ექიმის რჩევები
კითხვა: როგორ ვუმკურნალო ღვიძლის ჰემანგიომას?
პასუხი: ჰემანგიომა კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნეა. ის არ საჭიროებს მკურნალობასა და ქირურგიულ ჩარევას, თუკი არ იზრდება (ექოსკოპიური დაკვირვება ჩაიტარეთ 6-12 თვეში ერთხელ).
კითხვა: რა არის მზის ალერგია?
პასუხი: მზეზე ყოფნისას კანზე ჩნდება ჭინჭრის ციების მაგვარი გამონაყარი. თუმცა, შესაძლოა, ეს ორგანიზმში რაიმე ქრონიკული ინფექციის მაჩვენებელი იყოს.
კითხვა: ბოლო ორი-სამი წელია, საშინლად შემაწუხა კუჭის შეკრულობამ. რით ვუშველო თავს?
პასუხი: ყაბზობის ყველაზე ხშირი მიზეზია არასწორი კვება. საკვებში ნაკლები უნდა იყოს ტკბილეული, ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი კერძები (ეს პროდუქტები ახანგრძლივებს მონელების პროცესს), უნდა მიიღოთ მეტი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით – ჭარხალი. სასურველია, უზმოზე დალიოთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ძილის წინ კი – 1 ჩაის ჭიქა მაწონი.
კითხვა: ფეხებზე სისხლძარღვოვანი „ვარსკვლავები“ გამიჩნდა. როგორ მოვიშორო ისინი?
პასუხი: შესაძლოა, ეს ვენების ვარიკოზული გაგანიერების საწყისი სიმპტომი იყოს. მედიკამენტოზურად მათ ვერ მოიცილებთ, შესაძლებელია სკლეროთერაპია. დაეკითხეთ ანგიოლოგს.
კითხვა: მაქვს ძალიან ცხიმიანი თმა. ყოველდღე ვიბან თავს, მაგრამ ეს არ მშველის.
პასუხი: შეიძლება, ცხიმიანი კანი თქვენი ორგანიზმის თავისებურებაა. ამ შემთხვევაში დერმატოლოგის კონსულტაცია გჭირდებათ. მაგრამ, ხშირად ეს დაკავშირებულია ანდროგენების ჭარბ პროდუცირებასთან. არსებობს პრეპარატები ანდროგენების დონის შესამცირებლად, რის შემდეგაც ცხიმოვანი ბალანსიც აღდგება.
კითხვა: ჩემი გოგონა 8 წლისაა. აქვს ხორკლიანი კანი (გამონაყარი არც წითელია და არც ჩირქოვანი). რა შეიძლება იყოს ეს და როგორ ვუმკურნალო?
პასუხი: ასეთი გამონაყარი ხშირად ლამბლიებით ან მახვილა ჭიებით არის გამოწვეული. მკურნალობა გააქრობს ან შეამცირებს გამონაყარს გარკვეული დროის შემდეგ. ადგილობრივად გამოიყენეთ კრემი, ვიტამინებით A, E, F.
კითხვა: კბილების გამოხეხვისას ხშირად შემინიშნავს სისხლი. ბოლო ორი-სამი დღეა ღრძილებიდან სისხლდენა უნებლიე გახდა (ჯაგრისის და შეხების გარეშე). როგორ მოვიქცე?
პასუხი: სასწრაფოდ გაიარეთ კონსულტაცია თერაპევტთან. ღრძილებიდან სისხლდენა შესაძლებელია სისხლის დაავადებების (ლეიკოზი, თრომბოციტოპენია – თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ღვიძლის ციროზის ან ზოგიერთ სხვა დაავადების დროს. თუ თერაპიული და ჰემატოლოგიური პრობლემები გამოირიცხება, მიაკითხეთ სტომატოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი