლის, მუხრუჭების, ავტომატური კოლოფის, ზეთისა და სხვა დონეები, მაგრამ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, რას ნიშნავს მინიმალური და მაქსიმალური დონე, უამრავმა მძღოლმა, განსაკუთრებით კი ქალბატონებმა, ნაკლებად იციან.
მევლუდ მელაძე: სუპერთანამედროვე და ძალიან ძვირად ღირებულ ავტომობილებს უკვე აქვთ ისეთი მოწყობილობები, რომ პირდაპირ ხელსაწყოების დაფაზეა გამოტანილი, თუ რა სჭირდება თქვენს ავტომობილს, რა დონეზეა ზეთი, წყალი და სხვა. მაგრამ, რა ქნან იმ მძღოლებმა, რომელთაც არ ჰყავთ სუპერთანამედროვე ავტომობილები და ვერ ხვდებიან, როდის ეწყება მათ ავტომობილს პრობლემები. განსაკუთრებით „ჩინურია“ ეს ქალი მძღოლებისთვის. მაგრამ, დამერწმუნეთ, რთული და ძნელად მისახვედრი არაფერია. ეს რჩევები ნებისმიერ მძღოლს გამოადგება. დავიწყოთ ზეთის შემოწმებით: ზეთის შესამოწმებლად საუკეთესოა ახალგამორთული მანქანა. დაკვირვებული ვარ, რომ ზეთს ყველა დილით სინჯავს, რაც არასწორია. უნდა დავქოქოთ მანქანა, ჩავაქროთ, დაველოდოთ ცოტა ხანს, ამოვიღოთ „შუპი” და დავხედოთ, რა დონეზეა ზეთი. ყველა „შუპზე” მითითებულია მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი ზოლებით ან „min“ „max” წერია... თუ დავაკვირდებით, ყველა შემთხვევაში მივხვდებით, რომელი აღნიშნავს მინიმუმს და რომელი – მაქსიმუმს. ზომაზე მეტი ზეთი ნიშნავს, რომ ზედმეტი წნევა შეიქმნება და ძრავას დააზიანებს. თუ ზეთი მინიმუმს ქვემოთაა, უნდა მივაღწიოთ ზეთის ჩამსხმელ პუნქტამდე რაც შეიძლება „თხლად”, ვგულისხმობ მოსახვევებში ნაკლები სიმკვეთრით შესვლას და ავტომობილის დაბალ ბრუნებზე მუშაობას. მაღალი ბრუნების მიცემის ან მოსახვევში მკვეთრად შესვლის დროს, შეიძლება, დარჩენილი ზეთი ერთიანად აიტანოს ძრავამ და აღარ დარჩეს მარაგში ზეთი იმისთვის, რომ კონკრეტულ მისამართამდე მიაღწიოს და ყველა საჭირო დეტალი შეზეთოს.
– რა ხდება წყლის შემთხვევაში?
– ყველაზე რთული მაინც ჩვენს ავტომობილში გამაგრილებელი წყლის დონის განსაზღვრაა. ალბათ, იცით, რომ მანქანაში სხვა დანიშნულების წყლის ავზებიც არის. პირველი, რაც სულ უნდა გახსოვდეთ: არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება წყლის დონის შემოწმება ცხელ ავტომობილში. მაღალი ტემპერატურის შედეგად წყლის ავზში იქმნება წნევა და მისი ხუფის მოხსნისას, მდუღარე წყალი პირდაპირ შემოგესხმევათ. ავტომობილი ოდნავ რომ გაგრილდება, მაშინაც კი ავზს ჩვარი უნდა დააფაროთ, ნელ-ნელა მოხსნათ ხუფი – ისე, რომ დაგროვილი წნევა გამოუშვათ, როგორც, ვთქვათ, ამას „ნაბეღლავის” გახსნის დროს აკეთებთ. ასე, ნელ-ნელა მოხსენით თავი, თან, ძალიან ფრთხილად. რაც შეეხება წყლის დონეს: ძალიან ბევრ ავტომობილში წყლის დონე საერთოდ არ ჩანს. არის მოდელები, სადაც ავზი ზედ რადიატორზეა მიმონტაჟებული. ანტიფრიზი თუა ჩასხმული, ის უფრო ჩანს და მისი დონის განსაზღვრა გაცილებით მარტივია. ერთ მარტივ ხერხს გასწავლით: რადიატორში წყლის დონე უნდა გაიგოთ ღამით – ავზში ჩაანათოთ ფანარი და გარედან დააკვირდეთ. წყლის დონე გარკვევით გამოჩნდება. ავზზე აუცილებლად იქნება მითითებული წყლის მაქსიმალური და მინიმალური დონის ნიშნული. თუ ზღვარს მინიმუმს ჩასცდა, შეიძლება, კიდევ გადარჩეს ძრავა, რადგან მწარმოებელი მაინც ტოვებს მინიმუმის ქვემოთ მარაგს, მაგრამ, შეუძლებელია, ეს გავიგოთ. მაქსიმუმზე მეტი წყალი ყოვლად დაუშვებელია, რადგან გაცხელების შემდეგ წყალი იზრდება, ბევრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალი სისტემამ სადღაც უნდა დახარჯოს, ის სადღაც დაიღვრება; მაგრამ, ამასთანავე, შესაძლებელია, წყალმა გასასვლელი ძრავას არასასურველ ადგილზეც იპოვოს და სერიოზულად დააზიანოს ის.
– სამუხრუჭე სისტემაში სითხის დონე როგორ უნდა შემოწმდეს?
– რიგ ავტომობილს სამუხრუჭე სითხის ავზზე მისი დონის განმსაზღვრელი ნიშნულები აქვს. მაგრამ, აქაც შეიძლება, ერთი ხერხი გამოვიყენოთ: თუ ჩვენი ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდები გაცვდა და ამის შესახებ ხელსაწყოების დაფაზე სპეციალური ანთებული ნათურა გვამცნობს, ეს ნიშნავს, რომ სისტემას სითხეც დააკლდა. გაცვეთილ ხუნდებს სითხე უკეთებს კომპენსაციას, მის ხარჯზე ახერხებს ავტომობილი დამუხრუჭებას და, როდესაც ხუნდებს შეცვლით, აუცილებლად შეამოწმეთ სითხის დონეც.