მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე „ერთგული” მოთამაშეები
ერთგულება თანამედროვე სპორტში უიშვიათესი მოვლენაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს არ არიან თავიანთი კლუბისთვის ერთგული ფეხბურთელები. მათმა უმეტესობამ არაერთხელ თქვა უარი მრავალმილიონიან წინადადებებზე და მხოლოდ ერთ კლუბში გაატარა თავისი წარმატებული კარიერის საუკეთესო წლები. ამჯერად გთავაზობთ მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ერთგული მოთამაშეების ტოპ-ათეულს.
პელე – „სანტოსი” (1956-1974), „ნიუ-იორკ კოსმოსი” (1975-1976)
მართალია, თავისი ბრწყინვალე კარიერა „პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად“ წოდებულმა ბრაზილიელმა პელემ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასრულა, მაგრამ ფეხბურთის მოყვარულებს იგი ბრაზილიური „სანტოსის” ერთგულ 10 ნომრად დაამახსოვრდა, სადაც მან 18 წელი გაატარა. 2009 წელს მიცემულ ინტერვიუში პელემ აღიარა, რომ ევროპის ბობოლა კლუბებს, „რეალს”, „იუვენტუსსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”, მისი შეძენის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა იგი „სანტოსის” ერთგული დარჩა. „იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ძალიან ახლოს იყო ჩემს შეძენასთან, ისინი მეფურ ცხოვრებასა და „ფიატის” ახალთახალ მოდელს მპირდებოდნენ. ერთი მომენტი ვიფიქრე, ხომ არ მეცადა ბედი ევროპაში, თუმცა, საბოლოოდ, იმ კლუბის ერთგული დავრჩი, რომელიც ჩემს გულშია სამუდამოდ ჩაბეჭდილი”.
ზეპ მაიერი – „ბაიერნი” (1962-1979)
გერმანელი გოლკიპერი ზეპ მაიერი 17 წლის განმავლობაში მიუნხენური გრანდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და მეკარეების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომელმაც მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატარა. თავისი კარიერის განმავლობაში მაიერმა მრავალი ტიტული მოიგო, მათ შორის – მსოფლიოს ჩემპიონატი 1974 წელს. რომ არა დანიელი ლარს ჰოგი, რომელმაც დანიურ „ოდენსეში” 23 წელი გაატარა და 800-მდე მატჩში დაიცვა კლუბის კარი, მაიერის რეკორდი, შესაძლოა, მიუღწეველიც კი ყოფილიყო.
მეტ ლე ტისიე – „საუთჰემპტონი” (1988-2002)
ფრანგული ფესვების მქონე ლე ტისიეს შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრებში რომ ეთამაშა, უფრო დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო, თუმცა, მან ინგლისი არჩია, სადაც მხოლოდ რვაჯერ მოუხდა ეროვნული ფორმის მორგება. მეტის მეგობარი და კოლეგა, ალან შირერი ეხვეწებოდა მას, რომ იგი „ბლექბერნ როვერსში” გადასულიყო, სადაც შირერთან ერთად მძლავრი დუეტის შექმნა იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ლე ტისიე „საუთჰემპტონის” ერთგული დარჩა. მისგან უარი „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოვლისშემძლე მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმაც კი მიიღო. ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი კატალონიური გრანდის „ბარსელონის” ვარსკვლავმა ხავიმ „თავის კერპად და სენსაციურ ფეხბურთელად” დაასახელა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ლევ იაშინი – მოსკოვის „დინამო” (1949-1971)
მეოცე საუკუნის საუკეთესო გოლკიპერად დასახელებული ლევ იაშინის მეტსახელი „შავი ობობა” იყო, რადგან მხოლოდ მას შეეძლო, ექსტრაორდინარული შესაძლებლობების გამოვლენა მეკარის პოზიციაზე. სამი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე და 1963 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი იაშინი 22 წელი ემსახურა „დინამოს” და სიცოცხლის ბოლომდე კლუბის ერთგული დარჩა.
