სიბრძნე მინიატურებში
ადამიანის ბუნებაზე
ჩინეთში ოდესღაც დჰარმის („კანონი, წესი“ – ინდურად სიტყვასიტყვით – ის რაც გაკავებს ან შეგაკავებს) მასწავლებელი ოსტატი ფო ინი ცხოვრობდა. მას ჰყავდა მეგობარი სუ დონგ პო (1037-1101 ჩვენს წელთაღრიცხვამდე), რომელიც ბუზღუნა და უხეში კაცი იყო. ამის გამო იგი ცუდი რეპუტაციის პოეტად ითვლებოდა. ერთხელ პოეტმა ბუდას პოზა მიიღო და დჰარმის მასწავლებელს ჰკითხა:
– ვის ვგავარ?
– ბუდას ჰგავხარ, – უპასუხა ოსტატმა ფო ინმა.
პოეტმა კიდევ ჰკითხა:
– იცი, შენ ვის ჰგავხარ? ქაქის გროვას.
დჰარმის ოსტატი არც კი აღელვებულა. უწინდებურად იღიმებოდა. შემცბარმა პოეტმა ჰკითხა:
– რატომ არ გაბრაზდი?
ფო ინმა უპასუხა:
– ვინც საკუთარ თავში ბუდის ბუნება შეიცნო, თითოეულ ადამიანში ბუდის ბუნებას ხედავს. ის, ვინც ქაქითაა სავსე, სხვაშიც ქაქის გროვას დაინახავს.
ყველაფერი, რაც სიმართლეა
საბრალო უსინათლო, დიდი შენობის კიბეზე იჯდა, ფეხებთან ქუდი დაედო და პატარა დაფაზე წარწერა გაეკეთებინა: ბრმა ვარ, გთხოვთ, დამეხმაროთ.
ერთი გამვლელი მასთან შეჩერდა, შეხედა ინვალიდს, რომელსაც რამდენიმე მონეტა ეგდო ქუდში, თავადაც ჩაუყარა ხურდა ფული. პატარა დაფაზე, მისი ნებართვის გარეშე, რაღაც სხვა სიტყვები დაწერა და წავიდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნდა და ნახა, რომ ქუდი სავსეა ფულით. ბრმამ ნაბიჯებზე შეიცნო იგი და ჰკითხა: ის კაცი ხომ არ იყო, რაღაც სიტყვები რომ მიუწერა დაფაზე. საბრალო ინვალიდს აინტერესებდა, ასეთი რა დაწერა მან. კაცმა მშვიდად უთხრა: „დავწერე, ის, რაც სიმართლეა, მაგრამ ცოტა უფრო სხვაგვარად“. გაიღიმა და გზა განაგრძო.
ახალი წარწერა ასეთი იყო: „ახლა გაზაფხულია, მაგრამ მე არ შემიძლია მისი დანახვა“.
რა განსხვავებაა
ორმა ყმაწვილმა შეიტყო, რომ მათ მხარეში ერთი ბრძენი ცხოვრობდა. მოძებნეს ბრძენი და სთხოვეს, ისინი მოწაფეებად აეყვანა. ბრძენი დათანხმდა. მაშინ მათ ჰკითხეს:
– რას საქმიანობდი, სანამ სწავლული გახდებოდი?
– ჩემი ბატონისთვის წყალი მიმქონდა, – უპასუხა ბრძენმა.
– რას საქმიანობ მას შემდეგ, რაც სწავლული გახდი?
– ჩემი ბატონისთვის წყალი მიმაქვს, – უპასუხა ბრძენმა.
– რა განსხვავებაა?
– ის განსხვავებაა, რომ ადრე ჩემი ბატონისვის წყალი რომ მიმქონდა, არ მესმოდა, რას ვაკეთებდი, უკმაყოფილო ვიყავი – ვკიცხავდი, ვღიზიანდებოდი, ვმტროდი. ახლა კი ამას სიყვარულით ვაკეთებ, – უპასუხა ბრძენმა.