კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რომელი ცოცხალი პროდუქტები გამოიყენება სახის კანის გასათეთრებლად?
პასუხი: კანის გასათეთრებლად გამოიყენება: კიტრი, ოხრახუში, ლიმონი, პომიდორი. გახეხეთ ნახევარი კიტრი. უმარილოდ დანაყეთ 1 კონა ოხრახუში და კანი გააცალეთ ნახევარ პომიდორს. ყველა ეს პროდუქტი გაწურეთ დოლბანდში, შეურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ამ ნაზავით კანი დილა-საღამოს გაიწმინდეთ (ინახება მაქსიმუმ 2 დღის განმავლობაში, მაცივარში).
კითხვა: წელიწადში დაახლოებით 2-3-ჯერ მცვივა წამწამები. მართალია, მერე ისევ ამოდის, მაგრამ საშინელი დისკომფორტი მაქვს. რას მირჩევთ?
პასუხი: პირველ ყოვლისა, გირჩევთ ექიმთან წასვლას და ანალიზების გაკეთებას, რათა დაადგინოთ წამწამების ცვენის რეალური მიზეზი. პროფილაქტიკისთვის კი, კარგი იქნება, საღამოობით გაიკეთოთ კალენდულის, შავი ჩაისა და ღიღილოს ნაყენის თბილი კომპრესი (კვირაში სამჯერ), მერე კი წაისვით თვალის ჰიდროკორტიზონი.
კითხვა: რა არის კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენის მიზეზი? არის თუ არა ამაში „დამნაშავე“ მზე?
პასუხი: მზე, ძირითადად, პროვოცირებას ახდენს. პიგმენტური ლაქების გაჩენის მიზეზი კი შემდეგია: ადამიანის ორგანიზმში არსებობს მელანოციტის უჯრედები, რომლებიც კანში გამოიმუშავებს პიგმენტ მელანინს. კანის ზოგიერთ უბანზე, შესაძლოა, აღინიშნებოდეს ამ უჯრედების სიჭარბე, ან, პირიქით – დანაკლისი, რაც იწვევს ლოკალურ ჰიპერპიგმენტაციას. შედეგად კი ჩნდება სხვადასხვა ინტენსივობის, უშნო, მუქი ლაქები: კანი ან მთლიანად კარგავს ფერს, ანუ თეთრდება, ან, პირიქით, ყავისფრდება. ოღონდ, უნდა იცოდეთ, რომ პიგმენტური ლაქები შეიძლება იყოს: გენეტიკური, რაიმე დაავადებით ან ულტრაიისფერი დასხივებით, ორსულობით ან ასაკით გამოწვეული.
კითხვა: ვიცით, რომ ხშირი და გრძელი წამწამები სილამაზედ ითვლება. მაინტერესებს, დათვლილია თუ არა წამწამების რაოდენობა და გაზომილია თუ არა მათი სიგრძე?
პასუხი: ზედა ქუთუთოზე განლაგებულია, საშუალოდ, 90-იდან 160-მდე წამწამი, რომელთა სიგრძე 8-10 მილიმეტრია; ქვედა ქუთუთოზე კი განლაგებულია 75-80 წამწამი და მათი სიგრძეა 6-8 მილიმეტრი.