სამოცდაათიანების რომანტიზმი და ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილები –ელი სააბის ახალი კოლექცია
გემოვნება ნიშნავს იმას, რომ ლიბანში დაბადებული უბრალო ბიჭი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საღამოს კაბების შემქმნელი გახდა. 18 წლის ასაკში ელი სააბს ბეირუთში უკვე საკუთარი მაღაზია ჰქონდა. ამ დროისთვის კი სალონები აქვს ბეირუთში, მილანსა და პარიზში. ელი სააბის თავბრუდამხვევი წარმატება ერთ ღამეში დაიწყო, როდესაც „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონიალზე, ულამაზეს ჰოლი ბერის მისი კაბა ეცვა. იმ წელს ჰოლი ბერიმ „ოსკარი“ აიღო. 2003 წელს საფრანგეთში „ჩამბრე სინდიკალე დე ლა ოტ-კუტიურმა” (ოტ-კუტიურის სავაჭრო გაერთიანება) ელი სააბს წევრობა შესთავაზა. მას შემდეგ პარიზი ყოველ სეზონზე მოუთმენლად ელოდება სააბის ოტ-კუტიურ და რედი-თუ-ვეარ კოლექციებს.
2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ელი სააბმა სამოცდაათიანი წლების გავლენით შექმნა, ისევე, როგორც ძალიან ბევრმა დიზაინერმა ამ სეზონზე. ტრიკოტაჟი, შიფონი, მბრწყინავი ქსოვილები დისკო-დეკადენსს გვახსენებდა, რომელზეც სამოცდაათიანების ლუი ვიტონის გავლენა იგრძნობოდა. მნიშვნელობა არ აქვს, სააბი რედი-თუ-ვეარ კოლექციებს ქმნის თუ ოტ-კუტიურს, მის მიმართ ჰოლივუდის „ბრბოს“ მხრიდან ინტერესი ყოველთვის ძალიან დიდია, რადგან, არც ერთ მსახიობს არ უნდა, წითელი ხალიჩის შემდეგ, მეორე დღის გაზეთებში, ყველაზე ცუდად ჩაცმულთა სიებში მოხვდეს. ელი სააბთან კი საუკეთესოდ ჩაცმულის ტიტული თითქოს გარანტირებულია. თუმცა, ვარსკვლავურ ისტორიებში ერთი-ორი ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც სააბის კაბასთან ისე ცუდად ჰქონდა მსახიობს შეხამებული ფეხსაცმელი, „კლაჩი“, თმა, მაკიაჟი, რომ მისი მხოლოდ კაბა აღნიშნეს და ყველაფერ დანარჩენს პრესამ ხაზი გადაუსვა.
მოდის კრიტიკოსებმა ტაშიც კი არ დაიშურეს იმ კაბებისთვის, რომლებიც დიზაინერმა ჩვენების ბოლოს წარმოადგინა. შევარდისფრებულ-ატმისფერ ასიმეტრიულ კაბებს პაწაწინა კვადრატებში მოქცეული მბრწყინავი თვლები ჰქონდა დატანებული. ჩვენება მთავრდებოდა, მაგრამ მაყურებელს კიდევ მეტი უნდოდა, არ ჰყოფნიდა ნანახი სილამაზე, რომელსაც განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდიდა საოცარი მუსიკა – დაიანა როსი, როლინგ სტოუნი და სხვა.
ელი სააბს უყვარს ჩვენებების მხოლოდ კაბებისთვის მიძღვნა, თუმცა, ამ შემთხვევაში მან მრავალფეროვანი არჩევნის საშუალება მისცა მოდის მიმდევრებს. პირველი მოდელი, არც მეტი არც ნაკლები, კომბინეზონი იყო, ოღონდ, რა თქმა უნდა, სააბის სტილში, სადაც ვერ გაიგებდი, სად მთავრდებოდა კაბა და იწყებოდა შარვალი: შიფონის ნაზი, მხარზე გადავარდნილი ზედა მხარე და განიერი, კაბასავით შარვალი; მეორე მოდელი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული იყო – ღია ცისფერ-ნაცრისფერი კლასიკური მოკლე შარვალი, გამჭვირვალე მბრწყინავი ბლუზა და კლასიკური, ნამდვილი პარიზელის პიჯაკი. მოკლე, მკვეთრი თამბაქოსფერი შორტი, ბლუზის ნაცვლად – თხელი შიფონის შარფი და თვლებიანი პიჯაკი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელი იყო გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე. თუმცა, დიზაინერი აქაც ინარჩუნებს ზომიერებას: მისი მოდელები ხშირად არის სექსუალური, მაგრამ, არასდროს – ვულგარული. შორტებსა და შარფში გამოწყობილი მოდელიც კი, შეიძლება, ყველაზე თავშეკავებულ გოგონად მივიჩნიოთ ამ სეზონის სხვა სექსუალური ქმნილებების ფონზე. კლასიკური კაბები, პიჯაკები, შარვლები და, რა თქმა უნდა, ღია ფეხსაცმელი მაღალ პლატფორმაზე – სამოცდაათიანების რომანტიკული სული ლიბანელი დიზაინერის ტვინიდან და ხელებიდან პარიზელმა მოდის მიმდევრებმა მთლიანად მიიღეს.