ალესანდრო დელ პიერო – „იუვენტუსი” (1993-დან დღემდე)
ალესანდრო დელ პიერო 1993 წელს გადავიდა მოკრძალებული „პადოვადან” „ბებერ ქალბატონში” და უმალ ტურინული ქომაგების კერპად იქცა. დელ პიეროს თავიდანვე რთული მისია დაეკისრა, მას „მილანში” წასული ლეგენდარული რობერტო ბაჯო უნდა შეეცვალა და ამ მისიას „პინტურიკიომ” ბრწყინვალედ გაართვა თავი. თავის დროზე დელ პიერომ მადრიდის „რეალის” მაცდურ წინადადებაზე თქვა უარი სერია ა-დან გაგდებულ „იუვენტუსს” ქვედა დივიზიონში გაჰყვა და დღემდე ამ კლუბის ერთგული რჩება. „იუვენტუსი” ჩემი ცხოვრების ნაწილია და მე აქ ბოლომდე ვიქნები”, – ესეც დელ პიეროს სიტყვებია.
იან კულემანსი – „ბრიუგე” (1978-1992)
80-იანი წლების მსოფლიო ფეხბურთი წარმოუდგენელია დანიის ბრწყინვალე ნაკრების გარეშე, სადაც იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იან კულემანსი ბრწყინავდა. ამ ფეხბურთელმა თავისი კარიერა ბელგიის საშუალო დონის ჩემპიონატში გაატარა და, მიუხედავად იმისა, რომ მისით ევროპის წამყვანი კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი, მან 14-წლიანი კარიერა ბელგიური ფეხბურთის ტოპ-კლუბში „ბრიუგეში” გაატარა.
კარლეს პუიოლი – „ბარსელონა” (1997-დან დღემდე)
„თუკი „მილანს” ჰყავდა პაოლო მალდინი, „ბარსელონას” ჰყავს კარლეს პუიოლი“, – ამბობენ საფეხბურთო ექსპერტები. ძალიან რთულია, წარმოიდგინო დღევანდელი „ბარსელონა” კარლესის გარეშე და უფრო რთულია, წარმოიდგინო იგი სხვა გუნდის მაისურში. სხვათა შორის 2003 წელს „მანჩესტერ იუნაიტედს” მცდელობა ჰქონდა, რომ ის „ბარსელონიდან” გადმოეყვანა, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტის გაფორმება ჩაიშალა, რადგან კარლესმა თვითონ არ ისურვა მშობლიური კლუბის დატოვება.
ხუან-კარლოს პლატა – „მუნისიპალი” (1990-2010)
ევროპაში ნაკლებად ცნობილი და ცენტრალურ ამერიკაში ლეგენდად ქცეული პლატა ნამდვილი „გოლების მანქანა“ იყო. გვატემალის „მუნისიპალში” გატარებული 20 წლის განმავლობაში მან 553 მატჩში 299 გოლი გაიტანა და მსოფლიოს ფეხბურთისა და სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაციის მიერ იგი ყველა დროის პლანეტის 60 საუკეთესო მეგოლეს შორისაა გამოცხადებული.
რაიან გიგზი – „მანჩესტერ
იუნაიტედი” (1990-დან დღემდე)
21 წელია, რაც უელსელი რაიან გიგზი „წითელი ეშმაკების” რიგებში გამოდის და დიდი ხანია, „მანჩესტერის” ქომაგებმა იგი „ოლდ ტრაფორდის” ლეგენდად შერაცხეს. 2003 წელს „ინტერის” მფლობელი მასიმო მორატი გიგზის გადაბირებას ცდილობდა „ჯუზეპე მეაცაზე”: თუმცა მოლაპარაკება არ შედგა. 38 წლის ასაკში რაიან გიგზი ალექს ფერგიუსონის რაზმის უცვლელ წევრად და პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფლანგურ ნახევარმცველად მიიჩნევა.
პაოლო მალდინი – „მილანი”
(1985-2009)
პაოლო მალდინი მილანელი ტიფოზების ნამდვილი კერპია, რომელიც 16 წლის ასაკიდან, 24 წლის განმავლობაში, ერთგულად ემსახურა მილანურ გრანდს. შვიდჯერ სკუდეტოსა და ხუთჯერ ევროპული თასის მფლობელი მალდინის გადაბირებას „ჩელსიში” 1997 წელს რუუდ გულიტი ცდილობდა, თუმცა მალდინიმ თავის მშობლიურ კლუბს უერთგულა, სადაც მის გარდა უთამაშია მამამისს – ჩეზარე მალდინის, თვითონ და ახლა მისი ორივე ვაჟი, კრისტოფერი და დანიელი, იუნიორთა გუნდებში თამაშობენ.