კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მიუჩინა ცირა პავლიაშვილმა ბინა „ორთაჭალის ტურფას”, „მეთევზეს”, „მეეზოვესა” და ფიროსმანის ტილოების სხვა პერსონაჟებს

 

 

 

23 წლის ცირა პავლიაშვილის სახელოსნოში შესულ დამთვალიერებლებს ერთი ემოცია აერთიანებთ: ცირას თოჯინების კოლექციის ნახვისთანავე ყველას ღიმილი ეფინება სახეზე, ბავშვობას უბრუნდება და საყვარელი ზღაპრებისა და მულტფილმების გმირები ახსენდება. ცირამ თავისი  ნამუშევრების შეგროვება ერთი წლის წინ გადაწყვიტა და ამჟამად მის კოლექციაში ასამდე თოჯინაა თვმოყრილი. სამომავლოდ კი სურვილი აქვს, ფოტოსურათების მიხედვით თოჯინა-კარიკატურების შექმნა მოსინჯოს. ამჟამად პირველი მცდელობა აქვს. თუ როგორ იქმნება ცირა პავლიაშვილის თოჯინები და ვისი კრიტიკის ფონზე იღებენ ისინი საბოლოო სახეს, ამას ჩვენი დღევანდელი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ცირა პავლიაშვილი: დედაჩემის ჰობი იყო თოჯინების კერვა და მთელ ჩემს ბავშვობას მის მიერ შეკერილი თოჯინები ალამაზებდა. მახსოვს, განსაკუთრებით ჟირაფი მიყვარდა, მასთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი, შეიძლება ითქვას, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. როდესაც წამოვიზარდე, გამიჩნდა ინტერესი, თუ რა იყო თოჯინის შიგნით, როგორ იყო ის შექმნილი. ჩემი ცნობისმოყვარეობა იმდენად დიდი იყო, ნება რომ მოეცათ, სულ დავშლიდი ყველა თოჯინას. მოგვიანებით გამოვთქვი სურვილი, რომ ჩემთვისაც ესწავლებინა დედას თოჯინების კერვა. პირველი თოჯინა რომ შევქმენი, 12 წლის ვიყავი.

– გაგიჭირდა თუ კმაყოფილი დარჩი შენი დებიუტით?

– საერთოდ, ბავშვობიდან ვხატავდი, გარდა ამისა, მეხერხებოდა ქსოვა, ქარგვა, კერვა და ამიტომ არ გამჭირვებია.

მას შემდეგ დროგამოშვებით ვკერავდი ხოლმე სხვადასხვა ზღაპრისა თუ მულტფილმების გმირებს, ბარბის თოჯინებს ვმოსავდი ჩემი გემოვნებით...

– კოლექციის შეგროვებაც ამ პერიოდიდან დაიწყო?

– არა, კოლექციის შექმნა დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტე.

– ამჟამად რამდენი თოჯინაა გაერთიანებული შენს კოლექციაში?

– უკვე ასამდე თოჯინა მაქვს ჩემს კოლექციაში. 

– როგორ იქმნებიან ისინი?

– თავდაპირველად მოდის იდეა. შემდეგ ცალ-ცალკე ვქმნი თითოეულ დეტალს – სახეს, ტანს, თავს, კიდურებს, სამოსს... ბოლოს ხდება ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, აკინძვა. თითოეული თოჯინას სრულყოფას ორ-სამ დღეს ვანდომებ. ისე მომწონს ეს საქმიანობა, რომ მუშაობის დროს ყველა პრობლემა მავიწყდება. ამ მომენტში ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ბავშვობას ვუბრუნდები.

ჩემს კოლექციაში ნახავთ როგორც ნაციონალურ სამოსში გამოწყობილ თოჯინებს, ასევე, სხვადასხვა ტიპაჟებს ყოველდღიურობიდან და ცნობილი ტილოების მიხედვით შექმნილ სახეებს. 

– მაგალითად?

– მაგალითად, ნიკალას ტილოების მიხედვით შევქმენი: „ორთაჭალის ტურფა”, „მეთევზე”, „მეეზოვე”, „ქალი ქოლგით”... მე ძალიან მომწონს და მიყვარს ისინი და მიხარია, რომ ჩემი სახელოსნოს სტუმრებსა და სხვა დამთვალიერებლებსაც ასეთივე რეაქცია აქვთ, როდესაც ჩემს თოჯინებს უყურებენ. 

– რა პროფესიის ხარ? მაინტერესებს, ახლოსაა შენი პროფესია იმ საქმიანობასთან, რომლითაც ამჟამად ხარ გატაცებული?

– ძალიან ახლოსაა ჩემი ჰობი ჩემს პროფესიასთან (იცინის). თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმი დავამთავრე. მერე აკადემიაშიც ჩავაბარე, თუმცა, მიზეზთა გამო, არ დამიმთავრებია. აკადემიაში ფოტოგრაფიას ვსწავლობდი, თოიძეში კი გობელენების შექმნას დავეუფლე. რამდენიმე გობელენი ჩემს კოლექციაშიც არის წარმოდგენილი.

– დამთვალიერებელთა რეაქციაზე მიამბე.

– მოგეხსენებათ, ემოციები თოჯინის დანახვისას, ზოგადად, ყოველთვის დადებითია. ასე ხდება მაშინაც, როდესაც ჩემს სახელოსნოში შემოდიან. სხვადასხვა სიტყვებით ეფერებიან ამ თოჯინებს, თითქმის ყველა კომპლიმენტით ანებივრებენ.

– თითქმის?

– „თითქმის” იმიტომ ვთქვი, რომ, არის ერთი პიროვნება, რომლის კრიტიკის ფონზეც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სახე იცვალეს ჩემმა თოჯინებმა – უფრო დაიხვეწნენ და დღევანდელი სახით წარდგნენ თქვენ წინაშე.

– ვინ არის ეს „კრიტიკოსი”?

– ეს გახლავთ მხატვარი ბესიკ ჭუმბურიძე. იგი ხან თვალს მიწუნებს, ხან ცხვირს, ხან რას, ხან – რას. როგორც არ უნდა ვეცადო, ის მაინც გამოუძებნის ხოლმე ჩემს თოჯინებს რაღაც ხინჯს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით... მე და ბატონი ბესიკი ძალიან დავმეგობრდით, მისი შენიშვნები ჩემთვის მისაღები და საინტერესოა და ამიტომაც ვითვალისწინებ. 

– ცირა, ძირითადად რა ზომისაა შენ მიერ შეკერილი თოჯინები?

– 30 სანტიმეტრიდან ზემოთ. ცოტა ხნის წინ შეკვეთა მქონდა ბათუმიდან და 60 სანტიმეტრი სიმაღლის, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი წყვილები „გავამგზავრე” ზღვისპირეთში, მე და ჩემი პატარა კი ვერ მივდივართ.

– დედაც ყოფილხარ...

– დიახ, ლილე 3 წლის ხდება. ადრე თუ მე ვთამაშობდი დედაჩემის შეკერილი თოჯინებით, ახლა ჩემი გოგონა თამაშობს ჩემი შეკერილი კინტოთი. 

– სამომავლო გეგმებსაც გაგვიმხელ თუ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, წინასწარ არაფრის თქმა რომ არ უყვართ?

– სამომავლოდ ძალიან საინტერესო გეგმა მაქვს, რომელსაც, ალბათ, სულ მალე განვახორციელებ: მინდა, ფოტოსურათების მიხედვით დავიწყო სახუმარო თოჯინების კერვა. როგორ გითხრათ, ეს იქნება თოჯინა-კარიკატურა. ჯერ პირველი მცდელობა მაქვს.

– ვის „უბედავ” ამგვარ ხუმრობას ყველაზე პირველად?

– (იცინის) ჩემს მეუღლეს – ამჟამად მის თოჯინა-კარიკატურას ვაკეთებ, რომელსაც გიტარა უნდა დავაჭერინო ხელში.

– იცის შენი განზრახვის შესახებ?

– იცის და, ერთი სული აქვს, როდის დავამთავრებ, რომ ნახოს მისი საბოლოო სახე. მეუღლე ბევრჯერ მყავს დახატული და, იმედი მაქვს, მისი თოჯინა-კარიკატურაც კარგი გამომივა.

 

скачать dle 11.3